http://www.primecrime.ru/characters/2298 ეს რა გაქანებისაა? პრაიმზე ამისი სურათებითაა აჭრელებული მთელი საიტი. ქურდების უმრავლესობასთან სურათი აქვს გადაღებული.
ევასება ეტყობა ფოტოზე გამოჩენა.
ეხლა სელფები რომაა მოდასი და სააბაზანოსი სურათის გადაღება, ადრე ალბათ ამასთან იყო მოდური სურათის გადაღება
ან ქურდობისთვის სადღა ეცალა
* * *
რა აკავშირებს გივი თარგამაძეს გია ხმელიძესა და ლაშა შუშანაშვილთან
ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, უკრაინული სააგენტოების მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერის გამო ატეხილი სკანდალი გადაფაროს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.
გივი თარგამაძისა და ვანო მერაბიშვილის სატელეფონო საუბარზე საინტერესო ის სატელეფონო ჩანაწერია, რომელიც იმავე თარგამაძესა და ვინმე კონსტანტინეს შორის გაიმართა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბატონი კონსტანტინე ცნობილი კრიმინალის, ვახტანგ (ვატო) ყიფიანის ძმა გახლავთ.
თარგამაძემ საუბარში ახსენა ვინმე ლაშა და გია და, ერთ-ერთი ვერსიით, საუბარი კანონიერ ქურდებზე - ლაშა შუშანაშვილსა და გია ხმელიძეზეა.
მართალია, ბატონი გივი უარყოფს, რომ ხელისუფლებას საქმე კანონიერ ქურდებთან აქვს, მაგრამ...
გასული წლის მიწურულს, უფრო ზუსტად კი დეკემბრის დასაწყისში რუსულმა პრესამ გაკვრით დაწერა, ეკატერინბურგში საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის ბიზნესს კრიმინალები ავიწროებდნენო. გასაგებ მიზეზთა გამო ბენდუქიძე ეკატერინბურგში ვერ თუ არ ჩავიდა და "ურალმაშის" ქარხნის აქტივებს გამოეთხოვა. რადგან ბუნებაში არაფერი იკარგება, აქტივებმა გია ხმელიძის, იმავე ხმელოს ხელში გადაინაცვლა.
ხმელიძეზე, რომელიც დღემდე რუსთავში, მეგობრობის გამზირის პირველ ნომერშია რეგისტრირებული, პირველად ხმამაღლა მაშინ ალაპარაკდნენ, როცა რუსთავის "მხედრიონის" ლიდერი, თემურ ტალახაძე ააფეთქეს. ტალახაძე რუსთავში ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვერაფერს უბედავდა, სწორედ ხმელო იყო. ამბობენ, რომ იმხანად სამართალდამცავებმა მოახერხეს და ხმელიძე და ტალახაძე ბენზინის ბიზნესის გამო ერთმანეთს წაჰკიდეს. მხარეები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ და სიტუაციის დასაწყნარებლად და სისხლისმღვრელი ომის შესაჩერებლად რუსთავში ცოტა ხნით ხმელიძის მეგობარი, ასევე რუსთაველი ლაშა შუშანაშვილი დაბრუნდა.
ამბობენ, შუშანაშვილმა მხარეები შეარიგაო, მაგრამ ორ თვეში ბენზინის ბიზნესის გამო დაპირისპირება ისევ მოხდა და ხმელიძის ავტომობილს მხედრიონელებმა ცეცხლი გაუხსნეს. ორ კვირაში რუსთავის ერთ-ერთ საპარიკმახეროში ტალახაძეს ტერორისტული აქტი მოუწყვეს - ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუდეს და იგი დაიღუპა.
მართალია, ოფიციალურად ეჭვი ხმელიძეზე არავის მიუტანია, მაგრამ იგი მხედრიონს განერიდა და ბულგარეთში წავიდა. სხვათა შორის, ამბობდნენ, თემურ ტალახაძეს რუსთავის მერის პოსტი თავისი ძმისთვის, ვახტანგ ტალახაძისთვის სურდა და იგი ხმელიძესთან ომს კი არა, პოლიტიკას შეეწირაო. ვახტანგ ტალახაძე ამჟამად სახელმწიფო შეთქმულების ბრალდებით თემურ ჟორჟოლიანთან და მაია თოფურიძესთან ერთად ციხეში ზის.
ბულგარეთში ხმელიძე ალკოჰოლის ბიზნესს აკონტროლებდა. ამ ქვეყანაში ვერც ერთი სახეობის ღვინო, არაყი თუ ლუდი ვერ შევიდოდა და ვერ გავიდოდა, ხმელოს ანგარიშზე თანხა რომ არ ჩარიცხულიყო. ბულგარეთის შემდეგ კი იგი რუსეთში გადაბარგდა და შუშანაშვილთან ერთად სერიოზულ აქტივებს აკონტროლებდა. რუსთაველმა ქურდებმა უკრაინის ათვისებაც გადაწყვიტეს და სწორედ ამ მიზნით გადავიდა ხმელიძე დონეცკში საცხოვრებლად, კიევში კი ლაშას ძმა, ნაკლები გავლენის მქონე კახა შუშანაშვილი დასახლდა. ტკბილი ცხოვრება მას შემდეგ აირია, როცა ევროპიდან ტარიელ ონიანი გამოაძევეს და მანაც უკრაინისა და რუსეთის ათვისება გადაწყვიტა.
