ჟურნალისტური გამოძიება
გიორგი მგელაძე -სტუდია „მონიტორი"
2014 წლის 22 მარტი, ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთის სიახლოვეს რამდენიმე ასეულმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვდნენ, გაეუქმებინა გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანია „არემჯი გოლდს“ საყდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე ოქროს მოპოვების უფლება მიეცა.
აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს ენახათ რა მდგომარეობაში იყო საყდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი. 3 თვის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ დააზიანა.
ათეულობით პოლიციელმა და სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირმა აქციის მონაწილეებს საყდრისი ყაჩაღიანის გორაზე მისასვლელი გზა გადაუკეტა. მონაწილეების ტალღამ კორდონის გარღვევა და მთის წვერისკენ გაქცევა სცადა, მათ ჟურნალისტებიც მიყვნენ.
სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ხალხის შეჩერება მოახერხეს, ობიექტამდე დაახლოებით 50 მეტრის სიახლოვეს მისვლა მხოლოდ რამდენიმე მოქალაქემ და ჟურნალისტმა შეძლო, მათ შორის სტუდია „მონიტორის“ გადამღები ჯგუფიც იყო, ჩვენ გადაღების უფლებას ვითხოვდით.
სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა საბუთები არ გვაჩვენეს, ერთ–ერთი მათგანი ჩვენს პროვოცირებას განსაკუთრებით ცდილობდა, ის მონიტორის კამერას განგებ დაეჯახა.
რამდენიმე საათში, იძულებული გავხდით ტერიტორია დაგვეტოვებინა. საყდრისის გადაღების უფლება იმ დღეს არავის მისცეს, ჩვენ ამ ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებელ კომპანიას, კადრების გადაღების ნებართვა მანამდეც ვთხოვეთ - გვიპასუხეს, რომ, რამდენიმე თვეა საყდრისზე ჟურნალისტების შესვლა აკრძალეს.
საყდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი მთის ჩრდილოეთ ფერდზე მდებარეობს, ოქროს მომპოვებელ კომპანიას ობიექტზე ან მის სიახლოვეს სამუშაოების წარმოებას და ძეგლის დაზიანებას კანონი 2006 წლიდან უკრძალავდა.
რამდენიმე თვეა საყდრისის მთას დაცვის პოლიცია და „არემჯი გოლდის“ უსაფრთხოების სამსახურის თამნამშრომლები 24 საათიან რეჟიმში იცავენ. ყველა მისასვლელ გზასთან ბლოკპოსტია მოწყობილი, პერიოდულად პერიმეტრზე პატრულირებას ახდენენ. „მონიტორის“ ჯგუფი საყდრისზე ღამით, ტყის გავლით შეიპარა, გამთენიისას მივუახლოვდით ზუსტად იმ ადგილს რომელიც არქეოლოგების თქმით უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენდა.
ფოტოების მეშვეობით ტერიტორია წინასწარ კარგად გვქონდა შესწავლილი. ჩვენ ყველა ის ადგილი გადავიღეთ, რაც არქეოლოგების მიერ წინა წლებში გადაღებულ ფოტოებში იყო ასახული. ადგილზე მისულებს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის მუშაობის კვალი დაგვხვდა. დაზიანებული, გადათხრილი იყო ტერიტორიის ნაწილი, სადაც არქეოლოგების მიერ გადაღებული ძველი ფოტოების მიხედვით, საყდრისის არქოლოგიურ ობიექტზე შესასვლელი გვირაბები იყო. მონგრეულია არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი წყლის რეზერვუარი.
გადაღებული მასალა იმ ექსპედიციის წევრებს ვაჩვენეთ, რომლებიც საყდრისის შესწავლაში 7 წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ: „რაც ვნახეთ დაზიანებულია, წაშლილია კვალი. ეს არის ვანდალიზმი“.
ამ კადრების გადაღების დროისთვის „არემჯი გოლდს“ ამ ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყების და არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების უფლება არ ჰქონდა, სამუშაოების ნებართვა სახელმწიფომ მხოლოდ 2014 წლის 14 მარტს მისცა ისიც გარკვეული პირობებით.
