რატომ იკრიბებოდნენ მალულად ფეხბურთის გულშემატკივრები?
ჩვენით და ჩვენი მეგობრებით უშიშროება დაინტერესებული იყო
80-იანი წლების ფეხბურთის გულშემატკივრისთვის პანტიანი ერთგვარ სამოთხეს წარმოადგენდა, სადაც შეიძლებოდა გეყურებინა ისეთი კორიფეებისთვის, როგორებიც იყვნენ: პლატინი, სოკრატესი, მარადონა... იმ თაობის გულშემატკივრები დღესაც უდიდესი სიამოვნებით იხსენებენ, მთელი ქალაქი როგორ მიდიოდა პანტიანში, რათა ფეხბურთისთვის ეყურებინა. გოდერძი და ნუგზარ პერონიძეებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ადგილას შესაძლებელი იყო თურქეთიდან მიღებული სიგნალის დაჭერა და ამ აღმოჩენით ქართველ გულშემატკივრებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.
გოდერძი პერონიძე:
- სანამ პანტიანში ტელესიგნალს აღმოვაჩენდით, მანამდე დავდიოდით საზღვრისპირა რეგიონებში: ახალციხეში, კიროვაკანში (სომხეთი), სადაც შესაძლებელი იყო სიგნალის მიღება თურქეთიდან. მერე გავიგეთ, რომ თეთრიწყაროს რაიონში ვიღაცამ შემთხვევით მიიღო სიგნალი და გადავწყვიტეთ, ჩვენც გვეცადა ბედი. გაკითხვა-გამოკითხვით მივედით იმ დასკვნამდე, რომ პანტიანის მიდამოებში შესაძლებელი იქნებოდა ტელესიგნალის მიღება თურქეთიდან. ფიზიკოსებსა და ტექნიკოსებს ვკითხეთ რჩევა და დავადგინეთ, რომ ამ ტერიტორიაზე მართლაც ვრცელდებოდა ულტრამოკლე ტალღები. ტალღების მისაღებად კი საჭირო იყო ანტენა, რომლის დამზადებაც გადავწყვიტეთ - მოვიპოვეთ სქემა და ავაწყვეთ. მერე ტელევიზორიც შევიძინეთ, რომელიც 12 ვოლტზე მუშაობდა და დავიწყეთ პანტიანის ტერიტორიაზე ადგილის ძებნა, სადაც სიგნალს დავიჭერდით. დაახლოებით ერთი კვირის ძებნის მერე მივიღეთ სიგნალი. სპეციალური ანტენა მხოლოდ იმიტომ იყო საჭირო, რომ წერტილი გვეპოვა, თორემ მერე უკვე ჩვეულებრივი ანტენითაც ხდებოდა სიგნალის მიღება. აქ ყველა მოდიოდა მანქანით, რომ აკუმულატორზე შეეერთებინა ტელევიზორი და ამიტომ ადგილები არ იყო, რომ მანქანა გაგეჩერებინა. ხალხი დილიდან მიდიოდა, რომ ადგილი დაეკავებინა. ფაქტობრივად, ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარდა, აქ იყო. სხვათა შორის, შიგ სოფელ პანტიანში სიგნალს ვერ იღებდნენ და ამიტომ გვიწევდა ხოლმე მინდორზე თამაშების ყურება.
- საბჭოთა უშიშროება ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა ყოველგვარ თავყრილობას. თქვენ არ გაკონტროლებდნენ?
- არც ჩემთან და არც ჩემს ძმასთან არავინ მოსულა და არ შევუწუხებივართ, მაგრამ ხომ იცით, თბილისი პატარა ქალაქია, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ხმები მოგვდიოდა, რომ ჩვენით და ჩვენი მეგობრებით უშიშროება დაინტერესებული იყო. ფეხბურთის გარდა, თავისუფლად ვუყურებდით უცხოურ საინფორმარციო გადაცემებსაც და ამიტომაც იყო, ერთი-ორჯერ გორგოძემ (მაშინდელი შს მინისტრი) ე.წ. "აბლავა" მოგვიწყო, მაგრამ არავინ დაუჭერიათ. ვერის ბაღში ხმები მოგვდიოდა, რომ ვიღაცები გვაკონტროლებდნენ და ვიცოდით, რომ ვიღაც ბევრს ლაპარაკობდა და ვიღაც - ცოტას.
- როგორც ვიცი, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურიც დაინტერესდა თქვენით.
