თბილისში ყოფილი ქმრების მიერ ყოფილ ცოლებზე სასტიკმა შურისძიებამ ლამის სისტემატიური ხასიათი მიიღო. გუშინ, 27 წლის სოფო ზურებიანი ქმრის, ყოფილი სპეცრაზმელის ალექსანდრე ცოცხალაშვილის ეჭვიანობას შეეწირა. მანამდე კი ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი დაჩეხა. სხვამ აწამა და ა.შ... რა ხდება? სად ვარ? როდემდე? შემაძრწუნებელი ისტორიები, რომელიც ჩვენს თვალწინ, აქვე, ჩვენს გვერდით ხდება...
საზარელი მკვლელობა ვარკეთილში მოხდა. ზურებიანი მეუღლესთან ორი თვის დაშორებული იყო. ყოფილი მეუღლე მას შერიგებას სთხოვდა. სოფო კი შერიგების წინააღმდეგი იყო. ყოფილმა მეუღლემ ყოფილ ცოლს ჯერ ძმა დაუცხრილა, შემდეგ კი, 7 ტყვია მასაც დაახალა.
„სახლთან რომ მოიყვანა, შეკამათება მოხდა. გარეთ გავიდა სოფოს ძმა, რომელსაც ცოცხალაშვილმა ორი ტყვია ესროლა. დაჭრილმა ძმამ სოფოს მოუწოდა გაქცევისკენ. სოფო სახლის მოპირდაპირე მხარეს, კორპუსის სადარბაზაში ცდილობდა შეღწევას, ეს კი გაეკიდა და რამდენჯერმე ესროლა“, - აცხადებენ ზურებიანის ახლობლები.
მძიმედაა დაჭრილი სოფოს ძმა. ის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ყოფილი სპეცრაზმელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
საზოგადოება შოკში ჩააგდო რამდენიმე კვირის წინ, ვაკეში მომხდარმა კრომინალურმა ფაქტმაც. ამჯერად საქმე ყოფილი ქმრის მიერ ცოლის ხანჯლით დაჩეხვას ეხება. საბედნიეროდ, ახალგაზრდა ქალი გადარჩა...
მიმდინარე წლის 22 აპრილს ჭავჭავაძის გამზირზე, ახალგაზრდა გოგონა დაჭრეს. 35 წლის ფრიდონ არჩვაძემ ვაკეში ერთ-ერთი ბანკის წინ ყოფილ ცოლს ხანჯლით მრავალი დაზიანება მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად დაჭრილ ქალბატონს თითის ამპუტაცია ჩაუტარეს, მას დასერილი ჰქონდა ყური, ხელები და კეფა...
აი როგორ ახსნა დანაშაულის მოტივი მოძალადე ქმარმა. ჩვენება პორტალმა „კვირა.ჯი“-მ გამოაქვეყნა: "სოფო ხმლით ფეხებში იმიტომ გადავტეხე, არ მინდოდა, ეცეკვა".
"ფრიდონ არჩვაძე ვარ, დავიბადე 1978 წლის 1-ელ დეკემბერს რუსეთში. სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული. ნასამართლევიც ვარ. თბილისში ვცხოვრობ. ჯვარდაწერილი გახლავართ. მე რომ სოფოს მკვლელობა მდომოდა, არ გამიჭირდებოდა, ხელში სამურაის ხმალი მეჭირა.
დეკორატიული ხმალი იყო, იაპონური, მაგრამ კარგად ჭრიდა. მისი მოკვლა რომ მდომოდა, ისეთ ადგილას დავარტყამდი, პირდაპირ მოვკლავდი. მით უფრო, როგორც პროკურორი ამბობს, პროფესიონალი მკვლელი ვყოფილვარ და ორი ადამიანი მყავს მოკლული. არც იარაღის შოვნა გამიჭირდებოდა და ხმალს კი არა, იარაღს დავიჭერდი ხელში.
