უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ეკომიგრანტთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს
ელზა წიკლაური
(31.08.2010)
რთული რელიეფის გამო საქართველოსთვის წყალდიდობები და ღვარცოფები უკვე წლებია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში მდინარეების დიდ ნაწილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა, რაც ჩატარდა, საკმაოდ მცირეა. შედეგად, ქვეყნის ყველა რეგიონი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა და თუ მთავრობამ ამ პრობლემის მოგვარებაზე არ იზრუნა, უახლოეს პერიოდში საქართველოში, შესაძლოა, ეკომიგრანტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, ამას არც არასამთავრობო ორგანიზაციაში - "კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელი" (სუტტ) - გამორიცხავენ.
სტიქიური უბედურებები და ზარალი
ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა, 1987 წლიდან კი 400-ს მიაღწია. ამავე პერიოდში სტიქიის მაღალი საშიშროების ზონიდან ეკომიგრანტების სტატუსით 50-ათასამდე ოჯახი გაიყვანეს, რასაც ათეულობით ისტორიული სოფლის დაცარიელება მოჰყვა.
პროცესების ფონური განვითარების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური ზარალი წელიწადში 100-150 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება.
1967-87 წლებში დასავლეთ საქართველოში წარმოიქმნა და გააქტიურდა 5 000-მდე მეწყრული ზონა, მათ არეალში მოექცა 560 ათასამდე ჰა ფართობი, სასარგებლო ფონიდან ამოვარდა 30 000 ჰა-მდე სავარგული, დაზიანდა 10 000-მდე საცხოვრებელი სახლი და ნაგებობა.
1975-76 წლებში მხოლოდ საქართველოს შავიზღვისპირეთში მეწყრებმა 900-მდე საცხოვრებელი სახლი და საზოგადობრივ-ადმინისტრაციული შენობა დაანგრია, 5 400 ჰა სავარგული კი სოფლის მეურნეობისთვის გამოუსედეგარი გახდა.
1987-89 წლების კატასტროფულმა მოვლენებმა ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მოიცვა. ზარალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 1991-92 წლების სტიქიებით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციას კი 10 მილიარდი დოლარი დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ სტიქიური პროცესების ახალი აფეთქება 2001-წლიდან დაიწყო. 2003-05 წლებში პროცესმა ექსტრემალური ხასიათი მიიღო და მეტ-ნაკლები ინტენსივობით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მთიულეთის, აჭარის, კახეთის მთიან რეგიონებში და კატასტროფული ხასიათიც მიიღო. პროცესების გააქტიურებას ადგილი ჰქონდა მესხეთისა და გურიის რეგიონებში, სამეგრელოსა და იმერეთის მთისწინეთში. გეოლოგიის საშიშროების საშუალო რისკის არეალში მოექცა შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორიებიც.
გეოლოგიური საშიშროების მაღალი რისკის არეში მოექცა 787 დასახლებული პუნქტი, შემოწმდა 11 000 მოსახლე, სხვადასხვა ხარისხით დაზიანებული აღმოჩნდა 6 432 საცხოვრებელი სახლი. ღვარცოფებით მოისილა, დაიმეწყრა, მდინარეებით გაირეცხა და დაიტბორა 12 515 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწები. საშიშროების ქვეშ აღმოჩნდა ტარსნკავკასიის გაზსადენი. მეწყრები განვითარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობმაგისტრალის ცალკეულ უბნებზე.
საქართველოს ტერიტორიაზე 2006 წლისათვის დაფიქსირებულია 53 000-მდე მეწყრული სხეული, რომელთა საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰა-ს აღემატება. მათი 70% ურბანიზებული ტერიტორიების, სასოფლო-სამეურნეო მიწების და საინჟინრო ობიექტების სივრცეშია. დაზიანებულია დიდი წყალსაცავების ნაპირების 25 და საავტომობილო გზების 30%. ამ პროცესების უშუალო საშიშროების არეალშია 3 000-მდე დასახლებული პუნქტი, დაახლოებით, 400 ათასი ოჯახით (2 მილიონამდე ადამიანი).
