rockforever
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10793
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08
|
#40499357 · 7 Apr 2014, 21:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც გააჩნია ძალაუფლება და იარაღი, ყოველთვის გადაამეტებს კანონით დადგენილ ზღვარს, რადგან იგი ძალაა, რომელიც კანონს არ ემორჩილება. იგი თვითონ წერს კანონებს.
80-იანი წლების ბოლოს საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ეროვნული მოძრაობის პირმშო, ე. წ. არაფორმალები, გამოჩნდნენ. მათ საზოგადოებრივ აზროვნებაში მრავალი კორექტივი შეიტანეს. მიუხედავად საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებისა, კრიმინალური სამყარო თავისი წესით განაგრძობდა ცხოვრებას. მის სიმშვიდეს თითქოს არაფერი ემუქრებოდა. 1987 წლის 23 ნოემბერს შავნაბადაზე ათიოდე კაცი შეიკრიბა. სწორედ, მათ ჩაუყარეს საფუძველი "მხედრიონს", რომელმაც ერთგვარი რევოლუციაც კი მოახდინა კრიმინალურ სამყაროში. მაგრამ ეს იყო მერე. ახლა კი პატრიოტული იდეებით გულანთებულნი შავნაბადაზე ფიცს დებენ: "მამულო ჩემო, ვფიცავ, ჩავდგე "მხედრიონის" რიგებში, აღვასრულო მცირე თუ დიდი დავალებანნი მისნი, რათა შეჭურვილ ვიქნე ხილულთა თუ უხილავ მტერთა ზედა. ვფიცავ, მტლედ დავედო სამშობლოს და საჭიროების შემთხვევაში შევეწირო ტყვეობიდან მისი გამოხსნის საქმეს. და თუ გადავედ მე ფიცსა ამას, შეჩვენებული მყოს ხალხმა". სახელიც მეტად მრავლისმეტყველი აირჩიეს - "მხედრიონი".
მაშ ასე, 1987 წლის 23 ნოემბერი. გიორგობა. კრიმინალური სამყარო თავადვე შობს თავის დამანგრეველს. "მხედრიონის" სულისჩამდგმელი ჯაბა იოსელიანი კანონიერი ქურდია.
"მხედრიონის" იდეები თავდაპირველად იმდენად მიმზიდველი და კეთილშობილური ჩანდა, რომ მასში გაწევრიანებას ქართველი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც არ თაკილობდნენ. მხედრიონელის მედალიონის ტარება ერთგვარ პატივადაც კი ითვლებოდა. მაშინ "მხედრიონი" იყო არა პოლიტიკური გაერთიანება, არამედ გაერთიანება საბრძოლო ნიშნით. იგი ერთგვარად ევროპული "ორდენის" ანალოგს წარმოადგენდა იმ განსხვავებით, რომ ევროპაში "ორდენები" რელიგიურ საწყისზე იქმნებოდა. 90-იანი წლების დასაწყისში "მხედრიონი" უკვე შეიარაღებული გაერთიანება გახდა. მისი რიგები დღითიდღე იზრდებოდა. თავდაპირველად მხედრიონელობა ვაკელებმა და ოქროს უბნელებმა ისურვეს. მათ არც დედაქალაქის სხვა უბნელები ჩამორჩნენ და თბილისში "მხედრიონის" ბუმი დაიწყო. თბილისელი ახალგაზრდობა მიხვდა, რომ ქუჩის ლიდერობის მისაღწევად დიდი დრო დასჭირდებოდა, რადგან კანონიერი ქურდობის ინსტიტუტი მკაცრ აკრძალვებს გულისხმობდა. ამის გამო ეს ინსტიტუტი მათთვის მიუწვდომელი იყო. ამ აკრძალვებისგან თავისუფალი "მხედრიონი" კი მათ შესანიშნავ პერსპექტივას უქმნიდა. ამიტომ "კაცობის" პრეტენზიის მქონე ბევრმა ახალგაზრდამ, სწორედ, ამ ორგანიზაციას მიაშურა. შედეგად "მხედრიონისთვის" პოლიტიკაში მოსვლის ამბიციაზე მნიშვნელოვანი ქუჩის ლიდერობისთვის ზრუნვა აღმოჩნდა, რაც მისი აღზევების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად იქცა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს თბილისში უკვე არსებობდა ანალოგიური შეიარაღებული გაერთიანება "იმედი", მაგრამ, რადგან ეს უკანასკნელი "სახალხო ფრონტის" ბაზაზე ფუნქციონირებდა, თავისი პატრონის ("სახალხო ფრონტის") პოლიტიკურ ჩარჩოებს ვერ გასცდა. ამიტომ მისი არსებობა მალე მიივიწყეს.
