ეროვნული ბანკის წარმომადგენელი: გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსის გამყარების ტენდენცია გვექნება
2014-01-24 09:09:06
ოპოზიცია პრემიერს ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებას სთხოვს
ეკონომიკის ექსპერტების ერთ ნაწილს ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განმარტებები არ აკმაყოფილებს. როგორც commersant-სთან საუბარში საბანკო ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, ახლა ზუსტად ის მდგომარეობაა, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს და განმარტებები გააკეთოს. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს დღეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს, ამავდროულად იგი ძალიან დიდი ნდობით სარგებლობს. აბაშიშვილი აცხადებს, რომ სწორედ ეს ყველაფერი განსაზღვრავს იმას, რომ ყველაზე დამაჯერებელი და „გზის მაჩვენებელი“ იქნებოდა ეროვნული ბანკის განმარტება.
შეგახსენებთ, რომ ლარის დღევანდელი კურსი 1.7800-იან ნიშნულზეა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე მცირედით გამყარებული მონაცემია. ხელისუფლება ლარის კურსის ვარდნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და მოსახლეობას ამშვიდებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბუნებრივი პროცესია.
იმპორტიორების, მათ შორის მედიკამენტების რეალიზატორთა განცხადებით, კურსის 1,8 მდე დაცემის შემთხვევაში ფასები აუცილებლად გაიზრდება.
როგორც ეროვნული ბანკის პრეს–სამსახურში აცხადებენ, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები განმარტებებს პერმანენტულად აკეთებენ და ამ მხრივ არავითარი ვაკუუმი არ არსებობს.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ შექმნილ სიტუაციაში განმარტებები არა ეროვნულმა ბანკმა, არამედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს. მისი თქმით, ღარიბაშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რის გამო ხდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება და რა გველოდება.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება თავს იწონებს ქვეყანაში ჯანსაღი და აქტიური ეკონომიკური პროცესებით და გაუმჯობესებული გარემოთი, მათი არასტაბილური პოლიტიკისა და არაპროფესიონალიზმის გამო ლარი უფასურდება. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ქვეყნის ბიუჯეტის შესრულებას 1.6 მილიონი ლარი აკლდება და ამ დროს ხელისუფლება დუმს.
მისივე თქმით, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, შესაძლოა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მივიღოთ. როგორც საყვარელიძე აცხადებს, შექმნილი მდგომარეობა პირდაპირ ურტყამს უმუშევრობას და მოსახლეობის ჯიბეზე მკვეთრად ისახება.
დავით საყვარელიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე ადგილებს მაშინდელი ოპოზიცია ხელოვნურად შექმნილს უწოდებდა. „იმდენი იყვირეს, ეს რეიტინგები ხელოვნური და „ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთილი იყოო, რომ გაუარესება მივიღეთ, ქვეყანაში ინვესტიციები აღარ შემოდის,“ - აცხადებს საყვარელიძე.
ლარის კურსთან დაკავშირებით, ტელეარხ „ტაბულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ეროვნული ბანკის წარმომადგენელი გიორგი ბაქრაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი ვალუტის კურსი არის ძალიან რთული და ფაქიზი თემა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ამ კურსის ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას.
მისი თქმით, სხვა ფაქტორებთან ერთად არის ცვლილება მოთხოვნა-მიწოდებაში. როგორც ბაქრაძე აცხადებს, 2013 წლის პირველი 3 კვარტალი იყო პროფიციტური თავისი მიზეზებდიან გამომდინარე. ანუ ბიუჯეტიდან იმდენი ფული არ იხარჯებოდა, რამდენიც უნდა დახარჯულიყო. შესაბამისად, მთელი ხარჯვითი ნაწილი მეოთხე კვარტალზე გადავიდა.
გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტი დოლარი იყიდა, ვიდრე გაყიდა (იყიდა 575 მილიონი დოლარი და გაყიდა 240 მილიონი). შედეგად, ბაქრაძის თქმით, იყო ზეწოლა გამყარებაზე და მხოლოდ ბოლო კვარტალში იყო გაუფასურებაზე.
ბაქრაძის განცხადებით, მიუხედავად ამისა, ეროვნულ ბანკს ჰქონდა შერბილებული მონეტარული პოლიტიკა, კერძოდ, საპროგნოზო მაჩვენებელი იყო იმაზე დაბალი ვიდრე მიზნობრივი. ბაქრაძის თქმით, ამას მეოთხე კვარტალში დაემატა გააქტიურებული ფისკალური პოლიტიკა, ეს ორივე ერთად კი არის ზეწოლა ლარის გაუფასურებაზე.
გარდა ამისა, ბაქრაძის განმარტებით, ბოლო ორ თვეში იმპორტი 20 პროცენტით გაიზარდა. ანუ გაიზარდა მოთხოვნა დოლარზე. „ეს ყველაფერი კი გაუფასურებას იწვევს,“-აცხადებს ბაქრაძე.
ბაქრაძის განცხადებით, გრძელვადიან პერიოდში კურსის გამყარების ტენდენცია გვექნება.
http://commersant.ge/?page=news&id=5974