ამ ნაცების აქციამ, სამწუხაროდ, გადაფარა რეალური პრობლემა.
აქ იმას არჩევენ, ნაცები თვითონ დაიხლიან კეტებს თავში თუ სხვებს "ჩაუდებენ" ხელში და თავებს შეუშვერენ.
მაგრამ ანექსიის საფრთხე რეალურად არსებული საფრთხეა - ყველაზე დიდი, პირდაპირი ომის შემდეგ. რაღაცები გასაკეთებელია, რაზეც არავინ ფიქრობს. აგერ ვიღაცამ დაწერა, მაგრამ რომ წაიკითხავთ, დამეთანხმებით, რომ მთავრობა მას არ დაუჯერებს.
არადა ფაქტია, პრობლემა მწიფდება, საქართველოში კი ხზ რაზეა კამათი.
ახალი ეტაპი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში: ანტი-ანექსიური სტრატეგიის ჩამოყალიბების აუცილებლობა
http://www.interpressnews.ge/ge/thvalsazri...ucilebloba.html...სანამ მიმოვიხილავდეთ, რისი გაკეთება არის აუცილებელი ეფექტური ანტი-ანექსიური სტრატეგიის შესამუშავებლად, გვსურს მიმოვიხილოთ რა შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული ნაბიჯები.
რა არ უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამსანამ ვისაუბრებდეთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, ჯერ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმის გამოყოფა, თუ რა არ უნდა გაკეთდეს აფხაზურ-რუსულ ხელშეკრულებასთან დასაპირისპირებლად.
პირველ რიგში, საქართველოს მთავრობამ არ უნდა გააგრძელოს იმის მტკიცება, რომ რუსეთთან დიალოგი პოზიტიურია და აბაშიზე-კარასინის ფორმატმა შედეგი მოიტანა, ხოლო აფხაზური და ოსური მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები “გაუგებრობაა”, “აუხსნელია” და “გასაკვირი”. ასეთი შეფასებები სერიოზულად ასუსტებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებს არწმუნებს ჩვენს უსუსურობასა და მოუმზადებლობაში.
მეორე: რამდენად ინტუიტიურიც არ უნდა იყოს იმის მტკიცება, რომ საქართველოს ეს რეგიონები მაინც ოკუპირებულია და ახალი ხელშეკრულება ვერაფერს შეცვლის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა გააგრძელონ ამგვარი “წაგებული” გზავნილების გაგზავნა საზოგადოებისათვის. ამ ხაზის გატარების გაგრძელება პრაქტიკულად კარტ-ბლანშს აძლევს რუსეთის ფედერაციას, ხოლო ჩვენს სკეპტიკოს პარტნიორებს აძლევს დამატებით არგუმენტებს, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადადგან რუსეთთან მიმართებაში ზუსტად იგივე ლოგიკით. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს გავლენა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე შემცირებულია, თუმცა მას აქვს იმის საშუალება, რომ იქ მიმდინარე პროცესებზე მაქსიმალურად მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ყურადღების მიქცევა.
მესამე: იმის გამო, რომ რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიას აპირებს, საქართველომ არ უნდა შეარბილოს თავისი საერთაშორისო რიტორიკა და შეცვალოს ტერმინოლოგია, ან მიდგომები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ იმედით, რომ ეს ცვლილებები აფხაზურ საზოგადოებას გამოაფხიზლებს. აფხაზური საზოგადოება დღეს მთლიანად რუსული და აფხაზური მედიის გავლენის ქვეშ იმყოფება, ამიტომ თბილისიდან გაგზავნილი თუნდაც კომპრომისული გზავნილები ადრესატებამდე უმრავლეს შემთხვევაში არ მიდის. თუმცა, შესაბამისი მომლაპარაკებლები ჟენევის ფორმატში და სხვაგან აუცილებლად “დაგვახვედრებენ წინ” ჩვენს საუბრებს იმის შესახებ, რომ “აფხაზეთი თვითგამორკვევისთვის იბრძვის”, “აფხაზეთი კონფლიქტის მხარედ უნდა ვაღიაროთ”, და ასე შემდეგ.