"მხედრიონის" პოპულარობას მისი ლიდერის წარსულიც განაპირობებდა. ჯაბა იოსელიანის ტიტულებს შორის კანონიერი ქურდის სახელიც ერია. ამ ფაქტს არ შეეძლო, გავლენა არ მოეხდინა "მხედრიონის" იდეოლოგიაზე. ორგანიზაციის წესდება თითქმის ქურდულ კოდექსს ემყარებოდა, რაც ახალგაზრდა ბიჭებისთვის მეტად საინტერესო და მიმზიდველი იყო. "მხედრიონის" "ფეხის ადგმას" თვალ-ყურს ადევნებდნენ როგორც ძალოვანები, ასევე ქურდული სამყაროც. ეს უკანასკნელი, საკუთარ უძლეველობაში დარწმუნებული, არც უშვებდა, რომ "მხედრიონი" მისი დასასრულის დასაწყისი გახდებოდა. რაც შეეხება ძალოვანებს: რადგან იმ ეტაპზე "მხედრიონი" მათ პრობლემებს თითქმის არ უქმნიდა, ისინი თავს არიდებდნენ ამ ორგანიზაციის წინაამდეგ რაიმე ქმედითი ღონისძიების გატარებას. "მხედრიონმა" პირველად თავისი უმთავრესი ფუნქციის (მტლედ დავედო სამშობლოს, საჭიროების შემთხვევაში შევეწირო ტყვეობისგან მისი გამოხსნის საქმეს) შესრულება ცხინვალის ცნობილი მოვლენების დასაწყისში სცადა. სამი დღე იდგა "მხედრიონი" ცხინვალის მისადგომებთან. ჯაბა იოსელიანს რამდენიმე ტყვეც ჰყავდა მძევლად აყვანილი. მაგრამ ეროვნული მოძრაობის ლიდერების ჩარევის შედეგად "მხედრიონი" უბრძოლველად დაბრუნდა თბილისში. ხალხის მიერ არჩეული ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება "მხედრიონს" ნამდვილად არ წყალობდა. "მხედრიონმა" საკუთარი ინტერესების დაცვა მშვიდობიანი აქციით სცადა. ეს იყო შიმშილობა ოპერის ბაღში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო "მხედრიონის" მიერ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, რომელიც მან თავისი ინტერესების დასაცავად გამოიყენა. ხელისუფლებასთან დაპირისპირების ლოგიკური შედეგი იყო ის, რომ ჯაბა იოსელიანი "მხედრიონის" აქტიურ ნაწილთან ერთად ციხეში მიაბრძანეს. გამსახურდია ერთხანს საგონებელშიც კი იყო. იგი "მხედრიონში" პოტენციურ მოწინააღმდეგეს ხედავდა. ქვეყანას ჯარი არ ჰყავდა. ძალოვანი სტრუქტურები კი არ იყო ის ძალა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეძლებდა, ხელისუფლების უსაფრთხოების გარანტი ყოფილიყო. სწორედ ამ დროს საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა "მხედრიონის" ერთადერთი ღირსეული მეტოქე, ეროვნული გვარდია. 1991 წლის ბოლოს საქართველოში ხელისუფლების კრიზისი გამწვავდა. გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალი ფინანსური ჯგუფი გამოდიოდა, მაგრამ მათ არ ჰყავდათ "შემსრულებელი". ასეთად გვარდიის რკონში გასული, განაწყენებული ნაწილი მოგვევლინა თენგიზ კიტოვანის მეთაურობით. რატომ აირჩიეს გვარდია და არა "მხედრიონი" - ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება. როგორც ჩანს, ჯაბა იოსელიანი მხოლოდ გამსახურდიასთვის არ იყო საშიში. 