ყალბი პირადობებით მოგებული არჩევნები
ჟურნალისტური გამოძიება
2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩვენებსა და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არსებობდა. თუმცა, მათი გამოყენების სქემა - წინასწარ დამზადებული ყალბი პირადობები, ამ ნომრების შეყვანა ცესკო-ს სიებში, სხვადასხვა რაიონიდან მოქალაქეთა ჩამოყვანა(რათა მორიდებისა და, ამასთან, მათი ამოცნობის მომენტი გამორიცხულიყო), რომლებიც თანახმანი, ან იძულებულნი იყვნენ დავალება შეესრულებინათ და მსგავსი პირადობებით უბნებზე ხმა მიეცათ, იმდენად დახვეწილი იყო, რომ გასულ არჩევნებზე მისი „გამოჭერა“, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.
ფოთის შემთხვევაში წყარო 3 ათასი ყალბი პირადობის მოწმობის არსებობის შესახებ გვაუწყებდა. ერთ-ერთი რაიონიდან ჩამოყვანილი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი კი პირად საუბარში გვიყვებოდა, თუ როგორ დაჰყავდა არჩევნების დღეს უბნიდან უბანზე უცხო პირები და როგორ ხედავდა, თუ როგორ ურიგებდნენ პირადობის მოწმობებს მის მგზავრებს.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ ერთადერთი ფაქტი გახმაურდა - ბათუმში ერთ-ერთი ორგანიზაციის, „თავისუფალი განვითარებისა და უფლებათა დაცვის ასოციაციის“ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ყალბი პირადობით საარჩევნო უბანში გამოცხადებული ამომრჩეველი დააფიქსირა. თუმცა, შემჩნევისთანავე ეს უკანასკნელი გაიქცა: „უბანზე მოსულმა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა შემთხვევით გაიგონა მისი გვარი (ეროვნებით მოლდოველი იყო და უცხო გვარი ჰქონდა), რითაც წარუდგა რეგისტრატორს აღნიშნული პიროვნება. ის მაშინვე მივიდა ამ ამომრჩევლთან და ვინაობა ჰკითხა და როცა მისი სახელი და გვარი გაიგო, აღშფოთებულმა რუსულად მიმართა მოქალაქეს: „შენ ჩემი შვილი არ ხარ... ის ახლა გემზეა უცხოეთში, მე მას ამ დილით ველაპარაკე ტელეფონით“, რის შემდეგაც ხალხს მიმართა: „დამეხმარეთ, ეს არაა ჩემი შვილი და მის ნაცვლად აქვს პირადობის მოწმობაო“. თუმცა, საუბნო კომისიის თავმჯდომარის ხელშეწყობით, სხვისი მონაცემებით გამოცხადებულ მოქალაქეს პირადობის მოწმობა დაუბრუნეს, რომელშიც საკუთარი სურათი ჰქონდა ჩაკრული, ხოლო პირადი ნომერი და სხვა მონაცემები აღნიშნული ამომრჩევლის შვილის იყო, რის შემდეგაც ის უბნიდან გაიქცა და მიიმალა,”-იხსენებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ემზარ პაქსაძე მისი წარმომადგენლის მონათხრობს. ორგანიზაციამ აღნიშნული ფაქტის გამო, საჩივრით პროკურატურას მიმართა, მაგრამ სათანადო მტკიცებულების, ანუ ვიზუალური მასალის არარსებობის გამო, ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
ყალბი პირადობები, როგორც წარმატებული მეთოდი, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც გამოჩნდა
2010 წელი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ქ. ფოთი, 70-ე ოლქის №1 უბანი
ერთი შეხედვით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დღის 12 საათისთვის უბანზე მოსულ ამომრჩეველს, საკუთარი პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ, რეგისტრატორი მიმოზა ყურაშვილი (ამავე საუბნო კომისიის თავმჯდომარის, გოჩა გიორგაძის სიდედრი) რეგისტრაციაში უპრობლემოდ ატარებს და თითქოს საეჭვოც არაფერია. პირადობის მოწმობაში მითითებულია პირადი ნომერი და პირის მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემები, რომელიც დადასტურებულია სამოქალაქო რეეესტრის ფოთის სამსახურის მაშინდელი უფროსის ბეჭდითა და ხელმოწერით. რეგისტრატორი მშვიდად ეძებს სიაში მის გრაფას, თუმცა, აღმოჩნდება, რომ ამომრჩევლის ნაცვლად, ხელმოწერა უკვე გაკეთებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ამომრჩეველი უკვე ნამყოფია უბანზე, ან მის გრაფაში ვიღაცამ ხელი შეცდომით მოაწერა. რეგისტრატორი მას სიით შემდეგი ამომრჩევლის - ეკატერინე ჩარგაზიას გრაფაში ხელმოწერას სთავაზობს და საკუთარ ქმედებას ასე ხსნის: „ეკატერინე ჩარგაზიას შეეშალა, როგორც ჩანს, და ხელი სხვის გრაფაში მოაწერა“, თუმცა, მას ჩანაწერთა წიგნში წერილობითი განმარტების გაკეთება არც უცდია.
