ბერძენი ბერის წინასწარმეტყველება მომავალი მართლმადიდებელი იმპერატორის შესახებ
გაიოზ მამალაძე
ადრე ვრცელი წერილი გამოვაქვეყნეთ XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე ბერძენი ბერის, კირილე ლავრიოტისის მიერ აპოკაპიფსის მისეულ ეგზეგეზაში საქართველოს შესახებ შენიშნულ წინასწარმეტყველებაზე.
ალბათ ჩვენს მკითხველს ახსოვს, რომ კირილე ლავრიოტისზე და აპოკალიპსის მისეულ ეგზეგეზაზე ქართულ საზოგადოებას უამბო ასტერიოს არგირიუმ 2000 წელს თბილისის უნივერსიტეტში წაკითხულ მოხსენებაში: „ქართველი იმპერატორი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღორძინებისათვის“
კირილე ლავრიოტსის შესახებ, რაც ვიცით, იმ ჩვენს ვრცელ წერილში გვაქვს მოთხრობილი. იქვეა ჩვენი თვალსაზრისი რა ახდა, რა გამართლდა ბერი კირილეს წინასწარმეტყველებიდან, რომელიც მან, როგორც ვთქვით, დაინახა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების კვლევისას (რომანოვების ოჯახის ბედი, რუსეთის მიერ დაკარგული ტერიტორიები).
დღეს გავიხსენოთ რას ამბობდა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბერძენი ბერი კირილე ლავრიოტისი მომავალ ქართველ მეფეზე - მაშინ როდესაც გაუქმებული იყო ქართული სამეფო-სამთავროები და ანექსირებული რუსეთის იმპერიის მიერ.
ბერ კირილეს იოანეს გამოცხადებაში შეუმჩნევია წინასწარმეტყველება საქართველოზე, როგორც ერთადერთ ქვეყანაზე, რომლის ხალხი, - პატრიარქისა (გამოცხადებისეული „ფილადელფიის ეკლესიის ეპისკოპოსი“) და აღდგენილი სამეფო ტახტის ხელმწიფის („ღვთის რჩეული გლახაკი მეფის“) ხელძღვანელობით, - შექმნის მართლმადიდებლურ იმპერიას - „წმიდათა ათასწლოვანი მეფობის იერუსალიმს“.
მართლმადიდებლური იდეოლოგიით იმპერია არ არის ვინმეს პყრობა. მართლმადიდებლური იმპერია არის თანამეგობრობა ხალხებისა, რომელიც სასულიერო და საერო, პატრიარქისა და იმპერატორის (მეფეთა-მეფის) ხელისუფლებათა სიმფონიის მეშვეობით წინ აღუდგება ანტიქრისტეს მოსვლა-გაბატონებას.
კირილე ლავრიოტისის მიხედვით საქართველოს სამეფო ტახტზე ავა უფლისწული, რომელიც დიდი მისიისთვისაა მოწოდებული. დინასტიის გვარი არ შეიცვლება, ანუ საქართველოს მომავალი მეფე იქნება ბაგრატიონი.
ზემოთაღნიშნული მოხსენების შენიშვნებში ასტერიოს არგირიუ წერს: (კირილეს) „პოზიცია ნათელია, რადგან მომავალი გამათავისუფლებელი იქნება ქართველი სამეფო ოჯახის შთამომავალი“.
ძალიან საინტერესოა, რომ მამა კირილემ ნაშრომი დაასრულა იმ ხანებში, როცა საბერძნეთმა წარმატებებს მოაღწია ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში. მაგრამ, იოანეს გამოცხადების მკვლევარისათვის უეჭველ ჭეშმარიტებად დარჩა, რომ მართლმადიდებლური სამყაროსა და მთელი მსოფლიოს გადამრჩენი, მაინც, სულ „პატარა საქართველო“ იქნება.
მამა კირილეს ასეთი აზრი ახირება არ ყოფილა, ამ დასკვნამდე იგი მიიყვანა წმიდა იოანეს აპოკალიფსმა.
ბერი კირილეს მიხედვით:
დღეს (1821 წელს - გ. მ.) იბერიის ძალიან მცირე სამეფო არის ერთადერთი მორწმუნე სახელმწიფო, რომელიც აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენის ერთგული დარჩა.
