http://www.opentext.org.ge/index.php?m=39&y=2001&art=4709ჭირისუფალთა განსჯანი
შაბათს, 16 ივნისს ღამის თორმეტის ნახევარზე, კუკიაზე, ყოფილი სემინარიის ეზოში, ორი ადამიანის გვამი იპოვეს. გარდაცვლილები გიგა სუთიძე და მალხაზ მჭედლიძე აღმოჩნდნენ. ორივე ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული. ჭრილობები ორივეს თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე "კანონიერი ქურდი" იყო და მკეველობა, ფულის, ნარკოტიკების თუ შურისძიების გამო მოხდა. როგორც "დილის გაზეთს" გიგა სუთიძის მეუღლემ, მანანა კილასონიამ განუცხადა, მისი ქმარი "კანონიური ქურდი" არ ყოფილა, ვინაიდან თავად მას საამისო სურვილი არ ჰქონდა. თუმცა, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ყველა პატივს სცემდა.
დღეს გიგა სუთიძეს დაკრძალავენ. გუშინ საღამოს გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ოჯახი ვარაუდობს, რომ მალხაზიც და გიგაც მანქანაში გარედან ნასროლი ტყვიებით ჩახოცეს. სუთიძეების ოჯახს მიაჩნია, რომ წამალ "სუბუტეკის" ამოსატანად წასულმა ზვიად რამიშვილმა თან იარაღიც ამოიტანა და გიგა და მალხაზი იმით დახოცა. "დილის გაზეთს" გიგა სუთიძის ქალიშვილები ნინო და თეა სუთიძეები ესაუბრებიან: - ბოლო ექვსი თვეა, მამა "სუბუტეკს" (ძლიერი გამაყუჩებელი, ტრანკვილიზატორი) რამიშვილებისგან ყიდულობდა. მთელმა თბილისმა იცის, რომ ისინი წამლით ვაჭრობდნენ, თუმცა, იმას კი არ ამბობდნენ, რომ თავად ჰყიდდნენ, არამედ, გვეუბნებოდნენ, ვიღაცა ყიდის და ჩვენ მოგიტანთო. ალბათ, ისიც კარგად იცით, რომ შენ თუ რამეში არ ურევიხარ, არავინ არაფერს გამოგატანს.
- რატომ ფიქრობთ, რომ მამათქვენი ზვიად რამიშვილმა მოკლა?
- რამიშვილის მოკლულია, თანაც ზვიადის, თუმცა, თავად იძახიან, რომ მამუკამ მოკლა, მათ ასე აწყობთ და რატომ, გეტყვით. მამაჩემმა მამუკა რამიშვილს ცოტა ხნის წინათ "სუბუტეკისთვის" 2000 დოლარი გაატანა. სხვათა შორის, ეს წამალი მას პარიზიდან ჩამოჰქონდა, ის რომელიღაც დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, როგორც ჩანს, არ უჭირდა წამლის შემოტანა. მამამ შაბათს დაურეკა და ჰკითხა, წამლისა რა ქენიო, მანაც უთხრა, საღამოს ჩამოდი და დაგახვედრებო.
მამა სახლიდან რომ გადიოდა, დედას დაუბარა, მამუკა რამიშვილთან მივდივარ და მალხაზ მჭედლიძე თუ მოვა, იქ ჩამოვიდესო. მალხაზი მისი ამხანაგი არ იყო, უბრალოდ, მას, როგორც მამას, წამალი უნდა წამოეღო რამიშვილებისგან. მალხაზ მჭედლიძე მამას სადარბაზოსთან შეხვდა, ის მანქანით იყო და ერთად წავიდნენ. რამიშვილებთან მისულებს, როგორც ამბობენ, ორივე ძმა მანქანაში ჩაუსვამთ და იქვე შეთანხმებულან, რომ მამუკა რამიშვილს სვანეთის უბანში აიყვანდნენ, ხოლო ზვიადი "სუბუტეკს" იქ აუტანდა. სწორედ ამ დროს შეეძლო ზვიადს იარაღის ატანა.
- დედათქვენი ამბობს, რომ რამიშვილების უკან მაღალჩინოსნები დგანან.
- მათ ვიღაც მფარველობთ, სხვანაირად ვერ გაბედავდნენ მამას მოკვლას. ვინც მას იცნობდა, ყველა პატივს სცემდა. მამა ვერ წარმოიდგენდა, რომ მას იარაღი დასჭირდებოდა, ჩვენც გვაქვს გაფორმებული იარაღი, რომელიც არასოდეს სახლის გარეთ არ გაუტანია. იცით, რით ამაყობდა, უბანში მხედრიონელი არ გვყავსო. როცა "მხედრიონი" შეიქმნა, მოვიდნენ და უთხრეს, იქნებ, ჯაბას დაცვის უფროსად წახვიდეო, იცით რა უპასუხა, - მე საქართველოს სიყვარულში ფულებს ვერ ვიშოვიო და დედაჩემი გააფრთხილა, ახლა გაგვიჭირდება და შეეგუეო.
- ამბობენ, რომ მამუკა რამიშვილი მამაშენმა და მალხაზ მჭედლიძემ ცემეს.
- თუ ნაცემი იყო და თავდაცვის მიზნით დახოცა, ეს ხალხი პოლიციას რატომ არ ჩაბარდა?
- ფულიც არაფერ შუაშია?
ჩვენ ისე არ გვიჭირდა, რომ მამუკა რამიშვილისგან გვესესხა და არც ისე გვილხინდა, გაგვესესხებინა. ისე, მამუკას შვილს უთქვამს, მამაჩემს ფულს ართმევდნენო, ესეც ტყუილია.
