Judas Iscariot
by Carl Anderson

       
ჯგუფი: Members
წერილები: 29623
წევრი No.: 21599
რეგისტრ.: 13-July 06
|
#40711019 · 25 Apr 2014, 20:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც შეგპირდით, ბატონი ერამხუტის ახალი სტატია.
––––––––––––––––––––––– სტაფილოს რესპუბლიკა ––––––––––––––––––––––
"24 საათი"-ს წინა ნომერში გამოქვეყნებული სტატიას - "მოძულეთა ტაბუ", საინტერესო გამოხმაურებები ჰქონდა ქართულ ვირტუალურ სივრცეში. რამდენიმე მენიშნა განსაკუთრებით, რომელთა ავტორები სიძულვილის თემატიკაზე აგებულ მსჯელობას პრიმიტიულად და სწორხაზოვნად მიიჩნევდნენ.
ერთი მხრივ, გარკვეულ რომანტიკულ უტრირებას მართლაც ჰქონდა ადგილი ჩემი მხრიდან, რადგან მივიჩნიე, რომ ხანდახან მკვეთრი ემოციები უფრო აიძულებს ადამიანს დაფიქრებას. სწორედ ამიტომ, ამჯერად განსხვავებულ, უფრო რაციონალურ სტილში დაწერილ ანალიზს გთავაზობთ.
თაღლითობისათვის ამერიკიდან გადაკარგულმა და მიმალვაში მყოფმა უილიამ სიდნეი პორტერმა 1896-97 წლები ჰონდურასში გაატარა. მოგვიანებით, 1904 წელს, უკვე ციხიდან გამოსულმა და სასჯელმოხდილმა, ჰონდურასული შთაბეჭდილებების გავლენით დაწერა წიგნი - "კომბოსტოები და მეფეები", სადაც თავისივე გამოგონილი რესპუბლიკის, ანჩურიას აღსაწერად პირველად გამოიყენა ტერმინი - "ბანანის რესპუბლიკა".
უილიამ პორტერმა ანუ ო'ჰენრიმ კიდევ ბევრი საინტერესო რამ დაწერა, მაგრამ მისი მოღვაწეობიდან პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში მხოლოდ ეს სახელწოდება შემოგვრჩა. ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტისა და პოლიტიკური მიმომხილველის, ქრისტოფერ ჰითჩენსის (Christopher Hitchens) ნაშრომის თანახმად "ბანანიზმის" მთავარ და ბაზისურ განმსაზღვრელ პრინციპს კლეპტოკრატიული მმართველობა წარმოადგენს.
კლეპტოკრატია ბერძნული სიტყვა გახლავთ და ქურდების ძალაუფლებას ნიშნავს. ვინაიდან ბერძნულად უფრო კეთილხმოვნად ჟღერს ეს ბანალურად ნაცნობი ცნება, ამიტომ შემდგომში ასე მოვიხსენიებ. კლეპტოკრატი მმართველები სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ, თაღლითობის, მექრთამეობის, შანტაჟის და ა.შ. საშუალებით; ბიუჯეტში წარმოქმნილ უზარმაზარ დეფიციტს კი ქვეყნის რიგითი მოქალაქეები ფარავენ საკუთარი ჯიბიდან. კლეპტოკრატებისათვის ქვეყნის კონსტიტუცია, დამოუკიდებლობა, კანონმდებლობა პირობით ცნებებს წარმოადგენს და მათი შეცვლა-ადაპტაცია კორუმპირებული ჩინოვნიკების ნება-სურვილისა და ხუშტურების მიხედვით ხდება. შესაბამისად, ჩამოყალიბებული კლასიკური სახელმწიფო ინსტიტუტები კლეპტოკრატთა ყველაზე საშიშ მტერს წარმოადგენს და ისინიც დაუნდობლად ებრძვიან ასეთ სისტემას.
საბჭოთა კავშირის დაშლამ და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ყველაზე უფრო ქართველი საბჭოთა კლეპტოკრატები შეაშფოთა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება შეუძლებელი იქნებოდა ჩამოყალიბებული სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე, ეს უკანასკნელი კი კლეპტოკრატიის ფიზიკურ მოსპობას ნიშნავდა, რადგან მათ მოესპობოდათ შემოსავლის ერთადერთი წყარო, სახელმწიფო ბიუჯეტი. ამის შედეგი გახლდათ 1991 წლის სამხედრო გადატრიალება-პუტჩი.
