რა ვიცით გიბრალტარის შესახებ?
ევროპული საფეხბურთო ოჯახის ახალი წევრის შესახებ ქართველმა გულშემატკივარმა თითქმის არაფერი იცის. ამიტომ თავს უფლებას მივცემთ და ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერის შესახებ დაწვრილებით გიამბობთ.
გიბრალტარი უეფას წევრი კია, თუმცა ფიფაში მის მიღებას საშველი ვერაფრით დაადგა. ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე წარმოადგენს ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 30 ათასია. ეს არის მოსახლეობის მხრივ უეფას ყველაზე პატარა წევრი სახელმწიფო.
უეფაში მიღებამდეც და ახლაც გიბრალტარი სისტემატურად მონაწილეობს "კუნძულების თამაშებში", რომელიც ევროპასთან ახლოს მდებარე პატარა, არაღიარებული კუნძულოვანი ქვეყნების არაოფიციალური საფეხბურთო შეჯიბრებაა. სხვათა შორის, 2007 წელს ეს ტურნირი ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ მოიგო...
გიბრალტარის ნაკრებმა პირველი არაოფიციალური მატჩი ჯერ კიდევ 1923 წელს გამართა - ესპანეთში "სევილიას" ორჯერ შეხვდა და ორივე შეხვედრა წააგო. ამას გარდა, 1949 წელს გიბრალტარის ნაკრებმა თვით მადრიდის "რეალთან" ითამაშა და მატჩი... ფრედ დაასრულა. თუმცა ისტორიას არ შემოუნახავს ცნობები "სამეფო კლუბის" შემადგენლობის შესახებ...
2006 წელს გიბრალტარმა მსოფლიოს არაღიარებული სახელმწიფოების ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ცნობისთვის - ეს ის პირველობაა, ამას წინათ "აფხაზეთმა" და "ოსეთმა" რომ ითამაშეს.
გიბრალტარი მესამე ადგილზე გავიდა, დამარცხდა რა მომავალ ჩემპიონთან, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან.
2008 წელს გიბრალტარმა "ოთხი ერის" ტურნირზე ითამაშა. მის გარდა, ეს შეჯიბრება დააფასეს ინგლისის მესამე და შოტლანდიის მეორე ნაკრებებმა, აგრეთვე, უელსის ნახევრად პროფესიონალმა ფეხბურთელებმა. გიბრალტარმა ყველა მატჩი წააგო.
2013 წლის 24 მაისს გიბრალტარი უეფაში მიიღეს. ოჯახის ახალი წევრის აღიარებას მხარი მხოლოდ ბელორუსმა და ესპანეთმა არ დაუჭირეს. ქვეყანა ფიფაში გაწევრიანებისთვისაც იბრძვის, მაგრამ პირველი ცდა ჩაუვარდა.
გიბრალტარმა პირველი ოფიციალური მატჩი 2013 წლის 19 ნოემბერს,
პორტუგალიურ ფარუში ჩაატარა და სლოვაკეთს დაუზავდა - 0:0. ამის შემდეგ იყო ამხანაგური წაგებები ფარერებსა და ესტონეთთან, რასაც იმავე ესტონეთთან გასვლითი ზავი და "შინ"
(ესეც პორტუგალიაში) მალტის დამარცხება მოჰყვა.
ამის შემდეგ გიბრალტარისთვის ოფიციალური მატჩების ჯერი დადგა. კუნძულელებმა პირველივე შეხვედრაში გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს - 0:7 შინ, პოლონეთთან.
იმავე სცენარით წარიმართა გიბრალტარისა და ირლანდიის ნაკრებთა ამასწინანდელი დუბლინური მატჩიც.
ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ კვლავ 7 უპასუხო გოლი გაუშვა და "სამყურებს" ცოტა მეტად რომ მოენდომებინათ, ანგარიში სულაც ორნიშნა იქნებოდა.
გიბრალტარს ჯერ კიდევ გასატანი აქვს პირველი "ოფიციალური" სანაკრებო გოლი, მოსაპოვებელი აქვს პირველი ქულა...
http://www.sportall.ge/ This post has been edited by SaNi on 14 Oct 2014, 13:03