basa-ttt1 სექტემბრიდან მეორე ჯგუფის მედიკამენტები ურეცეპტოდ აღარ გაიცემა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ცვლილებას საზოგადოების ნაწილში დაბნეულობა მოჰყვა.
უწყების ხელმძღვანელი დავით სერგეენკო დეტალურად განმარტავს რისი ყიდვაა შესაძლებელი და რა პროცედურებია საჭირო სასურველი მედიკამენტის შესაძენად.
ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან:
- დეტალურად რომ აგვხსნათ რა პროცედურების გავლა იქნება საჭირო იმისთვის, რომ მაგალითად, რეგიონში მცხოვრებმა პენსიონერმა წამლის მიღება დროულად შეძლოს?
- როდესაც ადამიანი ხდება ცუდად, არის რამდენიმე გამოსავალი: ტიპიური გამოსავალი არის, გამოიძახონ სასწრაფო, მეორე - თუ მდგომარეობა არის ქრონიკული მდგომარეობის გამწვავება ან შედარებით მსუბუქი გაუარესება, შეუძლიათ მიმართონ ოჯახის ექიმს, სოფლის შემთხვევაში სოფლი ექიმს.
მესამე, შედარებით ნაკლებად სასურველია, თვითდინებით სხვა საშუალებით მიაკითხოს რაიონულ სამედიცინო დაწესებულებას. თუ პაციენტისთვის მისი ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესება ჩვეულია და მან თავად იცის, როგორ მართოს სიტუაცია, შეუძლია თავადვე მიიღოს მედიკამენტი, რომელსაც აფთიაქში შეიძენს, რადგან გადაუდებელი დახმარების სამართავი მედიკამენტები რეცეპტის გარეშე გაიყიდება.
ამ ტიპის მედიკამენტების შესასყიდად არანაირი მტკიცებულების წარდგენა საჭირო არ იქნება. უბრალოდ თავისუფლად გაიყიდება. ნებისმიერს შეუძლია შევიდეს და ჩამონათვლის ფარგლებში იყიდოს.
- რა წამლები შედის გადაუდებელი დახმარების სამართავ მედიკამენტებში?
- ჩამოგითვლით წამლების ჯგუფებს, ეს არის მაგალითად უეცრად აწეული არტერიული წნევის დროს გამოსაყენებელი სამი ძირითადი ჯგუფის მედიკამენტი ფარმაკოლოგიურ სახელებს არ ჩამოვთვლი. არის ჯგუფი, რომელიც გამოიყენება ალერგიული რეაქციის დროს, როგორც სტეროიდული ასევე ანტიჰისტამინური პრეპარატები, ასევე არის მედიკამენტები, რომლებიც ძლიერი ტკივილის მართვისათვის გამოიყენება - საინექციო ფორმები. ასევე არის მედიკამენტები, რომლებიც ასთმური შეტევის დროს გამოიყენება - გადაუდებელი მედიკამენტების ჩამონათვალი მოიცავს პრაქტიკულად მთელ იმ სფეროს, რაც შეიძლება უეცრად, გადაუდებლად დასჭირდეს ადამიანს. (ხშირად მოხმარებადი წამლების ნუსხა, რომლებიც რეცპტების გარეშე გაიცემა გამოქვეყნებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე)
- თუ გადაუდებელი დახმარების სამართავი მედიკამენტები ურეცეპტოდ და თავისუფალდ გაიცემა, ხომ არ კარგავს აზრს შეზღუდვების დაწესება სხვა მედიკამენტებზე? გამოიყენება თუ არა ურეცეპტოდ გასაცემი წამლები სააფთიაქო ნარკომანიაში?
- მედიკამენტების მეორე ჯგუფზე რეცეპტების სიტემის აღდგენას ჰქონდა 2 მთავარი მიზანი - ერთი, ეს არის სააფთიაქო ნარკომანია და გადაუდებელი დახმარების მედიკამენტებიდან არცერთი არ გამოიყენება სააფთიაქო ნარკომანიაში და მეორე, ეს იყო თვითმკურნალობით მიღებული ზიანი. ასევე ეს გადაუდებელი მედიკამენტები ვერ იქნება ქრონიკული დაავადების თვითმკურნალობისთვის, რადგან პრაქტიკულად ყველა მათგანი არის საინექციო ფორმა, ან აეროზოლი.
