sexi-bicola
სექსი-ბიცოლები ვჭამოთ?

        
ჯგუფი: Members
წერილები: 42669
წევრი No.: 24050
რეგისტრ.: 5-October 06
|
#41655524 · 16 Jul 2014, 02:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეროსი კიწმარიშვილი: "ივანიშვილი და სააკაშვილი "რუსთავი 2"–ისთვის ვაჭრობენ"
2013-08-01 13:16:59
"რუსთავი 2"–ის წილების იძულებით დათმობაზე დაწყებული გამოძიების პროცესში პროკურატურის კითხვებზე პასუხების გაცემა აუცილებლად მოუწევს ტელეკომპანიის ყოფილ გენდირექტორს, ეროსი კიწმარიშვილს (ის უკვე დაკითხეს კიდეც მოწმის სტატუსით), რომელმაც თავის დროზე კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადა და ამით მის გაყიდვას, უფრო სწორად, ვარდების ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, გზა გაუხსნა. "სარკესთან" ამ საკითხზე საუბრისას ეროსი კიწმარიშვილი ირწმუნება, რომ "რუსთავი 2"–ს მართლაც ჰქონდა 9 მილიონიანი ვალი, რომელიც შემდეგ ბიზნესამნისტიის საფუძველზე ჩამოეწერა. მისივე ინფორმაციით, ახლა იმ ჰოლდინგში შემავალი კომპანიები, სადაც "რუსთავი 2"–იც შედის, ნელ–ნელა იყიდება და მას ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ფირმები ყიდულობენ. ეროსი კიწმარიშვილი: გამოძიება, რომელიც ჩემი ყოფილი პარტნიორების ინიციატივით არის დაწყებული, უკვე 9 თვეზე მეტია გრძელდება. არ დაკითხულან ისეთი ადამიანები, რომელთა დაკითხვაც აუცილებელი და ადვილია. მაგალითად, ვანო მერაბიშვილი, რომელიც ციხეში ზის და ქიბარ ხალვაში, რომელიც ფიზიკურად არ არის საქართველოში, თორემ არ იმალება.
– თქვენი აზრით, რა ინფორმაცია აქვს ქიბარ ხალვაშს, რა შეიძლება მან თქვას?
– ის ამ საქმეში ერთ–ერთ დაზარალებულად არის გამოცხადებული, ყოველ შემთხვევაში, პრემიერმინისტრი ასე ამბობს. ამ ყველაფრის პარალელურად ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გაიყიდა "კაუკასუს ონლაინი", რომელიც ასევე ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიის "ჯორჯია ონლაინის" და სხვა კომპანიის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა და ისევე, როგორც "რუსთავი 2", მიხეილ სააკაშვილის მედიაჰოლდინგის ნაწილს წარმოადგენდა. ეს ფაქტი შემდგარია საზღვარგარეთ ოფშორში. იქ შეიცვალა ხელმძღვანელობა. ამავე დროს, ტელეკომპანია "მზეც" გაყიდა სააკაშვილმა. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი ამ თემით ვაჭრობენ. ჰოლდინგის შიგნით ცვლილებები ისე მოხდა, რომ საზოგადოებას არ უთხრეს. მოხდა ისე, რომ "ჯორჯია ონლაინი" იყიდა ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულმა ბიზნესჯგუფმა. თუ "მზე" და "კაუკასუს ონლაინი" ბიძინა ივანიშვილმა თუ მასთან აფილირებულმა ბიზნესჯგუფმა შეიძინა, მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა "რუსთავი 2"–ც მის ხელში გადავიდეს. ივანიშვილმა თქვა, რომ "რუსთავი 2"–ის გამო მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ოდესმე დამთავრდება და როდის დასრულდება, ეს არის საკითხავი.
– ბატონო ეროსი, თქვენი ყოფილი პარტნიორების – აქიმიძის და დვალის, ინიციატივით დაიწყო გამოძიება. თქვენ რატომ არ დაობთ?