1991 წლის 21 დეკემბერს თბილისში ე. წ. სახალხო-დემოკრატიული რევოლუცია დაიწყო. არც კრიმინალურ სამყაროში იყო საქმე კარგად. სწორედ ამ დროით თარიღდება "დიდი წმენდის კამპანია" ქურდულ სამყაროში. მილიციამ, გადაწყვიტა რა, ესარგებლა შექმნილი მდგომარეობით, კანონიერ ქურდებზე ნადირობა გააჩაღა. ამით იგი კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტის გარეშე დატოვებას ცდილობდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მილიციამ უნებლიეთ ნიადაგი მოუმზადა "მხედრიონს" ქუჩაში ჰეგემონიისთვის. ამ აქციის პირველი მსხვერპლი კანონიერი ქურდი ანზორ აღაიანი აღმოჩნდა. მისი ლიკვიდირების იდეა თბილისის მილიციის სამმართველოს უფროსის, ზეიკიძის, მოადგილის, ბორია ივანოვის, კაბინეტში გაჩნდა. იქვე შემუშავდა ამ იდეის განხორციელების შესაბამი გეგმაც. ანზორ აღაიანი ძველი ქურდული სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ავტორიტეტი იყო (ქურდული კოდექსის გადაგვარება იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული). იგი 1987 წელს გათავისუფლდა ბოლო სასჯელისგან. ცხოვრობდა კრასნოდარში. ხშირად აკითხავდა ხოლმე ოჯახის წევრებს თბილისში. გეგმის განხორციელება მილიციელმა გია თელიამ დაიწყო. იგი ურეკავდა ხოლმე აღაიანის მეზობელს, ვინმე მურადიანს, ქუჩის ავტომატიდან და შეცვლილი ხმით დიდ ფულს სთხოვდა. ერთ საღამოს გია თელია და ბესო გოცირიძე (მილიციელი) აეროპორტის გზაზე მდებარე მურადიანის ავტონაწილების მაღაზიას მიადგნენ. თელიამ ოცლიტრიანი ავზით საწვავი შეასხა მაღაზიას და დაწვა. რამდენიმე დღის შემდეგ მურადიანის საცხოვრებელ ეზოში მილიციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა მაისურაძემ ე. წ. "ლიმონკა" შეაგდო. ამის შემდეგ მურადიანს დაურეკეს და 3 მილიონი რუბლი მოსთხოვეს. თან ურჩიეს, საქმეში ვინმე კრიმინალური ავტორიტეტი ჩაერია. წინასწარი გაანგარიშებით, მურადიანი აღაიანთან უნდა მისულიყო დახმარების თხოვნით. სწორედ ამ მიზნით აშანტაჟებდნენ მას. ანზორ აღაიანს ამ საქმეში ჩარევა არ უნდოდა. ამბობდა, ამ საქმეს ცუდი სუნი უდისო. უნდა აღინიშნოს, რომ აღაიანს ბორია ივანოვთან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვაშლიჯვარში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ დაეძაბა ურთიერთობა. მაგრამ მეზობელს უარი ვერ უთხრა, შეხვედრაზე დასთანხმდა და უცნობს თავისი ტელეფონის ნომერი მისცა. აღაიანს გია თელიამ დაურეკა და შეხვედრაზე დაითანხმა. შეხვედრა უნდა შემდგარიყო თამბაქოს ქარხნის ტერიტორიაზე. დათქმულ დროს აღაიანი, მართლაც, მივიდა დანიშნულ ადგილზე მანქანით, მაგრამ სავაჭრო ჯიხურის უკან მოთვალთვალე მკვლელებმა დაინახეს, რომ აღაიანი მარტო არ იყო და მისი ლიკვიდაციისგან ამჯერად თავი შეიკავეს. შეხვედრა არ შედგა. აღაიანი იქაურობას გაშორდა. მას თელია, გოცირიძე და მაისურაძე გაჰყვნენ მანქანით. სასტუმრო "აჭარას" რომ გასცდნენ, თელია