მსოფლიო ბრენდების ქართული წარმომადგენლობები ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასა და ლარის კურსის დასტაბილურებაში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობენ. 
საუბარია სწრაფი კვების ბრენდებსა და სასტუმროებზე, რომლებმაც თავიანთი პროდუქციის წარმოებაში ადგილობრივი პროდუქტების მონაწილეობა გააფართოვეს. ამ გზას დაადგნენ „ვენდი,“ „დანქინ დონატსი“ და „მაკდონალდსი.“ მათ უერთდება „საბვეიც.“
ამ თემაზე „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ვრცლად ისაუბრა რადიო კომერსანტის გადაცემა „ბიზნესმენიუში,“ რომელიც პორტალ Myrest.ge-ს პროექტია.
„ქვეყნის ეკონომიკამ ეგზოგენური მიზეზების გამო საგარეო შოკი მიიღო. აშშ-ს ვალუტა გამყარდა ყველა ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ბიზნეს სექტორი? როცა თებერვალში შევხედეთ, რომ ლარის დევალვაცია გრძელდებოდა, ჩვენ მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება. დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში, როგორც „დანკინ დონატსის“, ასევე „ვენდისის“ ხარისხის მართვის დეპარტამენტებს. დავიწყეთ ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობა. ზოგ კომპანიასთან ვიმუშავეთ 6, ზოგთან 8 და 9 თვე. ჩვენი ამოცანა იყო რაც შეიძლება მეტი პროდუქტი ჩაგვენაცვლებინა ქართული წარმოების პროდუქტებით. ვინმეს უთქვამს, მაგალითად ამერიკელს ან გერმანელს, რომ ჩვენი სამზარეულო ვინმესას ჩამოუვარდება? პირიქით, პირველ რიგში იმას აღნიშნავენ, რომ არაჩვეულებრივი სამზარეულო გვაქვს. იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჯობდა ამერიკიდან ჩამოგვეტანა პროდუქტი, მაგრამ მე ამ გადაწყვეტილების მჯეროდა. ჩვენ ვეუბნებით კომპანიას, შეუძლიათუ არა აწარმოოს კონკრეტული პროდუქცია. რომელ ქარხანას არ სურს, „დანკინ დონატსთან“ ან „ვენდისთან“ რომ ჰქონდეს ხელშეკრულება? პრეტცელი, ორაგული, თინუსი, ბევრი პროდუქცია „ვენდისში“ იქვე მზადდება. ამერიკიდან ჩამოდიოდა გაყინული პროდუქტი, რომელსაც ვადა  1 წელი ჰქონდა, ახლა კი  ყოველდღიურად ახალ პროდუქტს ვიღებთ. ეს არ არის ტიპური სწრაფი კვების პროდუქტი და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, აუცილებლად დარწმუნდებიან. ჩვენ დავზოგეთ 4 მილიონი, დოლარი იმპორტირებული პროდუქტი ქართულით რომ არ ჩაგვენაცვლებინა, ეს თანხა დღეს უნდა გადაგვერიცხა უცხოეთში. 4 მილინიონი დოლარი 100 კომპანიაზე არის 400 მილიონი დოლარი, ანუ სწორედ ის გარღვევა, რაც მოთხოვნა-მიწოდებაზე განისაზღვრა საქართველოში. 90-იან წლებში ეროვნულ ბანკში ვმუშაობდი და მეტ-ნაკლებად ვერკვევი ამ საკითხში. ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად ჩაანაცვლონ იმპორტირებული პროდუქცია, ამით დავეხმარებით ადგილობრივ წარმოებას და ეკონომიკაც უფრო სწრაფად განვითარდება. რა თქმა უნდა, ლარის დევალვაციას წინასწარ ვერც ბიზნეს სექტორი და ვერც ხელისუფლება ვერ განსაზღვრავს, მაგრამ უნდა გვქონდეს ბერკეტები,“– განაცხადა ფხაკაძემ.
საკუთარ პროდუქციაში ადგილობრივი ნედლეულის წილს ზრდის „მაკდონალდსი საქართველოც“. მისი დამფუძნებლის თემურ ჭყონიას განცხადებით, ის უკვე აშენებს პურის ქარხანას, რომელიც ექსპლოატაციაში 5 თვეში შევა. ჭყონიას თქმით, მას სწრაფი კვების რესტორნების ქსელის ადგილობრივი წარმოების პურით მომარაგება სურს. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ქარხანა რამდენიმე სახის პურპროდუქტს გამოუშვებს, რომლის რეალიზება მხოლოდ „მაკდონალდსში" არ მოხდება.