– მე ვიდავე ჩემი აქტივების დასაბრუნებლად 2008 წელს და წავაგე სასამართლო პროცესი. სამოქალაქო დავის ფორმით მე ახალი პროცესის ინიცირების მექანიზმი სამართლებრივად აღარ მაქვს. ქიბარ ხალვაშისადმი მოთხოვნა ჩემი წილის უკან დაბრუნების შესახებ, ხანდაზმულობის ვადის გამო უარყოფილია. მაშინ რომ სხვა პოლიტიკური ვითარება იყო, ეს სასამართლოსთვის არაფერს ცვლის. ჩემი ყოფილი პარტნიორები რომ აწარმოებენ დავას, ეს ჩემთვისაც საუკეთესო პრეცედენტია, რადგან შესაძლებელია სახელმწიფომ ახალი გადაწყვეტილება მიიღოს. მე მოწმის სტატუსით დამკითხეს. ასევე ინტერესით ველოდები ყველა სხვა ტიპის მოქმედებებში მონაწილეობას. თუმცა, როცა წინსვლა არ ხდება და ფორმალური მიზეზებით ყოვნდება სასამართლო, ეს მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ კულუარულად რაღაც გარღვევა ხდება. თუ ახლა "რუსთავი 2" გაიყიდა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ სააკაშვილმა გაყიდა და ივანიშვილმა იყიდა. ამ თემაზე საუბარი დავიწყე არა იმის გამო, რომ ამაზე ჩემი ყოფილი პარტნიორები ალაპარაკდნენ, არამედ იმიტომ, რომ არასწორი აქცენტები დასვეს ჩემთან მიმართებაში.
– ვარდების რევოლუციის შემდეგ თქვენს პარტნიორებს სთხოვეთ, რომ სააკაშვილს შეხვედროდნენ, სადაც მათ მოსთხოვეს, ტელეკომპანია დაეთმოთ. ეს რატომ გააკეთეთ?
– 2004 წლის მაისის შუა რიცხვებამდე მე ვიყავი ბარიერი მათსა და ხელისუფლებას შორის. მაისის შემდეგ თუ რამე შეხვედრაზე იყო ლაპარაკი, აღარ ვიცი. მაგ პერიოდში სააკაშვილთან ინტენსიური შეხვედრები მქონდა და წარმოდგენა არ მაქვს, რა შეხვედრის შეთავაზებაზე ამბობენ, არ მახსოვს. დვალს გარკვეული სპეციფიკური მეხსიერება აქვს, მე – არა. – ის კი აუცილებლად გეხსომებათ, როგორ სთხოვდა ხელისუფლება მათ წილების გადაფორმებას. – 2004 წლის მაისიდან "რუსთავი 2"–ის 60%–ის მფლობელებისგან გვერდზე ვარ გაწეული. მე ანგარიშს არავინ მაბარებდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთმანეთთან სერიოზულ კონფლიქტში ვიყავით. ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ მათი წილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
– თქვენი წილი როგორ დათმეთ?
– ჩემი წილის გადაცემა მაშინ მოხდა, როცა ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ აღარ შემეძლო გადაწყვეტილების მიღება. ჩემზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხორციელდებოდა შეტევა – ნოემბრიდან მაისის ჩათვლით. გარკვეული დროის განმავლობაში მე ვიცავდი მთლიანად კომპანიას, მერე კი ვთქვი, მე არ ვფლობ კომპანიის საკონტროლო პაკეტს და ელაპარაკეთ იმათ, ვისაც უფლებამოსილება აქვთ–მეთქი. ისინი დაელაპარაკნენ მათ. შემდეგ მე გავიგე, რომ კომპანიის საკონტროლო პაკეტი გაიყიდა და მე აღმოვჩნდი მილიმენტარულ მდგომარეობაში, რაც ავტომატურად ნიშნავდა, რომ ყველანაირ ბერკეტს ვკარგავდი. მათი აქტივების გაყიდვიდან ერთ კვირაში მეც დავთმე ჩემი წილი. მეც ისევე მომთხოვეს ჩემი წილის დათმობა, როგორც მათ. მათგან განსხვავებით, 2008 წელს დავიწყე დავა ჩემი წილის