პუტჩის ჭეშმარიტმა იდეოლოგებმა, გამობრძმედილმა საბჭოთა ინტელექტუალებმა, ფრიად რომანტიკულ საბურველში გახვიეს ეს ბანდიტური აქტი; მონათლეს როგორც იდეოლოგიური გამარჯვება პროვინციულ ფაშიზმზე; ადამიანის პირადი თავისუფლების აპოთეოზის მიღწევა და ა.შ. ცნობილი ლიბერალი ინტელექტუალი, ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილიც აღშფოთებული იყო სამშობლოსა და ჭეშმარიტების ერთმანეთთან დაპირისპირებით, რაც საბოლოოდ სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების დაპირისპირების რანგში იქნა მის მიერ გადაყვანილი. რა თქმა უნდა არავის უცდია ასეთ ავტორიტეტთან შეკამათება თუნდაც მარტივი შეკითხვით: - ვინ ადგენს ამ ჭეშმარიტების კრიტერიუმებს და რატომ უნდა ყოფილიყო მაგალითად მერაბ მამარდაშვილის ჭეშმარიტება ზვიად გამსახურდიას ჭეშმარიტებაზე უფრო აღმატებული? -.
სამწუხაროდ, მამარდაშვილი და მისი მიმდევარი ინტელექტუალები პუტჩის უნებლიე იდეოლოგების როლში აღმოჩნდნენ. მათთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ბანალური აქსიომის გააზრება, სახელმწიფო ჯერ უნდა გქონდეს, რომ მისი დემოკრატიული მოდერნიზაცია განახორციელო.
საბოლოოდ პუტჩისტთა "ჭეშმარიტებამ" გაიმარჯვა ქვეყანაში და დამყარდა კლეპტოკრატიული სამოთხე. ხაზინის ქურდებმა შესანიშნავად მოარგეს მათ მიერვე შექმნილი კანონმდებლობა საკუთარ ინტერესებს და კაპიკების ფასად დაინაწილეს უზარმაზარი სახელმწიფო ქონება.
ზვიად გამსახურდიას კრიტიკოსთა ერთერთი მთავარი ელემენტი გახლდათ ის ფაქტი, რომ მან ძალიან თავშეკავებულად და კონსერვატიულად დაიწყო პრივატიზაციის პროცესი. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველო ერთბაშად აღმოჩნდა დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის აუცილებლობის წინაშე. ქვეყანას კი საერთოდ არ გააჩნდა ამის ტრადიციები, რადგან 200 წელზე მეტი ფუნქციონირებდა როგორც უზარმაზარი იმპერიის პროვინციული კოლონია.
შესაბამისად, პრეზიდენტმა გამსახურდიამ გადაწყვიტა რომ არ ეჩქარა. მკვეთრი ეკონომიკური მანევრირება აუცილებლად გამოიწვევდა ისედაც ჩამოუყალიბებელი, ინერციით მოდრეიფე სისტემის ამოტრიალებას. სახელგანთქმული ამერიკელი პოლიტოლოგი, სამუელ ჰანტინგტონი თავის ცნობილ ნაშრომში ( "მიდგომები პოლიტიკურ დეკომპრესიათან" 1972) წერდა, რომ ძალიან სწრაფ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიბერალიზაციას დამანგრეველი ზემოქმედების მოხდენა შეეძლო ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოზე და უპირატესობას აძლევდა პირველ ეტაპზე მძლავრი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, შემდგომი ეტაპობრივი ლიბერალიზაციით.
რამდენად კარგად იცნობდა ზვიად გამსახურდია ამერიკული პოლიტმეცნიერების ამ გამოჩენილი მოღვაწის ნაშრომებს, ამაზე სპეკულაციებს არ დავიწყებ, მაგრამ ფაქტია, რომ მოაზროვნე ადამიანის ლოგიკით, მან ქვეყნის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე სწორედ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პრიორიტეტიზაცია არჩია. სამუელ ჰატჩინსონის ნაშრომები არც იდეალისტ მამარდაშვილს აინტერესებდა მაინცდამაინც; ამიტომ მისი პრიორიტეტი საზოგადოების მკვეთრი ლიბერალიზაცია გახლდათ, რის გამოც დაუპირისპირდა გამსახურდიას. ეს კონფლიქტი კი შესანიშნავად გამოიყენა რაციონალურმა კლეპტოკრატიამ საკუთარი დიქტატურის დასამყარებლად. ა
მ ლოგიკური შედეგის წინასწარმეტყველებაც ადვილად შეიძლებოდა ჰატჩინსონის ნაშრომების შესწავლით. მისი მოძღვრების თანახმად: - რაც უფრო მკვეთრ მოდერნიზაციას განიცდის საზოგადოება, მით უფრო კომპლექსური და ქაოსური ხდება. და თუ ამ ქაოსის გამომწვევი, სოციალური გარდაქმნის ანუ გათანამედროვეობის პროცესი, შესაბამისობაში არ მოვა ქვეყნის პოლიტიკურ და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციასთან, მაშინ ადგილი ექნება პრიმიტიულ ძალადობას; ვინაიდან ჩამორჩენილი პოლიტიკური ინსტიტუტები ვერ გაუძლებენ მოდერნიზაციის სტრესს -.
