დაწვირილებითი ინფორმაცია წერია ვიკიპედიაზე, თავისუფალ ენციკლოპედიაში
აქაც იდოს წაიკითხავს ხალხი
ლევან მარუაშვილითავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან

ლევან იოსების ძე მარუაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1912, ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი — გ. 5 დეკემბერი, 1992, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1965), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985). ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: ორნაწილიანი „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (1969-1970), სამნაწილიანი „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ (1975-1986), „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“ (1973) და სხვ. 1971 წელს გამოქვეყნდა კოლექტიური ნაშრომი „საქართველოს გეომორფოლოგია“ (რუსულ ენაზე), რომლის მთავარი ავტორი იყო მარუაშვილი.
XX საუკუნის ბუნების ერთ-ერთი თვალსაჩინო მკვლევარი. საინტერესოა, რომ მარუაშვილი, როგორც ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალისტი მეცნიერების გარდა ინტერესს იჩენდა ლიტერატურის მიმართ; ადრეულ ასაკში მარუაშვილი წერდა ლექსებს, რომანებს, მოთხრობებს, პიესებს, რომლებსაც ხშირად დაუმთავრებელი ხასიათი ჰქონდა. მის მიერ არის დაწერილი რომანი „სპელეოლოგიური ტრაგედია“, რომელიც გამოუქვეყნებელი დარჩა. მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა რუსთველოლოგიაში, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს.
ვიკიციტატა
„ჩემი მთავარი ბედნიერება იმაში იყო, რომ მე მივაგენი ჩემს სარბიელს და ყოველთვის ვემსახურებოდი ჩემთვის საყვარელ საქმეს - კვლევას და წერას, წერას და კვლევას.“
ბიოგრაფია[რედაქტირება]
ლევან მარუაშვილი დაიბადა საგზაო ინჟინრის ოჯახში. მისი წინაპრები ორივე მხრიდან გლეხები იყვნენ, მამის მამა დურგალი იყო, დედის მამა კი ზეინკალი. ორივე იმერეთის მკვიდრი იყო, — პირველი ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თავასიდან, მეორე კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშიდან. ლევან მარუაშვილის მამის დედა ეფროსინე სოფელ თერჯოლიდან იყო, — ტოფაძეს ასული, დედის დედა მარიამი კი თბილისიდან — ილურიძის ასული. მარუაშვილი იმერული გვარია. შტო, რომელსაც ლევან მარუაშვილი ეკუთვნის არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი თავასა. ორი წლისაც არ იყო მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო. იოსებ მარუაშვილი ოჯახთან ერთად 1914 წელს საქართველოში დაბრუნდა. თბილისში დაბრუნებულ მარუაშვილების ოჯახს შეეძინა კიდევ ერთი შვილი, — თინათინი. 1919 წელს იგი თბილისის მე-2 შრომის სკოლაში შევიდა. 1926-1930 წლებში თბილისის ჰიდროტექნიკუმში სწავლის პარალელურად მონაწილეობდა ზემო სვანეთის საველე-საექსპედიციო რაზმში. 1930 წელს დაამთავრა ტექნიკუმი ჰიდროტექნიკოსის დიპლომით. 1932-1933 წლებში მარუაშვილი ყაზბეგის ტურბაზაში მუშაობდა.
1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შევიდა. პარარელურად, როგორც ლიტერატურული მუშაკი, თანამშრომლობდა „ვეჩერნი ტფილისისა” და „ზარია ვოსტოკას“ რედაქციებთან. თსუ-ში მარუაშვილის ლექტორებიდან იყვნენ გამოჩენილი ქართველი გეოგრაფები: ალექსანდრე ჯავახიშვილი, გიორგი გეხტმანი და სხვ. აღსანიშნავია, რომ მისი ლექტორი პროფესორი ჯავახიშვილი, არც თუ ისე დადებითად აფასებდა სამომავლოდ სახელგანთქმული გეოგრაფის — მარუაშვილის დამოუკიდებელ მოღვაწეობას.
„გულწრფელი ურთიერთობა ბატონ ალექსანდრესთან თითქმის მქონია, მართალია, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ჩემს შესვლამდე მან მიმიწვია ფაკულტეტზე პამირის შესახებ მოხსენების წასაკითხვად, მართალია, რუსულ სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალებში ჩემს მიერ გამოქვეყნებული პირველი სტატიები მან დადებითად შეაფასა, მაგრამ შემდეგ, როდესაც დამოუკიდებელი ლიტერატურული აქტიურობა გამოვიჩინე, მისი უარყოფითი რეაგირება შევნიშნე“, — წერს ლევან მარუაშვილი.
