RVA2505
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 355
წევრი No.: 142262
რეგისტრ.: 27-January 12
|
#41581182 · 9 Jul 2014, 15:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არიხუანას გამოყენება აშშ-ის 23-ე შტატში დაუშვეს სამკურნალოდ - რას ამბობს ქართველი ექსპერტი 09-07-14, 13:39
გაზეთი "ალია", თამარ ოქრუაშვილი
ნიუ-იორკი ამერიკის შეერთებული შტატების 23-ე შტატი გახდა, სადაც სამედიცინო თვალსაზრისით ოფიციალურად დაიშვა მარიხუანის მოხმარება. შტატის გუბერნატორის აზრით, ეს კანონი მდგომარეობას შეუმსუბუქებს მძიმედ დაავადებულ ადამიანებს. ახლად მიღებული კანონის მიხედვით, მარიხუანა გაიცემა მკაცრად, რეცეპტის შესაბამისად, ისეთი მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებზე, როგორიცაა კიბო, პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ეპილეფსია. მსგავსი ავადმყოფობით დაავადებულებს ნება ეძლევათ, ხსენებული ნარკოტიკი საკვებს დაუმატონ და ისე მიიღონ, ან ინჰალაცია ჩაიტარონ. რაც შეეხება მარიხუანის მოწევას, ან დათესვა-მოყვანას, ეს შტატის კანონით უმკაცრესად იკრძალება. ზოგადად, ამერიკის ფედერალური კანონების მიხედვით, თუნდაც მცირე რაოდენობით მარიხუანის შენახვა-მოხმარება უკანონოდ ითვლება და, შესაბამისად, მისი შემნახველ-მომხმარებელი მკაცრად ისჯება. საინტერესოა, ამერიკაში ამდენი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების შემთხვევაში, რა მიზნით გამოიყენება მარიხუანა. ანდა, თუ ასეთი ეფექტური ტკივილგამაყუჩებელია, ჩვენთანაც თუ არის შესაძლებელი მსგავსი პრაქტიკის დანერგვა?
"ალიას" ესაუბრება ექსპერტ-ნარკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გელა ლეჟავა:
- ჩემთვის ცნობილია ამერიკის ეს მეთოდი, მაგრამ მარიხუანის სამედიცინო მიზნით გამოყენება ჩვენთვის მიუღებელია და გეტყვით, რატომ. ამერიკა სხვა ქვეყანაა და მიდგომა სხვაა, იქ ონკოლოგიურ ავადმყოფებს აძლევენ ამ ნარკოტიკს. საქართველოში როცა იქნება ისეთივე პროფილაქტიკისა და პრევენციის ზომები, საკონსულტაციოები სკოლებში და ის ანტურაჟი, რომელიც ამერიკაშია, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, ჩვენთან როგორ მოხდეს მარიხუანის ლიბერალიზაცია. მაგრამ მაშინ, როცა საქართველოში არც ერთი მსგავსი სისტემა არ მუშაობს, ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას უჭირს, მოდი და მარიხუანა დავუნიშნოთო, ვფიქრობ, მიუღებელია. - ბატონო გელა, როცა ამდენი ტკივილგამაყუჩებელი არსებობს ამერიკაშიც, რატომ მარიხუანა? რა განსაკუთრებული თვისებები აქვს ამ ნარკოტიკს? - ქიმიოთერაპიის დროს ხშირად ხდება, რომ ავადმყოფი მძიმედ იტანს ამ პროცესს და ძლიერი გულისრევა აქვს, მარიხუანა უმსუბუქებს მდგომარეობას და ეხმარება ავადმყოფს, ეს სიმპტომი გაუადვილოს, მაგრამ ამერიკისგან განსხვავებით სხვა ქვეყნებში ეს აკრძალულია. ანუ, ვიღაცას მიაჩნია ეს კარგ პრეპარატად