მიხვდა, რომ "ტიპოს" მარკის ავტომანქანაში, აღაიანის გარდა, მეორე კანონიერი ქურდი ბუჭა ბოჭორიშვილი იჯდა. აღაიანს სწორედ იგი მიჰყავდა სახლში. მანქანა გაგარინის მოედანთან მდებარე ბოჭორიშვილის სახლს მიუახლოვდა. სწორედ ამ დროს მას მარჯვენა მხრიდან თელიას მანქანა ამოუდგა. მილიციელებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით აღაიანი მანქანაში ჩაცხრილეს. ბოჭორიშვილმა ძლივს მოასწრო სახლში შესვლა. მანქანიდან გადმოსულმა თელიამ და გოცირიძემ ბოჭორიშვილის ეზოში ე. წ. "ლიმონკა" ისროლეს, მაგრამ იგი რკინის კარებს მოხვდა და უკან გადმოვარდა. ახალგამომცხვარი ქილერები ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს. ეს 1991 წლის 22 დეკემბერს მოხდა, 23 საათზე.
მეამბოხეთა იმედი, რომ გამსახურდიას თოფის ერთი გასროლით ჩამოაგდებდნენ, არ გამართლდა. პრეზიდენტს გაცილებით მეტი ძალები აღმოაჩნდა, ვიდრე სიგუა და კიტოვანი ფიქრობდნენ. დეკემბრის ბოლოს აჯანყებულები მიხვდნენ, რომ, თუ რაიმე ქმედით ზომებს არ მიიღებდნენ, ბრძოლას წააგებდნენ. თათბირი სასტუმრო "თბილისში" მიმდინარეობდა. განსაკუთრებით სიგუა ნერვიულობდა. თბილისის ზღვაზე არსებული იარაღის მარაგი ილეოდა. იარაღის ბოლო პარტია თეთრი ფერის 05 მარკის მანქანით ჩამოიტანეს. საბარგულში მხოლოდ ტყვიები აღმოჩნდა. საჭირო იყო დამატებითი იარაღის შოვნა. დახმარება მხოლოდ ერთ კაცს შეეძლო. ცაიტნოტში მყოფ სახალხო დემოკრატიული რევოლუციის მამებს დიდხანს არ უფიქრიათ. ციხის კარები გააღეს და ჯაბა იოსელიანი ციხიდან გამოუშვეს. ჯაბას გამოსვლას მომდევნო დღეებში მრავალი დამნაშავის გათავისუფლებაც მოჰყვა. მათი უმრავლესობა შემდეგ "მხედრიონის" წევრი გახდა. სწორედ ამ დღიდან იწყება ბუთა ქურდოვანიძის ეპოქა თბილისში (ეს უკანასკნელი 1986 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს). იოსელიანმა შეძლო ე. წ. თბილისის ომის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა. 1992 წლის 6 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი იძულებული გახდა, ბუნკერი დაეტოვებინა და თბილისს გასცლოდა. იგი მეზობელი სომხეთის მიმართულებით გაემგზავრა. "მხედრიონის" პირველი სისხლიანი აქტი სწორედ გამსახურდიას გასვლას მოჰყვა, როცა ქალაქში ვითომდა წესრიგის დასამყარებლად გამოსულმა მხედრიონელებმა ხალხით სავსე ავტობუსი ჩაცხრილეს. ამას მშვიდობიანი მიტინგების დარბევა მოჰყვა. იმდროინდელი ხელისუფლების (სამხედრო საბჭოს) ლოიალურმა დამოკიდებულებამ "მხედრიონი" დაარწმუნა, რომ მისი დრო დადგა და შემდეგი სვლისთვის მოემზადა. მიუხედავად დიდი დამსახურებისა, ჯაბა იოსელიანს სიგუა-კიტოვანის დუეტი ბოლომდე არ ენდობოდა. საქართველოში შევარდნაძის ჩამოსაყვანად ემზადებოდნენ. იოსელიანი წინააღმდეგი იყო. ერთხანს, როგორც ამბობენ, სიგუასა და კიტოვანს მისი თავიდან მოშორება ჰქონდათ განზრახული.
