110 დოლარიდან 97 დოლარამდე გაიაფდას ბარელის ღირებულება, ჩვენთან ჯერ არაფერი ეტყობა ფასებს
რა უნამუსოები არიან, ესენი ვინ არიან გაგიჟდები კაცი
საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის გაიაფების ტენდენცია გრძელდება. საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელობა კი ამ პროცესებს ვერ ამჩნევს – ამის შესახებ დღევანდელი გაზეთი „რეზონანსი“ წერს და აღნიშნავს, რომ ერთი ლიტრი ბენზინის საბითუმო ღირებულება მაქსიმუმ 1,71 ლარია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში საბითუმო და საცალო ფასს შორის სხვაობა უკვე 40 თეთრია.
„ასეთი მაღალი მარჟა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც კი არ ყოფილა,“ – წერს „რეზონანსი.“
9 სექტემბერს, „პლატცის“ მიხედვით ბენზინის საერთაშორისო ღირებულება 917 დოლარია, ლარის კურსზე გაანგარიშებით ტონა ბენზინის ფასი 1600 ლარია. ამას ემატება დღგ 288 ლარი, აქციზი 250 ლარი, ტრანსპორტირება 80 ლარი და საბოლოო ჯამში კომპანიებს ერთი ტონა ბენზინის შესყიდვისას 2218 ლარის ხარჯის გაწევა უწევთ. თუ ამ მაჩვენებელს 1300 ლიტრზე გავყოფთ (ერთი ტონა ბენზინის მოცულობა), ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,71 ლარია.
გასათვალისწინებელია ის, რომ ნავთობკომპანიები საწვავის შესყიდვისას მინიმუმ 5%–იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. შესაბამისად, ერთი ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი უფრო მცირე უნდა იყოს.
დღეს ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ერთი ლიტრი ბენზინი 2,07–2,12 ლარი ღირს.
თუკი ადრე ნავთობკომპანიები ბენზინსა და დიზელს საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლებისას რამდენიმე კვირაში აიაფებდნენ, ამჯერად საერთაშორისო ფასები ორ თვეზე მეტია სტაბილურად დაბალია, საქართველოში კი საწვავის გაიაფებას საშველი არ დაადგა.
ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ საქართველოში საწვავზე მსოფლიო ფასების ადეკვატური ფასი არ არის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საწვავის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი – მომხმარებელმა უნდა იცოდეს ასეთ მაღალ ფასად რა ოქტანობის საწვავს ყიდულობს და რა სიზუსტით.
„მსოფლიოში ნავთობი გაიაფდა, საქართველოში კი ასეთი კლება არ მომხდარა. გარდა ამისა, მთავარია არა ფასი, არამედ საწვავის ხარისხი და ჩასხმის სიზუსტე. ამისთვის კი აუცილებელია აღდგეს სტანდარტიზაციის ინსტიტუტი, რომელიც ამას შეამოწმებს. რაც შეეხება ფასს, უნდა გაიზარდოს კონკურენცია,“ – ამბობს ემზარ ჯგერენაია.
ანალიტიკოს ბექა კემულარიას განცხადებით, კომპანიები თვითნებობენ, რაზეც სახელმწიფო მცირე რეაგირებასაც ვერ ახდენს.
„ნავთობკომპანიების ქმედებები ყველა კონტექსტიდანაა ამოვარდნილი.
“პლატცი“ მცირდება და ეროვნული ვალუტის კურსიც მყარია, საწვავის ფასი კი რეალურად არ იკლებს. ის, რომ კომპანიებმა სულ ცოტა ხნის წინ საწვავი 2–3 თეთრის ფარგლებში გააიაფეს, საზოგადოების თვალის ასახვევად გაკეთდა. ივლისის დასაწყისიდან, როგორც კი საერთაშორისო ბაზრებზე გაიაფების ტენდენცია დაიწყო, იმპორტიორებმა საწვავი 2–3 თეთრით გააძვირეს. შემდეგში, როცა ტენდენცია დიდი ხნით შენარჩუნდა, ნავთობპროდუქტები ამავე მაჩვენებლით გააიაფეს,“ – აცხადებს ბექა კემულარია.
მისი თქმით, მან ვერ დაინახა კონკურენციის სააგენტოს ფუნქციობის საფუძველი და ამ უწყებამ, ელემენტარულად, ვერ შეძლო, რომ თვითნებობას მიჩვეული კომპანიების ქმედებებზე რეაგირება მოახდინოს და მათი კარტელური გარიგებები ამხილოს.
„მსოფლიოში „პლატცის“ ფასი მცირდება, ვალუტა მყარდება და ამ პროცესს ნავთობკომპანიები აინუნშიც არ აგდებენ. ეს ხდება იმიტომ, რომ თავის დანიშნულებას არ ასრულებს კონკურენციის სააგენტო, რომლის სახითაც ბიუჯეტს ახალი „მჭამელი“ გამოუჩნდა. მსოფლიოში საკმაოდ რთულად ხდება კარტელური შეთანხმებების გამოვლენა, ანტიმონოპოლიურ სამსახურებს უჭირთ ამ მხრივ. აქ ეს პროცესი დღესავით ნათელია,“ – აცხადებს ბექა კემულარია.
http://commersant.ge/?menuid=87&id=15284&lang=1