- დიახ, ასე იყო. დაახლოებით 8-9 წლის წინ, აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთ წვეულებაზე ჩვენი ახლობელი მოხვდა. როგორც ჩანს, შეეხნენ პანტიანში გულშემატკივრების შეკრებასაც. მერე ამ ამერიკელს უთქვამს, - 70-იან წლებში ვმუშაობდი სახელმწიფო სამსახურში, მებარა სამხრეთ კავკასიის საკითხები და პანტიანში ხალხი რომ იკრიბებოდა, ჩვენი დაზვერვა ძალიან დაინტერესდაო. თანGzaPressაც დაემთხვა, რომ ზედიზედ იყო რამდენიმე საინტერესო თამაში, მერე უკვე ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და ყოველდღე დავდიოდით. ამ ყველაფერს თანამგზავრების საშუალებით უყურებდა თურმე აშშ-ის დაზვერვაც, რომელიც აფიქსირებდა, რომ ტექნიკით აღჭურვილი ხალხის დიდი ჯგუფი თითქმის ყოველდღე მიდიოდა სამხრეთით, მერე ეს ჯგუფი ერთ კონკრეტულ ადგილას ჩერდებოდა 3-4 საათი და ბრუნდებოდა უკან. ამერიკელებმა თურმე ეს ჩათვალეს, როგორც რაღაც მანევრი და გარკვეული დრო დახარჯეს, სანამ გაშიფრავდნენ, თუ რა ხდებოდა რეალურად. ისინი სხვა გარემოში იყვნენ გაზრდილი და უჭირდათ იმის გაგება, რომ ფეხბურთის საყურებლად ამხელა გზაზე დავდიოდით. თურმე, რომ გაუგიათ, რაც ხდებოდა რეალურად, მაინც არ სჯეროდათ და საკუთარი აგენტურა ჩაურთავთ, რომ დანამდვილებით გაეგოთ, რაში იყო საქმე.
- რომელიმე მნიშვნელოვან თამაშს თუ გაიხსენებთ?
- კარგად მახსოვს "ლივერპულისა" და "იუვენტუსის" შეხვედრა ბრიუსელის "ეიზელის" სტადიონზე, როდესაც სტადიონი ჩამოინგრა და ადამიანები დაიღუპნენ. მაშინ თვალს ვადევნებდით ამ თამაშს... პანტიანი ჩვენთვის თავისუფალ სიტყვასთანაც ასოცირდებოდა. წარმოიდგინეთ, კარგი მანქანა რომ გვენახა, ამისთვის კინოში დავდიოდით და აქ საშუალება გვქონდა, უცხო ქვეყნის გადაცემებისთვის გვედევნებინა თვალყური. პანტიანი ერთგვარი ფანჯარა იყო ევროპაში. სხვათა შორის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების ამბავი სწორედ იქ გავიგეთ. ფეხბურთამდე ან მას მერე იყო საინფორმაციო გამოშვებები. ჩვენთან ერთად იყვნენ ადამიანები, ვინც იცოდა ინგლისური და გვითარგმნიდნენ ხოლმე. ჩერნობილის ამბავი არ დავიჯერეთ, რადგან ჩვენებს არაფერი უთქვამთ და მხოლოდ მესამე თუ მეოთხე დღეს გააშუქა საკავშირო ტელევიზიამ. არადა, თურქული არხების მეშვეობით ჩვენ პირველივე დღეს ვიცოდით.
- და მაინც, რა იყო პანტიანი? ხომ არ იყო ეს ერთგვარი პროტესტის ფორმაც?
- ეს იყო ყველაფერი ერთად. პროტესტი იყო, აბა, რა! თითქოს ვამბობდით: ნახეთ, ფეხბურთს არ გვაჩვენებთ, მაგრამ მაინც ვუყურებთ! თითქოს ვამბობდით - თქვენ გარეშე ჩვენ მაინც ვარსებობთ! ვინც ჩვენთან ერთად ვერ დადიოდა, ისინი სინანულით გვეუბნებოდნენ ხოლმე, - ნეტავ, თქვენ, რომ შეგიძლიათ ასეთი რამის გაკეთებაო! რაც მთავარია, პანტიანი ფეხბურთის ჭეშმარიტი სიყვარული იყო.
http://www.gzapress.ge/life/186-pantiani-f...-evropashi.htmlმაგაზე ერთი ჩემი მეგობრის ბაბუა გასროკეს