საყდრისის ირგვლივ ხმაური 2013 წლის გაზაფხულიდან დაიწყო.
ჩვენ მოგითხრობთ რას წარმოადგენს საყდრისის მაღარო და რა გზებით მოახერხა „არემჯი გოლდმა“ აქ ოქროს მოპოვების უფლების მიღება.
მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ. გასული საუკუნის 80-იან წლებში გეოლოგების ჯგუფი მიწის ქვეშა ვიწრო გვირაბებს წააწყდა. მაშინ გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ ადგილას უძველესი, ოქროს სამთო მოპოვების მაღარო შეიძლება ყოფილიყო.
ობიექტის საფუძვლიანი შესწავლა 2004 წლიდან ეროვნული მუზეუმის არქეოლოგებმა დაიწყეს, ჯგუფს არქეოლოგი ირინა ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით მათ გერმანელი არქეოლოგები შემოუერთდნენ და ქართულ გერმანული ექსპედიცია საყდრისი ყაჩაღიანის ბორცვს ყოველ ზაფხულს სტუმრობდნენ და არქეოლოგიურ კვლევებს აწარმოებდნენ.
2006 წლიდან, საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, დადგინდა არქეოლოგიური ზონა თავისი წითელი ხაზებით.
ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მქონე ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მადნის მომპოვებელ კომპანიას ყველა ტიპის სამუშაოები აეკრძალა, აქ მუშაობა მხოლოდ მკვლევარებს შეეძლოთ.
2009 წელს, ტელევიზიებმა საზოგადოებას ამცნეს, რომ ქართულ გერმანულმა ექსპედიციამ საყდრისში უნიკალური აღმოჩენა გააკეთა. არქეოლოგდა თქმით აქ მსოფლიოში ყველაზე ძველად 5 ათასი წლის წინ, ეგვიპტელებამდე 1000 წლით ადრე მოიპოვებდნენ ოქროს სამთო წესით. რაც მაღაროდან მადანის ამოღებას, დაფქვა დამუშავებას და მისგან ოქროს გამოდნობას მოიცავდა.
საყდრისის აღმოჩენაზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა გერმანულმა არხმა. ფილმის მიხედვით, საყდრისის ოქროს მაღარო მსოფლიოში უძველესია, რასაც მის გვირაბებში აღმოჩენილი ნახშირის ლაბორატორიული კვლევა ადასტურებს. ციურიხის ლაბორატორიამ ნახშირის ასაკად დაახლოებით 5000 წელი მიიჩნია.
ადგილი სადაც საყდრისის მაღარო მდებარეობს, სახელმწიფომ 1994 წლიდან ლიცენიზიით გასცა. მადნის მოპოვების ლიცენზია 20 წელია 1 ფირმიდან მეორეზე გადადის, ოქროს მომპოვებელ კომპანიასთან ბოლო წლებში მუდმივად ნაციონალი დეპუტატი კობა ნაყოფია იყო დაკავშირებული, თუმცა ის ამბობს, რომ დღეს მოქმედ კომპანიასთან არაფერი აკავშირებს. ლიცენზიას 2012 წლიდან „რიჩ მეტალ კაპიტალი“, იგივე „არემჯი ჯგუფი“ ფლობს, რომლის დამფუძნებელიც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.
2013 წლის აგვისტომდე „არემჯი გოლდს“ ამ ძეგლის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ვებ გვერდზე ჰქონდა განთავსებული და სადაც ეწერა, რომ მათ სალიცენზიო ტერიტორიაზე მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო მდებარეობდა.
ყაჩაღიანის ბორცვი, რომელსაც ძეგლის სტატუსი იცავდა, კომპანიის კუთვნილ საყდრისის საბადოს დაახლოებით 1/7 ნაწილს მოიცავს. კომპანიას უფლება ჰქონდა გარდა ამ ბორცვისა საყდრისის დანარჩენ ტერიტორიაზე მადანი მოეპოვებინა.
2013 წლის დასაწყისში, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან რამდენიმე თვეში „არემჯი გოლდის“ წარმომადგენლები კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელებს შეხვდნენ, მათ შორის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილე მარინე მიზანდარიც იყო.