გამო. – თქვენი ყოფილი პარტნიორები ამბობენ, რომ მაშინ, როცა ფინანსურად კომპანია საკმაოდ ნორმალურ მდგომარეობაში იყო, თქვენ ის გაკოტრებულად გამოაცხადეთ. – ყველა თემა, რაზეც ჩემი ყოფილი პარტნიორები ლაპარაკობენ, მათი მხრიდან პროკურატურაში გაცხადების საფუძველია. პროკურატურამ დამკითხა მოწმის სტატუსით და ჩემგან მიიღო ინფორმაცია. არ ვაპირებ უფრო ღრმად ამ თემის განხილვას. გამოძიებამ გაარკვიოს, რა მოხდა. აქიმიძესა და დვალთან ურთიერთობა კარგა ხანია არ მაქვს. რა იყო ჩვენი კონფლიქტის სათავე, თქვენი საქმე არ არის! – კი, ბატონო, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ თქვენგან მოითხოვდნენ, ნაციონალური მოძრაობის მხარედ არ დარჩენილიყავით და კონფლიქტიც ამან გამოიწვია. თურმე თქვენ არ უსმენდით, აღარც მათ აზრს ითვალისწინებდით. – არასწორად სვამთ კითხვას ან არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებთ ჩემი ყოფილი პარტნიორების განცხადებას. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, წარმართოს როგორც ოპერატიული, ისე საინფორმაციო სტრატეგია. როგორ შეიძლებოდა ვინმესთვის რამე შემეთანხმებინა, გარდა დამფუძნებელთა კრებისა?! არანაირი სააკაშვილის პოლიტიკის წარმართვა არ ხდებოდა იმ პერიოდში და ამ თემაზე დისკუსია არც გვქონია. თუ 60%–ს ფლობთ და რაღაც არ მოგწონთ, რას აკეთებთ? მარტივი პროცედურაა, ხსნით გენერალურ დირექტორს. – გამოუცდელობით მოგვივიდა, ეს რომ არ გავაკეთეთო, ამბობენ. – რისი გამოუცდელობით? ვისზე ვლაპარაკობთ, იცით?! ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველოში სამი უმსხვილესი კომპანია შექმნეს – "რუსთავი 2", "ჯორჯია ონლაინი" და "24 საათი". რომელიმე მათგანი ჩემი ჩათვლით გამოუცდელი იყო?! ვინმე დამისახელეთ მსგავსი წარმატებული ბრენდის შემქმნელი! ან თქვენ ხართ შეყვანილი შეცდომაში, ან ისინი სხვა რამეს ამბობენ და თქვენ სხვა რამე გაიგეთ. – მე წერილობით დაგიდასტურებთ ჟურნალის ფურცლებიდან მათ ნათქვამს. ერთ მარტივ კითხვას გისვამთ: იმ დროისთვის, როცა თქვენ კომპანიის გაკოტრების შესახებ განაცხადეთ, მართლა ჰქონდა "რუსთავი 2"–ს 9 მილიონი ვალი თუ არა? – მაშინ რა ქაღალდიც წარვადგინე, ეს იყო შედგენილი იმ ვალდებულებებისგან, რაც "რუსთავი 2"–ის წინაშე იდგა ან მალე დადგებოდა. ეს თანხები საბოლოოდ არ იყო დამტკიცებული. ეს იყო თანხა, რომლითაც საუბარს ვიწყებდით სახელმწიფოსთან. – დვალს და აქიმიძეს ჰქონიათ საგადასახადოდან ამონაწერი, სადაც კომპანიის ვალი მხოლოდ მილიონამდე იყო. – სად არის ეს ამონაწერი ან ვინ მისცა მათ?! ვინ მიმართა საგადასახადოს და როდის?! დამფუძნებელი რომ მივიდეს და უთხრას, ეს ინფორმაცია მომეცითო, გგონიათ, საგადასახადო ამ ინფორმაციას იძლევა დამფუძნებელზე? ეს არის ინფორმაცია, რომელიც მათთვის გენერალურ დირექტორს, ანუ მე, უნდა მიმეწოდებინა. საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატამ, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით და ბიზნესმენთა ფედერაციამ 2004 წლის მარტში ერთობლივად მიმართა ხელისუფლებას, რომ ბიზნესამნისტია გამოცხადებულიყო. ეს ჩემი ინიციატივა იყო და, როგორც ბიზნესმენმა, "რუსთავი 2"–ის სანაციის შემდგომი ნაბიჯები განვახორციელე. ამის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ ჩემი თანადამფუძნებლები და საზოგადოებაც. – 2004 წლის ივნისში გამოაცხადეთ "რუსთავი 2"–ის გაკოტრების საქმე. – მარტში დაიწყო პროცესი, მაისამდე მომზადდა, ივნისში მისი ინიცირება მოხდა და შემდგომ ამნისტია ჩემ გარეშე განხორციელდა, რადგან აღარ ვიყავი დირექტორი. გაკოტრების პროცესის ინიცირება არ ნიშნავს კომპანიის გაკოტრებას. სამართლებრივად ეს ნიშნავს დისკუსიის დაწყებას სახელმწიფოსა და კომპანიას შორის იმაზე, მოხდება თუ არა არსებული აქტივების მხრივ კომპანიის მიმდინარე დავალიანებების გადაფარვა. ასეთი რამ უამრავ ცნობილ კომპანიას შემთხვევია. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასაც დაემართა მსგავსი რამ და კომპანია ისე გაიყიდა და გააგრძელა არსებობა, რომ მათ ეს ვალი არ გადაუხდიათ. ასეთი რამ ბიზნესის ტრადიციაა. ასეა, ვიღაცის ხელისუფლებაში მოსვლა, რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის საზიანოა. ვიღაცის წყენებში, ვიღაცის ტკენებში მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ ადამიანებსა და მეორე მხარეს შორის ან სამართლებრივი დავის საფუძველია, ან პირადი წყენების. პირადი წყენების დროს სვამენ ცივ წყალს, სამართლებრივი დავის დროს ტარდება სასამართლო. ვიქნები დაინტერესებული, თუ ჩემი ორი თანადამფუძნებელი დაზარალებულად გამოცხადდება, რადგან ამ დროს იძულების წესით პროკურატურაც და სასამართლოც ვალდებულია, მეც გამომაცხადონ დაზარალებულად. აგრეთვე – ნიკა ტაბატაძეც, თუ ის თავს დაზარალებულად ჩათვლის. თუ სასამართლოზე დავსვამ კითხვას, მე თუ ვარ დაზარალებული–მეთქი, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემზე. მეორე ვარიანტში, თუ სასამართლო იტყვის, რომ ესენი კი არა, ქიბარ ხალვაშია დაზარალებული, რადგან მან დააკმაყოფილა აქიმიძის და დვალის ფინანსური თუ წილობრივი ინტერესიო, მე მაშინაც ვარ მესამე მხარე ქიბარ ხალვაშის მიმართ, რომელმაც მოახდინა არაკეთილსინდისიერი გამდიდრება. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ აქიმიძე და დვალიც მართლები არიან და ქიბარიც მართალია. ეს ერთმანეთში როგორ ჯდება, სოლომონ ბრძენიც ვერ იტყვის. ივანიშვილმა რა იცის ამ თემაზე, ისიც არ ვიცი. ამბობს, რომ სააკაშვილი ჩემს მოშორებას სთხოვდა. ეს უთხრა ჟურნალისტ ირმა ინაშვილს. ქიბარსაც ეხვეწებოდა, კიწმარიშვილი მომაშორე და მე და ქიბარმა მოვაშორეთ ეს კაცი სააკაშვილსო. როგორ მოაშორა მან თუ ქიბარმა სააკაშვილს ჩემი თავი, მათ ჰკითხეთ. ერთი სიტყვით, თუ დვალი და აქიმიძე მართლები არიან, მაშინ მეც მართალი ვარ და, თუ ქიბარია მართალი, მაშინაც მეც მაქვს მოთხოვნის უფლება, მაგრამ ბუნებაში შეუთავსებელია ის, რომ აქიმიძე–დვალიც და ქიბარიც მართლები იყვნენ. დიდი ინტერესით ველოდები, როგორ აპირებენ ამ ორი თემის ერთმანეთში შერწყმას, რადგან ორივე გადაწყვეტილების შემთხვევაში