მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ღარიბი (გიორგიწმინდელი დედაბრის ამბავი)
2014 წლის 25 იანვარი, 14:32-ზე
ახლა რომ ღარიბი ვარ, ეგრე ნუ მიყურებთ: ერთ დროს მე თანამდებობის ქალი ვიყავი. მაშინაც ღარიბი მეთქმოდა (გამდიდრება ვერ მოვასწარი, რვა თვეში გამომაპანღურეს), მაგრამ მთელი გლდანი-ნაძალადევის სკოლები და უდედმამო ბავშვები მე მებარა. აბა, რა გგონიათ თქვენ, უბრალო ქალი კი არ ვარ.
ჰოდა, ერთხელ ვიღაცამ დამირეკა: გიორგიწმინდაში უპატრონოდ მიყრილი სამი ბავშვია, ტიტლიკანები და მშივრები დარბიან და მიხედეთ ამ ამბავსო. წავედი მეც მისახედად.
გიორგიწმინდა თბილისის ნაწილად ითვლება, თუმცა სინამდვილეში ერთი დარში გამხმარტალახიანი და ავდარში დამბალტალახიანი სოფელია გლდანთან ახლოს.
ვიარე, ვიარე გიორგიწმინდაში და კითხვა-კითხვით მივადექი იმ სახლს, სადაც დედისგან მიტოვებული სამი ბავშვი უნდა დამხვედროდა: 5 წლის, 3 წლის და ახალფეხადგმული.
რაღაც შენობა იყო, არც ბუდკა ეთქმოდა და არც ბოსელი. ერთი პატარა ოთახსავით იყო და შესასვლელი. კარი არ ჰქონდა და ფანჯარა ჩამტვრეოდა.
ბავშვები არ დამხვდნენ. პატრულს წაეყვანა ორიოდ საათის წინ.
გვიანი შემოდგომა იყო და სახლში ისევე ციოდა, როგორც გარეთ. ჭუჭყიან ლეიბზე ჩონჩხადქცეული მოხუცი ქალი იწვა და დაგლეჯილი საბანი ეხურა. ლოგინის უთეთრეულობაზე მეტად ბინძური ლაქები გეცემოდა ადამიანს თვალში, განავლისფერი და, სავარაუდოდ, მართლაც განავლის.
შეშინებული უმწეო მათხოვრის თვალებით მიყურებდა ის ქალი.
— ბავშვები წაიყვანესო. რა მეშველება ახლა უიმათოდო. მომიწვებოდნენ სამივენი ღამით იქით-აქედან, მათბობდნენ, ვინ დამიძახებს ბებიას, ახლა რაღა უნდა ვქნა გამოყრუებულმაო.
მეზობლის ქალმა მითხრა, ეს ბავშვების ბებია არ არის, ბებიის დედააო.
ინსულტი ჰქონია და ცალი მხარე წართმევია. თავის დროზე მაინც დახანხალებდა თურმე აქეთ-იქით, მაგრამ ახლა — ვეღარ.
ბავშვები აჭმევდნენ თურმე დალოგინებულს პურს. სოფელს დაივლიდნენ დამშეულები და ვინმე რამეს თუ მისცემდა, უფროსი გაყოფდა ოთხად, თავის და-ძმას გაუნაწილებდა და დიდ ბებიასაც მოუტანდნენ.
ბავშვების ნამდვილი ბებია, რომლის გამოისობითაც რამდენიმე წლის წინ თბილისში ბინა ჩაუდიათ და გაუყიდიათ, თურქეთში ყოფილა საშოვარზე წასული, მამა — ასევე თურქეთში, ბაბუა — გორში საქმიანობდა რაღაცას, დედას მობილური გამოურთმევია საღაცა დასარეკად მეზობლისთვის და გორში, თავის მამასთან, გამგზავრებულა ორი წუთით ნათხოვარმობილურიანა ორი კვირის წინ.
იმ მეზობელმა დაურეკა თურმე საკუთარ ტელეფონზე:
— რას შვრები ქალო, ლოგინად ჩავარდნილ ქალს როგორ მიუყარე შენი პატარა ბავშვებიო.
იმას უპასუხია, ჩემი ბავშვები არიან და რასაც მინდა, იმას ვუზამო.