შურისძიება იყო აქ ნახსენები. მითხარით, რატომ უნდა მეძია შური ჩემს ყოფილ მეუღლეზე, ჩემი შვილების დედაზე? მას განქორწინებისთანავე მივეცი ბინა ოქროს უბანში, უზრუნველვყავი სამსახურით, სისტემატურად ვეხმარებოდი მატერიალურად. ჩემი მაცივარი ნახევრად რომ იყო სავსე, მისი ისე იყო სავსე, რომ მეორე სჭირდებოდა. რის გამო უნდა მეძია შური, ჩემი შვილების გაზრდისთვის?
შურისძიება არ ყოფილა. აბსურდული სიტყვა მგონია ეს. მე არ უარვყოფ, რომ საშიში ვარ სოფოსთვის. ის გავაფრთხილე, შვილებისთვის მიეხედა და არ ევლო ღამის კლუბებში. ფეხები სწორედ იმიტომ დავუზიანე, მინდოდა, ცეკვა ვერ შეძლებოდა.
სიმართლე გითხრათ, ჩემი მთავარი მოტივი სწორედ ეს იყო, - სოფოს არ ეცეკვა. ყელში მაქვს ამოსული მისი ცეკვები. 2 წლის ბავშვი ჰყავს სახლში და იმას მიხედოს, ნუ დადის ღამის კლუბებში და სახლში გვიან ნუ ბრუნდება.
შლაგბაუმიან კორპუსში ცხოვრობს, თავისუფლად შეგვიძლია გადავამოწმოთ, რომელ საათზე ბრუნდება შინ. ფაქტობრივად, კვირაში 5-ჯერ "ცეკვის დღე"აქვს და მინდოდა, ეს მომესპო, ამას მივაღწიე, ცეკვა მოვუსპე.
ამიტომაც გადავტეხე მუხლებში. სიცოცხლისთვის საშიშ ადგილებშიც რომ აქვს ჭრილობები, ეს კი მეწყინა. რა ვქნა, ასე მოხდა, ყველაფერს ვერ გათვლის ადამიანი. არ ვარ პროფესიონალი ქილერი. თავში ჭრილობა არ მიმიყენებია. ძალიან შევეცდები, აღვიდგინო, სად არის ახლა დანაშაულის იარაღი.
ვიცი, მისი პოვნა ჩემთვისაც სასარგებლო იქნება. კარგად ალესილი ხმალი იყო, სხვა ადგილებში როცა ვურტყამდი, ხმალი მოღუნული მქონდა და ისე ვურტყამდი. ამის დანახვა შეიძლება იმ კამერებითაც, რომელიც იქ არის.
მოკვლა რომ მდომოდა, მერწმუნეთ, მაქვს იმის მატერიალური შესაძლებლობაც, რომ უკეთესი იარაღით მივსულიყავი იქ და მომეკლა სოფო. მინდოდა, დამესახიჩრებინა. რაც შეეხება ყურს, ყურის მოჭრა არ მდომებია, ეს შემთხვევითობა იყო.
სიმართლე თუ გაინტერესებთ, გეტყვით: მინდოდა, "შრამი"დარჩენოდა ჩემგან სოფოს სახეზე, რომ სულ დავმახსოვრებოდი და ამიტომ ვცდილობდი სახის დაზიანებას. ამ დროს ყურში შემთხვევით მოხვდა ხმალი. სადაც მინდოდა, კარგად ჩამერტყა, შევძელი.
სოფო ისე მყავდა, როგორც ადამიანი საოპერაციო მაგიდაზე. ოპერაციასაც კი ჩავუტარებდი, თუ მინდოდა. ვერავინ გამიწევდა წინააღმდეგობას. სადაც მინდოდა, დავარტყი და შემდეგ დინჯი ნაბიჯებით წამოვედი...
მართლა არ მახსოვდა, ამის მერე დედაჩემსა და ჩემს დას რომ დავურეკე. ალბათ დარეკვის ერთადერთი მოტივი ის იქნებოდა, გამერკვია, გადარჩებოდა თუ არა სოფო. პოლიციელებსაც შეგიძლიათ ჰკითხოთ, სულ იმას ვკითხულობდი, - გადარჩება-მეთქი?