მე "ცოცხალი" ვრჩები. უჩემოდ სასამართლო ვერ დაამთავრებს ამ თემას! – როგორ, რა გზებით იყიდა "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშმა? – წარმოდგენა არ მაქვს, მას ჰკითხეთ. სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, რომ ქიბარს ჩემთვის ფული არ გადაუხდია. – ანუ თქვენი წილი მას აჩუქეთ? – არაფერი მიჩუქებია! მას ჩემთვის ფული უნდა გადაეხადა იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ქიბარმა ჩემი წილი გადაიფორმა. მან კი არ გადამიხადა. ამ დროს კი ამბობს, რომ მომცა. ამის მტკიცებულება არ არსებობს. მაშინ სასამართლოზე ეს ვერ დაამტკიცა. ახლა თუ რამით დაამტკიცებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამართლებრივი განხილვა მის სასარგებლოდ იქნება მიკერძოებული. შარშან თუ შარშანწინ ივანიშვილი ჩემზე ამბობდა, სააკაშვილის კაციაო და თან, ამ დროს სასამართლო პროცესს ვაგებ გაქცეულ ქიბარ ხალვაშთან სააკაშვილის სასამართლოში. ლოგიკას ხედავთ? – ვთქვათ, თქვენი წილი დაიბრუნეთ, როგორ წარმოგიდგენიათ "რუსთავი 2"–თან ურთიერთობა და მის განვითარებაში თქვენი წვლილი?
– ბებიას თუ ექნება გენიტალიები, იქნება ბაბუა. როცა ბებია იქნება ბაბუა, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. რა იქნება ხვალ, ხვალ გადაწყდება. ვიმეორებ, რომ ამ ყველაფრის გარშემო გარკვეული შეთანხმება ხდება. გადაამოწმეთ, რა მოხდა ოფშორში, რატომ შეიცვალა "კაუკასუს ონლაინში" ხელმძღვანელობა, ვისით იცვლება და თქვენც მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ რაღაც ხდება. ივანიშვილი მზად არ იყო "რუსთავი 2"–ზე შეკითხვისათვის, რომელიც მას პრესკონფერენციაზე დაუსვეს. მან მოახდინა სააკაშვილის პროვოცირება. ზუსტად ორ საათში განერვიულებულმა, ისტერიულმა სააკაშვილმა თქვა, შეეშვით, ეს ჩემიაო. რადგან სააკაშვილი ასე მწვავედ რეაგირებს, ესე იგი აქ რაღაც ბუდეა! ახლა თუ ვინმე იყიდის "რუსთავი 2"–ს მიშასგან, ეს სამართლიანობის აღდგენა იქნება?! – "რუსთავი 2" როგორი ტელევიზიაა ახლა, როცა გარედან უყურებთ, როგორ აფასებთ? – 10 წლის განმავლობაში ვიბრძოდი იმისთვის, როგორი ტელევიზიაც მინდოდა, ისეთი ყოფილიყო და როგორსაც ეს ხალხი და ქვეყანა იმსახურებდა. "რუსთავი 2" დღეს საქართველოს ნომერი პირველი მაუწყებელია. როგორიც დავტოვეთ, ისევ ისეთია. ამდენი ქარტეხილის მიუხედავად, თავისი პოპულარობით და ავტორიტეტით ვერც ერთმა მაუწყებელმა შეცვალა. ფაქტი ერთია, ის გუნდი, რომელიც ჩემს პარტნიორებთან ერთად გავაკეთე, საქართველოში დღესაც ყველაზე ძლიერია. ის, რასაც ვუყურებ, 10 წლის წინანდელი ჩემი და ჩემი პარტნიორების მიერ დატოვებული კონცეფციების ცუდი გადამღერებაა, რომელიც ისევ მუშაობს. ჩვენ რომ ვყოფილიყავით, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. ერთხელ მივეცი ერთ კომპანიას ("მაესტროს" გულისხმობს. ავტ.) ფასიანი რჩევები, რომლებიც არ დააფასეს. ისიც ერთ–ერთ სერიოზულ მაუწყებლად იქცა, რომელიც ასევე მე შევქმენი. მამუკა ღლონტი მანამდე "ამტანს" აკეთებდა. რუსუდან ადვაძე, ჟურნალი სარკე
|