ჩემი აზრით გათბობა უფრო მომგებიანი იქნება ვიდრე ელ.ენერგიის მიღება , ელ.ენერგიის ფასი ფაქტობრივად იგივე დარჩება და გათბობის შემთხვევაში კი გაზის ჩანაცვლება მოხდება და ეს მომგებიანი იქნება მოსახლეობისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვისაც + შემცირდება ელ.ენერგიის მოხმარებაც
პ.ს საინტერესო სტატია
როგორ გავათბოთ თბილისი იაფად
18-03-2013
"გეოთერმული სითბო განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის ყველაზე იაფი, ეკოლოგიურად უსაფრთხო და უშრეტი ენერგიის წყაროა"
"მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარი მთლიანად უზრუნველყოფს თბილისს ცხელი წყლითა და გათბობით"
როგორ ვაქციოთ ულევად ჩვენი თერმული წყლები
ბუნებრივი კატაკლიზმების სიხშირე და სავალალო შედეგები სულ უფრო ხშირად გვახსენებს, რომ თუკი ადამიანები ეკოსისტემის დაცვას უპირველეს მიზნად არ გაიხდიან, შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მივიდეთ. როგორ შევინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო? საიდან მივიღოთ სითბო, სინათლე? რა ვუყოთ საწვავის გამონაბოლქვს? საფიქრალია ისიც, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე, როგორ მოვახმაროთ ქვეყნის კეთილდღეობას.
ნოდარ ცერცვაძე, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გეოთერმული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი: - ხშირად ვამბობთ: დალოცვილი მიწა-წყალი გვაქვს, რა გინდა, რომ აქ არ იყოს! თუმცა ხშირად ამ ფრაზას მოვაყოლებთ ხოლმე: რად გინდა, სათანადოდ ვერაფერს ვიყენებთ... მართლაც აუწონავ-განუზომელი მიწისზედა და მიწისქვეშა სიმდიდრე გაგვაჩნია, რომლის მხოლოდ უმცირეს ნაწილს თუ ვიყენებთ ხალხის სასიკეთოდ.
ატმოსფერული ნალექების სიუხვე, ჰიდროგრაფიული ქსელის სიხშირე, რელიეფის ძლიერი დანაწევრება, წყალშემცველი ქანების შედგენილობის მრავალფეროვნება და ტერიტორიის რთული გეოლოგიური აგებულება - ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს საქართველოში მიწისქვეშა წყლების რესურსებით სიმდიდრეს. საქართველოს ტერიტორიაზე 26 000 მდინარეა, რომელთა სათავე მაღალი ხარისხის მტკნარი წყლის წყაროა, მიწის ზედაპირზე კი 1 500 მინერალური და თერმული (30-1120C) წყალი ამოდის.
მიწისქვეშა წყლების ძირითადი ნაწილი (დღე-ღამეში 50 მლნ კუბმეტრი) მტკნარი სასმელი წყალია. მათი რესურსის გამოყენების შესაძლებლობა 3-ჯერ აღემატება ქვეყნის მოთხოვნილებას. მტკნარ წყლებს უმთავრესად იყენებენ სასმელ-სამეურნეო მიზნით, მაგრამ მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტის გამო მეტ მნიშვნელობას იძენს ამ წყლების სამრეწველო ჩამოსხმა. ჩვენი მტკნარი წყლების სიუხვე საშუალებას იძლევა, წვლილი შევიტანოთ პრობლემის გადაჭრაში...
- რა სარგებლობას მოუტანს ქვეყანას თერმული წყლები (იგულისხმება მიწისქვეშა ცხელი წყლები, რომლის ტემპერატურაა 30-1120C)?
- თერმული წყალი არის თბომატარებელი, რომელსაც დედამიწის სიღრმული სითბო ამოაქვს ზედაპირზე. მას გეოთერმულ წყალსაც უწოდებენ. მიწის სიღრმული სითბო და მისი ამომტანი თერმული წყლები, გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. გეოთერმული სითბო ყველაზე იაფი, ეკოლოგიურად უსაფრთხო და უშრეტი განახლებადი ენერგიის წყაროა. (ენერგიის განახლებადი წყაროებია: ქარის, მზის, ზღვის ტალღების ენერგია, მცირე მდინარეები და ბიომასა) ის შეიძლება უმთავრესი გახდეს ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში...
- თერმულ წყლებს ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ, არსებობდა აბანოები...
- მართალია, მათი გამოყენება უხსოვარი დროიდან ხდებოდა. თბილისის დაარსების ლეგენდაც კი ამ წყლებს უკავშირდება.
სითბური ენერგიის წყაროდ გეოთერმული წყლების ფართო გამოყენება დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. მას შეუძლია ქვეყნის მრეწველობისთვის საჭირო იმპორტული და ძვირად ღირებული საწვავის ჩანაცვლება. დღესდღეობით, ჩვენი გეოთერმული წყლების გამოსავლების ჯამური დებეტი დღე-ღამეში 200 ათას კუბმეტრს შეადგენს. მათგან 90 ათასი კუბმეტრი მაღალი კატეგორიის საექსპლუატაციო მარაგია, რაც სპეციალური კომისიის მიერაა დამტკიცებული. ეს გეოთერმული გამოსავლები თავმოყრილია 44 საბადოში. 1975 წლიდან 1992 წლამდე საქართველოში გახსნეს თერმული წყლის 20-მდე ახალი საბადო. წყლის სიუხვითა და მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა კინდღის, მოქვის, ოხურეის, ზუგდიდის, ცაიშის, დასავლეთ ცაიშის, მენჯის, სამტრედიის, ვანის და აგარის საბადოები... მათ იყენებდნენ, მაგრამ ასეთი სისტემით:
ჭაბურღილი-მომხმარებელი-კანალიზაცია... ეს თვითდენას აჩერებს და იწვევს საბადოს დაშრობას. ამ დროს კი ჩვენ შეგვიძლია ეფექტიანი სისტემის დანერგვა: ნახმარი - სითბომოხსნილი წყლის ისევ წყალშემცველ ფენებში ჩატუმბვა.
ასეთი გეოთერმული სადგურის (გეოთესის) თერმული წყლით მომარაგება უწყვეტი და ულევი იქნება(!).
დასავლეთ საქართველოში ჭაბურღილებზე გეოთესების მოწყობით შეიძლება სოხუმის, ოჩამჩირის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანის თბომომარაგებით დაკმაყოფილება. აღმოსავლეთ საქართველოში გეოთერმული სითბოს ყველაზე მასშტაბური მომხმარებელი თბილისია. სხვათა შორის, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე გეოთერმული წყალი მიეწოდება საბურთალოს რამდენიმე მიკრორაიონს.
- მაგრამ მთელი თბილისს სითბოთი და ცხელი წყლით გეოთესები დააკმაყოფილებს?
- თბილისში 300-დან 3 500 მეტრამდე სხვადასხვა სიღრმეზე განლაგებული მძლავრი (800 მეტრამდე სისქის) ცხელი წყლის შემცველი ჰორიზონტია, რომლის ტემპერატურა 400C-დან 740C-მდეა. ეს მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარია. ქალაქში ბურღვითი სამუშაოების გზით შეიძლება 30-მდე, ან უფრო მეტი გეოთესის შექმნა. მათი გამომუშავებული სითბო შეიძლება გავუტოლოთ გასული საუკუნის 80-იან წლებში არსებულ 49 საქვაბეში გამომუშავებულ სითბოს. ამ გზით წელიწადში 1 მლნ ტონა ორგანული საწვავი დაიზოგება. სითბო იქნება ამოუწურავი და სხვა, ნებისმიერი გზით გენერირებულ სითბოზე 6-7-ჯერ იაფი. ის მთლიანად უზრუნველყოფს თბილისის ცხელი წყლით მომარაგებას და მოსახლეობის გათბობას. საქართველოს გეოლოგიური აგებულების ხასიათის გამო სიღრმეში განლაგებული გეოთერმული წყალშემცველი ჰორიზონტი დანაოჭებულია, რის გამოც მისი ზედაპირი მიწის პირიდან სხვადასხვა სიღრმეზეა განთავსებული.