- თქვენ ამბობთ, რომ მამუკა რამიშვილი თანამდებობის პირია...
- დიახ, აეროპორტში რომელიღაც დეპარტამენტის უფროსია, მას სულ კარგი თანამდებობები ჰქონდა. წამალიც, როგორც გითხარით, პარიზიდან ჩამოჰქონდა, ამას კი ისე ვერ მოახერხებდა, მფარველი რომ არ ჰყოლოდა. ძმები მორფინისტები არიან, მათ მამა მოკლეს და უნდა დაისაჯონ, გარდა ამ მკვლელობისა, ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ, რა, არ არის საკმარისი? მთელი თბილისი წამალს მათგან ყიდულობდა, ახლა ამას არავინ იტყვის.
შვიდი თუ რვა წლის წინათ, ნინიკო 12 წლის იყო, როცა ამერიკაში სასწავლებლად მიდიოდა. მე და დედამ მოსკოვამდე გავაცილეთ. აეროპორტში კოტე სულაბერიძე ვნახეთ, ის თბილისში მოფრინავდა. აეროპორტიდან ისე გაქრა, კვალიც ვერ იპოვეს. მაშინ კოტეს აეროპორტში მამუკა რამიშვილი დახვდა. რამიშვილი დაიჭირეს მაშინ, მაგრამ იმიტომ, რომ ვერ წარმოიდგინეს, ის ამას გააკეთებდა და მფარველიც გამოუჩნდა, ყველაფერი "მშვიდობით" დამთავრდა. იცით, ჩვენც ვერ წარმოვიდგენდით, მამას რომ არ დაებარებინა, მამუკა რამიშვილთან ჩავდივარო. დედა მთელი ღამე ტიროდა, მალხაზ მჭედლიძემ მომიკლა ქმარიო. ეს წარმოუდგენელია.
- მამუკა რამიშვილზე მაშინვე მიიტანეთ ეჭვი?
- როცა ჩვენ პოლიციამ ამბავი გაგვაგებინა და როცა რამიშვილებთან გადავრეკეთ, არავინ გვპასუხობდა, მობილურებიც გამორთული ჰქონდათ, დილით კი ჩვენი ახლობელი ავიდა და დედამისი ნახა, რომელიც ტიროდა, - თავიც დაიღუპა და ჩვენცო.
- ესე იგი, თქვენ რაიმე ანგარიშსწორებას გამორიცხავთ?
- 10 თუ 15 წლის წინათ მამას ვინმე პაატა ხომერიკმა შვიდი ტყვია ესროლა, დედას სულ ეშინოდა, გიგამ რამე არ ჩაიდინოს ამის გამოო. ის ბიჭი, პაატა ხომერიკი მამას პირისპირ რამდენჯერმე შეხვდა, მაგრამ ანგარიშსწორებაზე არც უფიქრია.
ნინიკო 15 წლის იყო, რომ გათხოვდა, 17 წლის დაქვრივდა, მისი ქმარი ერეკლე ხურციძე, სახლის ეზოში ნიღბიანმა მოკლა, მამა ამის შემდეგ საშინელ დეპრესიაში ჩავარდა, სულ ნინიკოზე და პატარაზე ფიქრობდა.
"დილის გაზეთი" ჯერ კიდევ სუთიძეების ოჯახში იყო, როცა ოჯახის ახლობელმა ასეთი რამ განაცხადა: - ბავშვი, რომელიც საჭესთან იჯდა, ამბობს, რომ გიგაც და მალხაზიც, მამუკამ მოკლა.
- ბავშვი უყურებდა?
- არა, მისთვის გიგას უთქვამს, გადადი, ჩვენ სალაპარაკო გვაქვსო. ისიც იქვე, რამდენიმე მეტრის დაშორებით დამდგარა. როცა სროლის ხმა გაიგო, გამოქცეულა, რა მოხდაო და დაუნახავს, რომ მამუკა მანქანიდან გადმოდიოდა, მალხაზიც მაგ დროს გადმოვარდა.
- როგორ ამ ბიჭს არ შეეშინდა? რა გარანტია ჰქონდა, მასაც არ მოკლავდა.
- როგორც ეს ბავშვი ამბობს, მანქანიდან გადმოსულ მამუკას უთქვამს, შენ არ მოგკლავ, წადიო.
- მოწმე დატოვა?
- ასე გამოდის.
- ის ბიჭი ამბობს, რომ იქ მისი ძმა არ ყოფილა?
- ასეთი რამ თქვა, ზვიად რამიშვილი ამის შემდეგ "ნივით" ამოვიდა და მამუკა წაიყვანო.
ნინო სუთიძე ამბობს, ყველაფერი მხოლოდ იმიტომ კეთდება და ამდენი ჭორი იმის გამო არის, რომ ზვიად რამიშვილმა პასუხისმგებლობა აიცილოს. სუთიძეების ოჯახს არც ბიჭის სჯერა, რომელიც ამბობს, რომ მამუკა რამიშვილმა დახოცა ორივენიო - გაგიგიათ ასეთი რამ, ორი კაცი მოკლა და მესამე შეგეცოდოს, - უკვირთ ნინო და თეა სუთიძეებს. ნინო იმასაც უარყოფს, რომ თითქოს გიგა სუთიძე მამუკა რამიშვილს სცემდა. - მამა ვიდეოკასეტაზე, მანქანის უკანა სავარძელში გულხელდაკრეფილი ზის, ამ პოზაში კი ცემა წარმოუდგენელია, რაც შეეხება მალხაზ მჭედლიძეს, ის ნასვამი იყო, თან დასაძინებელი წამლებიც ჰქონდა დალეული, ასე რომ, ის თითქმის გათიშული იყო და ისე მოკლეს, აზრზე არ მოსულა.
* * *