მარინე მიზანდარი: შედგა შეხვედრა მინისტრთან, ვესწრებოდი მეც. არქეოლოგები არ დაასწრეს. იყვნენ ქუთელია და ცაბაძე და მაშინ უკვე თქვეს, რომ ეს ძეგლი მათ უშლიდათ ხელს.მე ვუთხარი, რომ მაღაროს მეთოდით მოიპოვეთ, ეს კომპანიას არ აწყობსო“.
ამის შემდეგ „არემჯი გოლდის“ ხელმძღვანელმა წერილობით პრემიერ მინისტრს მიმართა. წერდა, რომ მათ სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებული ძეგლი ხელს უშლიდა კომპანიას საყდრისის საბადოს სრულად დამუშავებაში და მისი გადატანის ნებართვას ითხოვდა. წერილი კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას გადაეგზავნა.
კანონით ძეგლის გადატანისთვის აუცილებელი იყო მისთვის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მოეხსნათ. ეს სტატუსი საყდრისზე ხელის ხლებას კრძალავდა. სტატუსის მოხსნისთვის კულტურის სამინისტროში არსებული სპეციალური საბჭოს თანხმობა იყო საჭირო, რომელიც სხვადასხვა სფეროს აღიარებული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული.
მინისტრმა ოდიშარიამ ძეგლზე მსჯელობა სამინისტროში სპეციალურად ამისთვის არსებულ მუდმივმოქმედ საბჭოს არ დაავალა და საყდრისის საკითხის გადასაწყვეტად დროებითი, 11 კაციანი კომისია შექმნა.
მარინე მიზანდარი: „ამ კომისიის წევრების ნუსხაც საიდანღაც იყო, მინისტრს ჰქონდა უკვე რაღაცა ნუსხა რამაც ძალიან გამაოცა. ისეთი არქეოლოგები მაინც უნდა ჩაგვერთო, ვინც ამ პერიოდზე მუშაობს. ამის საშუალება არ მომეცა. მაშინ წარმოდგენა ძნელი იყო, რაც შემდეგ მოხდა. როგორც ჩანს, მინისტრი იყო ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ. როგორც ჩანს, მას დაევალა გარეშე პირებისგან კომისიის შექმნა. ამ კომისიაში უნდა აღმოჩენილიყო ადამიანები საწარმოს, კერძო ბიზნესის ინტერესებს ვინც გაატარებდნენ“.
კომისიას 2 დავალება ჰქონდა. პირველი, 2006 წელს საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების კანონიერების შესწავლა და მეორე შეემუშავებინა ძეგლის გადატანის გზები.
კომისიამ დაადგინა, რომ ძეგლის სტატუსი კანონთან შესაბამისობაში იყო მოსაყვანი.იქ აღმოჩენილი არტეფაქტები კი ბოლნისის მუზეუმში უნდა გადატანილიყო.
წინასწარ დასმული 2 საკითხის გარდა კომისია უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა და საყდრისის არქეოლოგიურ მნიშვნელობაზეც იმსჯელა. ყოველგვარი არქეოლოგიური გამოკვლევის, ექსპედიციის გარეშე 30 დღეში კომისიამ დაასკვნა, რომ ეს არ არის უძველესი ოქროს მაღარო და მისი უნიკალურობაც არ დასტურდება.
2013 წლის 5 ივლისს, მინსიტრმა ოდიშარიამ საყდრისი ყაჩაღიანის მაღაროს ძეგლის სტატუსი გაუუქმა.
3 დღეში კი პრემიერ ივანიშვილს წერილობით ამცნო, რომ ეს მისი დავალების შესაბამისად, შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით გააკეთა. ოდიშარია პრემიერს წერს, რომ 11 კაციანი კომისიის დასკვნის მიხედვით, საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება.
დასკვნას რომელსაც მინისტრი დაეყრდნო, 11 წევრიდან, ხელი 9 წევრმა მოაწერა. 9 წევრიდან სამმა ხელმოწერასთან ერთად დააფიქსირა, რომ საჭირო იყო ძეგლის დამატებითი გამოკვლევა. კიდევ 2- მა წევრმა ხელმოწერისას აღნიშნა, რომ აქ აშკარაა ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულის ადამიანის მუშაობის კვალი, თუმცა დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო.