- სად რა სიღრმეზეა ეს ფენა?
- მკვლევრებს შედგენილი აქვთ თერმოწყალშემცველი ჰორიზონტის განლაგების სტრუქტურული რუკა, რაც გვიჩვენებს ქალაქის ნებისმიერ წერტილში ამ რეზერვუარის სიღრმეს. საქართველოს მასშტაბით გეოთერმული რესურსების რაციონალური გამოყენებით 2,5 მლნ ტონა პირობით ორგანულ საწვავს დავზოგავთ, რასაც განუზომლად დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტი ექნება.
- არსებობს თუ არა გეოთერმული წყლის რესურსის გამოყენებით თბომომარაგების უზრუნველყოფის პრეცედენტები უცხოეთში?
- ცნობილია ამერიკის, ისლანდიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის და სხვა ქვეყნების ქალაქებისა და დასახლებული უბნების გეოთერმული თბომომარაგება. ხშირია მაღალტემპერატურულ (130 გრადუსი ცელსიუსი და მეტი) მიწისქვეშა წყლებზე გეოთერმული ელექტროსადგურების დამონტაჟებაც.
დღეს, გლობალური ენერგოკრიზისის პირობებში, ინტენსიურად მუშაობენ გეოთერმულ წყლებზე ელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე. 1994 წელს თავად გახლდით საერთაშორისო გეოთერმული ასოციაციის სხდომის მონაწილე. იქ გვაჩვენეს თერმულ წყლებზე მომუშავე გათბობის სისტემები პარიზსა და ქალაქ მოში.
- გეოთესების მოწყობა გულისხმობს სითბომოხსნილი, გაცივებული წყლის სიღრმეში დაბრუნებას. ეს ხომ არ გამოიწვევს სითბური ველის გაცივებისაგან ტემპერატურის დაწევას?
- ამის დასადგენად არსებობს სპეციალური ფორმულები, რომელთა გამოყენებამ საქართველოსთვის გვაჩვენა, რომ 1000 წელია საჭირო გეოთერმული წყლის რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში მისი ტემპერატურის 1 გრადუსით შემცირებისთვის.
- დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს რა მეცნიერული და პრაქტიკული წინა პირობა აქვს ამ სქემის ხორცშესხმისათვის?
- საქართველოს ბევრ რეგიონში საკმაოდ მაღალ დონეზეა დამუშავებული გეოთერმული თბომომარაგების პერსპექტივის საკითხი. მაგალითად, მარტო ზუგდიდსა და ცაიშშIი გაბურღულია 25 ჭაბურღილი, დეტალურადაა შესწავლილი კინდღის საბადო და დასასრულ, თბილისი, მისი ცენტრალური უბანი და შემოგარენი (სართიჭალა, ლისი) ეს სერიოზული წინა პირობაა მომავალი საქმიანობისთვის.
- დაახლოებით რა დაჯდება ერთი გეოთესის მშენებლობა?
- საშუალოდ 3 მლნ დოლარი, თუმცა დახარჯულ თანხას ძალიან მალე აინაზღაურებს კომპანია, რომელიც ამას ჩაუდგება სათავეში. ეს სისტემა მომგებიანი იქნება როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესმენებისთვისაც.