კულუარული ინფორმაციით, იმხანად ხმელიძესა და შუშანაშვილს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან უკვე ყველაფერი "გაიასნებული" ჰქონდათ და "საწევროსაც" პატიოსნად იხდიდნენ. ხელისუფლებასთან კავშირი ჰქონდა ონიანსაც, მაგრამ როცა არჩევანის დრო დადგა, ფსონი შუშანაშვილსა და ხმელიძეზე გაკეთდა. როგორც შევიტყვეთ, გივი თარგამაძის ბიზნესს უკრაინაში სწორედ ხმელიძე კურატორობდა. რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესს, ბატონ გივის ინტერესი სათამაშო ბიზნესში ჰქონია.
ონიანის დასუსტება მისი მარჯვენა ხელის, მურმან ტვილდიანის, იმავე "ხალვას" დაპატიმრებით დაიწყო. ტარომ მოახერხა და ტვილდიანის ექსტრადირება საქართველოში მოხდა. ონიანს იმედი ჰქონდა, რომ ქართველი სამართალდამცველ ხალვას გაუშვებდნენ, მაგრამ მოტყუვდა. მოტყუვდა ტვილდიანიც, რომელსაც ესპანეთში ექვსწლიანი მუხლი ჰქონდა, აქ კი 15 წელი "მიუსაჯეს". ის ცნობილი ჩხუბის კადრებიც, როცა ხალვა და ვატო ყიფიანი ერთმანეთს საკანში უსწორდებიან, სწორედ ამ დაპირისპირების მიზეზი უნდა იყოს. ვატო ყიფიანის ძმას, კოტეს უკრაინაში აქვს ბიზნესი და, შესაბამისად, შუშანაშვილისა და ხმელიძის მეგობარია. მათი მეგობარი კი ავტომატურად ონიანის მტერი გამოდის. შედეგად, ხელისუფლებამ ონიანს საბოლოოდ გააგებინა, რომ ფსონს მასზე აღარ დადებდა და ვატო ყიფიანი ციხიდან გაათავისუფლა.
გივი თარგამაძის ბიზნესს უკრაინის კანონმდებლობამ დაარტყა - ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი აიკრძალა და გამოსავალი ხმელიძემ იპოვა. სათამაშო ბიზნესი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გადაიტანა. ამით თარგამაძე კმაყოფილი დარჩა, ხმელიძემ კი მორიგი ქულები დაიწერა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უკვე რუსეთიდან გამოძევებული და კიევში დასახლებული შუშანაშვილისა და ხმელიძის როლი მნიშვნელოვანი გახდა.
უკრაინული მედიის მონაცემებით, ამ ორ პიროვნებას ნებისმიერ დროს შეუძლია ორი ათასამდე შეიარაღებული პირის გამოყვანა და, სავარაუდოდ, სწორედ მათზე საუბრობს თარგამაძე მერაბიშვილთან, როცა ეუბნება, რომ ოთხასი კაცი უკვე ჰყავს და თუ თბილისიდან ხალხს ვერ დაახმარენ, პრობლემა არ შეექმნება. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა კი დახმარების სანაცვლოდ დეკემბერში სწორედ "ურალმაშის" ქარხნის წილი მოითხოვეს. მათ თვითონ შეეძლოთ ბენდუქიძისთვის ამ ბიზნესის წართმევა, მაგრამ ქართული ხელისუფლებისგან მწვანე შუქი სჭირდებოდათ და მიიღეს კიდეც.
კოტე ყიფიანთან საუბრისას ბატონი გივი სიტყვებს საგულდაგულოდ არჩევს და როცა იგინება, ყიფიანი ეკითხება - "მაგას ლაშაზე ამბობ თუ გიაზე?" რაზეც თარგამაძე პასუხობს, რომ არც ერთს არ გულისხმობს, ანუ მან კარგად იცის, რომ ასეთი დონის ქურდებს დედის გინება თარგამაძის ბაგეთაგანაც კი არ მოეწონებათ. სამაგიეროდ, ბატონი გივი საკმაოდ მკაფიოდ ამბობს: "მიშამ თქვა, რომ ისინი ჩვენი მტრები გახდებიან". ვინ არის მიშა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. თარგამაძეს ისიც ახარებს, რომ თურმე ლაშამ დარეკა, ე.ი. შეეშინდა. კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლით თავმომწონე თარგამაძეს არც ქურდული ტერმინოლოგია ავიწყდება და "საკუთარ სიტყვებზე "ატვეჩაია" ნებისმიერ დროს და ადგილას".
ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად ლაშა შუშანაშვილი ავსტრიაში იმყოფება და სიტუაციის გაკონტროლებას იქიდან ცდილობს. ის ხვდება, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში იანუკოვიჩი გაიმარჯვებს, მას უკრაინის ხელისუფლებაც შემოსწყრება და საქართველოს მთავრობაც. ბულგარეთში იმყოფება გია ხმელიძე და საქმე ადგილზე ლაშას ძმის, კახა შუშანაშვილის იმედად არის, რომელზეც არც ძებნაა გამოცხადებული და, უფროსი ძმისგან განსხვავებით, ბევრი არ იცნობს.
კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ უკრაინაში ბიზნესინტერესები კიდევ ერთ მინისტრს, ნიკა რურუასაც აქვს. რურუა მხედრიონის ყოფილი წევრებისთვის უცხო ნამდვილად არ არის და, როგორც შევიტყვეთ, ხმელომ მას დონეცკში რამდენიმემილიონიანი ბიზნესი "უფეშქაშა", სანაცვლოდ კი რურუამ ძველი წყენა დაივიწყა.
P.S. სხვათა შორის, თემურ ტალახაძის მკვლელობის საქმე დღემდე გაუხსნელია და ქართულ ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია, იგი ნებისმიერ დროს "გახსნას"