მეზობელს უთქვამს, ბავშვები კი შენია, მაგრამ ტელეფონი არაა შენი და დამიბრუნეო.
— ამ ბავშვების საცოდაობა მოგკლავდა, რომ გენახათო, — აგრძელებდა ამბავს ისევ ის ქალი, — პატარამ ჩაიფსა, ჩაისვარა, გაიხადა მერე ჩასვრილი შარვალი და დარბოდა გარეთ, ცივ მიწაზე ფეხშიშველი და გაყინულ ქვებზე ჯდებოდა შიშველი ტრაკითო. ღამით უწვებოდნენ ბებიას, არავინ უფენდა საფენებს და უცვლიდა ზეწარს და იყვნენ ასეო. მერე თქვენთანაც დავრეკეთ და პატრულშიც და პატრულმა წაიყვანა უპატრონოთა თავშესაფარშიო.
დავრეკე ჩვილ ბავშვთა სახლში, მიყვანილები იყვნენ ბავშვები უკვე. თუმცა უსაბუთოდ და დირექტორი საბუთებს ითხოვდა.
მოხუცის ნასწავლებით დავქექე რაღაც ქაღალდები ერთადერთი კარადის თავზე და გავამზადე წასაღებად.
გული მეწურებოდა და მიმდიოდა. ძლივს გავაღწიე გარეთ. საერთოდ თუ დგება ეს მოხუცი-მეთქი. დგებოდა მანამ, ტუალეტშიც მიდიოდა თვითონ გაჭირვებით, მარა ახლა ვეღარო. არ ჭამს, არ სვამს და როგორ ადგება ფეხზეო.
ჩვილ ბავშვთა სახლში სამი დედმამიანი და ბებიაბაბუიანი ობოლი კისრისტეხით დარბოდა დერეფნებში. სამივეს ეცვა და ეხურა. ერთი უფეხსაცმლოდ იყო ოღონდ, მარტო წინდებით, დირექტორმა თქვა, ამის ზომა ფეხსაცმელი არ გვაქვს და უნდა მოვატანინოო. ასე გახარებულები დარბიან მოყვანის წუთიდანო. ეტყობა ძაან ცუდად იყვნენ სახლშიო. გოგო ვერ ლაპარაკობდა, მარტო იღიმებოდა და ღმუოდა. ყრუაო. ყურში ჩასდიოდა ჩვილობისას ნაღებინარი, არავინ უწმენდდა და იმისგან დაყრუვდაო — ასე უთქვამთ პატრულისთვის.
იმ დღესვე დავრეკე მოხუცთა თავშესაფარში: უპატრონო მოხუცია, ავადაა და რა ვუსაშველოთ-მეთქი. თავს თუ მოუვლისო. ვერა-მეთქი. აბა მაშინ ვერ მივიღებთო. ჩვენ მარტო ისეთებს ვიღებთ, თავის მოვლა რომ შეუძლიათო.
ნაცნობ მღვდელს დავურეკე საღამოს. იქნებ რომელიმე მონასტერმა შეიფაროს დროებით-მეთქი. მონასტერი მონასტერია და არა საავადმყოფოო, ვერავინ შეიფარებსო. ეგ როგორ-მეთქი, თქვენ ხომ გევალებათ მოყვასზე ზრუნვა, გული არ შეგტკივათ, ამაზე უკეთესს რას გააკეთებთ-მეთქი? მოყვასზე ზრუნვა შენც გევალება, ჰოდა თუ გული შეგტკივა, შენ წაიყვანე სახლშიო. ან მიუტანე საჭმელ-სასმელი და რაც სჭირდებაო.
წარმოვიდგინე, რას მოუვიდოდა ჩემს დედამთილს, კარზე რომ ეს მოხუცი მიმეყენებინა, დამოუკიდებლად მოსაქმებაც რომ არ შეეძლო და მეთქვა, ჩაიწვინე ლოგინში, შენი მოსავლელია ესა, მე სამსახურში მივდივარ-მეთქი.
ზეწრები, საბნისპირი და საღამური ჩავკუჭე პარკში დილით, ჩემს ქმარს ვუთხარი, პამპერსებს და საჭმელს ვიყიდი, შეშის ფულს წავიღებ და გამაცილე გიორგიწმინდაში-მეთქი. იბუზღუნა და გამომყვა.