http://www.kvirispalitra.ge/deda-tbilisi/1...lisi-iafad.html
* * *
საქართველოს თერმული წყლები სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა
მოსაზრება
(21.03.2013)
გურამ ზარიძე
თერმული წყლების დამოუკიდებელი ექსპერტი
მსოფლიო ასოციაციის წევრი
თანამედროვე ეტაპზე, როცა მსოფლიოში იცვლება კლიმატი და მიმდინარეობს გლობალური დათბობა, კაცობრიობა შეშფოთებულია მოსალოდნელი შედეგებით. მართლაც, საგანგაშოა, როცა შემჩნეულია მყინვარების დნობა, გახშირდა დამანგრეველი ციკლონების წარმოშობა, განსაკუთრებული სიძლიერის მიწისძვრების სიხშირე, მიძინებული ვულკანების გააქტიურება, უხვი ნალექების გამოყოფა, რაც იწვევს როგორც ძლიერ ყინვებს და თოვლის ზვავებს, ასევე წყალდიდობებს და დასახლებული ტერიტორიების, მოსავლიანი მიწების დატბორვას, რადიაციული ფონის მკვეთრ მატებას, ატომური ელექტროსადგურების განლაგების ზონებში, მასშტაბურ ხანძრებს. ეს, თავის მხრივ, საგრძნობლად აზიანებს და ანგრევს ქვეყნების ყველა სახის კომუნიკაციებს, ახდენს სახლებისა და შენობების ნგრევას, მოსახლეობის საგრძნობ მსხვერპლს და მნიშვნელოვნად აფერხებს ამ ქვეყნების ეკონომიკას.
ასეთ ფონზე, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და საერთაშორისო ექსპერტები მოუწოდებენ იმ ქვეყნებს, სადაც არსებობს ბუნებრივი არატრადიციული განახლებადი ენერგიების წყაროები, განსაკუთრებული ყურადღება და პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭონ მათ გამოყენებას სახალხო მეურნეობაში, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ორგანული სათბობის მოხმარება.
საქართველოს პირობებში ეკოლოგიურად სუფთა და ადამიანების მრავალმხრივი კეთილდღეობისათვის განახლებადი ენერგიების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს - თერმული წყლები, ანუ "წითელი ნახშირი", როგორც მას უწოდებენ ევროპაში. სხვა ენერგორესურსები, როგორიცაა ნავთობი, ბუნებრივი აირი, რომელიც დააკმაყოფილებდა ქვეყნის ეკონომიკას დღესდღეობით საქართველოს არ გააჩნია. თუმცა გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს მენავთობების მიერ იქნა გაბურღული და აღმოჩენილი სამგორის ტერიტორიაზე უნიკალური ნავთობის საბადო. 2000 მეტრის სიღრმიდან ქართველი გეოლოგების მიერ შემუშავებული სტაბილური რეჟიმით ქვეყანა იღებდა ყოველდღიურად საუცხოო, მსუბუქი ფრაქციებისგან შემდგარ ნავთობს და რომ არა საბჭოთა კავშირში მოქმედი გეგმიური სისტემა, რომელმაც უნიკალური ნავთობსაბადო გააწყლიანა, საკუთარი ნავთობი გვექნებოდა.
საბჭოთა პერიოდში საკავშირო გაზის სამინისტრო პარალელურად აწარმოებდა საძიებო-გეოლოგიურ სამუშაოებს გეოთერმულ ანომალიებზე. კავშირის მასშტაბით ბურღვითი სამუშაოები ტარდებოდა კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტანში, საქართველოში, კრასნოდარში, მოსკოვის ოლქში. შედეგად იქნა აღმოჩენილი არაერთი მაღალტემპერატურიანი თერმული წყლების საბადო. სერიოზული ყურადღება ექცეოდა მეცნიერულ დაკვირვებებს. შექმნილი იყო საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციები, რომლებიც ყველა მოქმედ რეგიონს უწევდა კვალიფიციურ დახმარებას.
