ეს უფრო კაი თემაა

რას ფიქრობს თინა მახარაძე ქალიშვილობაზე, ცოლქმრულ ღალატსა და ქართველ მამაკაცებზე
გოგონა გარეუბნიდან ცნობილ დაქალებში მოხვდა – პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ამ ცვლილებით აახლებს სეზონს. მსახიობ თინა მახარაძის პერსონაჟი შვილთან ერთად გოცირიძეების მეზობლად გადადის საცხოვრებლად. სცენარისტების ეს ჩანაფიქრი შემთხვევითი არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, თინა მახარაძის გმირთან დაკავშირებით ახალი ინტრიგა განვითარდება.
თინა მახარაძეს მაყურებელი კარგახანს აიგივებდა ერთ დროს პოპულარული სერიალის "გოგონა გარეუბნიდან" მთავარ გმირთან – მიამიტ, მორცხვ, უგემოვნო, მაგრამ ნიჭიერ თამუნა ჭელიძესთან. თუმცა, ვინც მას ახლოს იცნობს, იცის, რომ ის მებრძოლი და თავის შეხედულებებსა და პრინციპებში საკმაოდ თამამი ადამიანია. 24 წლის თინა შეყვარებულია. მისი რჩეული, გიორგი სამხარაძე, სარეკლამო ბიზნესში მუშაობს და ერთ–ერთი კაფეს მფლობელიცაა. მათი ურთიერთობა 5 წელს ითვლის, თუმცა დაქორწინებას არ ჩქარობენ.
– თინა, წლების წინ სრულიად უცნობი სახე უცებ გახდით პოპულარული ერთი როლით – სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან". მანამდე რას აკეთებდით?
– თეატრალურის პირველ კურსზე ვიყავი, როცა "ჯეოსელის" გადაცემა "ზუმერანგი" მიმყავდა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ პროდუქტს დიდი ტელეკომპანია არ აშუქებდა, ფართო საზოგადოებამ მის შესახებ არც იცოდა. სტუდია სერგი გვარჯალაძის სარდაფში გვქონდა გაკეთებული. ერთად ვმუშაობდით მე, სანდრო კაპანაძე, ნიკო ტარიელაშვილი, ჩვენი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა.
ჩემი პირველი მთავარი როლი კი სერიალში იყო. მაშინ 19 წლის ვიყავი და თამუნას როლმა უცებ "გაისროლა". ძალიან საინტერესო გმირი იყო და მგონია, რომ მეც საინტერესოდ ვითამაშე. სერიალის დამთავრების შემდეგ პაუზა არ მქონია, უბრალოდ საქართველოში არ ვჩანდი, ლონდონში, პარიზში, ტალინში ვიყავი. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პარიზში ფილმზე მუშაობა იყო, რომელიც ახლახან დასრულდა. ფილმს "თბილისი პატარა თეატრი" ჰქვია.
– დღემდე თამუნას პერსონაჟთან გაიგივებდნენ, ეს ხომ არ გაღიზიანებთ?
– პირიქით, მიხარია, რადგან გამოდის, რომ როლი კარგად შევასრულე. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ხშირად ეგონათ, თამუნასავით მეც მიამიტი და რაღაც ეგეთი გოგო ვიყავი. როცა ისეთ განცხადებას ვაკეთებ ხოლმე, რაც სოციუმისთვის მიუღებელი აღმოჩნდება, ამბობენ, დედა, როგორ შეგვზიზღდა ეს გოგო, როგორი სხვანაირი გვეგონა და როგორი საზიზღარი ყოფილა, ესე იგი კარგად თამაშობდაო. ეს კარგია, გამოდის, რომ როლს მართლაც კარგად ვასრულებდი.
– ახლა ისევ გამოჩნდით სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები". ეს სერიალის მსახიობის დაღს ხომ არ დაგასვამთ, რასაც ასე გაურბიან თქვენი კოლეგები?
– თუ მსახიობი მაგარია, მნიშვნელობა არ აქვს, კინოში ითამაშებს, სერიალში თუ თეატრში. მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კარგი მსახიობი ვიყო. კონკრეტულ შემოთავაზებას იმის მიხედვით ვთანხმდები, პროდუქტი რამდენად მომწონს. ის სოციალური სატირა, რაც "ჩემი ცოლის დაქალებშია" წამოწეული, ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ დროული და სწორია.
– "ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ინტერესების, სურვილების შესაბამისად ცხოვრობენ, ბოზს ეძახიან. თუ ასეა, ვიტყვი, რომ მეც ბოზი ვარ და მიხარია" – თქვენი ეს ფრაზა სოციალურ ქსელში უცებ აიტაცეს და დიდი გარჩევებიც მოჰყვა. რამ გათქმევინათ ეს?