საბოლოოდ, კომისიის 11 წევრიდან მხოლოდ 4 წევრი დაეთანხმა დასკვნაში ჩაწერილ მოსაზრებას, რომ საყდრისი არ არის 5 ათას წლოვანი ოქროს მაღარო.
საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოყვა. დაპირისპირებამ ტელევიზიების თოქ შოუებში გადაინაცვლა. გადაცემებში საყდრისის უნიკალურობას ეჭვქვეშ უმრავლესად სწორედ ხსენებული 11 კაციანი კომისიის რამდენიმე წევრი აყენებდა.
მაგალითად, გეოლოგი ომარ ქუცნაშვილი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის და ქართული ოცნების წევრის ზაქარია ქუცნაშვილის მამაა, ის საყდრისთან დაკავშირებით ოქროს მომპოვებელი კომპანიის არემჯი გოლდისთვის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს.
ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ მოძიებული ინფორმაციით ქუცნაშვილი ოქროს მომპოვებელ კომპანიასთან დაკავშირებული პირია.
ჯერ კიდევ 2011 წელს, კომპანია „ჯეოინჟინერინგმა“, რომლის 39%-ს მფლობელი ომარ ქუცნაშვილია, ოქროს მომპოვებელი კომპანიის დაკვეთით საყდრისის საბადოს გეოლოგიური კვლევა მოამზადა.
საყდრისს უძველეს ოქროს მაღაროდ არ მიიჩნევს 11 კაციანი კომისიის კიდევ 1 წევრი არქეოლოგი დავით ლომიტაშვილი. როგორ და რატომ შეიყვანეს დავით ლომიტაშვილი ოდიშარიას მიერ შემნილ 11 წევრიან კომისიაში, როცა მას ჩვენი ინფორმაციით, მანამდე წერილობითი კვლევა ჰქონდა მომზადებული, სადაც საყდრისის ოქროს მაღაროს რეალურობა ეჭვქვეშ იყო დაყენებული.
ანგარიშიდან ჩანს, რომ ის კომისიაში მიწვევამდე იყო საყდრისის შესწავლით დაკავებული და ანგარიში მოამზადა კლუბი „ტაძარის“ მიმართვის საფუძველზე. ირკვევა, რომ ტაძარი „არემჯი გოლდთან“ დაკავშირებული ორგანიზაციაა. ჩვენს ხელთ არსებულ ერთ–ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კლუბ „ტაძარს“ არქეოლოგიური სამუშაოების მომზადება „არემჯი გოლდმა“ დაუკვეთა. ლომიტაშვილი ამბობს, რომ „ტაძარის“ და „არემჯის“ კავშირების შესახებ არაფერი იცოდა.
11 კაციან კომისიაში იყო და საყდრისის ძეგლად შენარჩუნების მომხრეებს ღია ოპონირებას უწევდა არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი. ჩვენი ინფორმაციით, ლიჩელიც ოქროს მომპოვებელი კომპანიის კონტრაქტორი იყო შუამავალი ფირმის მეშვეობით.
ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „არემჯი გოლდმა“ კლუბ „ტაძარს“ სამუშაოების ჩატარება დაავალა. ამ ფირმამ კი ვახტანგ ლიჩელთან როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელთან 2013 წლის აპრილში ჯერ კიდევ 11 წევრიან კომისიაში მის შესვლამდე დადო გარიგება, ბოლნისში აბულმუგის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების შესრულებაზე, აბულმუგი RMG- სალიცენზიო ფართობში შედის.
კომისიის გადაწყვეტილებით, „არემჯიმ“ პირველ წარმატებას მიაღწია. საყდრისი ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა. თუმცა „არემჯის“ იქ ოქროს მოპოვებაში ხელს ახლა უკვე საყდრისის არქეოლოგიური ზონა უშლიდა. ზონის მოხსნამდე, მის შიგნით კომპანია სამუშაოებს ვერ დაიწყებდა.
