გენერალი ნაირაშვილი: "ვხვდები, რომ შემთხვევით გადარჩენილი ვარ"
ჯაშუშების საქმე
წამება სამხედრო პოლიციაში
გიორგი გორელაშვილი
დავით ლონდარიძე აღიარებითი ჩვენების დაწერამდე, მისივე თქმით. სამხედრო პოლიციაში სპეციალურად მოწყობილ ე.წ. “აბივკებიან” ოთახში აწამეს.თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, დათა ახალაია,სამხედრო პოლიციის უფროსი მეგის ქარდავა და მერვე საპყრობილის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას სამხედრო მოსამსახურის წამებაში:
“ბაჩო ახალაია ბოროტ კაცს თამაშობდა, დათა _ კეთილს. ბაჩო რომ მირტყამდა, დათა მეუბნებოდა, ხომ იცი, რა არანორმალურია, რაზე აკვლევინებ თავს, უთხარი, რასაც გთხოვსო. ბაჩო ახალაიამ საკუთარი პისტოლეტი “გლოკი” პირში ჩამიდო. ვინატრე, რომ იარაღი დატენილი ყოფილიყო, ახალაიას ხელში ვწვდი და ვცდილობდი, სასხლეტისთვის თითის გამოკვრას, რომ ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო. ბაჩომ მითხრა, რომ საკუთარი ჯაშუშობის აღიარების გარდა, ხელი დამედო სხვა მონაწილეებისთვისაც. ქაღალდზე სამი გვარი ეწერა: სერგო თეთრაძე,
გენერალი დავით ნაირაშვილი და მესამე გვარი, რომელიც არ მახსოვს. მითხრეს, რომ მათთვის სულ ერთი იყო, რომელს დავადებდი ხელს… თვალები დავხუჭე და თითი შემთხვევით დავადე ერთ-ერთ გვარს, როგორც გაირკვა _ თეთრაძეს. ასე გაჩნდა თეთრაძე ჯაშუშების საქმეში,” _ ამბობს დავით ლონდარიძე. გადამდგარი პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე იმავე დღეს დააკავეს, ის ჯერ სამხედრო პოლიციაში, შემდეგ კი გლდანის მერვე საპყრობილეშ სასტიკად აწამეს. 23 სექტემბერს სერგო თეთრაძე გარდაიცვალა.
დავით ლონდარიძემ თვითმკვლელობა სცადა _ თავის ჩამოხრჩობას შეეცადა, თუმცა, სიკვდილის უფლება არ მისცეს. გაბმულად თვითმკვლელობაზე ფიქრი მხოლოდ მისი სულიერი მოძღვრის ციხეში შეხვედრის შემდეგ მოიშორა თავიდან.
გიორგი გორელაშვილი
სერგო თეთრაძე
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ია მამალაძემ გლდანის მე-8 დაწესებულებაში ახალაიების კიდევ ერთი მსხვერპლი, ჯაშუშობისთვის გასამართლებული გიორგი გორელაშვილი მოინახულა. გორელაშვილი წამებში ციხის უფროს მუხაძეს, მის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილს და მეგის ქარდავას ადანაშაულებს. გიორგი გორელაშვილს სერგო თეთრაძის წამების დროს მისი ყვირილის ხმა ესმოდა, ვარაუდობს, რომ სპეციალურად ასმენინებდნენ; შემდეგ კი დაინახა, როგორ გამოასვენეს უგონო მდგომარეობაში მყოფი თეთრაძე ოთახიდან: “სერგო თეთრაძის გაყვანის შემდეგ, ოთახში მე შემიყვანეს. მუხაძემ მითხრა, ისე აღარ გვაწვალო, როგორც ამან, მეც ქრისტიანი ვარ და პირჯვარს ვიწერო. ოთახში იყო ვიქტორ ყაჭეიშვილი და მაღალი, შემელოტებული კაცი, როგორც შემდგომში გავიგე _ მეგის ქარდავა; დანარჩენების ვინაობა დღემდე არც კი ვიცი…
თავიდან პლასტმასის ჯოხით დამიწყეს ცემა; მეუბნებოდნენ, ეს ის ჯოხია, მიტინგებზე რომ ატრიალებთო. მიტინგზე არასოდეს ვყოფილვარ, არ ვიყავი პოლიტიკით დაინტერესებული, თუმცა, მათთვის ეს არ მითქვამს… წამების მეორე ეტაპზე ე.წ. “ბორჯღებიანი” ჯოხით დამიწყეს ცემა. ხელკეტზე ხის ბურთი ჰქონდათ დამაგრებული, რომელშიც რკინის ბორჯღები იყო ჩასმული. ეს რკინის კლანჭები კუნთებზე დარტყმისას ქსოვილს გლეჯს და კვალი მთელ სხეულზე რჩება. აღიარებითი ჩვენების მიცემის გარდა, მოითხოვდნენ ჯაშუშობაში ჩემთვის უცნობი ადამიანები მემხილებინა, რაზედაც ვერ დამითანხმეს,” _ ამბობს გიორგი გორელაშვილი.
ამის შემდეგ, გორელაშვილის წამების მეთოდები შეცვალეს _ პოლიეთილენის პარკით მოხრჩობა, ბალახის საკრეჭი მაკრატლით თითების დაჭრის იმიტაცია… ბოლოს კი, ყაჭეიშვილი პატიმარს გაუპატიურებით დაემუქრა: “ვუთხარი, რომ ამას ვერ იზამდნენ, რაზედაც მშვიდად მიპასუხეს, რატომაც ვერა, რამდენიც გინდა, იმდენი გვყავს გაუპატიურებულიო. ვუთხარი, რომ დავინახე ოთახიდან გამოსვენებული პატიმარი და ამ საქმეში მეორე გვამი მათ ნამდვილად არ აწყობდათ. უკან დახევას არ აპირებდნენ, რის შემდეგაც, ჯიბიდან სათვალე ამოვიღე, გავტეხე და სათვალის ყურსაცვამი გულში გავიყარე. ძალიან შეშინდნენ და თავი დამანებეს.”
გორელაშვილი იხსენებს, რომ წინასწარი დაკავების საკანში ყოფნის დროს, ციხის ადმინისტრაცია ვიღაც პოლკოვნიკს ეძებდა.
როგორც გავარკვიეთ, პოლკოვნიკი, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია ეძებდა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ნიკოლოზ გიგაურია. გიგაური 8 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ჩვენი ინფორმაციით, გიგაურის გვარის დასახელებას სერგო თეთრაძისგან მოითხოვდნენ. “გურია ნიუსი” ნიკოლოზ გიგაურს დაუკავშირდა; გაირკვა, რომ ის თავდაცვის სამინისტროში აღარ მუშაობს _ ცოცხლად გადარჩენის შემდეგ, მან საქართველო დატოვა.
“8 დღის განმავლობაში ვეძებდით, ისიც კი არ ვიცოდით, რომ დაკავებული ჰყავდათ. სახლიდან წაიღეს კომპიუტერი, აიპადი, ბავშვების ფოტოები… 8 დღის შემდეგ კი, ჩემი მეუღლე ცოცხალმკვდარი მოიყვანეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დააგდეს საწოლზე საშინლად ნაწამები, ნაცემი, აბსოლუტურად გალურჯებული. დღემდე არ ვიცი, რას ერჩოდნენ. ნიკოლოზი არც სერგო თეთრაძეს იცნობდა და არც სხვა ბრალდებულებს”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში გიგაურის მეუღლემ.
http://enpijournalism.wordpress.com/2013/0...83%9B%E1%83%94/ This post has been edited by კუსკუსა on 29 Jan 2014, 23:01