შევარდნაძის უკან ფინანსური კლანები იდგა, რომლებიც ცნობილი იყვნენ კრიმინალური საქმიანობით. მათ ავტორიტეტს იოსელიანი, ნებით თუ იძულებით ანგარიშს უწევდა. ამიტომ მან ცოტა ხნით გაჩუმება არჩია. 90-იან წლებში დამნაშავეთა სამყაროს პოლიტიკაში ჩარევამ პოლიტიკის კრიმინალიზაციას დაუდო დასაბამი. "მხედრიონის" პოლიტიკური ამბიციებით გამოსვლამ ქურდული კონტრკულტურა ორად გაყო - ისინი, ვინც პოლიტიკაში მოვიდა და ისინი, ვინც ქურდული განდგომილობა დაიცვა, პოლიტიკაში მოსულთ ბრალი დასდო და "გრეხის" ჩამდენად მიიჩნია. დაიწყო მტრობა, სისხლიც დაიღვარა. 1992 წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სისხლიანი მოვლენებით. გამართლდა პრეზიდენტყოფილის სიტყვები. ქუჩა ქუჩას წაეკიდა, უბანი - უბანს. თბილისში "საძმოების" ერა დაიწყო. "მხედრიონმა" ფეხის მოკიდება ჯერ ქუჩაში სცადა. ქალაქის უბნებში შექმნილი "მხედრიონის" პატარა ჯგუფები ე. წ. საძმოებად მოინათლნენ (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში არსებული რამდენიმე "საძმო" სულაც არ ყოფილა "მხედრიონის" მემკვიდრე) და მეტოქეებთან სისხლიანი ანგარიშსწორება დაიწყეს. 1992 წლის 3 მარტს თბილისი ყველაზე საშინელი მკვლელობის მოწმე გახდა. ვერის სასაფლაოსთან თორაძეების ოჯახი ამოწყვიტეს. საძმოებით თუ კრიმინალური კლანებით გავსებულ თბილისში ძმებ თორაძეების დაჯგუფება თითქოს ყველასგან გამორჩეული, ხელშეუხებელი იყო, უაღრესად შეკავშირებული და თავზე ხელაღებული. თორაძეები თავს ანგარიშვალდებულად მხოლოდ მშობლებისა და ახლობლების ვიწრო წრის წინაშე თვლიდნენ. ეს დაჯგუფება არ ცნობდა ოფიციოზს თუ კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებულ ავტორიტეტებსა და პრივილეგიებს. უტიფარი და ხულიგნური გამოხდომების წყალობით თორაძეები გარკვეულ ძალას წარმოადგენდნენ ვერაზე და არა მარტო ვერაზე. ზღვარგადასული ამბიციურობისა და თავაშვებულობის გამო ძმებმა ბევრი მტერი გაიჩინეს როგორც ოფიციალურ წრეებში, ისე ქუჩაში. ისინი მილიციის განყოფილების ხშირი სტუმრები იყვნენ, მაგრამ მათგან თავის დაძვრენას ყოველთვის ახერხებდნენ. სისხლიანი ვაკქანალიის მიზეზი ვერელი მხედრიონელების, კერძოდ, ჯგუფ "ბოროტების" და თორაძეების დაპირისპირება იყო. რადგან ვერის საძმოს წევრების უმრავლესობა მხედრიონელი იყო, თორაძეებზე იერიში უკვე აშკარად მიჰქონდათ (როგორც ჩანს, სისხლის ფასად უნდა გარკვეულიყო, ვინ იყო ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ლიდერი). თორაძეები