კომპანიამ ბრძოლა ზონის მოხსნისთვის დაიწყო. მისმა დირექტორმა 2013 წლის 17 სექტემბერს პრემიერ მინისტრ ივანიშვილს და კულტურის სამინისტროს საყდრისისთვის არქეოლოგიური ზონის მოხსნა მოსთხოვა. წერდა, რომ სხვა შემთხვევაში კომპანია მუშაობას ვერ შეძლებდა, რაც პრობლემას შეუქნიდა ბოლნისის ბიუჯეტის შესრულებას.
ამავე წერილში „არემჯი“ კულტურის მინისტრის მოადგილეს მარინა მიზანდარსაც აკრიტიკებდა. მიზანდარი იმ დროს ღიად აფიქსირებდა, რომ საყდრისი უნიკალური ძეგლია და მისი დანგრევის უფლება ოქროს მომპოვებელ კომპანიას არ უნდა მისცემოდა. ამბობს, რომ ამისთვის პრემიერ ივანიშვილისგან საყვედურიც მიიღო.
მარინე მიზანდარი: „ერთხელ დამირეკა მან და ძალიან უკმაყოფილო იყო ჩემით საყდრისთან და კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით. მითხრა, რომ მე არ გამაჩნდა სახელმწიფოებრივი ხედვა და ვაბრკოლებდი სახელმწიფოს განვითარებას. მე ვუთხარი, რომ შევხვდეთ ამ საკითხზე მეთქი და უარი მითხრა“.
„არემჯის“ წერილიდან მალევე საყდრისის საკითხით ღიად დაინტერესდა პრემიერი ივანიშვილი. მან ბიზნეს ცენტრში დაინტერესებული მხარეები შეკრიბა. შეკრების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთეს „არემჯის“ დირექტორმა და მინისტრმა ოდიშარიამ.
საყდრისის შესასწავლად არქეოლოგთა ჯგუფი შეიქმნა, მაგრამ შესწავლის შედეგებს პრემიერი არ დაელოდა. 2013 წლის 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა საყდრისის არქეოლოგიური ზონა გააუქმა, რის შემდეგაც საყდრისს ყველანაირი დაცვითი სტატუსი მოეხსნა, მხოლოდ არქეოლოგიური ობიექტი დარჩა.
ეს „არემჯის“ მეორე გამარჯვება იყო, თუმცა არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოების დასაწყებად, საჭირო იყო კულტურის სამინისტროს თანხმობა.
სამინისტროში თანხმობის მისაღებად აუცილებელი იყო არქეოლოგების დასკვნა, რომ ობიექტი მნიშვნელოვანი აღარ იყო და იქ მადნის მოპოვება არტეფფაქტებს არ დააზიანებდა. „არემჯის“ შუამავალი კომპანიის დაკვეთით, არქეოლოგიური ანგარიში მეცნიერებათა აკადემიის მეთვალყურეობით შექმნილმა ექსპედიციამ მოამზადა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საყდრისი ყაჩაღიანის ბორცვი სრულიად თავისუფალია არქეოლოგიური ობიექტებისგან, სტერილურია და არქეოლოგიური ნივთის ერთი ფრაგმენტიც არ აღმოჩენილა.
ეს დასკვნა „არემჯიმ“ კულტურის სამინისტროში წარადგინა და სამუშაოების დაწყების ნებართვა მოითხოვა.
ანგარიში კულტურის სამინისტროსთან არსებულ არქეოლოგიურ სექციაზე გავიდა. სექცია მეცნიერებითაა დაკომპლექტებული და არქეოლოგი იულონ გაგოშიძე ხელმძღვანელობს.
სექციამ „არემჯის“ წარდგენილი ანგარიში დაიწუნა. წევრებმა აღნიშნეს, რომ საჭირო იყო დამატებითი არქეოლოგიური გამოკვლევა და იქ სამუშაოების დაწყება ჯერ არ შეიძლებოდა. სექციის დასკვნის საფუძველზე, 13 იანვარს, გურამ ოდიშარიამ „არემჯის“ უარი უთხრა საყდრისში სამუშაოების დაწყებაზე. ოდიშარიას უარს სამინისტროსთან „არემჯის“ თანამშრომლების საპროტესტო აქცია მოყვა.