უბნის თავმჯდომარეს, გოჩა გიორგაძეს და მდივანს, ლალი ფაილოძეს მცირეოდენი აღელვება ეტყობათ. ისინი სიტუაციის განეიტრალებას ცდილობენ და ამომრჩევლის მაგივრად პასუხობენ, რომელსაც მის გრაფაში არსებული ხელმოწერის შესახებ არანაირი კითხვა არ უჩნდება. ის სწრაფად აწერს ხელს რეგისტრატორის მიერ მითითებულ მომდევნო გრაფაში, იღებს ბიულეტენს, აძლევს ხმას და გადის. ამ დაბნეულობის ფონზე, დამკვირვებელი პირადობის მოწმობის ფოტოების გადაღებას ახერხებს.
ზაზა ჩარგაზიას ყალბი პირადობის მოწმობა; ფოტოზე: ხმის მისაცემად ყალბი პირადობით მოსული ამომრჩეველი, რომლის ვინაობაც, ამ ეტაპზე, უცნობია
ამის შემდეგ, „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ დამკვირვებელი, საოლქოსა და საუბნოს თავმჯდომარეების უდიდესი ზეწოლის, მუქარისა და შერაცხყოფების თანხლებით წერს საჩივარს, რის შემდეგაც არკვევს, რომ პირადობაზე მითითებულ მისამართზე: ფოთი, კოსტავას 14/36 პირადობის მოწმობის მფლობელი მოქალაქე ზაზა ჩარგაზია უკვე 3 წელია იქ აღარ ცხოვრობს. ხოლო ახალ მისამართზე მცხოვრები ზაზა ჩარგაზია სრულიად სხვა პიროვნებაა, რომლის პირადობაში მითითებული მონაცემები სრულად ემთხვევა უბანზე ხმის მისაცემად მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, თუმცა, უბანზე გამოცხადებული ამომრჩეველი და რეალური ზაზა ჩარგაზია სხვადასხვა მოქალაქეა.
ჩვენთან საუბარში ზაზა ჩარგაზიამ განაცხადა, რომ დღის 12 საათამდე მართლაც იყო საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად და ხელი მოაწერა გრაფაში, საკუთარი გვარის გასწვრივ, ხოლო მისი და, ეკატერინე ჩარგაზია, იმ დღეს თბილისში გაემგზავრა და ხმა არ მიუცია, რაც რეგისტრატორის კატეგორიულ მტკიცებას, ეკატერინე ჩარგაზიას მიერ დაშვებულ შეცდომას - სხვის გრაფაში ხელმოწერის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავს. ზაზა ჩარგაზიას დედა იხსენებს არჩევნების დღეს, შუადღისას, მათთან სახლში მისულ გოგა მიქაძესაც (#1 უბანზე ნაციონალების დამკვირვებელი, რომელსაც ამის დამადასტურებელი სამკერდე მოწმობაც ჰქონდა), რომელმაც ზაზა იკითხა. ხოლო თავად ზაზა ჩარგაზიას თქმით, მიქაძემ მას ქალაქგარეთ მანქანით მიმავალს დაურეკა და ჰკითხა, იმყოფებოდა თუ არა არჩევნებზე. თუ რაში დასჭირდა არჩევნების დღეს ჩარგაზიასთან მისვლა, ან დარეკვა და რის გარკვევას ცდილობდა, თავად მიქაძემ ვერ გაიხსენა. უფრო მეტიც, მან ჩვენთან საუბარში ისიც კი ვერ გაიხსენა არჩევნების დღეს, თუ რომელი პარტიიდან იყო უბანზე დამკვირვებლად.