"საქბურღგეოთერმია" - მრავალპროფილიანი სახელმწიფო საწარმო ოთხი საბუღალტრო ბალანსით აწარმოებდა თერმულ წყლებზე საძიებო, საექსპლოატაციო ბურღვას, საწარმოო ბაზების, სატუმბო სადგურების და მომხმარებლამდე მისაყვან თბოტრასების კაპიტალურ მშენებლობას, მოპოვებული თერმული წყლების სამრეწველო ექსპლოატაციას და რეალიზაციას, ანალიტიკური ლაბორატორიის გამოყენებით სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს. სამმართველოს სტრუქტურაში შედიოდა სამი საწარმო ბაზა (საგურამო, ზუგდიდი, ოჩამჩირე) და ცხრა სარეწაო უბანი (გურჯაანი, ყვარელი, თბილისი, ხარაგაული, სამტრედია, ზუგდიდი, ოხურეი, კინდღი, პიცუნდა).
"საქბურღგეოთერმიასთან" ერთად მისგან დამოუკიდებლად საკავშირო გაზის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდა სს "საქტრანსგაზმრეწვი", რომელიც ადმინისტრაციული შენობის უქონლობის გამო, სანზონის რაიონში იჯარით იკავებდა საჭირო ფართს, "საქბურღგეოთერმია" საქმიანობდა თავის ორასრთულიან კაპიტალურ შენობაში. გაზის სამინისტროს გადაწყვეტილებით შეირჩა საქბურღგეოთერმიის ტერიტორია ერთობლივი ადმინისტრაციული შენობისათვის და წილობრივი დაფინანსებით აშენდა 5 - სართულიანი საწარმოო დანიშნულების კორპუსი, რომელშიც ერთად განთავსდა ორივე სახელმწიფო სტრუქტურა. მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ორი სტრუქტურა შეირწყა ერთმანეთში.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს ადმინისტრაციული ხუთსართულიანი შენობა კაპიკების ფასად იქნა გასხვისებული ბ-ნ. დავით ბაჟუაშვილზე. სს "საქტრანსგაზმრეწვი" და "საქბურღგეოთერმია" გააძევეს კუთვნილი შენობიდან. მხოლოდ იჯარით ინარჩუნებდნენ შენობაში საქმიანობას.
ცნობისათვის: ხუთსართულიანი შენობა მთლიანად თბება თერმული წყლით, რომელიც მოეწოდება ეზოში მდებარე ჭაბურღილიდან. შენობაში გათბობის ქსელი ისეა მოწყობილი, რომ იქიდან ხდება თერმული წყლის განაწილება - მიწოდება კერძო სტრუქტურებზე და მოსახლეობაზე.
20 წლის განმავლობაში (1973-93 წწ.) ჩატარებულ საძიებო-გეოლოგიური და საექსპლუატაციო ბურღვითი სამუშაოების შედეგად საგრძნობლად გამდიდრდა თერმული წყლების საექსპლოატაციო ფონდი. იგი იაფი და სიღრმული სითბოს უშრეტი წყაროა, აქვს სამკურნალო თვისებები, მაღალი ტემპერატურა, მცირე მინერალიზაცია, ქიმიური ელემენტების მაღალი შემცველობა და მოიპოვება მხოლოდ შადრევნების სახით.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ თერმული წყლები კავშირის პირობებში წარმატებით გამოიყენებოდა სასათბურე მიზნებისთვის (ცაიში, კინდღი, ოხურეის სასათბურე კომბინატი, აგარა). საწარმოო ტექნოლოგიებში (ზუგდიდის საქაღალდე კომბინატი, ცაიში, კინდღის ჩაის ფაბრიკები); მეღორეობის ფერმებში (ხობი, საბერიო, თბილისი); მესაქონლეობა-მეფრინველეობის ფერმები (ხობი, ხორგა); ნიადაგის გამდიდრება (სოხუმი, თბილისი); ბალნეოლოგიაში (ცაიშის სანატორიუმი, მენჯის დასასვენებელი სახლი, სამტრედიის კლინიკა, ხორგა, უჯარმის პანსიონატი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბალნეოლოგიური განყოფილება, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი). ამ წყლებით მრავალ ათასმა ადამიანმა აღიდგინა ჯანმრთელობა და მოირჩინა ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ნევრიტი, ნევრალგია, ართრიტი, ართროზი, ნეიროდერმიტი, ფსორიანი, ეგზემა, ქირურგიული პროფილით - ჩირქოვანი, რეაბილიტაცია და სხვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ობიექტებმა შეწყვიტეს მუშაობა. დღეისათვის მხოლოდ ორთაჭალის ბალნეოლოგიარი კურორტია მოქმედებაში.