- როგორი იქნება პროცედურები იმ პირებისთვის, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს? როგორც ვიცი, არის სპეციალური ფორმა, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტით იქნება შესაძლებელი რეცეპტის მიღება.
- არსებობს ელექტრონული რეცეპტის გაცემის მეთოდი, რომელიც უკვე მოქმედებს პირველი კატეგორიის რეცეპტებისშემთხვევაში. ექიმს შეუძლია დისტანციურად, ინტერნეტით გამოწეროს წამალი. ეს არის ერთ-ერთი მოდელი, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს და მისი პროგრამული უზრუნველყოფა უკვე გავქვს - ის შექმნილია შარშან, წლის ბოლოს და ახლა გადის პილოტირებას. ამ პროექტის შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ პაციენტი იყოს ექიმთან ნამყოფი და ოჯახის ექიმი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმის კურსში იყოს. თუ რეცეპტი გამოსაწერია და პაციენტი მისთვის უცნობ ექიმს მიმართავს, რომელსაც არ აქვს მის შესახებ ინფორმაცია, მაშინ ეს პროექტი ვერ იმუშავებს. პროექტის წარმატება მთლიანად დამოკიდებულია ოჯახის ექიმის ინსტიტუტისადმი ნდობის აღგენაზე და ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაზე.
- ელექტრონულად წამლების გაცემის მეთოდი მთელს საქართველოში გავრცელდება? როდიდან მოხდება ეს?
- ჯერჯერობით ეს მეთოდი მთელი საქართველოს მასშტაბით ვერ განხორციელდება, რადგანაც სოფლებში რჩება ისეთ ამბულატორიები, სადაც არ არის არც ინტერნეტი და არც კომპიუტერი. თუმცა, ეს უკვე არსებობს და იმედი გვაქვს გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიზრდება მისი მოხმარება და დიდ არეალს მოიცავს.
- მზად არიან თუ არა კლინიკები იმისთვის, რომ პაციენტები წამლების რეცეპტების გასაცემად მიიღონ, რადგანაც ამ რეგულაციებმა შეიძლება პირველ ეტაპზე მაინც პრობლემები და რიგები შექმნას.
- ეს კანონი პარლამენტმა შარშან ზაფხულს მიიღო და უნდა ამოქმედებულიყო 2014 წლის 1 იანვრიდან. იმ პერიოდისთვის ჩვენი წინასწარი შეფასებებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს ჯერ კიდევ არ ექნებოდა სამედიცინო დაწესებულებების თავისუფალი არჩევის შესაძლებლობა, განსაკუთრებით ეს ეხებოდა ბავშვებს და ხანდაზმულებს, ისინი იძულებით მიმაგრებულები იყვნენ კონკრეტულ დაწესებულებებს და იყო რიგების წარმოშობის მაღალი რისკი. მეორე არგუმენტი, რატომაც გადავავადეთ პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე ცვლილების ამოქმედება, იყო სწორედ ის, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის უნდა ჩაგვეტარებინა დეტალური სწავლება და უნდა შეგვექმნა მათთვის რეცეპტების აღდგენის და დანერგვის სამოქმედო გეგმები. ჩვენი შეფასებით, დღეს დაწესებულებების დიდი ნაწილი მზად არის. წინასწარ გავიარეთ კონსულტაციები, როგორც ფარმაცევტებთან, ასევე საავადმყოფო სექტორთან და პირველი აპრილიდან ამოქმედდა რეცეპტის დანერგვის გარდამავლი გეგმა, სადაც დეტალურად იყო ყველა დაწესებულებისთვის გაწერილი ეს სამოქმედო გეგმა - რა, როგორ და რანაირად. მე არ ვფიქრობ, რომ რიგების პრობლემა შეიძლება იყოს, ასეთივე მოლოდინები იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებისას, რომ შეიქმნებოდა რიგები, რაც გამოიწვევდა ქაოსს. საბოლოოდ, პაციენტთა მიმართვიანობა საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში გაიზარდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, ამისთის იყო შემქნილი ეს პროექტი, თუმცა, ვერცერთ შემთხვევას ვერ გავიხსენებ, რომ პრობლემა გაჩენილიყო და პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე შეჰქმნოდა.
- ფარმაცევტულ კომპანიებთან რა სიტუაციაა, არ არის გამორიცხული მოსახლეობის ნაწილმა წინასწრ, 1 სექტემბრამდე, შეიძინოს მედიკამენტები და დეფიციტი შეიქმნას. არის ამის საშიშროება? ამასთან, ზოგიერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ გუშინ მოუწოდა მომხმარებლებს, მოიმარაგონ წამლები.
