"ეს ადგილი სპეციალისტებისთვისაც აქამდე უცნობი იყო"-ამბროლაურის რაიონში სათაფლიის მასშტაბის მღვიმე აღმოაჩინეს
"აღმოჩენილია საინტერესო და იშვიათი სახის ბუნებრივი ნაღვენთი წარმონაქმნები"
"შიგნით არის დარბაზები, უნიკალური სართულები და ნაღვენთები, ჭები... ვნახეთ, რომ მღვიმეს სართულებიც აქვს"
რაჭაში ორდღიანი ექსპედიციისას მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდის" წევრებმა აქამდე ყველასთვის უცნობი მღვიმე აღმოაჩინა. კლუბის წევრების განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მღვიმის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა არ მიეცათ, თუმცა, ის ფოტომასალა, რაც მათ ჩამოიტანეს, მართლაც შთამბეჭდავია. მათი განცხადებით, ახალი მღვიმის სათაფლიის მღვიმესთან შედარება შეიძლება.
არჩილ გეგენავა, კლუბ "თეთნულდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი:
- რაჭაში 1-ელ ნოემბერს წავედით. სხვა მღვიმის დასათვალიერებლად მივდიოდით, იქამდე ნავებით უნდა შეგვეცურა, მაგრამ ამინდი გაფუჭდა და გამოდარებამდე ერთ ადგილას გავჩერდით. თავშესაფრის ძიებაში ადგილობრივი მცხოვრები, 76 წლის მამაკაცი გავიცანით, რომელმაც გვითხრა, ვიდრე იქ წახვალთ, აქვე, ახლოს პატარა მღვიმეა, სადაც შესასვლელად 30 წუთი გეყოფათო. მართლაც შევედით, მაგრამ უკან დასაბრუნებლად გაცილებით დიდი დრო დაგვჭირდა. ჩვენთვის მოულოდნელად ამ პატარა მღვიმედან გასასვლელს მივაგენით, რომელიც მეორე, უფრო დიდი მასშტაბის მღვიმეს უკავშირდებოდა. მღვიმის ზუსტი სიგრძე არ გაგვიზომავს, მაგრამ მის დათვალიერებას და უკან დაბრუნებას დაახლოებით ოთხსაათნახევარი დასჭირდა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მღვიმე საკმაოდ მასშტაბურია და შეგვიძლია სათაფლიის მღვიმეს შევადაროთ. 
- ადგილობრივებმა მისი მასშტაბურობის შესახებ არფერი იცოდნენ?
- როგორც ჩანს, არ იცოდნენ, მღვიმეს უამინდობისას მხოლოდ მონადირეები და მწყემსები აფარებდნენ თავს... 
- კონკრეტულად რა ადგილას არის არ ამხელთ?
- დიახ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ქვემო რაჭაში, ამბროლაურის რაიონშია. მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, ვიდრე კარგად არ შევისწავლით, მანმადე არ გვინდა მდებარეობის გამხელა. ჩვენს მიერ აღმოჩენილ მღვიმეს რამდენიმე პატარა განშტოება და სართულები აქვს. ასევე შეგვხვდა ჭები, დაახლოებით ორი თუ სამი, 5 მეტრის რადიუსის ჭაში ქვის ვარდნის ხმის მიხედვით, დავასკვენით, რომ მისი სიღრმე დაახლოებით 20-25 მეტრი იქნება, თუმცა, მათი უფრო დეტალურად დათვალიერება ვერ მოვახერხეთ. 
ამისთვის მზად არ ვიყავით, ანუ შესაბამისი აღჭურვილობა არ გვქონდა. არ ველოდით ასეთ აღმოჩენას, ამიტომაც თოკები და კედელზე სამაგრები არ წაგვიღია. მღვიმეში ასევე აღმოჩენილია საინტერესო და იშვიათი სახის ბუნებრივი ნაღვენთი წარმონაქმნები, რომელთა იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მათ შესახებაც უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება.
- რა კომპონენტების მიხედვით ადარებთ ამ მღვიმეს სათაფლიას? 
- შეიძლება ითქვას, მთლიანობაში - როგორც მასშტაბურობით, ასევე შიგნით აღმოჩენილი დარბაზებით, უნიკალური სართულებით და ნაღვენთებით. ასევე ძალიან საინტერესოა ჭებიც... ფაქტია, რომ ეს ადგილი სპეციალისტებისთვისაც აქამდე უცნობი იყო, ეს არ იცოდა იმ ადგილლობრივმა მცხოვრებმაც, ვინც ამ მღვიმის შესახებ გვითხრა. მღვიმიდან გამოსვლის შემდეგ, ისევ ვნახეთ ის ადგილობრივი და ფოტოები ვაჩვენეთ, გაოგნდა, ვერ წარმოედგინა, თუ ეს მღვიმე ასეთი სილამაზეს ინახავდა. გვითხრა, ყველას პატარა მღვიმე გვეგონა, იმ პატარა შესასვლელით, შიგნით ამდენი რამე თუ ხდებოდა, ვერც კი წარმოგვედგინაო... გაოცებული გვისმენდა. 
- მღვიმის დეტალურ შესწავლას როდის აპირებთ?
- რაღაც წინადადებებს ველოდებით და ალბათ უახლოეს ორ კვირაში, ვიდრე კარგი ამინდებია, გავალთ შესასწავლად.
http://www.kvirispalitra.ge/public/23307-q...hmoachines.htmlთუ  ის  მღვიმეა მე რომ მგონია რაღაა ახალია  კაი ხნის აღმოჩენილია უბრალოდ შესწავლილი არაა სპელეოლოგების მიერ.