გენიოსი იყო დუმბაძე
– ეჰ, ევროპა. შეხვალ კაფეში, გენაცვალე, და სადაა პური? – ეს უკვე ზედმეტი იყო.
პურის ხსენებაზე ენაზე დამბლა დამეცა, კისრის ძარღვები დაწყვეტამდე დამეჭიმა და პავლოვისეული რეფლექსები ერთად ებრდღვნენ ჩემს ლიმფურ თუ სანერწყვე ჭირკვლებს.
– ამიტომ არიან, გენაცვალე, ტანადები და ფეხადები, ნახე ბარდო, ნახე სილვანა, ნახე მერლინ მონრო და სოფია ლორენი, – თქვა ლულუმ, მერე ცარიელ თეფშზე ნეკით შეაგროვა ნამცეცები და მორიდებულად ჩაიყარა პირში.
– ცივილიზაცია, გენაცვალე, ცივილიზაცია... როდის მივალთ იქამდე, პაპუასები ვართ, ნამდვილი პაპუასები, როგორც მიკლუხო იტყოდა, მაკლაი, პაპუა...
– პური! – დავიკვნესე მე.
– რა?! – მკითხა გაკვირვებულმა ვიოლამ.
– პატარა ნაჭერი პური და ყველი, თორემ გული წამივა, მშიერი ვარ წამოსული.
სალონში უკმაყოფილო და დამცინავი ჩურჩული ატყდა. ვიოლა სამზარეულოში გავიდა და იქიდან გამხმარი პურის ყუა და გაქვავებული ყველის ნაჭერი გამომიტანა.
– უკაცრავად, თენგიზ, სადილი არ გაგვიკეთებია, არ გვეგონა...
– რას ამბობ, ვიოლა! –დავამშვიდე მე და პურს ვებრდღვენი.
თათიამ ვერ გაუძლოი ჩემს ყურებას, ადგა და მაგნოტოფონი ჩართო, „ო ჯეკი ჯოო“ – ააყოლა ჩემს ყბებს მაგნიტოფონმა. შუაზე რომ დავიყვანე პური და ყველი, თათია გვერდზე მომიჯდა და მორიდებით მკითხა.
– ძალიან გამხმარია პური?
– არა უშავს, – ვუპასუხე ისე, რომ ყბა არ გამიჩერებია.
– აბა, მაჩვენე! – მთხოვა თათიამ. მე პური მივაწოდე. თათიამ პური ჩაკბიჩა და აღარ დაუბრუნებია. არაფერიც, სულაც არ არის გამხმარი. ყველი მომიტეხე, რა? – მოვუტეხე.
– მართლა არ არის გამხმარი? – იკითხა ლულუმ.
– აბა, მაჩვენე?!
თათიამ აჩვენა.
– ვა, მართლა არ ყოფილა გამხმარი! – გაუკვირდა ლულუს.
– მართლა? – გაუკვირდა ბენოსაც, მაგრამ საჩვენებელი პური აღარ იყო.
– ვიოლა, ნახე ერთი, თუ ქალი ხარ, სამზარეულოში იქნებ არის კიდევ პური! – შეეხვეწა შიო.
– ვაიმე, რა ვქნა, რომ არ არის, რაღაც ძველი პურები მიწყვია ქვაბში მერძევის ძროხისთვის.
– მოიტა, კაცო, მერძევის ძროხა მოიცდის! – აიქნია ხელი ბენომ. ვიოლამ პური ქვაბით შემოიტანა.
„ო ჯეკი ჯოო!“ – იქაჩება მაგნიტოფონი.
– პატარა მომიტეხეთ, – ვიქაჩები მეც
– ვიოლა, ნახე ერთი, ყველი აღარ არის?
– ვიოლა, ბოლოკი ან ნიორი არა გაქვთ?
– ხახვი და მარილი წამოიღე, ვიოლა!
– უჰ, შენ აგაშენა ღმერთმა, ეს ტყემალი მკვდარს გააცოცხლებს.
– დამარტყი, თუ ძმა ხარ, ზურგზე ხელი, გულზე დამეცა, – მთხოვა თათიამ და ზურგი მომიშვირა.
– ღვინო არა გაქვს, ვიოლა, ერთი ბოთლი?
– ვაიმე, რა ვქნა, ჭანგიანია.
– მოიტა, კაცო, გაავსე, თუ ძმა ხარ, ჩაის ჭიქა. წაიღე, თუ ქალი ხარ, ეს სათითურები, – დადგა თამადად ბენო.
– ამ ყავას რა ვუყო? – სასოწარკვეთილად თქვა ვიოლამ.
– გააცივე და მერძევის ძროხას შეუნახე, კალორიებს მოუმატებს, – დაარიგა შიომ.
– მე ჩაის ჭიქები შევავსე, კალენტი ბიცოლამ, ქრისტემ რომ უდაბნოში სასწაული მოახდინა, იმაზე უარესი ქნა. მაგიდაზე თახთახა ხაჭაპური დადო და მორცხვად დაჯდა ოთახის კუთხეში. „ჩაო–ჩაო ბამბინო“, გვემშვიდობებოდა მაგნოტოფონი.
– გამოთიშე, თუ ძმა ხარ, ეს შობელძაღლი, ახლა ვიწყებ მე ქეიფს, „თბილისო“ არა გაქვთ? – წამოდგა ბენო.
– თბილისო არა, კეკელა და მარო მაქვს, – დაიმორცხვა ვიოლამ.
– დაუკარი, მაგის რჯულიც არ იყოს, აბა, კალენტი ბიცოლა, გაუმარჯოს, მოდი, ჰო!
– იცოცხლეთ, შვილებო!