ასე და ამგვარად, სწორედ ზემოთ ნახსენები პრიმიტიული ძალადობით, რომლის იდეოლოგიურ საფუძველსაც გულუბრყვილო იდეალისტთა ნაოცნებარ-ნაფიქრალი ჰქონდა ლეღვის ფოთოლივით აფარებული, 1991 წელს საქართველოში კლეპტოკრატთა დიქტატურა დამყარდა შესაბამისი კლასიკური ბანანის რესპუბლიკის ჩამოყალიბებით.
12 წლის შემდეგ ბანანი როგორც იქნა დალპა.
კლეპტოკრატთა მიერ გამოხრული სახელმწიფო ბიუჯეტი იმ უკიდურეს მინიმუმამდე დავიდა, რომელსაც აღარ შეეძლო გაუბედურებული მოსახლეობის მიზერული უზრუნველყოფა. სასოწრაკვეთილ რიგით ქართველს აღარც პრეზიდენტ შევარდნაძის მსოფლიო დონის პოლიტიკოსობა აინტერესებდა და ვეღარც მისი გაბანდიტებული პოლიციისა და პროფესიონალ კრიმინალთა აღვირახსნილი ძალადობა აშინებდა. კლასიკური ფორმულა, როცა ქვემო ფენებს აღარ სურთ არსებულ რეალობაში ცხოვრება და ზემო ფენებს კი არ შეუძლიათ მმართველობის შენარჩუნება, შედგა.
ასე გაიმარჯვა ბანანის რესპუბლიკაში ვარდების რევოლუციამ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზუსტად განსაზღვრა და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პრიორიტეტები, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა პირველ ეტაპზე, საზოგადოების ეტაპობრივი დემოკრატიული ლიბერალიზაციით. რამდენიმე წელიწადში გამოჩნდა აღებული კურსის მართებულობა. უპირველეს ყოვლისა, მოწესრიგდა და ჩამოყალიბდა საგადასახადო სისტემა, შეივსო და გაათმაგდა ბიუჯეტი, ჩამოყალიბდა შინაური და საგარეო თავდაცვის ბაზისური სტრუქტურები - პოლიცია და არმია; აღდგა და განვითარდა დანგრეული ინფრასტრუქტურა; მოდერნიზაცია დაიწყო ჯანდაცვისა და განათლების სისტემებმა ...
9 წელი მეტისმეტად მცირე დროა დამოუკიდებელი სახელმწიფოის ჩამოსაყალიბებლად; მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანა უზარმაზარი, პრიმიტიული მსოფლმხედველობისა და იდეოლოგიის მქონე იმპერიის განუწყვეტელი აგრესიის პირობებში ვითარდება და მისი ტერიტორიის 1/5 ოკუპირებულია. 300 ათასი ლტოლვილი 4 მილიონიან ქვეყანაში, 2008 წელს მოულოდნელი სამხედრო ინტერვენცია უზარმაზარი მატერიალური და მორალური ზარალით, აი ეს გახლავთ ის რეალობა, რომელშიც მოუწია არსებობა საქართველოს ყოფილ ბანანის რესპუბლიკას. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა გამოცდას გაუძლო.
ისევ დავუბრუნდეთ მისტერ ჰატჩინსონს. "როგორც კი ავტორიტარიზმის მოგონებები გაფერმკრთალდება, დემოკრატიული სისტემის ჩავარდნებით გამოწვეული გაღიზაინება მკვეთრად გაიზრდება. სოცუზრუნველყოფის, თანასწორუფლებიანობის, სამართლიანობის, მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესების, შინაური და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო, დროთა განმავლობაში ყველაზე დემოკრატიული მთავრობების ლეგიტიმურობაც კი ეჭვის ქვეშ დადგება". ჰმ! ისევ მართალი აღმოჩნდა ბებერი სამუელი. ზუსტად იწინასწარმეტყველა მოვლენების განვითარება.