"ბოლო 10 წლის სტატისტიკით, სახელმწიფოს მიერ სტიქიების პრევენციაზე დახარჯული თანხა 40-ჯერ ჩამოუვარდება სტიქიისგან მიღებული ზარალის ოდენობას. რაც შეეხება რეაგირებას, ქვეყანა სტიქიების შედეგების 1%-ის აღმოფხვრას ახერხებს, 70 დაზარალებულიდან კი მხოლოდ ერთია უზრუნველყოფილი ნაწილობრივი დახმარებით.
აქვე საგულისხმოა ისიც, რომ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით თითქმის ყველაფერი წინასწარაა პროგნოზირებული, მაგრამ რეაგირება ნულია. თითქმის ყველა უწყებას თაროებზე აქვს შემოლაგებული გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნები და საქმე არ კეთდება, რაც თავისთავად, ცუდი შედეგის მომტანია", - აცხადებენ სუტტ-ში.
საფრთხე ყველგანაა
აჭარა, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სვანეთი, მთიულეთი, კახეთი, ქართლი - საქართველოს ყველა რეგიონი მეწყერსაშიშ ზონაშია და თუ პროცესების პრევენცია არ მოხდა, ცხადია, რომ უახლოეს წლებში შედეგი კატასტროფული იქნება. "სენ"-ის კვლევებით კი ეს საფრთხე უკლებლივ ყველა რეგიონს ემუქრება.
სუტტ-ის ინფორმაციით, თუ აჭარაში 2010 წლის განმავლობაში მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიანი დონის ფარგლებში იქნება, მაშინ სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქტიურების მასშტაბები საშუალო მრავალწლიანი ფონის დონეზე უნდა ვივარაუდოთ. პროცესების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიან რაოდენობას მკვეთრად გადააჭარბებს.
საშიში გეოლოგიური პროცესების აქტიურობის ციკლი, ატმოსფერული ნალექების სიჭარბესთან უშუალო კავშირშია. იგი ხასიათდება გარკვეული პერიოდულობით, როცა აღინიშნება მისი პიკური გამოვლინება, როგორც ამას ადგილი ჰქონდა 2008 წლის ბოლოს. ამავე ფაქტორის გათვალისწინებით 2010 წლისათვის საშიში გეოლოგიური პროცესების მაშსტაბების ზრდას არ უნდა ველოდოთ.
"სტიქიური მოვლენების შესარბილებლად და პრევენციისათვის პირველ რიგში უნდა ჩატარდეს დროებითი მართვითი ღონისძიებები. აუცილებელია დაზიანებული სახლებიდან მოსახლეობის გაყვანა, სახლების გადატანა გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე, ფერდობებზე ზედაპირული ნაკადების ჩამონადენის დარეგულირება, საინჟინრო ღონისძიებების ჩატარება - მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და გამაგრება, ზღვის ნაპირების გამაგრება და სხვა", - აცხადებენ სუტტ-ში.
სიტუაცია დამამშვიდებელი არც სამეგრელო-ზემო სვანეთშია. საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების პროგნოზს კი საფუძვლად უდევს რეგიონში 1998 წლიდან (არაუწყვეტად) წარმოებული მონიტორინგი - პროცესების განვითარების სტადია, დინამიკის ტემპი, არსებული გეოლოგიური საფონდო ინფორმაცია და საექსპერტო გამოცდილება. რეგიონის რამდენიმე ათეულ სოფელში.
სუტტ-ში პროცესების გააქტიურებას პროგნოზირებენ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2009 წელს რეგიონში გეოლოგიური პროცესების აქტივიზაცია ფონური ფარგლებში იყო, რაც აიხსნება ატმოსფერული ნალექების საშუალო მრავალწლიური დონით. თუმცა, აღნიშნული არ არის იმის გარანტია, რომ მომავალში არ მოხდება პროცესების გააქტიურება რის გამოც საჭიროა დროულად იქნეს მიღებული უსაფრთხოების ზომები მოსახლეობის დასაცავად.
