კიდევ ერთი სიმპტომია რომელიც პრინციპში კატასტროფას მიუთითებს: პატარები არიან აშკარად სიკვდილით დასჯის მომხრე - სრულიად დაცლილები ჰუმანიტარული განათლებისაგან, წიგნიერებისაგან, რაც აძლევს ადამიანს საშუალებას, მოერიოს შიში ხვალინდელი დღის გამო
ამიტომ ერთხელაც გავაკეთოთ რაც არ და ვერ გააკეთა სკოლამ
ილია ჭავჭავაძის
სარჩობელაზედ და ორი ლინკი -
კამიუს და
კესტლერის, ევროპული ჰუმანიტარული აზროვნების შედევრები
უფრო გამალებული წავიდა პეტრე ავლაბრის ბაკებისაკენ. გული არ უთმენდა, უნდოდა მალე გაეგო რა ეწერა წიგნში. ამის შვილმა წიგნი კარგად იცოდა. მღვდელთან იყო ნასწავლი. პეტრე მიდიოდა, მაგრამ გული ფეხს უსწრობდა.
— რა-რიგ გაგრძელდა ეს ოხერი გზაო, — ამბობდა გულში, — მივდივარ და ვეღარ მივსულვარო.
ბოლოს, როგორც იყო მივიდა. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და სულს ძლივს იბრუნებდა დაღალულობისაგან. მიათვალ-მოათვალიერა იქაურობა, ნახა, რომ არავინ არის. მეურმეები დაქსაქსულიყვნენ, ბაზარში გასულიყვნენ, ზოგს რა უნდა ეყიდნა საშინაოდ, ზოგს რა. პეტრეს იამა, რომ არავინ იყო ბაკში, იამა უფრო იმიტომ, რომ ამისი შვილი მარტოკა აქ სადმე უნდა ყოფილიყო, რადგანაც ქალაქში იმას არაფერი საქმე ჰქონდა. მართლადაც, იქავ დერეფნის გრილოში იპოვნა შვილი; მიწოლილიყო გრილოში და ეძინა. გააღვიძა.
— ერთი ადეგ, ეს წიგნი წამიკითხე, — უთხრა პეტრემ და მიაწოდა წიგნი.
შვილმა თვალები მოიფშვნიტა, გაიზმორა და წიგნი ჩამოართვა.
— სად გიპოვნია, მამი? — ჰკითხა შვილმა.
— მიპოვნია კი არა! მოვდიოდი და ხელში მომაჩეჩეს, — უპასუხა პეტრემ. სხვა რამის დამატება მეტი ეგონა.
შვილმა წიგნი გახსნა, გადაშალა და ასიგნაციები გადმოცვივდა. გაოცდნენ შვილი და მამა, ეს რა ამბავიაო. შვილს ფულის დათვლა უნდოდა, მამა გაუწყრა და ტუქსვით უთხრა მოთმინება-დაკარგულმა:
— რა დროს ეგ არის! ერთი წაიკითხე-მეთქი, რა სწერია. ლამის გული ბუდიდამ ამომვარდეს, ვეღარ მომითმენია.
შვილმა დაიწყო კითხვა:
— „დღეს რომ ყმაწვილი ბიჭი დაარჩეს, ჩემი ძმა იყო…“
— რაო? — გააწყვეტინა კითხვა ზარდაცემულმა პეტრემ და ელდისაგან გაფითრდა. — ჩამოარჩესო!.. მაშ მართალი იყო ის ამბავი!.. მაშ ხალხი რაღას ჰხარხარებდა მერე!.. წაიკითხე, წაიკითხე. ნეტა არ მენახა.
— მამი, რას ამბობ? — ჰკითხა გაოცებულმა შვილმა, — რატომ ეგრე დამთხვევით და გადარეულად ლაპარაკობ!
— წაიკითხე-მეთქი, მე ვიცი რასაც ვლაპარაკობ, — უთხრა პეტრემ წყრომით და გულის აღელვებით. საწყალი ბერიკაცი სულ თრთოდა, თითქო ციება აცახცახებსო.