არა იმიტომ, რომ სასჯელს გავურბივარ და ჩემს თავზე ვფიქრობ. მართლა მაინტერესებს მისი ჯანმრთელობა და ეს ყველა თქვენგანზე მეტად მე მაღელვებს. ყველაზე მეტად მე მინდა, რომ სოფო ცოცხალი იყოს.
იმ დროს 30 ცალი რელანიუმი მქონდა გაკეთებული, 15 მილიგრამ ტროპიკამინთან ერთად, და არ მახსოვს, ხმალი სად წავიღე... პატიმრობას ვეთანხმები, მაგრამ გაფრთხილებთ, სადაც მე მომათავსებენ, იქ პატიმრები უნდა მიფრთხილდნენ. უსამართლობას ვერ ვიტან და ასეთ რამეს თუ დავინახავ, შეიძლება, უარესი ჩავიდინო ციხეში“, - თქვა მან სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას.
გულგრილი არავინ დაუტოვებია გასული წლის 20 მარტს მომხდარ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასაც. ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი წამებით მოკლა, შემდეგ კი, პოლიციას ჩაბარდა.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, ორხევის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ეჭვიანმა ქმარმა, ცოლი საკუთარ ავტომანქანაში დანით მოკლა. მოგვიანებით, ამავე მანქანით, ცხედრიანად მივიდა პოლიციაში და სამართალდამცველებს ჩაბარდა.
„ჩემი ცხოვრების სიყვარული მოვკალი, სხვა რა გითხრათ?” - უთხრა გიორგი ტყავაძემ გამომძიებელს, რომელმაც მას ცოლის მკვლელობის მიზეზი ჰკითხა...
„პრესა.ჯი“ ოჯახური პრობლემების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების შესაძლო გამომწვე მიზეზებზე ფსიქოლოგ რუსიკო ფხაკაძეს ესაუბრა.
რუსიკო ფხაკაძე: ოჯახური ძალადობის გამომწვევი მიზეზი, ძალაუფლებისა და კონტროლის მექანიზმის დაფუძნებაა. ამ ძალაუფლებას ფლობს ერთი ადამიანი, და ძალისმიერი მეთოდით ცდილობს გამოიყენოს ეს ძალაუფლება მეორე ადამიანზე. იმის მიხედვით რა დონისა და რა ღირებულებებისაა ეს ადამიანი, ის მსხვერპლს ხან ხანჯალს გაუყრის, ტყვიას დაახლის ან ცივილურად გაშორდება.
- რომელი სოციუმის ადამიანი შეიძლება გახდეს მოძალადე?
- ძალადობა ოჯახში არ ითვალისწინებს, კარგ განათლებას, რელიგიურ მრწმანსს, ეკონომიკურ მდგომარეობას. არავინ არ არის დაცული ამ მოვლენებისაგან. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, შეძლებულ, „კარგ ოჯებშიც“ ხშირია ძალადობა, თუმცა ისინი ამას მალავენ განსხვავებით იმ ოჯახებისგან, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, ისინი უფრო ჰყვირიან ითხოვენ დახმარებას. საბოლოო ჯამში მაინც ტაბუირებულია ეს თემა.
- რა უნდა გაკეთდეს ამ ძალადობის პრევენციისთვის?
- სამწუხაროდ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული არ არის ის აზრი, რომ ძალადობა ოჯახში არის დანაშაული. ჯერ კიდევ სტერეოტიპების ქვეშ ვართ, და ვთვლით რომ ნორმალურია როცა ქმარი ცოლს ურტყამს ან უყვირის, იმიტომ რომ მათი მამები, ბაბუები ასე იქცეოდნენ.
პირველ რიგში, საზოგადოების გაზრდა უნდა მოხერხდეს, უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოების აზრი, რომ ძალადობა საშიში დანაშაულია. ერთხელ დაწყებული ძალადობა თავისით არასდროს გაჩერდება, ის თუ არ გააჩერე კანონისა და საზოგადოების ძალით.