პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ ჩემი მეგობრის, დოქტორ ჩერქეზიშვილის მორიგი სტატია...
წითელი პარასკევის და წინასააღდომო კაკლების ერთი ადგილით მტვრევის პონტში.
რეკომენდებული არაა პუჩისტებისთვის და ასევე...
იმავე ავტორის წინა (საჭირბოროტო) სტატია:
გეორგიის ჩრდილოკავკასიური პოლიტიკისთვის (post #39873603)(სათაური) მოძულეთა ტაბუ
ეძღვნება შაქროს, ფორუმის უხუცესს
1777 წელს, სახელგანთქმულმა ბრიტანელმა მოგზაურმა, კაპიტანმა ჯეიმს კუკმა თავის გეოგრაფიულ აღმოჩენებთან ერთად მსოფლიო ახალ ტერმინს აზიარა. ეს გახლდათ "ტაბუ". ტონგას ენაზე ტაბუ აერთიანებდა ყველაფერს, რაც აკრძალული იყო პოლინეზიელი ველურებისთვის. ასე აღმოჩნდა ადამიანთა პრიმიტიულ საზოგადოებაში გავრცელებული ტერმინი პოპულარული და რაც მთავარია, უაღრესად საჭირო მაღალგანვითარებული საზოგადოებისთვის.
თითქოს პარადოქსული ფაქტია; მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, გასაკვირი არაფერია. ადამიანთა ქვეცნობიერი უნივერსალურია და ამ განზომილებაში არანაირი განსხვავება არ გახლავთ პრიმიტივ ველურსა და დახვეწილ ჯენტლმენს შორის. ერთია მხოლოდ, მაღალგანვითარებულმა საზოგადოებამ თანდათან გააცნობიერა, თუ რამდენი ბოროტების მოტანა შეუძლია გაუცნობიერებელ აკრძალვას და ნელ-ნელა დაიწყო ტაბუს ახსნა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხიდან.
რა იყო ტაბუს შემოღების მიზეზი პოლინეზიელთა პირველყოფილ საზოგადოებაში?
პასუხი მარტივია: შიში.
დიახ, მარტივი და ბანალური შიში. პრიმიტიული გონებისათვის შეუძლებელი იყო უამრავ აუხსნელ ფენომენში გარკვევა და ამიტომ მარტივად გადაწყვიტა პრობლემა, აკრძალა მათზე ფიქრი და საუბარი. ასე დამუხრუჭდა ცნობიერის განვითარება-ჩამოყალიბება.
განვითარებული ცნობიერისთვის ტაბუდადებული თემა არ არსებობს. ადამიანის ქვეცნობიერის ბნელი კუნჭულები უსასრულო ლაბირინთებს წარმოადგენს და მათზე კონტროლის დამყარება მხოლოდ ცოდნით შეიძლება, ჭეშმარიტი განათლებით. რაც უფრო ბევრი აკრძალვის მომცველია ტაბუ, მით უფრო პრიმიტიულია საზოგადოება. ეს აქსიომაა.
თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში სამწუხაროდ ბევრი თემა და საჭირბოროტო საკითხია ტაბუდადებული. ამჯერად მხოლოდ ერთ მათგანზე შევჩერდები. ეს 1991 წლის სამხედრო გადატრიალება, ე.წ. პუტჩი გახლავთ.
პუტჩზე ტაბუს დადების ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზს ფრიად მარტივი და ბანალური საფუძველი აქვს. ამ ბოროტი აქტის ორგანიზატორი და აღმსრულებელი ქართული საზოგადოების ინტელექტუალური ელიტა იყო; შესაბამისად, მის წარმომადგენლებს არ სურთ დანაშაულის აღიარება, საკუთარ შეცდომებზე საუბარი და ცდილობენ, მაქსიმალურად მიჩქმალონ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამანადგურებელი შეიარაღებული აჯანყების გამომწვევი მიზეზები და მისი ისტორიული შედეგები. ბუნებრივია, ამით ისინი საკუთარი თავის ფიზიკურ გადარჩენას ცდილობენ და სწორედ ამიტომ თანამედროვე ქართული საზოგადოება ისევ მყარად დგას ჰომო-სოვიეტიკუსის სოციალურ და მენტალურ საძირკველზე. ე.წ. "სავოკის" იდეოლოგიურ და ფიზიკურ ხერხემალს ხომ ეს უკვდავი საბჭოთა ელიტა წარმოადგენს.
2003 წლის ვარდების რევოლუციას არაფერი შეუცვლია ამ ტაბუსთან მიმართებაში. ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც. ობიექტური ის გახლავთ, რომ 12 წლიანი სტაგნაციით განადგურებულ ქვეყანას უბრალოდ არ ჰქონდა საკმარისი რესურსი საზოგადოების ფრიად გავლენიანი პირების გასარიყად. მათთან დაპირისპირება შესაძლოა დამღუპველი გამხდარიყო ჩანასახოვანი დემოკრატიისათვის. ამიტომ იქნა შემოთავაზებული ე.წ. ეროვნული შერიგების კონცეფცია. რაც შეეხება სუბიექტურ მიზეზებს, ასეთი ბევრი არ გახლდათ; ერთადერთი და მთავარი იყო ის ფაქტი, რომ პუტჩის შემოქმედნი თავად მოგვევლინენ რევოლუციონერთა მოწინავე რიგებში და ერთი ცნობილი ქართული მულტფილმის პერსონაჟის არ იყოს, საკუთარ შვილებს ხომ არ დასჯიდნენ. ასე შეიკრა მანკიერი წრე.