შვილმა გაიქნივ-გამოიქნივა თავი, — მამა-ჩემს ეს რა დამართვიაო, და დაიწყო ისევ კითხვა:
„მამა-ჩვენი ერთი ღარიბი აზნაურშვილი იყო. როცა მოკვდა, ჩვენ ორნი ძმანი პატარები დავრჩით, დედა მალე გაგვითხოვდა, შეირთო ერთი ვიღაც აზნაურშვილი, ქალაქში მსახურობდა. რაც მამისაგან დედულ-მამული გვქონდა, — ცოტა, მაგრამ იმოდენა, რომ ტკბილის ლუკმის ილაჯი გვექნებოდა — სულ მამინაცვალმა წაგვართვა, დაგვიყიდა, მიცვალ-მოცვალა და ჩვენ ცარიელზედ დაგვსვა. მინამ პატარები ვიყავით, ჩვენ სოფლად ვეყარენით უპატრონოდ და ისინი კი ქალაქში იყვნენ. როცა მოვიდოდნენ, ჩვენ საწყლებს სულ ტყავს გვაძრობდნენ ცემითა. შიშველ-ტიტველნი, მშიერ-მწყურვალნი ვეხეტებოდით სოფლის ორღობეებში უპატრონოდ. ბიჭი იყო შინა-მოსამსახურე, ჩვენა გვცემდა, მამინაცვალი იყო, ჩვენა გვცემდა, ყველანი შინაურები, ვისაც კი შეეძლო, გვიტყაპუნებდნენ თავში. ბევრს უცხოს, მართალია, ვეცოდებოდით საწყალი ობლები, მაგრამ შველა კი არსად იყო. ბოლოს, რომ ცოტა წამოვიზარდენით, მამინაცვალმა მოგვიშორა თავიდამ, მიგვაბარა სალდათის შკოლაში თუქურმიშაზედ, ვაიდამ ვუიში ჩაგვაგდო. აგვიყროლეს სული რუსულის ლანძღვითა და თრევითა, ამოგვართვეს სული ცემა-ტყეპითა. ვითმინეთ და ვეღარ ავიტანეთ. დავკარით ფეხი და გამოვიქეცით. შევიარეთ ჩვენს სოფელში, ჩვენის ძველის სახლიდამ ბიჭებმა გამოგვყარეს, ერთის ღამის ბინაც არ მოგვცეს. გამოვედით ორნი ობოლნი ამ ტრიალ დედამიწაზედ უპუროდ, უფულოდ, უბინაოდ, უნუგეშოდ, უთვისტომოდ. ვის შესტკივდებოდა ჩვენთვის გული? ჩვენ ყველასათვის უცხონი ვიყავით, ყველანი ჩვენთვის. გამოვწიეთ ქალაქისაკენ, გაბოროტებულნი, მთელს ქვეყანაზედ გულამღვრეულნი. გადავემტერეთ უსამართლო ქვეყანას, გადავემტერეთ ყველას, მამინაცვალს, დედას, ავსა, კარგსა, შენა და სხვასა. პატარები ვიყავით, ყველა ხედავდა — რომ თვალნათლივ გვძარცვავდნენ, არავინ არ გამოგვესარჩლა, არავინ მოგვეშველა, არავინ ხმა არ ამოიღო. ჩვენი ცოდვა ყველამ დაიდო კისრად. მამინაცვალმა კი არა, თქვენ ყველამ გაგვძარცვეთ ჩვენ, თქვენ ყველამ მოგვიღეთ ბოლო. მინამ ცოცხალი ვარ, ყველას გადვუხდი და როცა აღარ ვიქნები, იქ, ღმერთს გავცეთ ყველამ პასუხი. სულ ყველანი იქ მივალთ და იქ დავუდგებით ერთმანეთს პირისპირ. ვნახოთ, ვინ გამოვა მართალი, ვინ მტყუანი. ღმერთი გულს უფრო სინჯავს, მინამ საქმეს; იქ სამართალი არ გაბრუნდდება.
…გახსოვს, ამ ოთხის წლის წინად ლოჭინის ხევის პირს რომ ურმები გამოშვებული გქონდათ? გახსოვს, ორი ყმაწვილი რომ მოგადგათ? ისინი ჩვენ ვიყავით, ორის დღის უჭმელები. საწყალმა ჩემმა ძმამ, ბეჟანს რომ ვეძახოდი, ბევრი ტყუილი ილაპარაკა მაშინ… მე მწყინდა ეგ, მე მაგას ვთაკილობდი, მაგრამ ვერა გავაწყე-რა. ჩემი საცოდავი ძმა უჯათი იყო, თვითრჯული, და ვაი რომ ამასთანავე გულნამცეცაც იყო. ღმერთმა მიპატიოს ის ერთად-ერთი სული, ის ერთად-ერთი ჩემი სისხლი და ხორცი, ის ერთად-ერთი ძმა-კაცი, ის ერთად-ერთი ადამიანი ჩემი კეთილის-მყოფელი, ჩემთვის თავდადებული, ჩემი მოსიყვარულე და ერთგული. დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ კატასავით დამირჩეს!.. განა ამას შევარჩენ ქვეყანასა, მინამ კაცი მქვიან, მინამ თავზედ ქუდი მხურავს, მინამ პირში სული მიდგა!
