2 ივნისი ავრცელებს ამას.
დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" - ის თანამშრომლებს და კერძოდ ქალბატონ ლია მუხაშავრიას
იმისათვის,რომ ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას, თუ რა უფლებები და მოვალეობები გვაქვს პოლიციასთან ურთიერთობის დროს, კარგი იქნება განვიხილოთ ტიპიური მაგალითი.
თქვენ იმყოფებით ქუჩაში, ამ დროს მოდის პოლიციელი, გეუბნებათ, რომ საეჭვოდ გამოიყურებით და მოითხოვს თქვენგან, რომ გაყვეთ მას ნარკოლოგიურში (საექსპერტო დაწესებულება) შარდის (ბიოლოგიური მასალის ) ჩასაბარებლად.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ პრინციპულად არ გსურთ შარდის ჩაბარება, ან არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რომლელთა გამოც თქვენ უარს იტყოდით ამ ანალიზის გაკეთებაზე, შეგიძლიათ მოიქცეთ შემდეგნაირად.
იყავით ხაზგასმით თავაზიანი და ზედმიწევნით ზრდილობიანი
როგორც წესი, პოლიციელის მოსვლა არ არის სასიამოვნო, მასთან ურთიერთობა მაშინვე იწვევს აღელვებას და შინაგან დაძაბულობას. ამის გამო ხშირად ვკარგავთ კონტროლს საკუთარ თავზე და ვქმნით კონფლიქტურ სიტუაციას. ჩვენი აგრესიული საქციელიც პოლიციელს უმყარებს თავდაპირველ (საფუძვლიან თუ უსაფუძვლო) ეჭვს ჩვენს მიმართ. ამიტომ, პირველ რიგში, თავაზიანი საქციელით პოლიციელს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ და წინააღმდეგობას არ ვუწევთ მათ მოთხოვნას. მოთმინებით და ყურადღებით მოუსმინეთ პოლიციელს, შეეცადეთ მისი კეთილგანწყობის მოპოვებას და აგრძნობინეთ, რომ თქვენ მას პატივს სცემთ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს. საუბრის ტონი შეინარჩუნეთ მშვიდი, გაწონაწორებული, ხმადაბალი და ხაზგასმით თავაზიანი. პოლიციელს მიმართეთ „ბატონო ოფიცერო“, „ბატონო პოლიციელო“ და სხვა მსგავსი.
კითხეთ პოლიციელს რა საფუძვლით მიყავხართ ნარკოლოგიურში
ხშირ შემთხვევაში პოლიციელს აქვს აბსურდული მიზეზი, რის გამოც გთხოვთ ანალიზის ჩაბარებას. ეს მიზეზები შეიძლება იყოს „შენი ფერი არ მომწონს“ ; „სათვალე რატომ გიკეთია?“; „ამ დროს რას აკეთებთ ქუჩაში“ და სხვა მსგავსი. გახსოვდეთ, რომ ეს მოთხოვნა უკანონია და თქვენ არ ხართ ვალდებული გაყვეთ პოლიციელს ანალიზის გასაკეთებლად.
ასეთი მომართვის შემდეგ თქვენ ხაზგასმით ზრდილობიანად უნდა მიმართოთ პოლიციელს, მაგალითად შემდეგი სიტყვებით: „ბატონო ოფიცერო, თქვენ მოქმედებთ სახელმწიფოს სახელით, თქვენ მე უნდა მელაპარაკოთ კანონის ენით. ძალიან გთხოვთ, წარმომიდგინეთ დოკუმენტი, რაც თქვენ გაძლევთ უფლებამოსილებას მომთხოვოთ ამ კონკრეტული მოქმედების განხორციელება, ასევე, ძალიან გთხოვთ, განმიმარტოთ რას გულისხმობს ეს მოქმედება; თუ შეიძლება მითხარით თქვენი წოდება, სახელი და გვარი (დაბეჯითებით გირჩევთ გააკეთოთ ჩანაწერი თქვენს ბლოკნოტსა თუ ტელეფონში).
გახსოვდეთ, პოლიციელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს თქვენთვის ანალიზების ჩაბარების მოთხოვნის უფლება, როცა გააჩნია კონკრეტული ინფორმაცია, ან წაგასწროთ ფაქტზე, რომ თქვენ უკვე მიიღეთ, ან იღებდით ნარკოტიკულ ნივთიერებას. ყველა სხვა შემთხვევაში პოლიციელის მოთხოვნა უკანონია.
თუ პოლიციელმა დააზუსტა, რომ მას აქვს თქვენზე ოპერატიული ინფორმაცია ნარკოტიკის მოხმარების შესახებ, მაშინ ის ვალდებულია ეს ოპერატიული ინფორმაცია წარმოდგინოს დოკუმენტის სახით და მოგცეთ მისი გაცნობის საშუალება.
თუ ის მართლაც წარმოადგენს დოკუმენტს და გაგაცნობთ ოპერატიულ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევაში სასურველია დაუკავშირდეთ თქვენს ადვოკატს, ან ოჯახის წევრს. ამ დროს უნდა ჰკითხოთ პოლიციელს სად მიყავხართ, იმისათვის, რომ ადვოკატი მივიდეს შესაბამის ადგილას.