საქართველოს ტერიტორიაზე აღრიცხულია 30-105 ს ტემპერატურის მქონე 300-მდე ბუნებრივი და ბურღვით მიღებული თერმული წყლების წყალსაცავები. ბურღვით მიღებული მასალებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მდიდარია თერმული წყლებით, ანუ გეოთერმული სითბოს მარაგით. თერმული წყლების ტემპერატურა ასე ხასიათდება: თბილისი და შემოგარენი (65-70 ს), დასავლეთ საქართველო აფხაზეთის გარდა (60-90 ს), აფხაზეთი (90-105 ს).
არსებული გეოთერმული რესურსების ათვისების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად დავზოგოთ 2,5 მილიონი ტონა პირობითი საწვავი (ტპს), რასაც მეტად მნიშვნელოვანი ეკონომიკუკრი და ეკოლოგიური ეფექტი ექნება. აღნიშნული რაოდენობის ტრადიციული სათბობის გეოთერმული სითბოთი შეცვლის შედეგად ატმოსფეროში სწ2-ის რაოდენობა შემცირდება 1 200 000 ტონით წელიწადში. ასევე მისაღებია მხედველობაში, რომ უმეტეს შემთხვევაში გეოთერმული სითბო ნებისმიერი სხვა გზით გენერირებულ სითბოზე 5-6-ჯერ იაფია და სათანადოდ დაბანდებული თანხის უკუგების ვადა შედარებით ხანმოკლე.
20 წელი შესრულდა 1993 წლიდან, რაც კავშირი დაიშალა და განახლებადი ენერგეტიკის ერთ-ერთი სახეობა - თერმული წყლების დარგის განვითარებაც გაიყინა. საქართველოს თერმული წყლები - მრავალმხრივი კეთილდღეობის მომტანი - ჩრდილში მოექცა. არადა, სახალხო მეურნეობის მრავალ სფეროში, შესაძლოა, წარმატებით თერმული წყლების გამოყენება:
- ცხელწყალმომარაგება და საყოფაცხოვრებო მომსახურება (მოსახლეობა, სასტუმროები, აბანოები, სილამაზის სალონები, საუნები, სტომატოლოგიური კლინიკები, კაფე-ბარები, მაღაზიები და ა.შ).
- გათბობა ("საქბურღგეოთერმიის" ადმინისტრაციული ხუთსართულიანი შენობა დღესაც თბება; პერსპექტივაში - გეოთერმული საცირკულაციო სისტემის შექმნით შესაძლებელი გახდება მოსახლეობის თბომომარაგება);
- ბალნეოლოგია, სამკურნალო ტურიზმი;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების ქსელის განვითარება;
- ფარმაკოლოგია, კოსმეტიკა, პარფიუმერია;
- ზოგიერთი ჩამოისხას როგორც სამკურნალო სასმელი, მინერალური წყალი (მაგ: კუჭ-ნაწლავის დაავადებებისთვის);
- სოფლის მეურნეობა (სათბურები, ფერმები, გადამამუშავებელი ფაბრიკა-ქარხნები, სათევზე მეურნეობა და სხვა).
