რატომ გამყარდა ლარი?ლარი 7 თეთრით გამყარდა, ამის ფონზე საპარლამენტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა დაიწყო.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გიორგი ქადაგიძის უწყების ანგარიში უარყოფიათდ შეაფასა. დღევანდელ განხილვას კი წინ დახურული შეხვედრა უძღვოდა.
საფინანსო-დაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს მედიის გარეშე უმასპინძლა. რა უთხრეს ქადაგიძეს დახურულ შეხვედრაზე, როდის მოუსმენენ უკვე მას საჯაროდ საფინანსო კომიტეტზე და მთავარი გაგრძელდება თუ არა ლარის გამყარება.
-დღეს ლარი მოულოდნელად 7 თეთრით გამყარდა. საინტერესოა, ვიდრე ეროვნული ბანკი დღის ბოლოს ასეთ კურსს დააფიქსირებდა, მანამდე მთელი დღის განმავლობაში სავალუტო ჯიხურები საკმაოდ დაბალ ფასად ყიდიდნენ და საინტერესოა, რასთან გვაქვს საქმე, ან ზოგადად რატომ ხდება ასე, მოსახლეობისთვის რომ ახნათ?
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური: ცალსახა პასუხი ამაზე არ არსებობს, თუმცა მე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ. მიმაჩნდა და არა ერთხელ აღვნიშნე, რომ ლარის კურსი არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, რომელიც არსებობდა. იმ საგარეო და შიდა ფაქტორების გათვალისწინებით იყო გაცილებით მაღალ ნიშნულზე, ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო.
უნდა ყოფილიყო ისეთი ღონისძიებები გატარებული, რომელიც არანაირად არ საჭიროებდა სავალუტო რეზერვების გამოყენებას, მაგალითად, რეფინანსირების სესხების სიდიდე, მოცულობა, ასევე მისი საპროცენტო განაკვეთი, რეზერვების მინიმალური საპროცენტო სიდიდე ეს ვალუტაში იქნება, თუ ლარში და ა. შ.
-ხელოვნურად ხდებოდა კურსის ცვლილება, თუ ეს ბუნებრივი პროცესია?
თამაზ მეჭიაური: იმდენად რამდენადაც ორშაბათს უკვე ჩვენ გვაქვს საკომიტეტო მოსმენა ამ საკითხთან დაკავშირებით და საერთოდ ეროვნული ბანკის ანგარიში უნდა მოვისმინოთ, ვიდრე არ მივიღებთ ოფიციალურ შეკითხვებს, ცოტა ძნელია პირდაპირ ამის თქმა.
მე შეიძლება ვარაუდი მქონდეს, რომლის საჯაროდ პასუხმა შეიძლება უფრო გააფუჭოს სიტუაცია, თუმცა მე რამდენჯერმე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ გარეშე ფაქტორები, რა თქმა უნდა, იყო უმთავრესი, მაგრამ გარდა გარეშ ფაქტორებისა, ჩემი აზრით, ლარის კურსის დაცემაზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებდნენ.
თუნდაც შიდა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ასე ვთქვათ ვიღაცის უმოქმედობით განპირობებული, თუნდაც ეროვნული ბანკის, შეიძლება რაღაცნაირად დაგვიანებულიც იყო გარკვეულად პრივატიზაცია, მაგრამ ეს იყო უმნიშვნელო. მაინც ძირითადად სპეკულაციებისთვის იყო ნიადაგი. ელემენტარულად რეფინანსირების სესხი შეეძლო აეღო ვიღაცას რომელიღაც ბანკს დაბალ ფასად ეყიდა ვალუტა და იმავე დღეს მაღალ ფასად გაეყიდა და აქედან მოეგო ფული.
თეორიულად ვიძახი ამას, დამტკიცება ცოტა ძნელია, მაგრამ როცა ოფიციალური და არაოფიციალური კურსი ასე განსხვავდება ერთმანეთისაგან, ყველა ცდილობს გამოიყენოს ეს და ისარგებლოს ამით.
-სავალუტო ჯიხურები დოლარს მთელი დღის განმავლობაში ოფიციალურზე დაბალ ფასად ყიდიდნენ და რატომ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე?