და ვიღაცას - არა. მაგრამ ვიმეორებ, როცა ჩვენ იმ ზომამდე მივალთ, პრევენციის მხრივ, როგორც ამერიკელები არიან, მერე ვილაპარაკოთ ამაზე. - მაგრამ იქაც მხოლოდ საკვებში დასამატებლად და საინჰალაციოდ დაუშვეს. - იქ საკვებშია, რომელიღაც ქვეყანაში მოწევაა დაშვებული, მაგიტომ ვამბობ, არავითარი რეალური, ობიექტური და დასაბუთებული არგუმენტი მარიხუანის გამოყენებისა, არ არსებობს. - რაც შეეხება გაეროს, რა მიდგომა აქვს მას მარიხუანისადმი? - გაერო წინააღმდეგია ამ ნარკოტიკის გამოყენების, მომხრე რომ იყოს, პირველად ის იტყოდა, მოდით, გამოვიყენოთო და დავუჯეროთ გაეროს. მაგრამ ამერიკაში ისეთი ანტინარკოტიკული პროპაგანდა მიდის და იმხელა თანხები იხარჯება ამაზე, ადამიანს შეშურდება. ჩვენთან კი რა კეთდება ამის საწინააღმდეგოდ? ჩვენ ისიც კი არ ვიცით, საერთოდ რამდენი ნარკომანი გვყავს საქართველოში. ისინი კი ამას ყოველწლიურად სწავლობენ, აკვირდებიან მილიონ რამეს: მომხმარებლის ასაკს, სოციალურ ჯგუფს, დასაქმებას, ჩვენთან კი არც ერთხელ არ მომხდარა ამის გამოკვლევა და როგორ შეიძლება, ერთნაირად ვიმოქმედოთ ამ თვალსაზრისით? - თქვენ თქვით, გამოკვლევა არ ხდებაო და რატომ? - რატომ? რატომ და ეს ფულს მოითხოვს და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გამოყო იმისთვის საკმარისი ფული, რომ მოსახლეობის გამოკვლევა მოხდეს, ვიმეორებ, თუნდაც ერთხელ... - და რაც ვიცით, ეს მიახლოებული რიცხვია? - აღრიცხვაზე ვინც არის, ის რიცხვია ცნობილი, მაგრამ ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში 17 პროცენტით გაიზარდა მომხმარებლის რიცხვი და ეს რა ასაკში, არ გაინტერესებთ? - გვაინტერესებს! - ცხრა წლიდან ჩვიდმეტ წლამდე! და ამ რიცხვს რომ ნახავ და კიდევ იმაზე ილაპარაკებ, ლიბერალიზაციაო, ეს მიუღებელია! თან ისიც არ ვიცით, ეს რაოდენობა რა ნარკოტიკს იღებს. მოკლედ, რაც შევისწავლეთ, ქვეყანაში უმძიმესი სიტუაციაა და 17-პროცენტიანი ზრდა ნარკომანიაში, ძალიან დიდი ციფრია; ევროპის ქვეყნებში ასეთი ზრდა არსად არ არის დაფიქსირებული და კიდევ გამარტივება? რას ამბობთ? ვიღაცას ნარკომანობა და ნარკოტიკის გაყიდვა უნდა და ეგრე ხომ არ არის? 40 000 და კიდევ მეტი ინტრავენური ნარკომანია საქართველოში, ეს ამდენი ადამიანი რომ გამოვა ქუჩაში და მარიხუანის ლეგალიზაციას მოითხოვს, უზარმაზარი დემონსტრაცია გამოვა, ხომ? მაგრამ სამი მილიონი ადამიანი რომ ამის წინააღმდეგია, ეს არაფერი? ხალხს ჰკითხეთ ქუჩაში, რას ფიქრობენ ამის შესახებ და გეტყვიან, ვინ არის ამის მომხრე. ლეგალიზაცია ყველანაირი სახით დაღუპავს ქვეყანას და ქართველ ერს, ამას გეუბნებით მეცნიერულ მონაცემებს. - მერე ვინ გითხრათ, რომ ჩვენ ლეგალიზაციის მომხრე ვართ? - სულ ამაზე ვფიქრობ, რომ ის 40 000, თუ 45 000 ადამიანი ჩვენი უბედურებაა, ხომ? სულ, ალბათ, 200 000 მომხმარებელია და მიტინგს რომ აწყობენ, ესაა სწორი? ვინც გამოდის, თავის ინტერესებს იცავს