თუ პოლიციელმა ვერ წარმოგიდგინათ ოპერატიული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი და ვერ დაგისაბუთათ, თუ რატომ მიყავხართ ანალიზების ჩასაბარებლად, ჩვენ გირჩევთ, რომ ამოიღოთ ტელეფონი და დაუკავშირდეთ ნაცნობ იურისტს და მიმართოთ პოლიციელს შემდეგი სიტყვებით: „ეხლა უნდა დავუკავშირდე ჩემს ადვოკატს“.
ამის შემდეგ პოლოციელი შეიძლება გაბრაზდეს და დაჟინებით მოგთხოვოთ გაყოლა. თქვენ უნდა დარჩეთ თავაზიანი, გახსოვდეთ, რომ მას შეუძლია დაგადანაშაულოთ პოლიციისადმი დაუმორჩილებობაში და ამისთვის სასამართლოს შეუძლია შეგიფარდოთ 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
თუ პოლიციელს გაყვებით ნარკოლოგიურში, ან იძულებით მიგიყვანენ იქ, თქვენ მისვლისთანავე სამედიცინო პერსონალთან შეგიძლიათ და უფლება გაქვთ უარი განაცხადოთ ანალიზის გაკეთებაზე. არავის აქვს უფლება ძალით ან იძულებით ააღებინოს ვინმეს რაიმე სახის ანალიზი თვით ამ პირის წინააღმდეგობის შემთხვევაში.
დაიმახსოვრეთ!!!
თქვენ გაქვთ უფლება არ ჩააბაროთ ბიოლოგიური მასალა! სამართლებრივად და ფიზიკურად შეუძლებელია ამ მხრივ თქვენი იძულება.
გახსოვდეთ, რომ ანალიზებზე უარის შემთხვევაში პოლიციელმა შესაძლოა თქვენ დაგაკავოთ 48 საათის განმავლობაში და ეს დაკავება იქნება კანონიერი.
აქ მნიშვნელოვანიაიცოდეთ ზუსტად როდის გავა დაკავების 48 საათიანი ვადა. ამისათვის საჭიროა ზუსტად გახსოვდეთ თუ რომელ საათსა და წუთზე მოხდა თქვენი ფაქტობრივი დაკავება, რაც გულისხმობს იმ მომენტს, რომლის შემდეგაც თქვენ არ ხართ თავისუფალი გადაადგილდეთ თქვენი ნების შესაბამისად და თქვენი გადაადგილება (ფიზიკურად თუ რაიმე ტრანსპორტით) დამოკიდებულია პოლიციელის ნებაზე.
პოლიციის შენობაში თქვენი შეყვანისას სამორიგეოში ან შენობის სხვა ნაწილში უნდა მოხდეს დაკავების გაფორმება.დააკვირდით დაკავების დროს (საათსა და წუთს) და თუ იგი არ ემთხვევა თქვენი ფაქტობრივად დაკავების მომენტს, არ მოაწეროთ მასზე ხელი და იქ მყოფ პოლიციელს ან ოქმის შემდგენს განუმარტეთ, თუ რატომ არ აწერთ ოქმს ხელს და რომ თქვენი დაკავება არ მომხდარა ამ დროს, არამედ მიუთითეთ ზუსტი დრო.
დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ პოლიციელები ვალდებული არიან გაგათავისუფლონ, ამიტომ ამ დროის გასვლის შემდეგ ისინი იძულებულნი იქნებიან გაგათავისუფლონ.
დაკავების პერიოდში უმჯობესი იქნება თუ გამოიყენებთ ე.წ დუმილის უფლებას და პასუხს არ გასცემთ პოლიციელებს დასმულ შეკითხვაზე. ეს საქციელი შეგიძლიათ ახსნათ იმით, რომ თქვენ არ გაქვთ ვალდებულება მისცეთ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. ან უბრალოდ შეგიძლიათ თქვათ, რომ სარგებლობთ დუმილის უფლებით.
ეს განმარტება ეფუძვნება შემდეგ ნორმებს:
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი
მუხლი 18.3:
პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი ეს ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 17.2(დ):
.თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა, მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან.
მუხლი 2:
საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მუხლი 170. დაკავება
1. დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა.
2. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად.
მუხლი 174. დაკავების წესი
1. თუ არსებობს დაკავების საფუძველი, დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს, განუმარტოს, რა დანაშაულის ჩადენაშია ის ბრალდებული, და აცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლოში. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა. 2. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.
მუხლი 196. ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში
1. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს, დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 18
1.ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.
2.თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
3.ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყონებლივ უნდა განთავისუფლდეს.
4. ამოღებულია (27.12.2006 N4137).
5.დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
6.ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან).
7.ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
მუხლი 42
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
2.ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
3.დაცვის უფლება გარანტირებულია.
4.არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
5.არავინ არ აგებს პასუხს იქ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს.
6.ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდებულის მოწმეებს.
7.კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ აქკვს.
8.არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.
9.ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსხებიდან. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან).
https://www.facebook.com/02ivnisi/posts/469...tif_t=notify_me This post has been edited by като тбилисели on 15 Jul 2014, 21:58