მეოთხე: რიტორიკა, რომ რუსულ-აფხაზური ხელშეკრულება ჟენევის მოლაპარაკებებს დააზიანებს, როგორც ეს ერთხმად განაცხადეს 22 და 23 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და პრემიერ-მინისტრის სპეც-წარმომადგენელმა ჩვენთვის ხელსაყრელი არ არის და უნდა შეიცვალოს. ჟენევის მოლაპარაკებები, პირველ რიგში, რუსულ-ქართული მოლაპარაკებებია. თუ რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიას მოახდენს, სწორედ ჟენევის მოლაპარაკებები უნდა დარჩეს ჩვენს და რუსეთს შორის ანექსიის შედეგების აღმოფხვრის ერთადერთ ფორუმად. ამიტომ, ნებისმიერი გზავნილი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებს შეასუსტებს, ან რუსეთს დამატებით არგუმენტს მისცემს, რომ ჩვენ დაგვაბრალონ ფორმატის გაუქმება, უნდა შეჩერდეს. ქართველი დიპლომატების გაფრთხილებები ჟენევასთან დაკავშირებით კარგად გამოიყენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული მხარის შეფასება აფხაზეთის ანექსიის შესახებ არის „არაკეთილისინდისიერი“, მეტიც „საშიში სპეკულაცია“, რომელიც სერიოზულ ჩრდილს აყენებს ჟენევის მიმდინარე მოლაპარაკებებს.
მეხუთე: ქართულმა მხარემ არ უნდა გააგრძელოს ძალისხმევები, რომ შეარბილოს კანონი ოკუპაციის შესახებ, რადგან გაძლიერებული ანექსიის ფონზე, ერთადერთი იურიდიული ჩარჩოს შერბილება ნეგატიურ გზავნილს წარმოადგენს მოსკოვისთვის და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რუსეთის
ფედერაციის პოლიტიკა მართლაც ეფექტურია.
ანტი-ანექსიური სტრატეგიის კომპონენტებიანტი-ანექსიური სტრატეგია რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისაგან შედგება. ქვემოთ მიმოვიხილავთ ძირითად კომპონენტებს და სავარაუდო ქმედებებს, რომლებიც შეიძლება განხორციელებული იქნას თითოეულის ქვეშ.
მიმართულება 1: რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში საქმის აღძვრისთვის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლის მომზადება;
ანექსიამდე, და ანექსიის შემთხვევაში, საქართველოს აუცილებლად დასჭირდება საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. ეს სასამართლოები შეიძლება იყოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო.
გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელის შესატანად ასევე აუცილებელია რუსეთის თანხმობა, რაც შეუძლებელია. შესაბამისად არსებობს საქმის სასამართლომდე მიტანის ორი გზა.
პირველი გზა გადის გენერალურ ასამბლეაზე. სერბეთის მსგავსად, საქართველოსაც შეუძლია მიმართოს გენერალურ ასამბლეას და მოითხოვოს, რომ მსს-მ გამოსცეს იურიდიული მოსაზრება ანექსიის ლეგალობასთან დაკავშირებით.
ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს საქართველოს მიმართვას, ეს კი საჭიროებს ხმების უმრავლესობას, რაც, თავის მხრივ, სეროზული წინასწარი დიპლომატიური სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს.
მეორე გზა მართლმსაჯულების სასამართლომდე გადის 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის “გაცოცხლებაზე”. როგორც ცნობილია, 2011 წელს მართლმსაჯულების სასამართლომ გადაწყვიტა, რომ წარმოებაში არ მიეღო საქართველოს სარჩელი, რადგან საქართველოს და რუსეთს არ ჰქონდათ ამოწურული ორმხრივი დიალოგის შესაძლებლობა “რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის” ფარგლებში არსებულ ინსტიტუტში. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ რამდენჯერმე მიმართა რუსეთს, რომ დაეწყოთ ორმხრივი დიალოგი დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა, 2012 წლის შემდეგ ეს მცდელობები შემცირდა. ფაქტია, რომ ეს დიალოგი საქართველოს და რუსეთს შორის არ დაწყებულა და არც დღის წესრიგში დგას. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია ამ მიმართულების გააქტიურება რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში.