იმ შემთხვევაში, თუ 2010 წლის განმავლობაში მოსული ატმოსფერული ნალაქების რაოდენობა საშულო მრავალწლიური დონის ფარგლებში იქნება, მაშინ სტიქიური გეოლოგიური პროცესების წამოშობა გააქტიურების მასშტაბები ნავარაუდევია საშუალო მრავალწლიური ფონის დონეზე.
ამასთან, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის პირობებში, სტიქიური გეოლოგიური პროცესების მნიშვნელოვანი გააქტიურებაა მოსალოდნელი კახეთშიც. საფრთხე რეგიონის 50-ზე მეტ სოფელს ემუქრება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტიქიამ კახეთს 15 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა. როგორც სუტტ-ში განმარტავენ, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სერიოზული ღონისძიებები, რომელიც შემოდგომაზე მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში სტიქიის პრევენციას მოახდენდა, ფაქტობრივად, არ გატარებულა.
ამის მიზეზად მუნიციპალიტეტის გამგებლები ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი ფინანსური რესურსების უქონლობას ასახელებენ. მათივე თქმით, სტიქიური უბედურებების პრევენციისთვის საკმარის თანხებს არც ცენტრალური ბიუჯეტი გამოყოფს.
სუტტ-ში აცხადებენ, რომ აუცილებელია მთლიანად კახეთის რეგიონი იმყოფებოდეს მუდმივი გეომონიტორინგის ქვეშ. 2010 წლისათვის დაკვირვების ქვეშ იმყოფება 60 დასახლებული პუნქტი და 410 საცხოვრებელი სახლი. რეგიონში გეომონიტორინგის წარმოება აუცილებელია არა მარტო მაღალი საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულ ურბანიზებულ ტერიტორიებზე, არამედ იმ მდინარეთა ხეობების აუზების ზემო წელში, სადაც მიმდინარეობს ღვარცოფული კერების ფორმირება. ყვარელში, დურუჯის ხეობაში, ეკოლოგიური კატასტროფაა მოსალოდნელი.
ამასთან, რთული მდგომარეობა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც, რასაც ხელს მისი გეოგრაფიული მდგომარეობაც უწყობს. სუტტ-ში სტიქიური უბედურებების გააქტიურებას არც ამ რეგიონში გამორიცხავენ. პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია, როგორც თეთრი ასევე შავი არაგვის ხეობების პრაქტიკულად ყველა სოფელში, ფშავისა და ხევსურეთის არაგვის, მდ. გუდანისჭალის ხეობების სოფლებში. ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ღვარცოფული პროცესები, რომლებიც ფართო გავრცელებით სარგებლობენ მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
შესაბამისად, ღვარცოფული ნაკადები საშიშროებას უქმნიან, როგორც დასახლებულ პუნქტებს, ასევე სამხედრო გზას და შიდა სასოფლო გზებს, განსაკუთრებით კი მაგისტრალურ გაზსადენებს (ყურო, დევდორაკი-ამალი, ქაბარჯინა, ბიდარა და სხვა) მეწყრული პროცესები შეზღუდული გავრცელებით ხასიათდებიან.
მოკლედ, როგორც აქედან ჩანს, საქმე მთლად კარგად არ გვაქვს და თუ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა, გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანაში ეკომიგრანტების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირების საერთო რაოდენობას გაუტოლდეს.
