მთავრობა არაპოპულარულ ნაბიჯზე მიდის – საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდებაეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ეს გაზრდის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და დადებითად აისახება გარემოს დაცვაზე
საქართველოში ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც 2015 წლიდან შევა ძალაში, საზოგადოების მხრიდან არაერთი შეკითხვა გააჩინა: რა საფასური დადგინდება ამ მომსახურებისთვის, რა მოთხოვნები დაწესდება ავტომობილების მიმართ და ხომ არ გახდება ეს სერვისი კორუფციის საფუძველი?
ამ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე აკეთებს.
მისი თქმით, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების „ტექდათვალიერების“ საფასურის დადგენისას გათვალისწინებული იქნება ქვეყნის რეალობა და მთავრობა აქცენტს საფასურის ხელმისაწვდომობაზე გააკეთებს.
"საფასური არ იქნება ისეთივე, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნებში. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის რეალობა და მთავრობა აქცენტს გააკეთებს საფასურის ხელმისაწვდომობაზე. ეს კომპანია TUV Rheiland Group-თან შემდგომი მოლაპარაკებების ეტაპია, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას განახორციელებს", - განაცხადა ნათია მიქელაძემ.
ამ კომპანიის შერჩევის კრიტერიუმებზე საუბრისას კი მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ TUV Rheiland Group-ს აქვს საქმიანობის 140-წლიანი გამოცდილება, მოიცავს 500-ზე მეტ ფილიალს მსოფლიოს მასშტაბით და მისი წლიური ბრუნვა მილიარდ 300 მილიონ ევროს აღემატება.
"ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, ყველა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც გაზრდის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და დადებითად აისახება გარემოს დაცვაზე. გარდა ამისა, საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება შეუფერხებლად შეძლებს საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში ჩართვას", - განაცხადა მიქელაძემ.
TUV Rheiland Group-ის სამუშაო ჯგუფს საქართველოში მიმდინარე კვირას ელოდებიან, რის შემდეგაც ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა დაიწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ოთარ დანელიას განცხადებით, წლების განმავლობაში ავტომობილების ტექდათვალიერება არ ხდებოდა, რაც, მისი ვარაუდით, იმის გამო ხდებოდა, რომ ეს პოლიტიკურად არამომგებიანი იყო. ახლა კი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტია და მის განხორციელებას წინ ვერაფერი დაუდგება.
მისივე თქმით, ტექდათვალიერების მოქმედების ვადები სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება ავტომობილის გამოშვების თარიღზეც. შესაძლოა მოხდეს ავტომანქანების სეგმენტაციაც. სავარაუდოდ, ავტომობილის გამოშვების თარიღს მნიშვნელობა არ ექნება, მთავარია, ავტომანქანა ტექნიკურად გამართული იყოს.
განკარგულების პროექტი "საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე მოიწონა.
კანონმდებლობის თანახმად, 2015 წლის 1 მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება. რა ელის აღნიშნული რეგულაციების ამოქმედების შედეგად ქართულ ავტობაზარს, მეორადი ავტომობილების ბიზნესს, რამდენად „გაუძლებს“ ახალ მოთხოვნებს საქართველოს მეორადი ავტომობილების ბაზარი, მათ შორის ტაქსების ნაწილი? „კომერსანტი“ ამ თემებს ისევ დაუბრუნდება.
http://commersant.ge/?page=news&id=6077დასრულდება 3 ლარიანი ტაქსების ეპოქა მალე, ერთ წელიწადში!
გილოცავთ.