- ფარმაცევტულ კომპანიებთან ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში გვქონდა სისტემატიური კონსულტაციები. ის შეტყობინებები, რაც მიუვიდათ მომხმარებლებს აფთიაქებიდან უმეტეს შემთხვევაში იყო, სიტუაციის გაცნობა, რომ 1 სექტემბრიდან დაიწყებოდა შეზღუდვები, თუმცა, იყო არც ისე მცირე შემთხვევები, როდესაც თვითონვე სთავაზობდნენ, რომ მოემარაგებინათ წამლები. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, არანაირი დეფიციტის საშიშროება არ არსებობს და ეს იყო, ჩემი აზრით, არც თუ ისე სუფთა მარკეტინგზე გათვლილი სვლა. თუმცა, მათთან გვაქვს თანამშრომლობა და მომავლაშიც გვექნება. ვფიქრობ ეს პროცესი არ გამოიწვევს არც წამლების დეფიციტს და არც გაძვირებას.
- შეუქმნის თუ არა პრობლემებს წამლების რეცეპტებით გაცემა სასწრაფოს? სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ისედაც საუბრობს უსაფუძვლო გამოძახებებზე.
- სასწრაფო დახმარების ექიმის პოზიცია არ მოიაზრებს გეგმიური სამკურნალო მედიკამენტების გამოწერას, მისი ამოცანაა პაციენტის ადგილზე სტაბილიზაცია და საჭიროების შემთხვევაში გადაყვანა სტაციონარში. რეცეპტების გაცემა იწყება ოჯახის ექიმის დონეზე. ამიტომ ეს შეზღუდვები სასწრაფოს გამოძახებებს ვერ გაზრდის.
- მედიკამენტების შეძენის შეზღუდვებთან დაკავშირებით მომხმარებლებს შორის დიდი მღელვარებაა. მომხმარებელთა ნაწილი გაუგებრობაშია. როგორ ფიქრობთ, საკმარისი საინფორმაციო კამპანია აწარმოა სამინისტრომ? ხომ არ აპირებთ სოციალური რეკლამის გაკეთებას, რომელიც მომხმარებლებს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის?
- მთელი ერთი წელი მოვანდომეთ მოსამზადებელ პერიოდს, რომლის განუყოფელი ნაწილი იყო საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ეს საინფორმაციო კამპანია დაწყებულია და მიმდინარეობს გეგმის მიხედვით.
უშუალოდ რეფორმის განხორციელების წინა პერიოდში კი გახდება მაქსიმალურად აქტიური. მომავალი 2 კვირის განამვლობაში მეტი სიანფორმაციო აქტივობებია დაგეგმილი, ვიდრე იყო მანამდე.
ამ შემთხვევაში არის ორი ბლოკი, ვისთანაც ჩვენ გვიწევდა ურთიერთობა - ეს არის სამედიცინო და სამოქალაქო საზოგადოება. სამედიცინო საზოგადოებსთან ჩვენ უკვე ამ თვეების განმავლობაში მივაღწიეთ ყველა დეტალურ ანალიზს, ამიტომ ამ მხრივ რაიმე სირთულეს არ ველოდებით.
ამ კუთხით დამატებით არის 2 პროექტი: პირველი ეხებათ სოფლის ექიმების წარმომადგენლებს - 10 დელეგატს გავუფორმეთ კონტრაქტი და უახლოეს დღეებში გადავამზადებთ.
ისინი გახდებიან ინსტრუქტორები, რომლებიც დაბრუნდებიან თავინთ რეგიონებში და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან კოლეგებს რეცეპტებთან ურთიერთობაში.
მეორე პროგრამა გულისხმობს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურის თანამშრომლები, ყოველდღიურად იქნებიან გასულები რეგიონებში და სამედიცინო საზოგადოებას მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, არაერთი საინფორმაციო გზავნილი გვაქვს გამზადებული. პრაქტიკულად დასრულებულია ვებ-გვერდი, სადაც შეიძლება ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება. ამას დაემატება უახლოეს დღეებში გარკვეული ვიზუალური მასალაც, მათ შორის საინფორმაციო კლიპები.
http://commersant.ge/?menuid=88&id=14593&lang=1წაიკითხე რა
ევროპული ქვეყანა გინდათ გახდეთ და არ მიჰყვებით ამას.