REIDIქართული ბანკების მსგავსად, სავალუტო კრიზისში მოლდოვაშიც ბანკებს ადანაშაულებენსაქართველოსთან ერთად, მოლდოვაშიც გაჩნდა ეჭვები, რომ მსხვილმა ბანკებმა გარკვეული როლი შეასრულეს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში. თუ საქართველოს შემთხვევაში ამ პროცესზე მინიშნება ვიცეპრემიერმა გააკეთა, მოლდოვას პრემიერმინისტრი ბანკებისადმი ღია ბრალდებებით გამოვიდა
საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ექსპერტები და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში ბანკების მონაწილეობაზე საუბრობენ.
მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ ლარის გაუფასურების კონტექტსში საქართველოს მსხვილი ბანკები ახსენა, „კომერსანტმა“ დასვა შეკითხვები, რამდენად არსებობს საფუძველი, რომ ბანკები მართლაც, გარკვეული ფორმით, იღებდნენ მონაწილეობას დევალვაციაში და ამ პროცესს მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდეს?
ვერც იურისტებისა და ვერც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჯერჯერობით ვერ მივიღეთ პასუხი, როგორ უნდა გადამოწმდეს მსგავსი ეჭვები და რა რეაგირება უნდა მოახდინოს სახელმწიფომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ქვეყნის ფინანსურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას.
ექსპერტები, მათ შორის ყველაზე სკეპტიკურად განწყობილნი, მართალია, ვერ ადასტურებენ ასეთ ფაქტებს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ბანკებმა გარკვეული სახის ტრანზაქციების საშუალებით ხელი შეუწყეს ლარის გაუფასურებას.
როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ეჭვები მთავრობაშიც აქვთ. კალაძემ თავისი განცხადებით მიანიშნა, რომ მთავრობის მაღალ ეშელონებში ამ თემაზე გარკვეული განხილვები მიმდინარეობს და სერიოზული ეჭვები არსებობს.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესში საბანკო სექტორის მონაწილეობისადმი ეჭვები სხვა ქვეყნებშიც ჩნდება.
ყველაზე მკვეთრი ბრალდებები ამ კუთხით მოლდოვაში ისმის. მეტიც – საბანკო სექტორისადმი ბრალდებებით ღიად გამოვიდა მოლდოვას პრემიერ–მინისტრი კირილ გაბურიჩი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ იანვარ–თებერვალში ლეის 35%–იანი გაუფასურების ძირითადი მიზეზი ბანკებისა და მოქალაქეების სავალუტო სპეკულაციები იყო.
მოლდოვას ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით კომერციულმა ბანკებმა მნიშვნელოვანი მოგება ნახეს და „საკურსო სხვაობის“ მიმართულებით, გასული წლის იანვართან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარში შემოსავლები 13–ჯერ გაზარდეს.
ლეის გაუფასურების თემაზე მოლდოვაში პრემიერ მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, კომერციული ბანკების წარმომადგენლებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრა ჯერ კიდევ თებერვალში შედგა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და ოფიციალური განცხადებები მისი დასრულების შემდეგ გაკეთდა.
პრემიერმა პრესას უთხრა, რომ შეხვედრაზე განიხილეს საბანკო–საფინანსო ბაზრის სტაბილიზაციის ზომები.
მან პირდაპირ განაცხადა, რომ კურსის ნახტომისებური ვარდნა სავალუტო სპეკულაციებით იყო გამოწვეული როგორც ბანკების, ისე ფიზიკური პირების მხრიდან. გადამცვლელ პუნქტებში ლეის დეფიციტი ბანკირებმა მოქალაქეების მიერ ვალუტის მასობრივი გაყიდვით ახსნეს.
მოლდოველმა ჟურნალისტებმა სამთავრობო წრეებიდან მოიპოვეს ინფორმაცია, რომ სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს საკითხი ბანკებში ჭარბად დაგროვილი უცხოური ვალუტის შესახებ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეის დევალვაციაში ბანკების მონაწილეობას გამორიცხავს. დორინ დრეგუცანუ ამბობს, რომ ბანკებს აქვთ ლიკვიდურობა, თუმცა იგი არასაკმარისია სპეკულაციებისთვის, რადგან არსებობს მკაცრი პარამეტრები, რომელშიც განსაზღვრულია, რა მოცულობის ვალუტა შეუძლიათ იქონიონ საკუთარ ბალანსზე, და ესაა ნორმატიული კაპიტალის არაუმეტეს 10%–ისა.
მისი თქმით, ვალუტის გაუფასურების ძირითადი მიზეზებია რეგიონული კრიზისი და მოლდოვას ეკონომიკის გახსნილობა.
ექსპერტებს ეჭვი შეაქვთ მარეგულირებლის ხელმძღვანელის განცხადებაში და ამბობენ, რომ ლეის გაუფასურება გამოიწვია სამი ბანკის, Banca de Economii, Banca Sociala–სა და Unibank–ის მიერ ვალუტის გატანამა და ნაციონალური ბანკის მიერ მათ მიმართ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ.
რეიტინგებისა და კვლევების სააგენტო Estimator-VM–ის ხელმძღვანელის ნატან გარშტიას განცხადებით, ლეის გაუფასურება დაიწყო გასული წლის 22 ოქტომბერს, ანუ მას შემდეგ, რაც Banca de Economii–მა და Banca Sociala–მ 17 მილიარდი ლეის მობილიზება და მისი უცხოურ ვალუტაში კონვერტირება მოახდინეს, შემდგომ კი ვალუტა უცხოეთში გაიტანეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. უწყების ინფორმაციით, შესაძლოა, ქვეყნიდან ერთნახევარ მილიარდი დოლარის უკანონო გადინებასთან გვქონდეს საქმე.
პროკურატურის წარმომადგენლები იმ ფიზიკური პირების დოკუმენტაციით დაინტერესდნენ, რომლებსაც დასახელებულ ბანკებში მსხვილი აქტივები აქვთ.
მედიამ ამ სამ ბანკთან დაკავშირებულ სკანდალს უკვე უწოდა მოლდოვას ისტორიაში უმსხვილესი ფინანსური სკანდალი და „საუკუნის ქურდობა“, რომელმაც, მისივე შეფასებით, მთელ საბანკო სისტემაზე მოახდინა გავლენა და ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეხო, რადგან ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ფასების ზრდა გამოიწვია.
ეროვნული ბანკის მიერ ამ ბანკებში სპეციალური მმართველის დანიშვნამ მათში სისტემური პრობლემების არსებობა დაადასტურა.
რამდენიმე დღის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ პრობლემური ბანკები ლიკვიდირებულ უნდა იქნან, მოქალაქეებმა კი კუთვნილი თანხები მიიღონ, ხოლო ბანკების მიერ გატანილი თანხები ქვეყანაში დაბრუნდეს.
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=22448