გურამ ფირცხალავა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი გურამ ფირცხალავა დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდები მის საცხოვრებელ სახლში ნუცუბიძის პლატოზე გაიმართა, გამოსვენება კი _ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან.
დაკრძალვის ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები, მსახიობები, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
მან მსახიობის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაავრცელა: „დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გურამ ფირცხალავას გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას. გურამ ფირცხალავამ თავისი კვალი დატოვა ქართულ თეატრსა და კინოში. როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტი, ის აქტიურად მონაწილეობდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გამოირჩეოდა მკაფიო სამოქალაქო პოზიციით, რომელსაც ყოველთვის გულწრფელად იცავდა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს ნიჭიერი მსხიობისა და შესანიშნავი ადამიანის გურამ ფირცხალავას გარდაცვალებას.“
გურამ ფირცხალავა 74 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მსახიობი გორისა და მარჯანიშვილის თეატრებში მუშაობდა. ის გადაღებულია 70-ზე მეტ ქართულ ფილმში, მათ შორისაა „დათა თუთაშხია“, „თეთრი ბაირაღები“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „პირველი მერცხალი“, „ჯვარცმული კუნძული“, ”მიდიოდა მატარებელი”, ”მაიტა ნასოსი”, სერიალი ”ცხელი ძაღლი”.
გურამ ფირცხალავას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. ის სერიალის ”ცხელი ძაღლი” რეჟისორია, სადაც გურამ ფირცხალავაც მონაწილეობდა:
_ ძალიან მიყვარდა, უნიჭიერესი და უსაყვარლესი ადამიანი. პანაშვიდებსაც ვერ დავესწარი.
მსახიობის გარდაცვალებას ესპანეთიდან შეეხმიანა რეჟისორი და პროდიუსერი გენო ცაავა:
_ ჩემი გურამი! გურილიომ თავისი ხალასი, რაინდული, ინდივიდუალური და ჰეროიკული სტილის ნათელი სიცოცხლე სულით ხორცამდე პატიოსანი გულით, კეთილშობილებით განვლო და ქართული ცოცხალი ფესვების მხატვრული სახის და თავისუფლების სისხლის ყივილის სიმბოლოდ დამკვიდრდა! ამგვარი თუ სხვა მსგავსი მარადიული ღირებულებების შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის სული, ღვთის ნებით ცათა სასუფეველში იმკვიდრებს სიმშვიდეს. საქართველოსთან ერთად ვწუხვარ ამ უდიდეს დანაკლისს გულისტკივილით ესპანეთიდან.
ლევან ანჯაფარიძე, კინორეჟისორი: გურამ ფირცხალავა იყო მართალი, სხარტი, თან დარბაისელი... კაცობის თაიგული! ასეთი იყო და ასეთად დარჩება გურამი საქართველოსთვის.
ამავე დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს ანსამბლ ”ერისიონის” ქორეოგრაფი რევაზ ჭოხონელიძეც.
ორი შესანიშანვი ადამიანის გარდაცვალებას ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია გამოეხმაურა:
_ დიდუბის პანთეონის კურთხეულმა მიწამ თითქმის ერთდროულად მიიბარა ორი დიდი ქართველი ხელოვანის რევაზ ჭოხონელიძისა და გურამ ფირცხალავას ცხედრები. მათი სულების საოხად ლოცვები აღევლინა სიონისა და დიდუბის ტაძრებში, საიდანაც ისინი უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ... თუკი ვინმეზე ითქმის, რომ ის არის ქართული კინოს კაშკაშა ვარსკვლავი, და საბედნიეროდ, ასეთები მრავლად გვყვანან, მათ შორის გამორჩეული იყო ბატონი გურამ ფირცხალავა, რომელიც, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, ტოლს არ დაუდებდა სახელგანთქმულ ევროპელ თუ ამერიკელ კოლეგებს, მას რომ შესაბამისი სამოღვაწეო ასპარეზი მისცემოდა... ის იყო ღირსებით მოსილი ნამდვილი ქართველი მამულიშვილი და ამდენად ბუნებრივია, რომ სრულიად საქართველო თვალცრემლიანი და გულდაწყვეტილი დაემშვიდობა მის უსაყვარლეს მსახიობს, რომლის მიერ განსახიერებული უარყოფითი გმირებიც კი ყოველთვის ხიბლავდნენ მაყურებლებს და ამის მიზეზი იყო შემსრულებლის უზადო ოსტატობა და უდახვეწილესი არტისტიზმი. რაოდენ დასანანია, რომ ამიერიდან ბატონი გურამის მიერ გაცოცხლებულ ახალ კინოგმირებს ვეღარ ვიხილავთ, არადა, მას ჯერაც ბევრის გაკეთება შეეძლო, რომ არა ვერაგი სენი, რომლის წინაშეც, დიდი მცდელობის მიუხედავად, მედიცინა უძლური აღმოჩნდა. დიდად ვწუხვარ და ვუსამძიმრებ ბატონი გურამის ოჯახსა და ახლობლებს, მის დამწუხრებულ მეგობრებს, რომელთა შორის ჩემ თავსაც მოვიაზრებ. მშვიდობით, ჩემო საამაყო მეგობარო და უფროსო ძმაო! უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს შენს ნათელ სულს!
http://sana.ge/address/news/cat/5471/id/33...%83%94%E1%83%A1