და, თურმე ისე უნდა იხმარდნენ ამ ნარკოტიკს, რომ არ უნდა დაიჭირო და არ უნდა დააჯარიმო? უნდა, მოსწევს მარიხუანას, თუ გაიკეთებს ჰეროინს? ეს იგივეა, ვიღაც ქურდი იყოს და გამოვიდეს მოთხოვნით, მოდით, ქურდების ინტერესები დავიცვათო, 1000 ლარამდე ქურდობა არ ჩაითვალოს დანაშაულადო? ეს ხალხი არის დანარჩენი ყველაფრისადმი უინტერესო, კომუნისტები იქნებიან, "ნაციონალები", თუ "ოცნება", იმას ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ რომ მოსწიოს და არ დაიჭირო, ამის ინტერესი აქვს და რა არის ამაში გასაკვირი? - თუ ჩვენს ნიუსს დავუბრუნდებით, ამ ნარკოტიკს მარტო კიბოს დროს არა, გაფანტული სკლეროზისა და ეპილეფსიის დროსაც ნიშნავენო და რატომ? - ეპილეფსიის საწინააღმდეგოდ უამრავი წამალია და ვერ გავიგე, ეგ მარიხუანა კლასიკურ მედიცინაში მიღებული პრეპარატი არაა და არც ეპილეფსიის სამკურნალო, მაგრამ ვიღაცამ რატომ დაუნიშნა? ლიტერატურა ნახეთ და დარწმუნდებით, რომ არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ მარიხუანა დაინიშნოთ სამკურნალოდ ასეთ ავადმყოფებს, არ არსებობს და ეგ არ არის ისეთი რამ, რისი მიღებაც აუცილებლად საჭიროა. იმ ზიანთან შედარებით, რაც ამ ნარკოტიკს მოაქვს, რა შედეგი აქვს, ნამდვილად არ ვიცი. ისევ და ისევ, ამერიკაში სხვა კანონებია, ჩვენთან - სხვა და, აქ რომ მარიხუანა აფთიაქში შევიდეს, რა მოხდება, წარმომიდგენია. - და რა მოხდება? - გადინება მოხდება და ეს თუნდაც იმიტომაა საშიში, რომ ერთი მუჭა ერი ვართ. თქვენ იცით, ვაშინგტონის შტატში მარიხუანის მოხმარებისთვის რომაა ათი ადამიანი დაჭერილი, მათგან ცხრა ზანგია? იმიტომ რომ ზანგები დაბალი ფენაა და ის იხმარს! მე რა მაწუხებს, იცით? ნარკომანიასთან ბრძოლის დღეა 26 ივნისი, ვის ახსოვს ეს და ვინ აშუქებს ამ პრობლემას? არც ტელევიზია და არც სხვა მედია რატომ არ აშუქებს ამ თემას? რა ვიცი, აჭრელებულია ეკრანი, ვინ ვისთან არის და ვინ ვისთან არის გარიგებული და კი, ბატონო, ვუყურებთ და ვკითხულობთ ამას ყველაფერს, მაგრამ ასეთი უბედურება გვჭირს საქართველოში და ყველა გაჩერებულია! მეტიც, ტელევიზიებში მიჰყავთ ხალხი, ვინც მარიხუანის ლეგალიზებას ქადაგებს და იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ეკონომიკა გვაქვს, ასეთი გარემოცვა და ახლა კიდევ ნარკოტიკი დავუშვათ? მე სულ არ ვარ იმის მომხრე, რომ ნარკომანი ციხეში ჩავსვათ, მაგრამ იმის მომხრე ვარ, რომ ციხეში არ ჩავსვათ და ისე მივხედოთ ამ ხალხს, მაგრამ ამას სჭირდება მატერიალური დანახარჯები და სანამ ეს არ იქნება, მანამდე სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაქსიმალურად მკაცრად უნდა მივხედოთ ამ საქმეს.
გაზეთი ალია
* * * რა უნდა ვუყოთ ამ ადამიანს და ჟურნალისტს?? ორი გაუთვითცნობიერებელი ადამიანი საუბრობს. ერთი რასაც უნდა იმას საუბრობს, მეორეს უბრალოდ მასალა აქვს მისატანი და სულ ფეხებზე კიდია. ერთი ნორმალური კითხვა არ დაუსვამს
|