1936 წელს ალექსანდრე ლაისტერთან შეთავსებით მუშაობდა „ამიერკავკასიის გეოგრაფიული ლექსიკონის“ რედაქციაში, რომელიც 1937 წელს დაიხურა. თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (1938 წელი), მუშაობა დაიწყო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გეოგრაფიის ფაკულტეტზე (ასისტენტად).
1941 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, მოქმედ არმიაში გაიწვიეს. ხარკოვის საინტენდანტო აკადემიის დაჩქარებული კურსების დამთავრებისთანავე ლევან მარუაშვილი სტალინგრადის ბრძოლებში და კავკასიის დაცვის ოპერაციებში ჩაება. 1943-1946 წლებში კავკასიონის მაღალმთიანეთში საომარი მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, იმყოფებოდა „სპეცგეოს“ რაზმში; სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ 1947 წელს ლევან მარუაშვილმა წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: Карст обломочных пород, его геоморфологическая характеристика в свете общего карстоведения, На примере центральной мегрелии (Западная Грузия).
1952 წელს მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: Южно-Грузинское вулканическое нагорье (строение, рельеф, история развития), რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ალპურ ხმელთაშუაზღვიური სარტყლის ვულკანური ოლქების შესწავლის საქმეში. მას დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა.
სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება]
1953 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც მძლავრ შედეგებს მიაღწია მეცნიერულ გეოგრაფიაში. გეოგრაფიის ინსტიტუტში იგი მთელი თავისი სიცოცხლე იღწვოდა. თავდაპირველად ხელმძღვანელობდა ფიზიკური გეოგრაფიის, ხოლო შემდეგ გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილებას.
ლევან მარუაშვილის მოღვაწეობის ძირითადი სფეროა გეომორფოლოგია, პალეოგეოგრაფია, სპელეოლოგია და გლაციოლოგია.
მან თავისი მოღვაწეობის მანძილზე 500-მდე ნაშრომი დაწერა, რომელსაც მნიშვნელობა დღესაც არა აქვს დაკარგული.
მისი კვლევის ძირითადი საგანია – გეომორფოლოგია. მან მრავალი კვლევა უძღვნა ამ დარგს და კიდევ უფრო ღრმად დახვეწა ფიზიკური გეოგრაფიის ამ დარგის – გეომორფოლოგიის კარდინალური საკითხები. მისი ინტენსიური მოღვაწეობის ხარჯზე დეტალურად იქნა შესწავლილი საქართველოს ცალკეული გეომორფოლოგიური რაიონები. საქართველოს ტერიტორიის კომპლექსური შესწავლის საფუძველზე გამოქვეყნდა ვრცელი ფუნდამენტური მონოგრაფია სახელწოდებით „საქართველოს გეომორფოლოგია“ (მთავარი რედაქტორი ლევან მარუაშვილი), რომელიც კავკასიის რელიეფის კვლევით დაინტერესებულთათვის დიდი ხანია სამაგიდო წიგნად იქცა. მასში განხილულია საქართველოს რელიეფი მისი პლასტიკის, დინამიკისა და განვითარების ისტორიის თვალსაზრისით. დაწვრილებით არის მოცემული რელიეფის წარმომშობი ფაქტორები, ოროგრაფია, ცალკეული მსხვილი რაიონების რელიეფის დეტალური აღწერილობა, რელიეფის გენეტური კომპლექსების ზოგადი დახასიათება, აგრეთვე გეომორფოლოგიური დარაიონება, ნეოტექტონიკა, თანამედორვე გეომორფოლოგიური პროცესები. მოკლე დროში ამ ნაშრომმა ფართო აღიარეპა ჰპოვა. გაწეული შრომისათვის მარუაშვილს 1972 წელს მიენიჭა სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის ოქროს მედალი.
მის სამეცნიერო მოღვაწეობაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია სპელეოლოგიას. მან თავის კაპიტალურ შრომებში საგანგებოდ განიხილა საქართველოს კარსტული რელიეფის ფორმების ასაკი. საქართველოს მღვიმეების შესასწავლად მოაწყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ექსპედიცია. 1973 წელს გამოქვეყნდა მისი საყოველთაო აღიარებული შრომა — „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“.
ლევან მარუაშვილმა მეცნიერებაში შეიტანა კარსტოსფეროს, როგორც წყვეტილი მრავალიარუსიანი ქერქის ცნება, რომელიც ვრცელდება როგორც კონტინენტურ, ისე ლითოსფეროს ოკეანურ ნაწილებში. გეოგრაფიულ მეცნიერებაში ასევე გამოყო სპელეომორფოციკლები.