http://resonancedaily.com/index.php/index....=2&id_artc=34222002 წლის სტატია
კვირის პალიტრა
2002-10-07
ჩრდილოეთ ოსეთში დატრიალებული ტრაგედია საქართველოშიც შეიძლება განმეორდეს?! კავკასიის მყინვარებს სრული გაქრობა ემუქრება
ჩრდილო ოსეთში, კერძოდ კი კარმადონის ხეობაში, ჩამოზვავებულ მყინვარს, რომელმაც შეაგუბა მდინარეები, საშინელი ღვარცოფი მოჰყვა. ტალახიან-ყინულიანმა ნაკადმა, რომლის მასა, სავარაუდოდ, 20 მლნ ტონაზე მეტი იყო, მიწასთან გაასწორა და ცოცხლად დამარხა ქვემო კარმადონის საკურორტო დასახლება, დღევანდელი მონაცემებით, 119 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
- ის საშინელება, რაც ჩრდილოეთ ოსეთში მოხდა, მყინვარების ინტენსიური დნობის შედეგია, - გვითხრა საქართველოს გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ზურაბ ტატაშიძემ, - და ადვილი შესაძლებელია, კავკასიის მთიანეთის სამხრეთ ფერდობებზე ანუ საქართველოში განმეორდეს. არავის შეშინებას არ ვაპირებ, მაგრამ ცხადია, რომ ამჟამად საქართველოს კავკასიის მყინვარები სწრაფი ტემპით განაგრძობენ დნობას. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ბოლო ხანს საქართველოში გახშირებული შიდა დინამიკური პროცესების უჩვეულო გააქტიურების კვალდაკვალ, როგორიცაა მიწისძვრები, დიდი საფრთხე ემუქრება ჩვენს სამშობლოს. ათიოდე წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე ათი ათასი მეწყრული სხეული იყო, ამჟამად ასეთი დასამეწყრი ადგილების რაოდენობამ 70 ათასს მიაღწია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართველი მეცნიერები ვამტკიცებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 7 მლნ ჰა და სამასზე მეტი დასახლებული პუნქტი ბუნების კატასტროფული მოვლენების მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდა. ყოველ წელიწადს მყინვარი შეიძლება რამდენიმე ასეული მეტრიდან რამდენიმე ათეულ კმ-მდე გაიზარდოს ან შემცირდეს. ის, შეიძლება ითქვას, ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მუდმივი დაკვირვება და კონტროლი სჭირდება, რათა თავიდან ავიშოროთ ტრაგედია. უფრო მეტიც, მყინვარების ინტენსიური დნობა საფუძველს მაძლევს, ვივარაუდო, რომ კავკასიის მყინვარებს გლობალური დათბობის პირობებში, რაც ამჟამად მიმდინარეობს, სრული გაქრობა ემუქრება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს უამრავი მდინარე მყინვარებიდან იღებს სათავეს და საზრდოობს, მაშინ ბევრ მათგანსაც იგივე ელის, რაც მყინვარებს.
- მყინვარების ინტენსიური დნობის დროს წესით, მდინარეების დონემ უნდა მოიმატოს...
- ასეც გახლავთ. დააკვირდით, მაგალითად, მდინარე ენგურის ზაფხულისა და შემოდგომის ჩამონადენს. აშკარად თვალში საცემია მისი მოცულობის ზრდა. ამას ენგურის კაშხლის მაჩვენებელიც დაგიდასტურებთ. ასეთივე მდგომარეობაა რიონზეც და იმ მდინარეებზეც, რომლებიც სათავეს კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე იღებენ.
- დავუშვათ, სახელმწიფომ დააფინანსა მყინვართა გამოკვლევა. რას მოგვცემს ეს - ექსპედიციის წევრები ხომ ვერ შეაჩერებენ მყინვარის დნობას?
- რა თქმა უნდა, ვერა, მაგრამ ხელთ გვექნება უტყუარი პროგნოზი, რომელი მყინვარის მოწყვეტაა სავარაუდო, რათა რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მივიღოთ და თავიდან ავიცილოთ ადამიანთა მსხვერპლი. ეს კი არც ისე ცოტაა.
შეიძლება მოვაწყოთ ხელოვნური და ბუნებრივი ჯებირები და ზვავს და ღვარცოფს გზა ზღვისკენ მივცეთ. კიდევ ვიმეორებ, არავის არ ვაშინებ, მაგრამ საფრთხე რეალურია და სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. კარმადონის ხეობაში მომხდარი ტრაგედია საქართველოსთვის გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს.