კი მხოლოდ საკუთარი ძალებით ცდილობდნენ პირველობის შენარჩუნებას. მხედრიონელთა მხრიდან თორაძეების მიმართ ანგარიშსწორებას ადრეც ჰქონდა ადგილი. ჯერ კიდევ თებერვალში ნუცუბიძის პლატოზე მისულ თორაძეებს მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ერთი პიროვნება, თვითონ თორაძეებმა კი ძლივს ჩამოაღწიეს რესპუბლიკურ საავადმყოფომდე. მათი მამა ზაურ თორაძე (ზვიად გამსახურდიას მეგობარი, იგი ბუნკერშიც იმყოფებოდა) იძულებული გახდა, შვილები საავადმყოფოდან გაეპარებინა, რადგან ტელეფონით შეატყობინეს, რომ მის შვილებს პალატაში ჩაცხრილავდნენ. თორაძეებთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა მათი მეგობარი ვინმე გელოვანი, რომლის მკვლელობაც მოგვიანებით საავადმყოფოს 310-ე პალატაში, ჟორიკა რურუას წაუყენეს ბრალად. თორაძეების ოჯახის ლიკვიდაციაში "მხედრიონთან" ერთად კომენდატურის ნაწილებიც მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, მხედრიონის რისხვას თორაძეების ოჯახის შვიდი წევრი შეეწირა: მამა - ზაურ თორაძე, დედა - იზო ქურხული-თორაძე, შვილები - ლაშა, კახა, იმედო, ზაზა და პაატა თორაძეები. ამ უკანასკნელის გვამი ვერის ბაღში იპოვეს დამწვარი. 1992 წლის 7 მარტს ედუარდ შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა. ჯაბა იოსელიანი შევარდნაძის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე აღარ გაჩერდა. მას თორაძეების ინციდენტში დაღუპული კოტე ბიბილაურის პანაშვიდზე მიეჩქარებოდა.
ვერის საძმოს შემდგომ სამიზნეს ვერაზე ცნობილი კანონიერი ქურდების, ბარამიძეების, ოჯახი წარმოადგენდა. გია ბარამიძეზე პირველი თავდასხმა უშედეგოდ დამთავრდა. უცნობებმა ვარაზის ხევიდან მის სახლს "მუხა" ესროლეს. ტყვიები მათ მეზობლად მცხოვრები თენგიზ კიტოვანის სახლშიც შეცვივდა. იმავე საღამოს საინფორმაციო საშუალებებმა აღნიშნული ფაქტი გააშუქეს, როგორც კიტოვანზე ტერაქტის მცდელობა. სამართალდამცავ ორგანოებს არ შეეძლოთ, არ სცოდნოდათ მომხდარის შესახებ, მაგრამ წაუყრუეს. "მხედრიონმა" ბარამიძის სახლიდან გამოყვანა მხოლოდ პოლიციის დახმარებით შეძლო. სადარბაზოში ჩამოსული გია ბარამიძე დარწმუნებული იყო, რომ მას ქვევით პოლიციელები ელოდებოდნენ. როცა კიბის უჯრედთან ორი ნაცნობი სახე დაინახა, ყველაფერს მიხვდა. თუმცა გაქცევა არ უცდია. იგი ერთ-ერთ მათგანს პისტოლეტიან ხელში სწვდა, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლო. ბარამიძე ავტომატის