პერსპექტივაში - მაღალ ტემპერატურიანი (120-150 ს) და უხვწყლიანი (5000-7000 კბ/მ - დღ.ღ) თერმული წყლის მიღებისას ქვედა ეოცენიდან, ლისის ტბის მიმდებარე აუთვისებელ ტერიტორიაზე შესაძლებელი გახდება განახლებადი ენერგიის გამოყენებით თანამედროვე აგრარული მინიქალაქის აშენება, სასათბურე მეურნეობის მაშტაბური კასკადების ამოქმედება; სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგების დაფუძნება - განვითარება; სასაქონლო ფერმების ფართო ქსელის ამოქმედება. თერმულ წყლებზე დამზადებული საკვები და ფერმაში შეყვანილი სითბო - აჩქარებს სულადობის ზრდას.
თერმული წყლების გამოყენების ასეთი ფართო სპექტრი, ყველა სიკეთესთან ერთად, ქმნის სამუშაო ადგილებს, რაც მნიშვნელოვანია სიდუხჭირეში მყოფი მოსახლეობისთვის. ქვეყნის მაშტაბით, სადაც მოგვეპოვება თერმული წყლები, თუ მოვახდენთ მოსახლეობისა და ინვესტორების დაინტერესებას სათანადო ინფორმირებით, მასობრივად გაჩნდება ინტერესი სხვადასხვა საქმის წამოსაწყებად.
ერთი რამ ნათელია, კავშირის დაშლის შემდეგ, ხალხის ლტოლვამ თავისუფლებისაკენ და დამოუკიდებლობისაკენ საგრძნობლად დააზარალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. შეწყდა დაფინანსება, ფული გაუფასურდა, ხელისუფლებათა ცვლამ ქვეყანას გაუჩინა უამრავი პრობლემა.
ნაციონალების მმართველობამ საგრძნობი ზიანი მიაყენა ეროვნული განათლების სისტემას, მეცნიერთა კადრები ჩარეცხა, შენობების განსხვისების მიზნით შეუწყვიტა ფუნქცია და დახურა უმნიშვნელოვანესი დაწესებულებები: გეოლოგიური სამმართველო და კავკასიის მინერალოგიის ინსტიტუტი, სადაც თავმოყრილი იყო მრავალ ათეული წლების განმავლობაში საძიებო ბურღვით მოპოვებული განსაკუთრებით საჭირო საინჟინრო გეოლოგიური მასალა.
და დღეს, შექმნილ მძიმე ფონზე, როცა ახალი ხელისუფლება ცდილობს გაარღვიოს წარმოშობილი დაძაბულობა და დაბრუნდეს რუსეთის ბაზარზე, აღადგინოს კულტურული ურთიერთობები, საჭიროდ მიმაჩნია, ყველაფერთან ერთად საინჟინრო-გეოლოგიური თანამშრომლობის აღდგენაც მოხდეს. ეს თანამშრომლობა მისცემს ბიძგს გამოცდილების შეძენას გეოთერმული ანომალიების მოპოვების საქმეში.
ამის დამატება რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
საბჭოთა პერიოდში საქართველოს გარემოს დიდი ზიანი მიადგა ენერგეტიკული კუთხით. არსებული ნორმატივები არ ითვალისწინებდნენ გარემოს დაცვით ღონისძიებებს. მშენებლები დაუნდობლად აჩანაგებდნენ ბუნებას. უფრო დაწვრილებით ამ თემაზე საუბრობს მეცნერებათა აკადემიის დოქტორი ბატონი დემურ კახელაშვილი. სწორედ მისი სტატიის წაკითხვის შემდეგ მომიმწიფდა მოსაზრება თბოელექტროსადგურების ორგანული სათბობის მოხმარების ნაცვლად გამოყენებული იქნას გეოთერმული ანომალიები, რომლებითაც მდიდარია საქართველოს წიაღი.