ვიარეთ-ვიარეთ დიდხანს და მივადექით. არ შემოვიდა შიგნით. იქ რა გავაკეთოო. შევედი მე.
ნაცრისფერი ედო მოხუცებულს. თვალებიღა იყო დარჩენილი. იკონკებოდა თავის საბანში. უღმერთოდ ციოდა. ახლოს რომ მივედი, შევამჩნიე, ნარწყევით ჰქონდა დასვრილი თავისი ისედაც გაუბედურებული ლოგინი. წაიტირა:
— წუხელ ვნატრობდი, ადგომა შემძლებოდა, დანის მოძებნა მინდოდა, თავს მაინც მოვიკლავდი, შვილოო.
ტვინში ვატრიალებდი, რა იყო გასაკეთებელი. ღუმელი იყო დასანთები პირველ რიგში.
კარის მეზობელს მივადექი. შეშა თუ გაქვთ-მეთქი. კიო. 20 ლარისას ვყიდულობ იმ ქალისთვის, გაუტანეთ და დაუნთეთ-მეთქი. კარგიო, ახლა სამძიმარში მივდივარ და მალევე მოვალ და გავუტანო.
სუფთა ფლანელის ხალათში გამოწყობილი შუახნის ქალი მოვიდა ერთი, ეტყობოდა, რომ კაი ოჯახის შვილი იყო.
— მე ვაჭამე დღეს დილითო. ცოტა გრეჩეხა მოვუტანეო, მარა ვერ ჭამსო, არწყევს მერე ისევო.
ექიმს მოვუყვან-მეთქი, ვუთხარი მე. აგერ ვუტოვებ რაღაცებს, საჭმელიცაა ცოტა, თუ შეჭამა-მეთქი.
სასწრაფოში წავედი.
ვუთხარი, წაგიყვანოთ უნდა, მოხუცია ავად, ფეხზე ვერ დგება და სამკურნალოა-მეთქი.
რა სჭირს, მძიმეაო? არ ვიცი-მეთქი, წევს და ვერ დგება, აღებინებს, რა სჭირს, არ ვიცი-მეთქი.
მალოდინეს და დაგვიღამდა ამასობაში. ძლივს მივაგენით ჩაბნელებულზე იმ ჯიხურივით სახლს. შემოვიდნენ ექიმები. ქალი და კაცი იყო. რომელი იყო ექიმი და რომელი ექთანი არ ვიცი.
შემოვიდნენ და ეგრევე შეეტყოთ, რომ შეზიზღდათ:
— ეს საკაცეზე როგორ დავაწვინოთ, გაგვისვრისო.
უსინჯავდა ერთ-ერთი რაღაცებს ცხვირაბზუებული, ცდილობდა, ზედმეტად არ მიკარებოდა.
— უი, მაგარი მუცელი აქვს, მწვავეაო.
მერე გადაიფიქრა:
— არა, არა, რბილი ჰქონია, არაა მწვავეო.
მომიბრუნდნენ მერე მე: ამას რაცა სჭირს, მოუვლელობით სჭირს, მწვავე მდგომარეობა არა აქვს და არც ერთი საავადმყოფო არ მიიღებს ასეო. ტყუილად უნდა ვატაროთ აქეთ-იქით და დავსვაროთ ეს ახალი საკაცეო.
მოემზადნენ წასასვლელად.
ფლანელისხალათიან ქალს ჩემი ტელეფონი დავუტოვე, თუ რამეა და უფრო ცუდად გახდა, დამირეკეთ, თუ არადა ხვალ ისევ გამოვალ ნაშუადღევს-მეთქი. დავტოვეთ დედაბერი იქ მარტო.
მეორე დღეს, შუადღისას, დამირეკა იმ ქალმა, ნუღა შეწუხდები, შვილო, მოკვდა უკვეო.
. . .
თვის ბოლოს ფული რომ შემოგველია და ხელფასამდე კიდევ იყო რამდენიმე დღე დარჩენილი, ქმარმა დამაყვედრა: მაინც მოკვდა ის ქალი და სულ ტყუილად მიახარჯე ფულიო.
////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
იმ თემას ყურადღება არავინ მიაქცია აქ წაიკითხეთ
და ამისთანა ქვეყანაში,ეს უნამუსოები კლერიკალებს აფინანსებენ