ძლივს რაღაც სტატია ვნახე -
ტურისტულმა სეზონმა ლარი ვერ გაამყარა
გასული კვირის სტაბილიზაციის შემდეგ ლარის კურსი ისევ ეცემა და დღეისთვის ერთი დოლარი 2.2695 ლარი ღირს. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარის ღირებულება 2,28 ლარამდე ადის. ტურისტულ სეზონზე სახელისუფლებო და ექსპერტულ წრეებში ლარის გამყარებას პროგნოზირებდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მიზეზების გარკვევას „კომერსანტი“ ექსპერტებისგან შეეცადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ არსებობდა მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ზაფხულის პერიოდში, მითუმეტეს, ოლიმპიური ფესტივალის პირობებში ვალუტის შემოდინებები იქნებოდა, რაც აისახებოდა ლარის კურსზე. თუმცა ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ლარის კურსი შენარჩუნდეს.
მისი თქმით, შესაძლოა, ამ პერიოდში შემოდინებები გაზრდილია, თუმცა, ეს ლარის კურსზე მოგვიანებით უნდა აისახოს. მისივე შეფასებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში კურსი სტაბილურია და 2.2-ს და 2.3 ნიშნულს შორის, მეტნაკლები რყევებით მოძრაობს.
გარდა ამისა, კეპულაძის განცხადებით, ის უარყოფითი მოლოდინი, რაც ლარის არასტაბილურობამ მოსახლეობაში გამოიწვია, კურსზე უარყოფითად მოქმედებს, რადგან მოსახლეობის ნაწილს არ აქვს დანაზოგის ხარჯვის სურვილი და შემოდგომისთვის სიტუაციის უფრო მეტად გაუარესებას ელოდება. კეპულაძის თქმით, ეს მოლოდინები ეკონომიკაში ძალიან დიდ როლს ასრულებს.
„ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეზობელი ქვეყნების ვალუტები უფასურდება. ეს ფაქტორები თან ერთვის პროცესებს, რაც ლარის დასტაბილურებას უშლის ხელს"-აცხადებს კეპულაძე.
“საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი ერთერთ გამოსავლად მთავრობის მიერ პრივატიზაციის პროცესის გააქტიურებას ასახელებს. გარდა ამისა, ფიქრობს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ბიუჯეტის ხარჯვას, არ შეიძლება ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, მითუმეტეს, ეს არ უნდა მოხდეს შემოდგომისთვის.
რაც შეეხება პროგნოზს, კეპულაძის თქმით, ზაფხულის პერიოდში ძნელია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორი იქნება შემდგომის პერიოდი, მითუმეტეს, მოლოდინი საკმაოდ უარყოფითია. რა მოხდება სამომავლოდ, ეს დამოკიდებული იქნება ეროვნული ბანკისა და მთავრობის კომუნიკაციაზე, რაც, გიორგი კეპულაძის შეფასებით, არასახარბიელოა.
„წინა წლებში აგვისტოში ეროვნული ბანკი ყიდულობდა ხოლმე დოლარს, იღებდა სავალუტო ბაზრიდან და არეზერვებდა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა წელსაც ეროვნული ბანკი რეზერვების ოდნავ მაინც შევსებას. მითუმეტეს, აგვისტო ტურისტული თვალსაზრისით უფრო აქტიური პერიოდია, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმპორტის შემცირება არ ხდება იმისთვის, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდეს, რადგან ვალუტის გადინების ერთერთი წყარო იმპორტია"-აცხადებს კეპულაძე.
20/30-ის წევრის მიხეილ დუნდუას განცხადებით, ის, რომ ლარის კურსის დასტაბილურება არ ხდება, ეროვნული ბანკის მოქმედების შედეგია. მისი შეფასებით, როდესაც გარემო პირობები, განსაკუთრებით ტურისტული ფაქტორი დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე, ამ დროს ქადაგიძე კონტრშეტევაზე გადადის და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს პროცესები რეფინანსირებით გააქარწყლოს. მისი თქმით, ეს ყველაფერი ლარის ცუდი კურსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
„ეროვნულ ბანკს უკვე ნახევარი თვეა, რაც რეფინანსირების მაჩვენებელი მილიარდზე მაღალ ნიშნულზე აქვს დაჭერილი. გაზრდილია წმინდა დავალიანება კომერციული ბანკების ეროვნული ბანკის მიმართ 680 მილიონი ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაახლოებით 70-80 მილიონი იყო, 2013 წელს კი ეროვნულ ბანკს აქეთ ჰქონდა კომერციული ბანკების მიმართ ნახევარ მილიარდზე მეტი დავალიანება. ასეთ პოლიტიკას ატარებდა ეროვნული ბანკი. მან რადიკალურად შეცვალა პოლიტიკა, კონცენტრაციული მიწოდება სესხის სახით, კომერციული ბანკის მიმართ წინა დავალიანების ზრდის სახით, იწვევს ლარის სიჭარბეს და დიდი რაოდენობით ლარი ხდება ვალუტაზე გადაყიდვის ობიექტი. ბუნებრივია, ეს ფულს აფუჭებს"-აცხადებს დუნდუა.
მისი თქმით, ლარის კურსის როგორც სტაბილიზაციასთან, ისე სტაგნაციასთან პირდაპირ კავშირშია რეფინანსირება და ბანკების წმინდა დავალიანება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 2 ივლისს იმედს გამოთქვამდა, რომ ზაფხულში კურსი დასტაბილურდებოდა და ამას ხელს ტურიზმის მაჩვენებელი შეუწყობდა. ამ ეტაპზე კი, ლარის კურსის წინა ნიშნულამდე ვერ გამყარებას მინისტრი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებით ხსნის.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნები არიან ნავთობის ქვეყნები, ამიტომ საქართველოში ინვესტიციები დიდწილად დამოკიდებულია ამ ქვეყნებში საინვესტიციო მადაზე.
"ამიტომ პირდაპირ აისახება ნავთობის დაბალი ფასები ყველაფერ ამაზე. აქედან გამომდინარე ის, რომ დღეს გვაქვს 2.25-ის ფარგლებში კურსი, ჩემთვის პირადად გასაკვირი არ არის. ასევე იქიდან გამომდინარე, რომ საბერძნეთში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი მოვლენები, რამაც ასევე გავლენა იქონია ფულადი გზავნილების შემოდინებაზე. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები უკვე წარსულია, ვინაიდან ის ფაქტორები, რომელიც მე ჩამოვთვალე, გარდა ნავთობის ფასისა, ფაქტობრივად აღმოფხვრილია. საბერძნეთში, იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება. იქ ჩვენი ბევრი თანამემამულე ცხოვრობს, ამიტომ მომავალში მე მგონია ლარის სტაბილურ კურსთან გვექნება საქმე, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ საკმაოდ დინამიურ რეგიონში ვცხოვრობთ და ყველანაირი გამოწვევისთვის საქართველო უნდა იყოს მზად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 28 ივლისს.
http://commersant.ge/?m=5&news_id=25411&cat_id=8პ.ს. ჯგერენაია იყო რომ ამბობდა 2.2-ზე დავაო ხო? ერთი ეს ბრძნული ექსპერტული ფრაზები უნდა ჩავიწეროთ ხოლმე და მერე დავუდოთ წინ. ექსპერტობის და პროფესორობის პრეტენზია აღარ ექნებათ მაინც
This post has been edited by შოვინისტი on 5 Aug 2015, 12:32