გრძელვადიან პერსპექტივაში ჭყონია სასალათე მეურნეობისა და ხორცკომბინატის მშენებლობასაც გეგმავს. აღნიშნული სტრატეგის განხორციელება დაახლოებით 45 მილიონი ევრო დაჯდება. 
ბიზნესმენის თქმით, ამ გეგმების სისრულეში მოყვანა ქართულ ბაზარზე „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელის 22 ობიექტამდე გაზრდის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ეს კი ეკონომიკის სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან მიმდინარე მუშაობაზეა დამოკიდებული. 
ჭყონიას თქმით, ამ მიზნის მიღწევის შემდეგ კომპანიის წლიური ბრუნვა 60 მილიონ ლარს მიაღწევს. 
მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ქართული „მაკდონალდსის“ პროდუქციაში ადგილობრივი ნედლეულის წილი 20%–ს შეადგენს, ზემოთაღნიშნული სტრატეგიის განხორციელების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 70%–ს მიაღწევს. ეს კი, ბიზნესმენის განცხადებით, ეროვნული ვალუტის სიმყარის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. 
ამასთან, თემურ ჭყონიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი პროდუქცია „მაკდონალდსის“ სათაო ოფისიდან ნებართვას მიიღებს, იგი საექსპორტოდ გავა აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების „მაკდონალდსის“ ქსელებისთვისაც. 
ჭყონია ასევე აპირებს „მაკდონალდსისა“ და „კოკა კოლას“ პროდუქციის შესაფუთი მასალა მთლიანად ჩაანაცვლოს ქართული ანალოგით, რომელსაც დიღომში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი საწარმო გამოუშვებს.
საწარმო მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას. 
ხორცისა და პურის ადგილობრივი მწარმოებლებისგან შესყიდვის გეგმები აქვს „საბვეის“ ქართულ წარმომადგენლობასაც. როგორც მისი ხელმძღვანელი გივი ორდენიძე „კომერსანტთან“ ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი 15 სხვადასხვა დასახელების ხორცის პროდუქტს იყენებენ, ქართულ ბაზარზე მსგავსი ასორტიმენტის მოძიება რთულია. თუმცა ბოსტნეულის 25% ადგილობრივი პროდუქციით უკვე ჩანაცვლებულია.
„ქართულ პროდუქციას დიდი რაოდენობით ვიყენებთ. ბოსტნეულის მეოთხედი ქართული წარმოებისაა და მის იმპორტს ძირითადად ზამთარში ვახორციელებთ. რაც შეეხება ხორცსა და პურს, ეს პროდუქტი ევროკავშირიდანაა იმპორტირებული და სწორედ ამიტომ, მისი მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, ჩვენთვის რთულია ქართულ ბაზარზე ხარისხობრივად მათი ანალოგის მოძიება, თუმცა ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ეს ერთის მხრივ ხარჯებს დაგვიზოგავს და ამავდროულად, ლარის გამყარებისთვისაც მნიშვნელოვანია. თუმცა ხარისხის ხარჯზე ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. იგივე ეხება შესაფუთ მასალას, რომელიც გერმანიიდან ჩამოგვაქვს,“ – აცხადებს ორდენიძე.
ორდენიძე განმარტავს, რომ “საბვეი“ იყენებს მაღალი ხარისხის ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც ევროკავშირში, მაღალი სტანდარტით მზადდება.
„განსაკუთრებით სავალუტო კრიზისის ფონზე მნიშვნელოვანია იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება ადგილობრივით. თუმცა ჩვენ ხორცპროდუქტების მრავალი სახეობა გვაქვს – ამ რაოდენობის ასორტიმენტი საქართველოში არცერთ კომპანიას არ აქვს. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი ანალოგის მოძიება ამ ეტაპზე გვიჭირს. ჩანაცვლებას ხარისხს ვერ შევწირავთ,“– აცხადებს ორდენიძე. 
ვალუტის გამყარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ  სასტუმრო ბრენდებსაც. მათ შორისაა „შერატონი", „რედისონი" და „ჰილტონი," სადაც, მაგალითად, იმპორტირებული სალათის ფურცლები კომპანია „იმერეთი გრინერის" პროდუქციამ  ნაწილობრივ უკვე ჩაანაცვლა.
http://commersant.ge/?m=5&news_id=28783&cat_id=6