ვახტანგ ლეჟავა: ლარის კურსის გაუფასურება არის ხელოვნური და ეს არის ჩარევის შედეგი
2014-01-27 16:57:13
„2014 წელს ბიზნესის მოლოდინის რეჟიმი გაგრძელდება“
ინტერვიუ პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარ ვახტანგ ლეჟავასთან
- დაახლოებით ნახევარი წლის წინ „კომერსანტის“ Business Club-ში სტუმრობისას გარკვეული პროგნოზები გააკეთეთ. კერძოდ, განაცხადეთ, რომ წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტს წლის ბოლოს ნახევარი მილიარდი ლარის გარღვევა ექნებოდა. ასევე ისაუბრეთ იმაზე, რომ შესაძლოა მთავრობას საგარეო ვალით სარგებლობა დასჭირვებოდა. როგორ თვლით, გამართლდა ეს პროგნოზი?
- ეს ჩემი აზრი აღარ არის, ეს ნახევარი წლის წინ იყო ჩემი აზრი. ახლა უკვე სტატისტიკაა, როდესაც ბიუჯეტს 600 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა. მომავალი წლის ბიუჯეტიც საგარეო ვალის აღებას ითვალისწინებს. ასე რომ, პროგნოზები გამართლდა.
- როგორც ვიცით, მთავრობა წლის ბოლოს 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს, მსოფლიო ბანკი 6 პროცენტიან ზრდას განიხილავს. თქვენი პროგნოზი როგორია?
- ძალიან რთული იქნება 5 პროცენტის მიღწევა, რომელიც ბიუჯეტშია ჩადებული. ამისათვის მთავრობამ შეცდომები არ უნდა დაუშვას. მე პირადად ამ 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ.
- 2014 წელს ბიზნესის გააქტიურების კუთხით უნდა ველოდოთ დადებით ნაბიჯებს?
- ამ მიმართულებით ახალი არაფერი არ იქნება. გაგრძელდება ის კურსი, რაც იყო 2013 წელს, განსხვავებული ჩემი აზრით არაფერი არ იქნება.
- 2013 წელი როგორი იყო ამ მიმართულებით?
- ბიზნესი იყო მოლოდინის რეჟიმში და შედეგიც სახეზეა. 2014 წელს ეს მოლოდინი გაგრძელდება, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში.
- ბოლო პერიოდში შეინიშნება ლარის კურსის ვარდნა. რით ახსნით ამ მოვლენას?
- ლარის კურსი არის ორ რამეზე დამოკიდებული. ერთი, გარე ფაქტორებზე და მეორე, შიდა ფაქტორებზე, რომელზეც მთავრობას და ეროვნულ ბანკს ერთად აქვს, მონეტარულ და ფისკალურ ნაწილში გავლენა. შესაბამისად, სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს.
- ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს?
- ეროვნული ბანკი უკვე ერევა, ფინანსთა სამინისტროც. ლარის კურსის გაუფასურება არის ხელოვნური და ეს არის ჩარევის შედეგი. ეს არ არის ბუნებრივი.
- ანუ ლარის კურსის დაცემა ხელოვნურად მოხდა?
- თქვენ კითხვას აქვს ორი პასუხი: ან ჩვენ არაფერი არ გავაკეთეთ და დოლარი გამყარდა, შესაბამისად, ლარი გაუფასურდა, რაც არ მომხდარა. პირიქით, დოლარი სხვა მყარ ვალუტებთან შედარებით გაუფასურდა. ასე რომ, ეს გამოირიცხა. ან მეორე, მეორე – ის, რაც ჩვენს შიგნით მოხდა, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შედეგია. სხვა პასუხი თქვენ კითხვას არ აქვს. სხვა მიზეზი არ არის, რომელსაც შეეძლო ეს გამოეწვია.
- როგორ შეაფასებთ დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ქართული მხარისთვის? ეს შეხვედრები უფრო მეტად შედეგიანი იყო ბიძინა ივანიშვილის, ღარიბაშვილის პრემიერობის თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს?
- დავოსის ფორუმი ეს არის ადამიანების თავშეყრა, სადაც ისინი მოსაზრებებს უზიარებენ. იქ გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. ფორუმის შედეგი მომავალ წლებში გამოჩნდება, რომელი ინვესტორი დაინტერესდება და ასე შემდეგ. ის რომ ღარიბაშვილი რომელიმე ინვესტორს შეხვდა, როგორც შედეგი არ შეიძლება განვიხილოთ. შედეგები ცოტა მოგვიანებით იქნება, თუ ვნახავთ, რომ ინვესტიციები დაიწყება.
http://commersant.ge/?page=news&id=6046