მიმართულება 2: თანმიმდევრული, კოორდინირებული და აქტიური დიპლომატიური და პოლიტიკური ქმედებები პარტნიორების მოსამზადებლად ანექსიის შემთხვევაში რუსეთზე საერთაშორისო სანქციების დაწესების მიზნით;
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების ანექსიის შემთხვევაში ყველაზე ეფექტური ბერკეტი შეიძლება იყოს ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან რუსეთზე სანქციების შემოღება. ბუნებრივია, ამ მიზნის მიღწევა განსაკუთრებით რთულია, მით უმეტეს, უკრაინის მოვლენების ფონზე.
მიუხედავად ამისა, სანქციების დაწესების კუთხით მუშაობის დაწესება აუცილებელია რაც შეიძლება მალე, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა მზად იყოს ჩვენი ამ გზავნილისთვის. პირველ ეტაპზე, ევროკავშირიც და აშშ-იც ამ გზავნილს ცივად შეხვდებიან, თუმცა მუდმივი მუშაობა, ლობის ეფექტურად გამოყენება და პარტნიორი სახელმწიფოების რესურსის ამოქმედება ამ კუთხით რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.
პირველ რიგში, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავად დაუჭიროს მხარი და სადაც საჭირო და შესაძლებელია თავად შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სანქციების თემა რეგულარულად იქნას წამოწეული ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების დროს ბრიუსელში (ევროპარლამენტის, ევროკომისიის წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა უმაღლეს წარმომადგენელთან), ასევე აშშ-ში როგორც მიმდინარე ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან, ისე რესპუბლიკური პარტიის გავლენიან ლიდერებთან.
მიმართულება 3: საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სხვა ბერკეტების რეგულარულად ამოქმედება;
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მრავალი ბერკეტი გააჩნია ამ საკითხის რეგულარულად წარმოსაჩენად, როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში. ამ მიმართულებით გადასადგემლი ნაბიჯების უფრო დეტალური აღწერა შესაძლებელია ნახოთ GRASS-ის მიერ მომზადებულ სხვა ბრიფში (იხილეთ -
http://grass.org.ge/wp-content/uploads/201...licy-brief.pdf).
მიმართულება 4. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და სხვა სახის ბერკეტებისა და ინსტრუმენტების ამუშავება, რისთვისაც, პირველ რიგში, აუცილებელია რუსეთს და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედება, რომელიც დღემდე არაა იმპლემენტირებული, მათ შორის, საქართველოს მთავრობის პასიურობის გამო;
საქართველოს ხელისუფლებამ 2011 წელს რუსეთთან ხელი მოაწერა “საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას”, რომელიც საქართველოს აძლებს საშუალებას (ა) საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის გამოყენებით მოხდეს ვაჭრობის მონიტორინგი რუსეთს და ოკუპირებულ რეგიონებს შორის; (ბ) გამოიყენოს მსო-ს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებთან ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და (გ) გამოიყენოს მსო-ში არსებული დისპუტების რეზოლუციის მექანიზმი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიზმები (ერთობლივი კომიტეტი; საერთაშორისო არბიტრაჟი) ხელშეკრულების დარღვევების გასასაჩივრებლად.
უდავოა, რომ ანექსიის შემთხვევაში ეს ხელშეკრულება დარღვეული იქნება. საქართველოს, შესაბამისად, ექნება საშუალება გამოიყენოს ვმო-ში არსებული საერთაშორისო მექანიზმები და ინსტრუმენტები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მისაღებად და პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
თუმცა, აქ არსებობს ერთი სერიოზული პრობლემა. 2012 წლის შემდეგ ხელშეკრულება მართალია ძალაში შევიდა, მაგრამ არ მომხდარა მისი იმპლემენტაციის დაწყება. იმპლემენტაციის გადადების მიზეზებზე ცალკე დოკუმენტი გამოქვეყნდება საქართველოს რეფორმების ასოციაციის მიერ, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ იმპლემენტაციის გადადებისა არის საქართველოს ხელისუფლების პასიურობა და გადაწყვეტილების მიღების ვერ მოხერხება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. შესაბამისად, ამ საკითხზე პროგრესის გარეშე ძალიან რთული იქნება ეფექტური ანტი-ანექსიური პოლიტიკის წარმოება.