ასე მივიღეთ ახალი ქართული პოლიტიკური კოალიცია "ოცნება". ამ ამორფულმა კონგლომერატმა წარმატებით გააერთიანა ბანანისტი, აწ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ჩაგრული კლეპტოკრატები; პროფესიონალი კრიმინალები; დემოკრატიული რეფორმების არასრულყოფილებით გაღიზიანებულ-დაჩაგრული მოქალაქენი და იდეალისტი ნეო-მამარდაშვილისტები ( რომლებსაც ისევ ლეღვის ფოთლის საპატიო ფუნქცია ერგოთ).
კოალიციის მთავარი ლოზუნგი გახლდათ: "სისტემა უნდა დაინგრეს!" დიახ, რის ვაი-ვაგლახით ჩამოყალიბებული, ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემა უნდა დაინგრეს. არავითარი მოდერნიზაცია, გაუმჯობესება, მიღწეულის შენარჩუნება. არა. სისტემა უნდა დაინგრეს! რაიმე არალოგიკურია ამ ლოზუნგში? თუ კარგად დავუკვირდებით, არაფერი. ამჯერადაც ძალიან ადვილი გახლდათ ყველაფრის წინასწარმეტყველება. კოალიციის სათავეში ხომ ბანანისტი კლეპტოკრატების ძველი, კარგად ნაცნობი გვარდია დგას.
რა მივიღეთ 2012 წლის არჩევნების შემდეგ? საკანონმდებლო სისტემებში მოკალათებულმა ძველმა ხაზინის ქურდებმა ისევ დაიწყეს კანონების საკუთარ ჯიბეზე მორგება. მაგალითები? ბრძოლა იმპორტული საქონელის წინააღმდეგ; საქართველოს ფოსტის დაპირისპირება საერთაშორისო საფოსტო გიგანტებთან; კერძო დაზღვევის სისტემის ტოტალური განადგურება ჯანდაცვის სისტემაში; ინფრასტრუქტურული განვითარების მკვეთრი დამუხრუჭება; ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობის დაუშვებელი და დანაშაულებრივი ლიბერალიზაცია; საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციების სრული უგულებელყოფა.
განსაკუთრებით უნდა გამოვყო პრემიერის ახალთახალი კონცეფცია აგრარულ სექტორში, რაც პრაქტიკულად ნეო-ხრუშჩოვიზაციაა. თუ ნიკიტას ყველგან სიმინდი ელანდებოდა, ახლა თითო რეგიონს თითო სასოფლო-სამეურნეო კულტურა ექნება ასარჩევ-განსავითარებელი...
და რაც მთავარია, ქვეყანამ აითვისა ახალი, ე.წ. "აბიბინებული სტაფილოს" იდეოლოგია. როგორც იმ ზოგისთვის ავად და ზოგისთვის კარგად მოსაგონარი საბჭოთა კავშირის დროს ყველაფერი, სამეცნიერო ნაშრომებიდან დაწყებული და პოლიტიკოსთა მოხსენებებით დამთავრებული სრულდებოდა უნივერსალური დაბოლოებით: - მადლობა საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს და პირადად ლეონიდ ილიჩს, ახლა კოალიციის ყველა გამოჩენილი ლიდერი საკუთარ, გულიდან ამოხეთქილ ღაღადს ახალი უნივერსალური ფრაზით ამთავრებს: - დიდი მადლობა ბატონ ...
ალბათ მავანი იკითხავს, ყველაფერი კარგი, მაგრამ სტაფილო რა შუაშიაო. მოგახსენებთ. საბჭოთა კავშირი რომ წითელი იყო პომიდორივით, გეხსომებათ. ბანანი ყვითელია, ესეც ვიცით. ჰოდა, ამ ორი გადმონაშთისაგან გამოწურული კვინტესენციით, ანუ წითელისა და ყვითელის შერევით სტაფილოსფერი მივიღეთ. დამერწმუნეთ, მხოლოდ ეს გახლდათ მიზეზი, რომ ახალ საქართველოს "სტაფილოს რესპუბლიკა" ვუწოდე.
--------------------
მოკვდა დავით მეფე, ურჯულო, რომელმაც დაიპყრო თბილისი -- შიზოიდიზმია ეს თემა რა. მკვდრების თემაა ფაქტიურად. მკვდრები შეიყარენ და საუბრობენ
|