– ადამიანები აზრის გამოთქმას არ უნდა უფრთხოდნენ იმის შიშით, შემდეგ საზოგადოებისგან ამას თუ რა რეაქცია მოჰყვება. ახლაც იგივე შემიძლია გავიმეორო: თუ ვინმესთვის კეთილი ნება, ჯანსაღი აზრი და საკუთარი სურვილებით ცხოვრება ბოზობაა, მაშინ ყველამ უნდა იბოზოს. რა თქმა უნდა, აგიტაციას არ ვეწევი და არც ვთვლი, რომ განსაკუთრებული რამე ვთქვი. იცით, ეს როგორი ჭეშმარიტებაა? აი, მაგალითად, ადამიანი სექსუალური კონტაქტის გზით რომ მრავლდება და არა – დამტვერვით. ეს ხომ ჭეშმარიტებაა? რაც მეტი ადამიანი იტყვის თავის აზრს თამამად და თავისუფლად, დროთა განმავლობაში რეზონანსიც ნაკლებად მძაფრი იქნება, სხვა თუ არაფერი, ყური მიეჩვევა. ძალიან მიხარია, რომ ქართველი ვარ, მაგრამ ძალიან "მიტყდება", რომ ქართველების უმეტესობა ასეთია.
– ქართული ტრადიციებისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ქართული ტრადიციებიდან ძალიან ბევრ რამეზე ვგიჟდები, მიყვარს. მაგალითად, ჩემ მიერ გაკეთებული სამკაული, კულონი, რომელიც ყელზე მიკიდია, თავიდან ბოლომდე ქართულ ანბანზეა აგებული. კონცეფცია არის ის, რომ პოპულარული გავხადო ქართული ანბანი. როცა უცხოელები ქართულ ანბანს უყურებენ, ჩუქურთმები ჰგონიათ. ვცდილობ, ისეთი სამკაულები ვაკეთო, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ. ისინი ევროპაში ძალიან მოსწონთ. ამიტომაც, როცა ვცდილობ, საზღვრებგარეთ გავიტანო ის, რაც მაგარი გვაქვს, გამოდის, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ღირებულია.
– ქართულ ოჯახურ ტრადიციებზე, ქორწინებამდე უმანკოების დაცვაზე რა აზრის ხართ?
– თუ ვიღაცას უნდა, პირველ ღამეს უბიწო და უმანკო იყოს, ეს მისი ცხოვრებაა და ასე გააკეთოს. ვთქვათ და, ქალიშვილი გათხოვდა, რაღაც ვერ აეწყო, ხომ უნდა განქორწინდნენ? ან მთელი ცხოვრება უნდა იტანჯებოდნენ. კიდევ ერთი მენტალურად მახინჯი ოჯახი ჩამოყალიბდება და მენტალურად მახინჯ შვილებს მივიღებთ... საქართველოში ოჯახები ამიტომაც ინგრევა და ამიტომ გვაქვს მანკიერი ოჯახის ტრადიცია. საქართველოში ხომ ოჯახი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ქმრებს "ნაშები" ჰყავთ, ცოლები რეცხავენ, ხეხავენ და ამბობენ, კაცი უნდა წავიდეს სხვა ქალთან, აბა, რა უნდა ქნას, ბოლოს მაინც ჩემთან მოვა, მთავარია, ის არ უყვარდესო.
ჩემი აზრი ასეთია, ადამიანებმა რაღაც პერიოდი ერთად უნდა გაატარონ, ერთმანეთი გაიცნონ, გადაწყვიტონ, ერთად ცხოვრება უნდათ თუ არა და შემდეგ დაქორწინდნენ. იქნებ საშინელი ტიპია? მერე უნდა იჯდე და ღმერთო, გამაძლებინეო, იძახო? წყვილმა ერთად ძალიან დიდი ხანი უნდა იცხოვროს, რომ მიხვდნენ, დაქორწინება უნდათ თუ არა.
ხაზი გაუსვით, რომ არაფრის აგიტაციას არ ვეწევი, ჩემს აზრს ვაფიქსირებ.
– თქვენ და თქვენს შეყვარებულს ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი, გინდათ თუ არა დაქორწინება?