„შენ მაშინ გულის-ტკივილით დაგვიურვე. შენმა გულკეთილობამ კინაღამ მადლის შუქი არ ჩააწვდინა ჩემს ბნელს გულამდე, კინაღამ შენმა გულკეთილობამ არ მომინადირა. მთელი ღამე არა მძინებია, გამიკრთა მაშინ ძილი. თუმცა ძალიან დაღალული ვიყავ. როცა ჩემი ძმა წამოდგა და შენ ჯიბეების ჭრა დაგიწყო, გული დამეთანაღრა, ავიმრიზე, თმა ყალხზედ შემიდგა. მაგრამ ხმა არ გავე, არ დავუშალე. გაწყდეს, საცა წვრილია-მეთქი!.. ეგეც ჩემი მძარცველია, ეგ რომ კაცი ყოფილიყო, მე არ გამაძარცვინებდა-მეთქი.
„გაგქურდეთ და ჩამოვედით ქალაქს. აქ ცოდვაც და მადლიც უფრო ხალვათად დადის. ორივეს დიდი შარა-გზა აქვს. მას აქეთ დღე არ გამოსულა, რომ არავინ არ გაგვეძარცვოს. ჩვენი დანაკარგი, ვინც შეგვხვდა, ვაზღვევინეთ. ამით ვირჩენდით თავსა, ამითვე ვიფხანდით ისარნაკრავს, გამწარებულს და გაბოროტებულს გულსა. გული მაინც არ დაგვიცხრა, რაღაცას ლამობდა, საითღაც იწევდა. ვერ დავაამეთ და ვერა…
„ამ ორის წლის წინად ისე მოხდა, თითქო თითონ ბედმა მიგვიყვანა მამინაცვლის სახლშიო. დედა-ჩვენი მაშინ შინ არ იყო, სოფელში გაესტუმრებინა ქმარს. შევუცვივდით ღამე ორნივ ძმანი, მამინაცვალი შემოგვაკვდა, გვინდოდა აგვეკლო იქაურობა და ვეღარ მოვასწარით. შეგვიტყვეს, პოლიცია თავს დაგვესხა, მე კი გამოვასწარ და ჩემი საწყალი ძმა მოემწყვდიათ და დაეჭირათ. ბოლო ხომ იცი: დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ ჩემი ერთად-ერთი ძმა, ერთად-ერთი კეთილის-მყოფელი კატის კნუტსავით ჩამომირჩეს. თქვენ იდექით და სეირს უყურებდით, მე კი ვუყურებდი და ვიწოდი… არ შეგარჩენთ, არა, ამ ამბავს!.. ყველამ უნდა მიზღას ჩემი დანაკარგი. ძმის სისხლს, მინამ ცოცხალი ვარ, ავიღებ. მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო. ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით. განკითხვის დღემ გამოაჩინოს, საით არიან მართალნი და საით მტყუანნი. ღმერთი გულთამხილავია: მინამ საქმეს სასწორზედ დასდებდეს, ჯერ გულში ჩახედავს ადამიანს. მე ჩემი გზა მართლის გზა მგონია. მართალი ვარ, თუ მტყუანი, — არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა. ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანასა, როგორც წინადვე მოტეხილი ტოტი უკანასკნელ ძაფზეღა დაკიდებული. მშვიდობით!.. თუ როდისმე ჩემი ნახვა მოიწადინო, მოდი და მეც ჩემ ძმასავით სარჩობელაზედ მნახე. ჩემი ბოლო ეგ არის.
„არ ვიცი რად და ჩემი გული კი იწევდა, რომ შენ წინ გადაშლილიყო. — აჰა, გადაგიშალე და ლოდი ამეცალა.
„შენს სამს და ათ შაურს ერთი ათად გიბრუნებ. შენმა გულკეთილობამ რომ ტკბილი ნაღველი ჩამისახა გულში და კინაღამ არ დამიმორჩილა, აქამდის კიდევ გულში მიღვივის, როგორც ნაცრის ქვეშ შენახული ნაღვერდალი. ისიც გაქრება, ვიცი. განა შენ კი ამხანაგი არა ხარ ჩემის მამინაცვლისა! განა შენ კი არ დამირჩე ერთად-ერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდე!“
შვილი გაოცდა, მამას ცივმა ოფლმა დაასხა.
— მე რა შუაში ვარო! — დაიძახა კვნესით და თრთოლვით შეშინებულმა პეტრემ. პეტრე მთლად ცახცახებდა.
მართლა-და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს…
////////\\\\\\\
http://lib.ru/INPROZ/KAMU/gilotina.txt_wit...g-pictures.htmlhttp://www.litmir.net/br/?b=132704დავაი, აწი თქვენ იცით
შეხვდებით ერთმანეთს ჯოჯოხეთში
This post has been edited by beatlesflacone on 4 Sep 2014, 23:25