თავად ჩარგაზია გაოცებას და ამასთან, აღშფოთებას ვერ მალავდა, როცა გაიგო, რომ მისი ხმის გამოყენება ხელმეორედ ვიღაცამ შეძლო. მისი პირადობის მოწმობის თითქმის ზუსტი ასლი (განსხვავება მხოლოდ ფოტოსა და გაცემის თარიღშია), რომელიც გააჩნდა უბანზე მოსულ ამომრჩეველს, გაცემული იყო 10.11.2008-ში, როცა სამოქალაქო რეესტრის ფოთის სამსახურის უფროსად უჩა ჯგუბურია მუშაობდა, ხოლო რეალური მოწმობა გაცემულია 09.06.2004-ში.
რეალური ზაზა ჩარგაზიას პირადობის მოწმობა
ქ. ფოთი, 70-ე საარჩევნო ოლქის №4 უბანი
დაახლოებით დღის 1 საათისათვის, #4 უბანზე მყოფი დამკვირვებლის ყურადღება ერთსა და იმავე რიცხვით - 10.11. 2008-ით დათარიღებულმა პირადობის ოთხმა ახალთახალმა მოწმობამ მიიქცია. უბანზე გამოცხადებულმა ოთხმა ამომრჩეველმა: გიორგი ბერაიამ (მოწმობაში მითითებული მისამართი: ფოთი, ინგოროყვას 7), ნოდარ აბხაზავამ (მის: ფოთი, კალანდარიშვილის 18), ლაშა ადამიამ (მის: ფოთი, მაკალათიას 35) და გოჩა ალანიამ (მის: ფოთი, ინგოროყვას 63) ხმა #4 უბანზე მისცეს.
„თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ დამკვირვებელმა ერთ-ერთი ამომრჩევლის, გიორგი ბერაიას პირადობის მოწმობისთვის ფოტოს გადაღება შეძლო, ხოლო დანარჩენი სამის პირადობების დაფიქსირება ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მათ ყველა პროცედურის გავლა, რეგისტრატორების დახმარებით, საკმაოდ სწრაფად მოახერხეს. თუმცა, სარეგისტრაციო მაგიდასთან მდგომი აღნიშნული სამი მოქალაქის ფოტოზე აღბეჭდვა დამკვირვებელმა მაინც მოახერხა. ფოტოს გადაღებისას მათ აღელვება დაეტყოთ, თავი დახარეს და სახეების დამალვას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სწრაფად გაიარეს ყველა პროცედურა, გააკეთეს არჩევანი და სწრაფადვე დატოვეს უბანი.
მოქალაქე გიორგი ბერაიას პირადობის მოწმობის ფოტოზე (პირადი #42001008495) თანამდებობის პირის ხელმოწერა ისეთივე საეჭვოა, როგორც ზაზა ჩარგაზიას პირადობაზე აღნიშნული ხელმოწერა და ვიზუალურად არ ემთხვევა რეესტრის მაშინდელი უფროსის, უჩა ჯგუბურიას, ნამდვილ ხელმოწერას.