შეშფოთებულებმა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურს მივაკითხეთ, სადაც დაახლოებით იგივე გვითხრეს. გვესაუბრება ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბერაძე:
- დღე არ გავა, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად არ იფეთქოს სხვადასხვა სტიქიურმა უბედურებამ. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წინასწარი პროგნოზის გაკეთება ჩვენისთანა ქვეყნებში ჭირს, კიდევ უფრო ძნელია, პროგნოზის არსებობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება. გლობალური დათბობის გამო, მსოფლიო კატასტროფის წინაშეა და თუ უახლოეს მომავალში ეს პროცესი არ შეჩერდა, დედამიწაზე ყველაფერი შეიცვლება და შეიცვლება უარესობისკენ.
- ბევრს საუბრობენ გლობალურ დათბობაზე, მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს, რა პროცესთან გვაქვს საქმე და რამდენად გვეხება იგი ჩვენ?
- გლობალური დათბობა ნიშნავს იმას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურამ საშუალოდ 1 გრადუსით მოიმატა. ეს ძალიან ბევრია. საწარმოებიდან გამოტყორცნილმა ემისიებმა და ტრანსპორტის გამონაბოლქვმა დედამიწის გარშემო შექმნა აფსკი. მზიდან წამოსულ ენერგიას ეს აფსკი ატარებს, მაგრამ დედამიწიდან არეკლილი ენერგიის ნაწილი უკან ვეღარ გადის. ხდება სითბოს აკუმულირება დედამიწაზე და სწორედ ეს სითბო არის იმ გვალვების, წყალდიდობების, ვულკანების, ქარბორბალებისა და წვიმების გამომწვევი, რომელიც კაცობრიობას ყოველწლიურად 600 მილიარდი დოლარის ზარალს აყენებს. ახლახან გამოქვეყნდა უაღრესად ავტორიტეტული, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა კომიტეტის დასკვნა, რომლის თანახმადაც კლიმატური ცვლილებების პროცესი შემდგომ წლებში უფრო ინტენსიური გახდება. ტემპერატურა ჯერ 1 გრადუსიდან 3 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ 6 გრადუსამდე, 50 წლის შემდეგ კი - 7 გრადუსამდე, თუ რა თქმა უნდა, მსოფლიო და რაც მთავარია, განვითარებული ქვეყნები უარს არ იტყვიან მრეწველობის განვითარებისა და ნავთობის გადამუშავების ასეთ ტემპებზე. თუ არ გამოვდევნით ნახშირბადის შემცველ საწვავს, რომელიც გარემოს აბინძურებს და დედამიწას კატასტროფის წინაშე აყენებს, დაიწყება პოლუსების ირგვლივ ყინულის დნობა, აგრეთვე მყინვარების დნობაც, კატასტროფულად მოიმატებს წყლის დონე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს შეუქმნის ზღვისპირა და ოკეანისპირა ქვეყნებს. კუნძულოვანი ქვეყნები შეიძლება საერთოდ ჩაიძირონ. ეს პროცესები უკვე დაწყებულია და თავის სავალალო შედეგებს 50 წლის შემდეგ გამოიღებს. საქართველოში 5 გრადუსით რომ მოიმატოს ტემპერატურამ, ტროპიკულ ქვეყნად ვიქცევით. გარეგნობითაც შევიცვლებით და ისეთი შესახედავები ვიქნებით, როგორებიც არიან ტროპიკული ქვეყნების მცხოვრებნი. დადგენილია, რომ ის ზარალი, რაც სტიქიურმა უბედურებებმა მოუტანა დღევანდელ მსოფლიოს, უკვე დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ მეხუთე ადამიანს ეხება.
- გვაქვს თუ არა ტექნიკური შესაძლებლობა დაკვირვების საწარმოებლად და წინასწარი პროგნოზის მისაღებად. რამდენად სარწმუნოა ჩვენი მეტეოროლოგიური სადგურების მიერ გაცემული ინფორმაცია?