ყველაზე საშიში და მიუტევებელი ფაქტი სახელმწიფოს წინაშე გახლდათ ის, რომ გამოუვლენელი და გაუკიცხავი დარჩნენ პუტჩის იდეოლოგები; ის ინტელექტუალური სპექტრი, რომელმაც ზნეობრივი გამართლება მოუძებნა ამ ანტისახელმწიფოებრივ აქტს. თუ რატომ, სწორედ ამაზე მსურს საუბარი ამ სტატიაში.
როგორც მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდია ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთხმად აირჩია პრეზიდენტად. მიუხედავად უამრავი ობიექტური და სუბიექტური შეცდომისა, შეუძლებელი იყო გამსახურდიასათვის ტირანისა და სისხლიანი დიქტატორის სტატუსის მინიჭება; რადგან მისი დაუძინებელი მტრებიც კი აღიარებენ პრეზიდენტის გადაჭარბებულ ჰუმანურობას და მიმტევებლობას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. უფრო მეტიც, მას ხშირად აკრიტიკებენ იმისათვის, რომ გადამწყვეტ მომენტებში ხისტი და უხეში ძალა უყოყმანოდ არ გამოიყენა.
აბა რამ შეაწუხა პუტჩისტ-"რევოლუციონერები"? არასაკმარისმა დემოკრატიამ და პროვინციულმა ფაშიზმმა?
კომიკურია იმაზე საუბარი, რომ სსრკ-ში გამოზრდილი, პროფესიულ და პათოლოგიურ მლიქვნელობას შეჩვეული ქართული ინტელექტუალური ელიტა დემოკრატიის უკმარობამ შეაძრწუნა ქართული სახელმწიფოს გარიჟრაჟზე. ისინი შიშმა შეიპყრო; ცხოველურმა შიშმა, რომ ნელ-ნელა, შეუქცევლად დაკარგავდნენ საკუთარ პრივილეგირებულ სტატუსს საზოგადოებაში, ვინაიდან ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს სულ სხვა მორალურ და სოციალურ პრინციპებზე დაფუძნებული და აღზრდილი ახალი ელიტა სჭირდებოდა. დიახ, ხაზინის ქურდი შოშიების, რომანტიკულ საბურველში გახვეული ბანალური კრიმინალი ლიმონების და მათ შორის მოხერხებულად მოლავირე "ინტელექტუალების" აქოთებულ სპექტრს ვერ იგუებდა თავისუფალი, დამოუკიდბელი სახელმწიფო. ზემოაღნიშნული საზოგადოება დამპყრობლის მიერ აღზრდილ-ჩამოყალიბებული ე.წ. ინტელეგენცია გახლდათ და იმიტომ.
ის უნივერსალური და საზარელი იარაღი, რომელიც პუტჩისტებმა გამოიყენეს, ჩვეულებრივი და ბანალური სიძულვილი გახლდათ. თითქოსდა ინტელექტუალური ინტელეგენტები სიძულვილის დაუღალავ პროდიუსერებად იქცნენ. თუ მათ კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ამ სიძულვილის მიზეზი, მათ მიერ გაბრიყვებულ-გამოთაყვანებულ საზოგადოებრივ სპექტრს არაფერში სჭირდებოდა ამ საკითხში ჩაღრმავება. პრიმიტივმა ბრმადმორწმუნეებმა და ელიტასთან დაახლოების მოსურნე "აზნაურობის მაძიებლებმა" დაუფიქრებლად აიტაცეს სიძულვილის პროპაგანდა.
მათ სძულდათ გამსახურდია, სძულდათ მისი პატივისმცემელი ადამიანები; სძულდათ პოლიტიკური ოპონენტები; სძულდათ არათბილისელები; "სუნიანი სოფლელები". ასე ჩამოყალიბთა მოძულეთა ბნელი სექტა და სწორედ ამ სექტამ დაასამარა ქართული სახელმწიფო მისი ჩამოყალიბების საძირკველში.
არასაკმარისი დემოკრატიით "შეწუხებულმა" ინტელეგენტთა ელიტამ საბოლოო, საბჭოურ-"სავოკური" პოლიტიკურ-სოციალური სტატუს-კვო ბოლომდე აღადგინა და მმართველად ისევ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი შევარდნაძე დასვა. ისევ აღდგა საბჭოური საზოგადოების ურყევი პლატფორმა, ხაზინის ქურდების, მათი დამყაჩაღებელი კრიმინალების და ორივე პოლუსთან მოხერხებულად მორიგებულ-შეგუებული კლეპტოკრატი ინტელექტუალების. მერე… მერე მოიწვიეს რუსული ჯარი, რადგან თავად არც ინტელექტი ეყოთ და არც ნება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ასაშენებლად. თუმცა, მათი მიზანი არც არასოდეს ყოფილა დამოუკიდებლობა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს ბაზისური პრინციპები, მოქალაქის კანონმორჩილება და პატიოსნება ხომ აბსოლუტურად შეუთავსებელი ცნებები გახლდათ მათ გარყვნილ ცნობიერთან.