– ჯერ დაქორწინება არ გვინდა, რადგან ორივე ძალიან დაკავებული ვართ, რაღაცეებს ვაკეთებთ, საქმე გვაქვს. როცა ადამიანს საქმე, ინტერესი, განათლება და საშუალება არ აქვს, აკეთოს ის, რაც მოსწონს, მიდის და თხოვდება. ღმერთს მადლობა, მე და გიორგი ასეთები არ ვართ! ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და ერთად ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ხანდახან მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთის ნახვას ვერც ვახერხებთ, დღის ბოლოს შეიძლება ნახევარი საათით სადმე გავისეირნოთ. გვირჩევნია, იმ წარმატებას მივაღწიოთ, რაც მიზნად გვაქვს დასახული და ოდესმე, თუ ეს მოგვინდება, რამე ფორმას მოვძებნით, რომ საინტერესო ჯვრისწერა გვქონდეს.
– ღალატზე რას ფიქრობთ? თქვენი აზრით, მისი პატიება შეიძლება?
– ეგეთი მაგარი ქრისტიანი არ ვარ, რომ ღალატი ვაპატიო. თუ ასეთი რამ მოხდება, დიდად შეურაცხყოფილად არ ვიგრძნობ თავს, რადგან ესეც მისი ცხოვრებაა, ვიღაც მოეწონა, სხვასთან წავიდა. ამას ზოგადად ვამბობ, გიორგიზე ამას არც დავუშვებ. ღალატის შემთხვევაში შეურაცხყოფაზე კი არ არის საუბარი, უბრალოდ არჩევანზეა საქმე, რაღად გინდა ტიპი, რომელმაც სხვისკენ გაიხედა, სხვასთან წავიდა? ჩემთვის თავისუფლებასა და ამორალურობას შორის ზღვარი გადის იქ, სადაც სხვის პირად სივრცეს არღვევ. ღალატი ყველაზე ცუდი რაღაც არის, რაც შეიძლება ადამიანმა სხვას გაუკეთოს, ვინც უნდა იყოს ის.
– რა აზრის ხართ იმ ტიპის მამაკაცებზე, როგორიც "ჩემი ცოლის დაქალებიდან" დიტოა?
– ასეთ ტიპებზე ძალიან ცუდი აზრის ვარ. ჩემი აზრით, ამის გამოა დღეს საქართველო ძალიან ცუდი ქვეყანა და ამის გამო ვართ დღეს ძალიან უკან, რომ ძალიან ბევრი ბაბულიკა გვყავს. ბაბუ ბიჭი ძალიან ქართული ფენომენია.
– კატოსნაირ გოგონებზე რას იტყვით?
– ასეთები ყველგან არსებობენ. თეორიის დონეზე ასეთები მაღიზიანებს, მაგრამ მათნაირებთან შეხება არ მაქვს.
– თავად ხართ თუ არა ქალური და პრანჭია?
– ჩემი სტილი მაქვს, რომელსაც თვითონ ვქმნი და ამით ძალიან ვამაყობ. სულ ჩემი გაკეთებული მაისურები მაცვია, ჩემი გაკეთებული სამკაულები მიკეთია. სალონებში არ დავდივარ, მაკიაჟს არ ვიკეთებ, თუ გრიმს არ ჩავთვლით. საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, უბრალოდ ძალიან თავისუფლად ვცხოვრობ. ბიჭური არ ვარ.
– შემოქმედი ადამიანის ცხოვრებაში გამართლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თქვენ იღბლიანი ხართ?
– მაშინ ვიტყვი, ცხოვრებაში გამიმართლა–მეთქი, როცა ყველა იმ მიზანს მივაღწევ, რაც დასახული მაქვს. ბევრს ვმუშაობ, თუმცა განსაკუთრებული შედეგი ჯერ არ დამიდია, ამიტომ სულ ვჩქარობ. 24 წლის ახლა გავხდი და სულ მეშინია... მინდა, გარკვეულ ასაკამდე რაღაც შედეგი აუცილებლად დავდო, რომ მერე ვთქვა, უკვე რაღაც მაქვს გაკეთებული და შექმნილი–მეთქი.
მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა გამოვსულიყავი. ვამბობდი, რომ თეატრალურში ჩავაბარებდი, მსახიობი გავხდებოდი და პირველივე კურსზე დავიწყებდი ჩემი პროფესიით მუშაობას, სწავლის დასრულების შემდეგ კი საზღვარგარეთ წავიდოდი, პროექტებში მივიღებდი მონაწილეობას და ყველაფერი ასეც მოხდა. ჩავარდნა არასდროს მქონია, რაც ძალიან მახარებს. სხვა პროფესია ჩემთვის არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რაღაცის კეთება მეხერხება, მიყვარს და ვაკეთებ.

ჯიგარი გოგო