- ამჟამად საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის შემადგენლობაში ფუნქციონირებს 25 მეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო. ამას ემატება თბილისის აეროპორტში მოქმედი მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი. სტიქიურ უბედურებათა 80% ჰიდრომეტეოროლოგიური ხასიათისაა. ჩვენი დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია კი ის არის, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დროულად გააკეთოს ინფორმაცია, რათა მოესწროს შესაბამისი რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი დონის პროფესიული კადრი გვყავს, ჩვენს ფუნქციას, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვასრულებთ. არა მარტო წინასწარი დეტალიზებული პროგნოზების, ზოგჯერ არსებული მდგომარეობის შესახებაც ვერ ვფლობთ ინფორმაციას. ეს ყველაფერი იმ მწირი დაფინანსების შედეგია, რაც ჩვენს დეპარტამენტზე და მთლიანად სისტემაზე მოდის.
- როგორია მომავლის პროგნოზი, რა მოხდება საქართველოში?
- არსებული მონაცემების მიხედვით, მომავალ 50 წელიწადში ამიერკავკასიაში, კერძოდ, საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის საშუალო ტემპერატურის მატება 2-დან 3,5 გრადუსით. ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ტყეთა ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. იქ, სადაც ტემპერატურის მატება და ნალექების კლებაა ნავარაუდევი, მოიმატებს გვალვის სიხშირე და ხანგრძლივობა, ამის შედეგად შემცირდება ტყეების არეალი, გაღარიბდება დენდროფლორა, გაიზრდება შედარებით გვალვაგამძლე მცენარეების ხვედრითი წილი. რაც შეეხება წყლის რესურსებს: კლიმატის მოსალოდნელი ცვლილება გაამძაფრებს საშიშ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებს. გაიზრდება გვალვების, წყალმოვარდნების სიხშირე, გახშირებული გვალვების გამო, ადგილი ექნება წყლის დეფიციტს. ჩვენი პროგნოზით, შეიცვლება კავკასიონის მაღალმთიანეთიც: მოხდება თოვლის საფრის რედუქცია (დნობა) და ქვედა სარტყელში მოსალოდნელია წყლის სიუხვე; მყინვარები უკან დაიხევს. თოვლის მასა გალღვება; ტბებსა და მთის ხეობებში მოსალოდნელია წყლის ჩამონადენის საერთო მარაგის მატება.
ქალაქ ფოთს შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ზღვის დონის აწევამ რიონის არხის მხრიდანაც. რიონის არხში წყალგამტარობა 300 კუბ.მ/წმ-მდე შემცირდა, შტორმული მოდელის მაღალი ტალღის შემოჭრისა და მდინარის შეგუბების გამო, წყლის დონე 1,5 მ-ით აიწევს, რაც არხისპირა უბნებს დატბორვით ემუქრება. ფოთში ზღვამ წინ წამოიწია და 600 ჰა პლაჟი ჩაირეცხა. ამ უბანზე ზღვა ხმელეთის სიღრმეში 50-70 მ-ით შეიჭრა და 2030-2050 წლებში მოსალოდნელია კიდევ დიდი მანძილით შემოიწიოს.
ყოველივე ეს, რაც შეიძლება არასასიამოვნო წასაკითხი იყოს თქვენი მკითხველისთვის, თავიდან იქნება არიდებული, თუკი მსოფლიო ყურად იღებს მეცნიერთა რჩევებს და დედამიწაზე სიცოცხლის გადასარჩენად ყველა ქვეყანა ერთნაირად იზრუნებს.
მარტო საქართველომ ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერაფერს გახდება. ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებითაც გაგრძელდება, რაც პირველ რიგში ტექნიკური პროგრესით განისაზღვრება და რა თქმა უნდა, ჩვენ (საზოგადოება) თუ დედამიწის შენარჩუნება გვინდა, ყველამ ერთად უნდა გამოვნახოთ საშუალება ამ ყოველივეს თავიდან ასაცილებლად.
http://webcache.googleusercontent.com/sear...lient=firefox-a