მიმართულება 5: რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირება;
დღეისათვის საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მზარდია. 2012 წლის შემდეგ
მიმართულება 6: საქართველოს უსაფრთხოების სისტემის, თავდაცვის სტრატეგიის და სტრატეგიული დოკუმენტების გადახედვა ანექსიიდან მომდინარე ახალი საფრთხეების გათვალისწინებით;
საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტები არ არის გათვლილი რუსეთის მხრიდან ანექსიის საფრთხეზე. არც უსაფრთხოების კონცეფცია, არც საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, არც საგარეო პოლიტიკის სტრატეგია არ ითვალისწინებს ანექსიის წინააღმდეგ ბრძოლას. შესაბამისად, სტრატეგიული დოკუმენტების გადახედვა და საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის უწყებების საქმიანობის გადაწყობა ახალი საფრთხეების გათვალისწინებით აუცილებელი წინაპირობაა ეფექტური ანტი-ანექსიური პოლიტიკის საწარმოებლად.
მიმართულება 7:საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით საერთაშორისო პრესასთან აქტიური მუშაობა;
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს ლობისტურ ჯგუფებთან უცხოურ პრესაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ამსახველი პუბლიკაციების გამოქვეყნების კუთხით. ლობისტებთან მუშაობის პრაქტიკა ქვეყნის შიგნით დემონიზებულია და ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება.
ამ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის და ევროპის ქვეყნების პრესაში, აკადემიურ და პოლიტიკურ დებატებში ანექსიასთან დაკავშირებული საფრთხის წინ წამოწევა და აღწერა. ამისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი ფონი იყო 2014 წელს, უკრაინის მოვლენების პარალელურად, თუმცა ეს შესაძლებლობა გამოყენებული არ ყოფილა. მომდევნო თვეებში, განსაკუთრებით კი 2015 წელს, როდესაც უკრაინის და რუსეთის ურთიერთობები ისევ კრიზისულ ფაზაში იქნება, მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულმა საგამომცემლო სახლებმა, ეკონომისტმა, ნიუ იორკ ტაიმსმა, ვაშინგტონ პოსტმა, უოლ სტრიტ ჯურნალმა, ასევე გავლენიანმა ეროვნულმა პრესამ რეგულარულად აქვეყნოს სტატიები რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხესთან დაკავშირებით.
ასეთი პუბლიკაციები, რა თქმა უნდა, არ არის დაკავშირებული საგაზეთო სივრცის ყიდვასთან! ხშირად ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები თვლიან, რომ ლობიზმი და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თემების დღის წესრიგში წამოწევა საგამომცემლო სახლისთვის უშუალოდ თანხის გადახდასთანაა დაკავშირებული, რაც ფუნდამენტურად არასწორია. ასეთი პუბლიკაციები, როგორც წესი, იბეჭდება საქართველოს დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის, მეგობარი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის რეგულარულად მიწოდების და აკადემიურ და არასამთავრობო წრეებთან ინტენსიური კონტაქტების გზით.
მიმართულება 8: ანექსიიდან გამომდინარე ახალი საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ტერმინოლოგიის დანერგვა;
დღევანდელი სამართლებრივი ტერმინოლოგია ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან მიმართებაში მხოლოდ ოკუპაციის, ეფექტური კონტროლის, არალეგალური სამხედრო ყოფნის და საოკუპაციო რეჟიმების დამკვიდრებასთან არის დაკავშირებული.
ანექსიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი გზა არის საერთაშორისო დოკუმენტებში ახალი ტერმინების - “ანექსია”, “ანექსიის საფრთხე”, “ანექსიის მიუღებლობა” და ა.შ. დამკვიდრება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, რეზოლუციებში, პარტნიორი სახელმწიფოების განცხადებებში გაჩნდეს “რუსეთის მხრიდან ანექსიის განხორციელების” მიუღებლობის ამსახველი ფრაზეოლოგია და გზავნილები. ამისათვის, კი, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენელბმა თავიანთ რიტორიკაში დაამკვიდრონ ასეთი ტერმინოლოგია.
მიმართულება 9: სოხუმის და ცხინვალის მოსახლეობის მიმართ ახალი, რეალისტური და ქმედითი ინიციატივების ჩამოყალიბება, მათ შორის, სადაც შესაძლებელია სტატუს-ნეიტრალური მიდგომის გამოყენებით.
სოხუმის და ცხინვალის მიმართ ახალი ინიციატივების შეთავაზება უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ ინიციატივების შესახებ საქართველოს რეფორმების ასოციაცია დამატებით მოამზადებს ბრიფს. თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საჯაროდ შეთავაზებების გაჟღერება მათი წინასწარი დამუშავების გარეშე, სრულიად კონტრ-პროდუქტიული და უშედეგოა. ასევე უშედეგოა უკვე მრავალჯერ ნაცადი იდეების საჯაროდ შეთავაზება.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს ახალი ინიციატივების სტატუს-ნეიტრალური ფორმა. სტატუს ნეიტრალურობა არ ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს აფხაზეთის სტატუსზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ეგონოს მკითხველს. სტატუს-ნეიტრალურობა მოიაზრებს კონკრეტული საკითხების იმგვარად გადაწყვეტას, რომ არ იქნას განხილული სტატუსთან, აღიარებასთან, ან არ-აღიარებასთან დაკავშირებული საკითხები.
კერძოდ, სტატუს-ნეიტრალურ ფორმატში შეიძლება განხილული იქნას განათლების, თავისუფალი გადაადგილების, ვაჭრობის, ჰუმანიტარული კავშირების, ასევე ჯანდაცვის და ზოგადად ხალხთაშორისი თანამშრომლობის საკითხები. თითოეული ეს მიმართულება კარგად დამუშავებას და ახალი მიდგომებს საჭიროებს. თუმცა, ამ ეტაპზე პრინციპულად დაფიქსირება, რომ საქართველოსთვის მისაღებია სტატუს-ნეიტრალური მიდგომა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემატიკის მიმართ, ჩვენთვის და გრძელვადიანი სამშვიდობო პროცესისთვის მხოლოდ მომგებიანი შეიძლება იყოს.
მიმართულება 10: რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ურთიერთობების და მოლაპარაკების ორმხრივი ფორმატის გადახედვისთვის მზადყოფნა:
ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი პრობლემატურია საქართველოსთვის. პირიქით, დიალოგის წარმოება ორმხრივ ფორმატში შეიძლება მომგებიანი იყოს ქვეყნისთვის. თუმცა, ჩვენი აზრით, თუ ეს ფორმატი საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო სამშვიდობო პროცესს, მაშინ მისი სარგებლიანობა ეჭვის ქვეშ უნდა დადგეს.
თუ საქართველო აცნობიერებს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსია დაგეგმილია, მაშინ აუცილებელია, რომ ანტი-ანექსიური სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყოს მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატი გაუქმდეს. ჟენევის მოლაპარაკებების ჩავარდნა, ან სრულად გაუქმება უნდა იყოს ის წითელი ხაზი, რომლის გამოც საქართველო მზად უნდა იყოს კარასინი-აბაშიძის შეხვედრებზე უარი თქვას და დიალოგი საერთაშორისო ფორმატში გააგრძელოს.
დასკვნასაქართველო-რუსეთის ურთიერთობებში დღეისათვის ყველაზე კრიზისული ეტაპია, რადგან ნათლად ჩანს, რომ რუსეთს მიზნად აქვს დასახული ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ანექსია და ამ საფრთხით საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის და უსაფრთხოების მდგომარეობის მანიპულირება...