ვინაიდან ჩვენი ქვეყნის წიაღი, ტერიტორიის რთული გეოლოგიური აგებულება განაპირობებს სითბური ნაკადის სიდიდეების სიღრმეში გაძლიერებას, ნაოჭა სისტემებთან ახლოს მყოფ რაიონებში გვაქვს რამდენადმე აწეული ტემპერატურები: რუსთავის მიმართულებით - 350 ს; კახეთის მიმართულებით - 450 ს; ბორჯომის რაიონი - 900 ს; ყაზბეგის ვულკანურ რაიონში - 1000 ს; გეოლოგიური ხედვის მიხედვით გეოთერმული ანომალიები დაკავშირებულია ქვედა ცარცის ნალექებთან, რომლის საორიენტაციო სიღრმე 6000 მეტრის ქვემოთ იწყება.
მასშტაბური ჰესების მშენებლობის ნაცვლად მეჩვენება, რომ ბევრად რენტაბელური იქნება ქვეყნისთვის თუ ბურღვით სამუშაოებს განვახორციელებთ 6000-7000 მეტრის სიღრმეზე. მოპოვებული შიგთავსი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ყოველ პროდუქტიულ ჭაბურღილზე ვიქონიოთ თბოელექტროსადგური, რომელიც იმუშავებს ორთქლზე და ორგანული საწვავი აღარ გახდება საჭირო. ამ გზით ქვეყნის ენერგეტიკა მომძლავრდება და შეჩერდება თვალწარმტაცი ბუნების განადგურება.
ამ მიმართულებით სამუშაოების წარმოებას დასჭირდება წელიწადში 300-400 მლნ დოლარი, რასაც ქვეყნის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, ვერ შესწვდება.
ამ პირობების შესასრულებლად ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველა პატრიოტ ქართველ ბიზნესმენს ერთობლივი ძალისხმევით და ფინანსური თანადგომით ჰიდროელექტროსადგურების ნაცვლად, აამოქმედონ თბოელექტროსადგურები საქართველოში.
გეოთერმული ანომალიების მრავალმხრივი და ეფექტური გამოყენებით მიიღწევა ეკოლოგიური სისუფთავის შექმნა-შენარჩუნება, ბუნებრივი გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების დაზოგვა განიავებისაგან, ორგანული სათბობის ეკონომია, რაც შეაფერხებს სათბურ ეფექტს და ნახშირორჟანგის ემისიას. ეს ფაქტორები კი ქვეყნის მაშტაბით ნაწილობრივ განტვირთავს გლობალურ დათბობას.
და კიდევ ერთი - საქართველოს თერმული წყლების მასშტაბური აღორძინებისათვის სასურველია "საქბურღგეოთერმიის" ბაზაზე მისი ადგილმდებარეობით დაარსდეს არატრადიციული, განახლებადი ენერგიების სახელმწიფო კორპორაცია, რომელშიც გაერთიანდებოდნენ თერმული წყლები, ქარი, მზე და ბიომასა.
კორპორაცია იარსებებდა ნაწილობრივ თვითდაფინანსებით, ასევე სახელმწიფოს, გაეროს და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, რომლებიც ებრძვიან დედამიწაზე გლობალურ დათბობას.
კორპორაციაში შემავალი ყველა ცალკეული დარგი (თერმული წყლები, ქარი, მზე, ბიომასა) დაექვემდებარება მიზანმიმართულ, ინოვაციურ, სწრაფ და წარმატებულ განვითარებას. საწარმო სიმძლავრეებით, ორგანიზაციული სტრუქტურებით, სამეცნიერო-კვლევითი ბაზით, მაღალკვალიფიციური საინჟინრო-ნოვატორული მიდგომებით, რაც იქნება საწინდარი მოქნილი და მძლავრი საწარმო პლაცდარმის და 500-700-კაციანი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
კეთილშობილური, პერსპექტიული მიზნის მისაღწევად გეოთერმულ ანომალიებზე საძიებო-ბურღვითი სამუშაოების დასაწყებად დაარსებული სახელმწიფო კორპორაციის პირობებში დასაშვებია რეალური მოლოდინი ფინანსური თანადგომის, მათ შორის, გრანტების გამოყოფა დონორი ორგანიზაციებიდან.
http://resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=14805 This post has been edited by MONTY on 17 Feb 2014, 01:21