ამპარტავნებითა და სიხარბით შეპყრობილმა რუსეთის მეფეებმა ხელჰყვეს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობა: „მათ მიიტაცეს მათი გვირგვინი“, ე. ი. რუსეთის პოლიტიკურ და საეკლესიო ხელისუფლებას შეუერთეს. ქართველი ხალხი მამაცურად და თავგანწირვით იბრძვის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის და ღმერთი შეეწევა მას ამ საუნჯის მოპოვებაში. ასე რომ, ქვა, საქართველო, მოწყდება მთას, გათავისუფლდება რუსეთის ბატონობისაგან, ვინმეს ხელშეუხებლად, რუსეთის პოლიტიკური და საეკლესიო ინსტანციების გადაწყვეტილებისა და თანხმობის გარეშე. და ეს ქვა გახდება დიდი მთა, რომელიც დაამსხვრევს და მტვრად აქცევს ყველა სხვა სამეფოებს. "ქვამ, ამბობს წმინდა წერილი, დაამსხვრია ქანდაკების რკინისა და გამომწვარი თიხის ფეხები, რომლებიც დაემსგავსნენ ზაფხულში ჰაერში გაბნეულ ბზეს. ეს უდიდესი საიდუმლო პირველად ბრწყინვალედ იქნა აღსრულებული ჩვენი უფლის განკაცებით (...);
ის აღსრულდება მეორედ კიდევ უფრო ბრწყინვალედ, როდესაც ამ პატარა სამეფოში (საქართველოში) მოვა კეთილდღეობა და მზისქვეშეთის ყველა სახელმწიფოები და ძალაუფლებანი, დიდნი და პატარანი, მის ფერხთა წინაშე გაერთხმებიან“ (გ.5886).
თვით „რუსეთი, რომელიც ამჟამად დიდად არის განვრცობილი და ამპარტავნებს თავის დიდებულებით, განიძარცვება იმ რეგიონებისა და უცხო სამეფოებისაგან, რომლებიც მან შეიერთა; დამცირებული, იგი იქნება შემოფარგლული მხოლოდ საკუთარი საზღვრებით“ ($.5843).
თავისი სიხარბისა და სხვა ცოდვებისათვის რუსეთი დაისჯება. მისი დიდება და სიძლიერე კიდევ მხოლოდ მცირე დროით გაგრძელდება; ის დაეცემა და თავის დაცემულ მდგომარეობაში გამოჩნდება „უბადრუკი, საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი“, როგორც უფალმა იწინასწარმეტყველა ლაოდიკია-რუსეთის ეკლესიისადმი ეპისტოლეში. ($.5958).
თუ კარგად დავაკვირდებით, მამა კირილეს მიერ მეცხრამეტე საუკუნეში ნაწინასწარმეტყველები, უფრო სწორად, აპოკალიფსის განმარტებისას გაცხადებული, მწარედ აუხდა რუსეთს, რუსეთის იმპერიამ დაკარგა ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყორგიზეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი.
პავლე I მოკლეს, მოკლეს ალექსანდრე მეორე, მოკლეს ნიკოლოზ მეორე და მისი ცოლ-შვილი...
ლავრიოტისის ეგზეგეზის მიხედვით ქართველი ხალხი არის ღვთის რჩეული, საქართველო „ახალი იერუსალიმია“ (ქრისტიანთა ცენტრი, პოლიტიკურ-სულიერი დედაქალაქი - გ. მ.). იბერიაში აღდგება ბაგრატიონთა სამეფო ტახტი. ახალგაზრდა ქართველი მეფე, "რომელსაც გვირგვინს დაადგამს იბერიის ეპისკოპოსი (პატრიარქი) და რომელიც ღვთის წინასწარგანზრახვით უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იყო მოწოდებული მეფობისათვის, გახდება „უფრო დიდებული მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“. „და ამ ორი მეუფის მმართველობის ქვეშ მყოფი“ მორწმუნე ხალხი „იქნება და მას ეწოდება წმინდა ერი, სამეუფო სამღვდელოება და რჩეულთა ერი“ „და თქვენს დედაქალაქს ეწოდება ახალი იერუსალიმი“ (ხაზი ჩემია. გ. მ). პატრიარქი იზრუნებს სულიერებაზე, მეფე კი ღვთის ერის სამოქალაქო მმართველობაზე.
საქართველოში, წმიდათა ათასწლოვანი მეფობისას იბატონებს სახარებისეული სამართლიანობა, მორწმუნეთა მმართველობა განხორციელდება სიბრძნითა და ღვთის სამართლის მიხედვით. პატრიარქი გარშემორტყმული იქნება წმინდა სინოდით და მეფე კი ბრძენთა, ერისკაცთა და სასულიერო პირთა საბჭოთი. ამგვარად, უსამართლობა, ამბოხება და საიმპერატორო დინასტიის შეცვლა საქართველოში არ მოხდება. ამგვარ დასკვნამდე მივიდა კირილე ლავრიოტისი იოანეს გამოცხადების ოცდათორმეტწლიანი კვლევის შედეგად.
ამ თემაზე გაგრძელება იქნება
http://georoyal.ge/?MTID=5&TID=41&id=1675
Do not argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება" © ჩოხა