2003 წელს, 12 წლიანი მტკივნეული პაუზის შემდეგ ქართულმა სახელმწიფომ ისევ გამოთქვა პრეტენზია დე-ფაქტო დამოუკიდებლობაზე და ნელ-ნელა შეუდგა ბაზისური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. ანარქიული კლეპტოკრატიზმიდან ქვეყანამ ნელა დაიწყო ჩოჩვა დემოკრატიული საზოგადოების საწყისების ჩამოყალიბებისკენ. ამ პროცესს თან ახლდა უამრავი შეცდომა, სუბიექტურიც და ობიექტურიც. დე-ფაქტო ფრონტისპირა სახელმწიფომ, ოკუპირებული ტერიტორიებით, არარსებული ეკონომიკით, ტოტალურად განადგურებული ინფრასტრუქტურითა და პოტენციურად დამღუპველი სამოქალაქო ნიჰილიზმით შეპყრობილი საზოგადოებით გადალახა პირველი ბარიერები და თანამედროვე, განვითარებული მსოფლიოსაკენ აიღო გეზი.
და ისევ დეჟა-ვუ.
პუტჩის ანატომიის შესწავლის შეგნებულმა იგნორირებამ ლოგიკური შედეგი გამოიღო. საბჭოური საზოგადოების ზუსტად იგივე ელიტამ, ზუსტად ანალოგიური ხერხებით დაიწყო სიძულვილის ახალი ტალღის აგორება. მიზეზიც კი ზუსტად ანალოგიური გახლდათ. ჩამოყალიბებული სახელმწიფოს არსებობა ხომ მათი ფიზიკური განადგურების ტოლფასი გახლდათ. ისევ დაიწყო უკვდავი საბჭოური სამების აღდგენა; "დელეცმა" შოშიებმა აღიდგინეს "ღირსება", გადახვეწილი სახელმწიფო დამნაშავეები ტრიუმფით დაბრუნდნენ ქვეყანაში; ოკუპანტი ქვეყნის აგენტურა და ლიმონები ჩაგრულ პოლიტპატიმრებად იქცნენ და რაც მთავარია, ისევ აღდგა კონტაქტები "სავოკის" დედა-ძარღვთან, რუსეთთან. კულტურაზე უპირობოდ "შეყვარებული" ინტელეგენცია უძღები შვილივით დაუბრუნდა ბუდეს. აღდგა კაცის-კაცის კლასიკური პოლიტიკური ინსტიტუტიც. და რაც მთავარია, აღდგა უნივერსალური სიძულვილი საზოგადოებაში.
კომიკურ-პარადოქსულია, მაგრამ ამ სიძულვილის პროდიუსერთ არ სძულთ ცეკას მდივანი შევარდნაძე, რომელმაც უიარაღოდ დატოვა ქართული ჯარი სოხუმში; არ სძულთ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც ერთხმად მისცეს ხმას საქართველოს შესვლას რუსულ სნგ-ში; არ სძულთ ის კრიმინალები, რომელთა აღვირახსნილი სისასტიკის გამო ათასობით ქართველი გამოეთხოვა წუთისოფელს; არ სძულთ "დელეცები", რომლებმაც ნაწილ-ნაწილ დაშალეს და საზღვარგარეთ გაყიდეს ქართული ქარხნები და ფაბრიკები; არ სძულთ ბიუჯეტის ქურდები; სადისტი პოლიციელები, პათოლოგი მანიაკებიც კი, რომლებიც ფირზე იღებენ საკუთარ ავადმყოფურ ქმედებებს, მაგრამ სძულთ ქართული სახელმწიფოს ჩანასახოვანი ინსტიტუტები, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც გარკვეული პროგრესი მოიტანა დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის გზაზე და რომელიც უპირობოდ, მათ მიერვე გარანტირებული მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნებით გაისტუმრა ქართულმა საზოგადოებამ პოლიტიკური სცენიდან.
ლოგიკურია. სწორედ ბრმა სიძულვილია ერთადერთი იარაღი, რომელიც სსრკ-ს დანგრევიდან 23 წელია ატივტივებს ქართულ საბჭოურ "სავოკს".
რაც უფრო ბევრი აკრძალვის მომცველია ტაბუ, მით უფრო პრიმიტიულია საზოგადოება-მეთქი, აღვნიშნე ზემოთ. ასეა, და ერთადერთი გზა ქართული საზოგადოების კათარზისისაკენ სწორედ ტაბუების ახსნაზე გადის.
ავტორი:
ერამხუტ ჩერქეზიშვილი (დ. 1967)
ფილოსოფიის დოქტორი, ჯეფერსონ-რიჩარდსონის ფონდი, სტ. პიტერსბერგი, აიოვა, აშუშუ