საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბოლო ხანებში მსოფლიოში ნავთობის ფასი საგრძნობლად შემცირდა - ბოლო ორი წლის განმავლობაში ნავთობზე ასეთი დაბალი ფასი ჯერ არ დაფიქსირებულა: "პლატცის" მიხედვით 1 ტონა ბენზინი 900 დოლარი ღირს, ხოლო დიზელის საწვავი - 813 დოლარი. საქართველოში კი საწვავის ფასები თითქმის არ შეცვლილა, მხოლოდ ერთმა კომპანიამ, კერძოდ, "ლუკოილმა" შეამცირა ფასი ყველა სახის პროდუქტზე, სხვა კომპანიები ძველი ტემპით განაგრძობენ მუშაობას.
ბუნებრივია, მოსახლეობას აწუხებს კითხვა - რატომ არ მცირდება საწვავის ფასი ჩვენს ქვეყანაში?
BPN.GE-მ ეს შეკითხვა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს -ვანო მთვრალაშვილს დაუსვა.
ვანო მთვრალაშვილი: ვერავინ უარყოფს, რომ ნავთობბის ფასი აშკარად შემცირებულია. ამას ბოლო ორი თვის მონაცემებიც ადასტურებს: მთელი აგვისტოს პერიოდში საწვავის საერთაშორისო ფასი სტაბილურ დიაპაზონში მერყეობდა.
კერძოდ, 1 ტონა ბენზინის ფასი იყო 935 დოლარი, 948 დოლარი, ბოლოს კი - 960 დოლარიც გახდა, თუმცა, 10 სექტემბრის შემდეგ ფასების მკვეთრი კლება დაიწყო და დღემდე "პლატცის" მიხედვით 1 ტონა ბენზინის ფასი 900 დოლარამდე დავიდა, ხოლო დიზელის - 813 დოლარი ღირს.
- როდის აისახება ეს დინამიკა ქართულ ბაზარზე?
- ფასების მკვეთრი ვარდნის შემდგომ უკვე გავიდა 13-14 დღე. გაიაფებულ პროდუქტს პირველ რიგში შეძენა უნდა, მერე მისი ტრანსპორტირებაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი ადგილობრივ ბაზარზე მისი გაიაფება.
სულ ცოტა, 10-14 დღე ამ პროცესს ყოველთვის სჭირდება. შესაბამისად, უკვე დგება ის პერიოდი, როდესაც კომპანიები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას და საწვავის ფასი თავისთავად შემცირდება. უნდა გითხრათ, რომ "პლატცის" დღევანდელი ფასიდან გამომდინარე, სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ჩვენს ქვეყანაში საწვავის ფასი აუცილებლად შემცირდება.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/111944-ua...l#ixzz3EEJSNTyE