„არემჯიმ“ ისევ პრემიერს მიმართა, ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილს და გურამ ოდიშარიას მიერ ნებართვაზე ნათქვამი უარის გაუქმება მოითხოვა. მთავრობას საჩივრის განსახილველად 1 თვიანი ვადა ჰქონდა. ამ 1 თვეში მნიშვნელოვანი ფაქტები დაფიქსირდა.
„არემჯიმ“ პიარ კამპანია წამოიწყო, სადაც ულტიმატუმის ნიშნებიც გაჩნდა, თუ ყაჩაღიანის ათვისების უფლებას არ მისცემდნენ, კომპანია წარმოების შეჩერებით დაიმუქრა.
მთავრობაში 1 თვიანი ვადის ამოწურვამდე, პარალელურად კულტურის სამინისტროში არქეოლოგმა გოგი მინდიაშვილმა საყდრისის ხელახლა გაძეგლების მოთხოვნით დოკუმენტაცია შეიტანა. კანონის თანახმად, საკითხი განსახილველად სპეციალურ საბჭოზე გავიდა. მინისტრის პირველი მოადგილის მარინა მიზანდარის გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვა მალევე, 27 იანვარს დაინიშნა.
ამის შემდეგ, 10 დღეში პრემიერმა ღარიბაშვლმა მარინა მიზანდარი თანამდებობიდან გადააყენა. მიზეზად გუნდთან შეუთანხმებელი მუშაობა დასახელდა. მთავრობისთვის გაგზავნილ წერილში მარინა მიზანდარი არაერთხელ გააკრიტიკა „არემჯის“ ხელმძღვანელმა. ამ პერიოდში მის წინააღმდეგ სამინისტროსთან „არემჯის“ თანამშრომლებმა აქციაც გამართეს.
ამასობაში მთავრობას „არემჯის“ ზემოხსენებული საჩივრის განხილვის 1 თვიანი ვადაც ეწურებოდა, კანცელარიასთან საყდრისის მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.
პროტესტის მიუხედავად, 20 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ „არემჯი გოლდის“ საჩივარი დააკმაყოფილა, საყდრისზე ოქროს მოპოვებაზე ოდიაშარიას ნათქვამი უარი გააუქმა.
პროცესი ხელახლა დაიწყო. „არემჯის“ მიერ სამუშაოების დაწყების საკითხის გადაწყვეტა ამჯერად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა. იმავე დღეს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე დაამტკიცეს. ანთიძე ძველი კადრია, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურიდიულ სამსახურს, შემდეგ კი კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციას ხელმძღვანელობდა.
25 თებერვლიდან 13 მარტამდე კულტურის სამინისტროს საყდრისთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ გამოუქვეყნებია, 13 მარტს პრემიერი ღარიბაშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტებმა პრემიერს საყდრისთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვეს.
„ის ძეგლი არაა, ჩვენ ვიპოვეთ ოქროს შუალედი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ამ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრი გადადგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გურამ ოდიშარია შვებულებაში გავიდა. მეორე დღეს, 14 მარტს საყდრისთან დაკავშირებით კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საყდრისის შესახებ ღარიბაშვილის იდენტური განცხადება გააკეთა და საზოგადოებას ამცნო, რომ „არემჯის“ ყაჩაღიანზე სამუშაოების დაწყების უფლება მისცეს.
რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ საყდრისზე ნებართვის გაცემის დროს მომზადებული დოკუმენტაცია გაასაჯაროვა. 25 თებერვალს დანიშნული ნიკა ანთიძის ხელმოწერილ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საყდრისი ყაჩაღიანი არც ოქროს უძველესი საბადოა და არც მნიშვნელოვანი ძეგლი.
ანთიძის უწყებამ, 6 სამუშაო დღეში გააქარწყლდა ყველა ის ანგარიში და წერილი რაც 2006 წლიდან 2014 წლამდე შექმნილა მომზადებულა და სამინისტროში გაგზავნილა, სადაც საყდრისის უნიკალურობაზე და მნიშვნელობაზე იყო საუბარი.
სამინისტრომ არ გაიზიარა არც ქართველი და უცხოელი ექსპერტების წერილობითი მოსაზრებები და თხოვნები. მათ შორის 25 მეცნიერის ხელმოწერილი მიმართვა, რომელიც „არემჯისთვის“ ნებართვის გაცემამდე გავრცელდა.
