მაგ ვიდეოში რომ არის ნახსენები 2:17-დან ვარძიის მსგავსი ქალაქის აღმოჩენის შესახებ, მაგაზე ჟურნალ "ისტორიანშიც" ეწერა 2012 წლის ივლისში.
ვარძიის მსგავსი ქალაქი ტაო-კლარჯეთში

ქართველ ისტორიკოსთა ჯგუფმა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსს მიაკვლია. ვარძიის ტიპის ნაქალაქარი ერუშეთში, მდინარე ერუშეთის წყლის პირას მდებარეობს. მას ნაქალაქიოს (ნაქალაქარის) სახელით იცნობენ. კლდეში ნაკვეთი კომპლექსი შვიდსართულიანია. ქვაბების ნაწილი საკმაოდ კარგად არის შემონახული. ასევე შემორჩენილია მთავარი ტაძრისა და მისი საკურთხევლის ნაშთები.
გამოქვაბულების, დარბაზებისა და მათთან დამაკავშირებელი გვირაბების ნაწილი საკმაოდ კარგად არის შემორჩენილი. წინასწარი მონაცემებით სამონასტრო კომპლექსი VIII-X საუკუნეებს განეკუთვნება, თუმცა ეს საკითხი ჯერ გულდასმით შესწავლას საჭიროებს.

(კომპლექსის მთავარი ტაძარი)
ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი, ნინო ბაგრატიონი "ისტორიანთან" საუბრისას ამბობს, რომ ტაო-კლარჯეთში მაისში გაემგზავრნენ. ექსპედიციას რუსთაველის ფონდი აფინანსებს, პროექტის მიზანია საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების საინფორმაციო ბაზის შექმნა.
პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძე. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მკვლევრები პარმენ მარგველაშვილი, ნინო და გიორგი ბაგრატიონები, გია შერვაშიძე, მარიამ მარგველაშვილი და მძღოლი გიორგი ნოზაძე.
ნინო ბაგრატიონი: "პროექტის მონაწილეებს ჯერ სულ ორი გასვლა გვქონდა. პირველი ლორეში, მეორე - თურქეთში. კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსსა და ნაქალაქარს თურქეთში გამგზავრებიდან პირველივე დღეს, 13 მაისს მივაკვლიეთ. უზარმაზარი კომპლექსია, 150-200 მეტრია სიგრძით და შვიდსართულიანია, რაც ადგილობრივებმაც დაგვიდასტურეს.
ის ჯერ შეუსწავლელია. უნდა გითხრათ, რომ გამგზავრებამდე, ინტერნეტრუკებით ამ ტერიტორიაზე რამდენიმე გამოქვაბული შევნიშნეთ და გვქონდა ეჭვი, რომ იქ შეიძლება რამე ყოფილიყო. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი და ნაქალაქარი ორტაკენტიდან, ანუ ნაქალაქევიდან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში მდებარეობს. ორტაკენტში ადრეც ვყოფილვართ, სახელწოდებიდან გამომდინარეც გვქონდა ეჭვი, რომ აქ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი ძეგლი ყოფილიყო.
ვახუშტი ბატონიშვილსაც აქვს "აღწერაი სამეფოსა საქართველოისაში", რომ ერუშეთის წყლის პირას არის ნაქალაქევი. თუმცა წინა ექსპედიციებისას მისი აღმოჩენა ვერ მოხერხდა. წინასწარი მონაცემებით, კომპლექსი VIII-X საუკუნეებისაა. ქვაბებთან ერთად შემორჩენილია დიდი ეკლესია, სადაც ფრესკების ფრაგმენტებიც შეიძლება იყოს შემონახული. ყოველ შემთხვევაში, კედლის შელესილობა მოწმობს, რომ ის მოხატული უნდა ყოფილიყო. თუმცა კედლები შემჭვარტლული და ამოჩხაპნილია.
ექსპედიციის მიერ მიკვლეული ძეგლი, რომელიც ნაქალაქარისა და სამონასტრო კომპლექსისგან შედგება, აშკარად ქართულია. ტერიტორია, სადაც ნაქალაქარი მდებარეობს, იმ პერიოდში, როდესაც კომპლექსი გამოიკვეთა, ქართული სახელმწიფოს ნაწილი იყო.
ამას გარდა, ის ფაქტობრივად მტკვრის კანიონის - ვანის ქვაბების, ვაშლობისა და ვარძიის გაგრძელებას წარმოადგენს. ერუშეთის წყალი მტკვარს ახალმიკვლეული კომპლექსიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში უერთდება. ნინო ბაგრატიონი აღნიშნავს, რომ ნაქალაქარის წყობა წააგავს ვარძიისას, თუმცა წინასწარი ვარაუდით, გაცილებით ძველია, ვიდრე ვარძია.
ამ თემაზე კამათი ისტორიკოსთა წრეებში უკვე დაიწყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპლექსი გაცილებით ადრინდელ ფენებსაც შეიცავს და შესაძლოა ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ფარნავაზ მეფემ სძლია აზონს.
ნაქალაქოის მთავარი ტაძრის საკურთხეველი

ადგილი მონიშნულია რუკაზე
This post has been edited by Geronti on 24 May 2014, 20:33