უბანზე ხმის მისაცემად მოსული გიორგი ბერაიას ყალბი პირადობის მოწმობა; ფოტოზე: მოქალაქე, რომელმაც სხვის ნავლად, ყალბი პირადობის გამოყენებით მისცა ხმა
მოწმობის მეორე მხარე
გიორგი ბერაიას პირადობაზე მითითებულ მისამართზე, მოქალაქე თინათინ ბერაია ოჯახთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც განგვიცხადა, რომ მის ოჯახში გიორგი ბერაია არ ცხოვრობს და არც არასოდეს უცხოვრია. სწორედ ამის გამო, აღნიშნული მოქალაქის პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ბერაია გიორგი 06.06.1983 პ. ინგორყვას ქ.(ყოფ. შაუმიანის) # 7
70.04 აკაკის #44,I საჯარო სკოლა ( სარეგისტრაციო სიიდან, ცესკო-ს ვებ-გვერდი)
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანს, გიზო მჭედლიძეს მივმართეთ კითხვით, თუ როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ცესკოს სიაში არარსებული მოქალაქე? „იყვნენ თუ არა სიაში არარსებული პიროვნებები, ამის მტკიცება ძნელია. ზოგადად, მოქალაქეების რეგისტრაციის საკითხი სამოქალაქო რეესტრის პრეროგატივაა. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პიროვნება არ ცხოვრობდეს ამ მისამართზე, როგორც თქვენ მიერ დასახელებული გიორგი ბერაია. ამიტომ ინგოროყვას №7-ში მცხოვრებმა ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სამოქალაქო რეესტრის ფოთის სააგენტოს და მოითხოვოს ამ ადამიანისთვის რეგისტრაციის გაუქმება,“-განგვიცხადა მჭედლიძემ, რომელიც ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში თავად დაგვიკავშირდა და მოქალაქე გიორგი ბერაიასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა. მისი განცხადებით, გიორგი ბერაია რეალური პიროვნებაა, მან მ/წ 25 აგვისტოს რეგისტრაცია გაიარა ინგოროყვას №7-ში, მ/წ 14 სექტემბერს კი, ხელახალი რეგისტრაცია ახალ მისამართზე: ოსტროვსკის ჩიხი №9.
ამ ინფორმაციამ არ დაადასტურა ვერსია, რომ გიორგი ბერაია არარსებული პიროვნებაა, თუმცა, მისი გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მიუხედავად იმისა, უბანზე მისული მამაკაცის მოწმობისა და ოსტროვსკის ჩიხის #9-ში მცხოვრები რეალური გიორგი ბერაიას მოწმობის მონაცემები ნაწილობრივ ემთხვევა (პირადი ნომერი, მისამართი, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი. განსხვავება, რეგისტრაციისა და გაცემის თარიღებსა და ფოტოებშია), 30 მაისს, №4 უბანზე ხმის მიმცემი მამაკაცი და აღნიშნულ მისამართზე რეალურად მცხოვრები პიროვნება ერთი და იგივე არ არის.
რეალური გიორგი ბერაიას პირადობის მოწმობა
ბერაიების ოჯახში მისვლისას გავარკვიეთ, რომ გიორგის სკოლის დამთავრებისას, პირადობის მოწმობის აღების დროს, სამოქალაქო რეესტრის ფოთის სააგენტომ მიმდინარე მისამართის - ბოდრელის ქუჩის ნაცვლად, ინგოროყვას ქუჩა ჩაუწერა, სადაც მათი ბიძაშვილები ცხოვრობენ. მოგვიანებით, ოჯახმა სახლი გაყიდა და ამჟამინდელ მისამართზე გადავიდა. 2008 წელს კი მოწმობას ვადა გაუვიდა. მიმდინარე წლის აგვისტოში, მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, ახალი მოწმობის აღებისას ბერაიამ განცხადებით მიმართა სამოქალაქო რეესტრს და ნამდვილი მისამართის ჩაწერა სთხოვა. სააგენტომ მისამართი ისევ შეცდომით ჩაუწერა. გიორგი ბერაია იძულებული გახდა, მოწმობაში რეალური მისამართის ჩაწერა წერილობით კიდევ ერთხელ ეთხოვა სააგენტოსთვის.
ხოლო, რაც შეეხება არჩევნებს, ბერაიების ოჯახი ხმას #9 უბანზე აძლევს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი გიორგი ბერაია არჩევნებზე არ წასულა, რადგან მას პირადობის ვადაგასული მოწმობა ჰქონდა, თანაც, გარკვეული მოსაზრებებით, არჩევნებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია.
https://www.google.ge/url?sa=t&source=web&r...6NXETzpQf4w5RwA This post has been edited by maxvili on 20 May 2014, 18:59