http://ick.ge/articles/19295-i.html„ერთადერთი შვილი მომიკლა და მკვლელი შს სამინისტროში ისევ თანამდებობაზეა“17 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 24 წლის სოფიკო სეფიაშვილის ოჯახი შს სამინისტროს თანამშრომლის რევაზ თევდორაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის დაკავებას ითხოვს. „ერთადერთი შვილი მყავდა და მომიკლა. ნასვამი მართავდა მანქანას. რომ დაგვეჯახა ჩვენი მარშუტკა სამჯერ ამოტრიალდა. ასე უნდა იყოს რომ მკვლელი ისევ თანამდებობაზეა? ეს არის სამართალი?“, – ამბობს სოფიკო სეფიაშვილის დედა ნინო სეფიაშვილი.
„აბა სხვა ყოფილიყო თუ მაშინვე არ დააკავებდნენ. ჩვენთვის წყნარად მივდიოდით დასასვენებელად, სართიჭალის მაღაზიასთან გავაჩერეთ, რაღაცეები ვიყიდეთ და გზა განვაგრძეთ. 60-ით მიდიოდა ჩემი მეუღლე. სააკაძის ასახვევია თუ რა არის, იქიდან უცბად გამოქანდა და საბურავებს შორის შეგვიძვრა, ისეთი ძალით დაგვარტყა, რომ სამჯერ ამოგვატრიალა. ჩემმა შვილმა პირველი ამოტრიალებისთანავე თავით გატეხა მინა და გადავარდა, ჩვენ კიდევ ორჯერ ამოვტრიალდით. რომ დავეცი, გავიხედე და ჩემი შვილი უკვე აღარ იყო. ფანჯრიდან გადავხტი, მაგრამ ვერაფრით ვერ ვუშველე. იქით ბავშვი ეგდო უგონოდ. სანამ ამოვტრიალდებოდით, ხელში ეჭირა, ძუძუს აწოვებდა და გადაუვარდა. ის კიდევ, ვინც დაგვეჯახა გაქცევას ცდილობდა, პოლიციის თანამშრომელი ვარ და ვერავინ ვერაფერს ვერ მიზამსო. რატომ არ არის დაკავებული, წინასწარი პატიმრობა ხომ არსებობს? დაეპატიმრებინათ. დროს წელავენ სპეციალურად, რომ გული გაუნელდეთო. როგორ გამინელდება გული, წლები რომ გავიდეს არ გამინელდება. ჩემს საცოდავ ქმარს შვილი მკვდარი ჰყავდა და 7 საათი პოლიციაში აყურყუტეს, ის კიდევ დაკითხეს და მაშინვე გაუშვეს“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნინო სეფიაშვილმა.
გარდაცვლილის დედამთილის, მარინა თვალმიხელაშვილის თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რევაზ თევდორაშვილი, იმის ნაცვლად, რომ დაშავებულებს დახმარებოდა, გაქცევას ცდილობდა.
„ქობულეთში მიდიოდნენ, საღამოს გავაცილე, სიხარულით აბარგებდა ყველაფერს, ისეთი გახარებული იყო. ყველაფერი წამებში მოხდაო ჩემმა მძახალმა, ისე ძლიერად დაგვარტყა მანქანამ, რამდენჯერმე ამოგვაბრუნაო. ეს გაუბედურებული ბავშვები ასფალტზე ეყარნენ, იქით სისხლიანი დედამისი, ეს გოგო და ერთი წუთითაც არ მიუხედია, ცდილობდა რომ მანქანა დაექოქა და გაქცეულიყო. თვითმხილველები არიან, რამდენმა დაინახა, რომ გარბოდა, იმის მაგივრად, რომ დახმარებოდა გაუბედურებულ 10 თვის და 5 წლის ბავშვებს. სამჯერ დაუქოქავს მანქანა და ჩაქრობია. დღემდე არ არის დაკავებული. ეს არის ჩვენი მთავრობა, რომ ასეთი დანაშაული ჩაიდინა და ისევ სამსახურში დადის? როგორ შეიძლება ადამიანმა პასუხი არ აგოს ასეთ საზარელ მკვლელობაზე, 24 წლის გოგო იმსხვერპლა“, - აღნიშნა გარდაცვლილის დედამთილმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც სოფიკო სეფიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, 17 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ბაკურციხე – თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ მარტყოფის გადასახვევთან მოხდა. „ფორდ ტრანზიტის“ მიკროავტობუსს, რომელშიც სოფიკო სეფიაშვილი მეუღლესთან, მშობლებთან და 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იჯდა, მეორეხარისხოვანი გზიდან დიდი სისწრაფით მომავალი „ოპელის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა. მანქანას შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომელი რევაზ თევდორაშვილი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. სოფიკო სეფიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა მისი 10 თვის ბავშვი.
რევაზ თევდორაშვილს, რომელიც გაქცევას ცდილობდა, ტელეფონი დაუვარდა. გარდაცვლილის მეუღლემ თევდორაშვილის ტელეფონი აიღო, რომ მისი ვინაობა დაედგინათ. მას შემდეგ, რაც ოჯახმა განაცხადა, რომ რევაზ თევდორაშვილმა დანაშაულზე პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს, გამოძიებამ გარდაცვლილი სოფიკო სეფიაშვილის მეუღლეს გიორგი თვალმიხელაშვილს დავა რევაზ თევდორაშვილის ძარცვაზე დაუწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა გამოძიების მხრიდან ზეწოლის ფაქტი დაადასტურეს.
ამასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა განცხადება გააკეთა.
„წარმოიდგინეთ რა დონის უსამართლობაა. ამ ტრაგედიის თავის თავზე მიმღებ ადამიანს მემგონი იმის ხასიათი არ ექნებოდა, რომ ტელეფონის ძარცვა ან მოპარვა ჩაედინა. აქედან ცხადია, რომ ხელისუფლებას შს სამინისტროში აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე პირებმა სათანადოდ აგონ პასუხი. ამ და სხვა მრავალი ფაქტის გათვალისწინებით, ჭიკაიძეს ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს გასაცემი პასუხი“, - განაცხადა ღვინიაშვილმა.
რევაზ თევდორაშვილი ამ დრომდე თანამდებობაზეა და პასუხისგებაში მიცემული არ არის. თვითმხილველების ჩვენებების მიუხედავად, შსს–ში არ ადასტურებენ, რომ მათი თანამშრომელი ავარიის შემდეგ გაქცევას ცდილობდა. შსს–ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, რევაზ თევდორაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყვეტს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გარდა, არსებობს შსს–ს წესდება, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები, რომლის საფუძველზეც შს სამინისტროს რევაზ თევდორაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება შეუძლია.