,,2030’’-ის კონსულტანტი ეკონომიკურ საკითხებში, მიხეილ დუნდუა: მინდა, გუშინდელი დრიდან დავიწყო. გუშინ ოფიციალური კურსი იყო 2.32. გუშინვე გამყარდა ლარი, ჩამოვიდა 2.25-2.27-მდე, დღეს შუადღეს 2.23-მდე იყო ჩამოსული მყისიერად. მაშ შემდეგ, რაც რეფინანსირების სესხი გასცა ეროვნულმა ბანკმა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი მილიარდ 7 მილიონი, 700 მილიონი რეფინანსირება და 7 მილიონი ე. წ. მუდმივმოქმედი სესხი, ზუსტად ამ პერიოდში ბაზარზე უკვე ლარი იყიდება 2.29-2.28 დიაპაზონში.
ეროვნულმა ბანკმა ლარს გამყარება არ აცალა. ის, რაც აქამდე ხდებოდა, როცა კურსი 2.36, 2.35, 2.33 იყო, ეს იყო აბსოლუტურად სპეკულაციური შეტევის პროდუქტი. შეუძლებელია კურსი ერთ დღეში ასე გამყარდეს.
ვინ შეიძლება მოქმედებდეს ეს სხვა საკითხია, მაგრამ მოდი გავაანალიზოთ და დავაფიქსიროთ ერთმნიშვნელოვნად ეს იყო სპეციალური შეტევა. შეუძლებელია კურსი იყოს 2.34 და ერთ დღეში ჩამოვარდეს 2.25-მდე. გარე ფაქტორებიც რეალურად არ მოქმედებდა.
სავალუტო სპეკულაცია არის მოკლევადიანი ეფექტის მქონე. ის სრულდება მოკლე ვადაშივე და კურსი საწყის პოზიციას ეგრევე, მყისიერად უბრუნდება. ეს არის მანიშნებელი სპეკულაციური შეტევის არსებობის. სხვაგვარად შეუძლებელია. ხომ არ შეიძლებოდა ერთ დღეში შემოვარდნილიყო ტურისტი ძალიან დიდი რაოდენობით. იმ დღესვე დაეხარჯათ დიდი რაოდენობით ფული და ეგრევე დასტაბილურებულიყო კურსი. მთელი ამ ხნის განმავლობაში აპრილში, მაისში გაუმჯობესებული ეკონომიკური პარამეტრები იძლეოდა საფუძველს იმისა, რომ კურსი გამყარებულიყო, მაგრამ კურსი არ მყარდებოდა, იმიტომ რომ სპეკულაციური შეტევა მიმდინარეობდა.
დღეს ლარი მყისიერად გამყარდა იმიტომ, რომ სპეკულაციური შეტევა დასრულდა, იმიტომ რომ ის მოკლევადიანი ეფექტის მქონეა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ბანკმა მაინც არ აცალა კურსს შემდგომი დასტაბილურება და მაშინ, როცა იყო პერსპექტივა 2.22-ზე ქვემოთ ჩამოსულიყო კურსი, გასცა რეფინანსირების სესხი.
ამით, რა თქმა უნდა, ისარგებლა იმან, ვინც სპეკულაციურ თამაშში მონაწილეობს. ეს უკვე გამოძიების საკითხია. ამაში თეორიულად შეიძლება მონაწილეობდეს კომერციული ბანკი, კომერციულ ბანკთან დაკავშირებული იურიდიული პირი, ის პირი, რომელიც სესხს იღებს კომერციული ბანკიდან და შემდგომ მას სპეკულაციისთვის იყენებს, ახლა უნისონში მოქმედებს ქადაგიძე, რომელიმე ინსტიტუტი, საბჭო, ვთქვათ საბანკო ზედამხედველობა, მთელი ეს სტრუქტურა უნისონში მოქმედებს, ცალ-ცალკე, არაკომპეტენტურობის ბრალია, თუ შეგნებული მიზანმიმართული მოქმედების ბრალია, ეს უკვე დაკვირვების, გამოძიების და კვლევის საგანია.
მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა დღეს არ აცალა ლარის კურსს ბოლომდე გამყარება და პრაქტიკულად მიუახლოვა ის ძველ ნიშნულს. ეს ძალიან ცუდი ფაქტია. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, დღესვე მსოფლიოს 5 წამყვანი ბანკი დააჯარიმეს იმასთან დაკავშირებით, რომ ისისნი მონაწილეობდნენ სპეკულაციებში.
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=22565&cat_id=2
This post has been edited by Shota525 on 22 May 2015, 14:58