მნიშვნელოვანი წვლილია აგრეთვე ლევან მარუაშვილის შრომები პალეოგეოგრაფიაში. ამ მიმართულებით მისი შემოქმედებითი აღმავლობის მაჩვენებელია 1985 წელს გამოქვეყნებული შრომა — „პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი“, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომს. მარუაშვილმა შექმნა პირველი ფუნდამენტური სახელმძღვანელოები საქართველოსა და კავკასიის ფიზიკურ გეოგრაფიაში. ლევან მარუაშვილი ავტორია 22 კაპიტალური მონოგრაფიისა.
იგი ნაყოფიერად იღწვოდა ასევე ვახუშტის კარტოგრაფიულ მემკვიდრეობაში. თავის ცხოვრების გარკვეული ნაწილი მან ალპინიზმსაც დაუთმო. ამ პერიოდში რამდენიმე ასვლაც კი განახორციელა. 1929 წელს 16 წლის ასაკში ავიდა ჯავის ქედის მწვერვალ ბრუტსაბძელზე (3670 მ), 1931 წელს – ყუროზე (4041 მ), მყინვარწვერზე (5047 მ), არჯიყოლთაუზე და სხვ. აგრეთვე მონაწილეობდა თეთნულდისა და ბანგურიანის მწვერვალებზე ასვლებში. გადალახა ტვიბერის უღელტეხილი. 1932 წელს მონაწილეობდა პამირის ექსპედიციაში, სადაც ღარმოს კვანძში იმყოფებოდა. 1934 წელს იყო უშბის ექსპედიციაში. ლევან მარუაშვილი არაერთ ასვლებში მონაწილეობდა ცნობილ ალპინისტებთან: ჯაფარიძეებთან, გვალიასთან, კაზალიკაშვილთან, ნაგურიანთან და სხვებთან ერთად.
ლევან მარუაშვილმა მრავალი ათეული სტატია მიაწოდა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიას. მონაწილეობდა „წითელი წიგნის“ შედგენაში. 1985 წელს პროფესორ ლევან მარუაშვილს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებაში დამსახურებული ღვაწლისთვის. მინიჭებული აქვს ასევე ვახუშტის სახელობის პრემია (1977 წელი) და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი (1948 წელი).
ლევან მარუაშვილი გარდაიცვალა 1992 წლის 5 დეკემბერს, 80 წლის ასაკში.
დაკრძალულია თბილისში საბურთალოს პანთეონში.
შრომები
„ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიული ნაშრომი“, თბილისი 1948;
„გომბორის ქედის მოსწორებელი ზედაპირების შესახებ მის ისტორიასთან დაკავშირებით“, თბილისი 1955;
„სამხრეთ საქართველოს უახლეს ვულკანურ ნაგებობათა მორფოლოგია და განვითარების ისტორია“, თბილისი 1956;
„გამყინვარების ხანა კავკასიის ტერიტორიაზე“, 1954;
„მეოთხეული პერიოდის თბილი და მშრალი ეპოქის ("მინდელ-რისული ინტერგლაციალის") პალეოგეოგრაფიული პირობები კავკასიაში“, თბილისი, 1959;
„მდინარე კოდორის ტერასები როგორც მთიან ქვეყნებში ტერასთგაჩენის მაგალითი“, თბილისი, 1960;
„ლეჩხუმის გეომორფოლოგიური დახასიათება, თბილისი, 1960;
„დასავლეთ საქართველოს კარსტული ზოლის გეოგრაფიული და სპელეოლოგიური დახასიათების ცდა, თბილისი, 1963;
„სამეგრელოს გეომორფოლოგიური ნარკვევი, თბილისი, 1963;
„ახალი ცნობები რ. დანიბეგაშვილის მოგზაურობათა შესახებ, თბილისი, 1967;
„საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ.1“ თბილისი 1969;
„საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ.2“ თბილისი 1970;
„ვეფხისტყაოსანში“ მოხსენებული "ზღვის ჭიპის" რაობის შესახებ, თბილისი, 1971;
„კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ.1“ თბილისი 1975;
„კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ.2“ თბილისი 1981;
„კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ.3“ თბილისი 1986;
„ქართველო მოგზაური რაფიელ დანიბეგაშვილი და მისი ცნობები ინდოეთის, ბირმისა და ჩინეთის შესახებ“ თბილისი 1956;
„დასავლეთ საქართველოს კარსტული ზოლის გეოგრაფიული და სპელეოლოგიური დახასიათების ცდა“ თბილისი 1963;
Целесообразность пересмотра существующих представлений о палеогеографических условиях ледникового времени на Кавказе. Тб., 1956;
Элементы исторической географии в трудах Вахушти Багратиони. 1973.
ლიტერატურა
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 462, თბ., 1983 წელი.
ლევან მარუაშვილი, ბიობიბლიოგრაფია, მეცნიერება. თბ., 2002.
ხარაძე კ., ბუნების უბადლო მკვლევარი, თბ., 2002.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%...%83%9A%E1%83%98