ჯერით მოცელეს. ვერის საძმოს ზეობის ხანა იდგა. "ბოროტები" პირობითად რამდენიმე ჯგუფისაგან შედგებოდა. თითოეულს თავისი ხელმძღვანელი ჰყავდა: "ზემო ვერელები", "შემსრულებლები", "ბოროტები", "ქვემო ვერელები", "გურჯაანელები". ამ უკანასკნელს სახელი ჯგუფის ხელმძღვანელის წარმომავლობის მიხედვით შეარქვეს. ეს ჯგუფი კახეთის ღვინის ქარხნების რეკეტით იყო ცნობილი. "ბოროტების" ძირითად ბირთვს ბუთა, იგივე ბუთხუზ, ქურდოვანიძე (თბილისის შამპანურის ქარხნის დირექტორის ვაჟი), გიორგი, იგივე ჟორიკა, რურუა (ცნობილი მხატვრის ვახო რურუას ვაჟი), ბერდია ქარცივაძე, იგივე ბედო, კანონიერი ქურდი, რომელიც ჯერ კიდევ წულუკიძის კოლონიაში პაატა ჩლაიძემ "მონათლა", ლერი სულაბერიძე, დათო მამულაშვილი, ა. ჭაჭიაშვილი და სხვანი წარმოადგენდნენ. "ბოროტების" საძმოს ლობისტი ქურდულ სამყაროში პაატა ჩლაიძე გახლდათ. "ვერის საძმოს" ავტორიტეტს მისი ხელმძღვანელის, ბუთა ქურდოვანიძის, პიროვნება განსაზღვრავდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვაკის დასაწყისში ცხოვრობდა და სკოლაშიც ვაკეში დადიოდა, თავს მაინც ვერელად თვლიდა. პირველად ქურდოვანიძის სახელმა 1986 წლის 13 ივლისს წყნეთში მომხდარი მკვლელობის ფონზე გაიჟღერა. იმ ღამით, 22 საათსა და 30 წუთზე, კინოთეატრ "მაიას" უკან ბიჭები საქმეს არჩევდნენ. იქ დაახლოებით 11 კაცი იმყოფებოდა, 7 ვერელი და 4 ვაკელი. საქმის გარჩევის მიზეზი სულაბერიძის შეყვარებული გახლდათ. თოფჩიშვილთან, სწორედ, ამის გამო იყვნენ ასული. საქმის გარჩევა შელაპარაკებით, შემდგომში კი მკვლელობით დამთავრდა. თოფჩიშვილი, იგივე თოფჩიკა, მოკლეს, ხოლო მის საშველად მოსული მეგობარი წულაძე გულ-მკერდის არეში დაჭრეს. თოფჩიშვილის მკვლელობის გამო დააკავეს დათო ძნელაძე, ლერი სულაბერიძე და ბუთა ქურდოვანიძე. აღნიშნული მკვლელობა რეზონანსული აღმოჩნდა. სასამართლო პროცესს ფართოდ აშუქებდნენ იმდროინდელი საინფორმაციო გამოშვებები. ქურდოვანიძეს 10 წელი მიუსაჯეს (ვინაიდან არასრულწლოვანი იყო). როგორც ამბობენ, ბუთამ ეს დანაშაული თავის თავზე აიღო. მისი მეგობრები კი მალე გაათავისუფლეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თოფჩიკა დათო ძნელაძემ მოკლა. ამ ვერსიას თოფჩიშვილის დედაც ადასტურებს. ძნელაძე სასჯელს სიმამრის დახმარების წყალობით გადაურჩა. იგი იმ დროს დიდ თანამდებობაზე მუშაობდა და ციხიდან სიძის გათავისუფლება ადვილად შეძლო.
--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
|