კიდევ ერთი წერილი კულტურის სამინისტროს, გერმანიის ბოხუმის რურის უნივერსიტეტის რექტორისგან მიიღო.
ქართულ მხარეს საყდრისზე ჩატარებული ანალიზების სიზუსტე წერილობით დაუდასტურა შვეიცარიის, ციურიხის ლაბორატორიის წარმომადგენელმა.
გერმანიის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუგზავნა გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის წერილი და საყდრისის შენარჩუნებაში დახმარება სთხოვა.
ჩვენ დავინტერესდით, რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მიიღოს სახელმწიფომ, როცა „არემჯი“ ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ქვეშ მდებარე ოქროს მოიპოვებს. ოქროს მარაგებს „არემჯი გოლდი“ ასაიდუმლოებს, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ოქროს მომპოვებელი კომპანიის მიერ გარემოს დაცვის სამინისტროში, მარაგების კომისიაში წარდგენილი ანგარიში სადაც ყაჩაღიანის ბორცვზე არსებული ოქროს მარაგების სავარაუდო რაოდენობაა დაფიქსირებული.
ექსპერტების შეფასებით, უხეში გათვლით, აქ დაახლოებით 1 ტონა ოქროს ამოღება იქნება შესაძლებელი. საბაჟოს მონაცემებით, საქართველოში მოპოვებული 1 ტონა ოქროს ფასი დაახლოებით 14 მილიონი დოლარია. ქართული კანონმდებლობით, 1 ტონა ოქროზე მომპოვებელი სახელმწიფოს რეგულირების საფასურის და მოსაკრებლის სახით ჯამში 4,5 მილიონ ლარს უხდის.
ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით, 2011 წლიდან დღემდე, ბოლნისის ბიუჯეტში ოქროს მომპოვებელ კომპანიას მოსაკრებლის სახით წლიურად საშუალოდ 10 მილიონი ლარი შეაქვს.
ეს ციფრები ადასტურებს, რომ 11 კაციანი კომისიის დასკვნაში გაკეთებული ჩანაწერი, რომ თითქოს საყდრისის საბადოდან მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში 100 მილიონზე მეტი ლარი შევა, და მისი დაუმუშავებლობა 3000 დასაქმებულს უქმნის საფრთხეს, გაზვიადებულია.
ყაჩაღიანის ბორცვი მცირე ზომისაა, მადნის მოპოვებისთვის გაცემულ ლიცენზიაში მოქცეული საერთო ტერიტორიის დაახლოებით 2%-ს შედგენს.
ზემოთ მოყვანილი საკითხებზე კომენტარი ჩვენ „არემჯის ჯგუფის“ პიარ მენეჯერს ვთხოვეთ, თუმცა ინტერვიუზე უარი მივიღეთ.
საყდრისის არქეოლოგიურ კულტურულ მემკვიდრეობას და კერძო კომპანიის ფინანსურ ინტერესს შორის, პრემიერ ღარიბაშვილის ნაპოვნი ოქროს შუალედი ოქროს მომპოვებლის სასარგებლო აღმოჩნდა.
მართალია კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ პროცესს საერთაშორისო ექსპერტები დააკვირდებიან, თუმცა დაზუსტებით ეს არავინ იცის. ფაქტია, რომ სახელმწიფოს ლოიალური დამოკიდებულების ფონზე ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ ყაჩაღიანის ბორცვი უკანონოდ დააზიანა. ასე გამოიყურება დღეს არქეოლოგიური ობიექტი, რომელსაც მეცნიერების ნაწილი დღემდე უნიკალურ აღმოჩენად მიიჩნევს, თუმცა მისი მხოლოდ 1/3–ა შესწავლილი. არქეოლოგები ამბობენ, რომ ამ კადრების მიხედვით ობიექტის გარედან ხილული ნაწილი განადგურებულია, მიწაში არსებული მაღაროების ხელახლა გაწმენდას კი რამდენიმე წელი და სერიოზული ფინანსები დაჭირდება.
This post has been edited by S A F O on 11 May 2014, 16:37
თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია.
----------------------------------