საყდრისის დაცვის კომიტეტი კობა ნაყოფიასთან შეხვედრას ადასტურებს, დაფინანსებას კი უარყოფს
20:57 18-12-2014
საყდრისის დაცვის კომიტეტი კობა ნაყოფიასთან შეხვედრას ადასტურებს, დაფინანსებას კი უარყოფს საყდრისის დაცვის კომიტეტი ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა ნაყოფიას მხრიდან დაფინანსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. აღნიშნული ინფორმაცია ბოლნისის ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით გავრცელდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ განუცხადა, ეს მტკნარი სიცრუეა. მამალაძე ნაყოფიასთან რამდენჯერმე შეხვედრას ადასტურებს.
"თვითონ კობა ნაყოფიამ დამირეკა ერთ-ერთი გადაცემის მსვლელობის დროს, სადაც მე განვაცხადე, რომ ის არის სააკაშვილის ფავორიტი და ასე შემდეგ. მან მითხრა, რომ სხვანაირად ხედავს ამ პრობლემას და არ არის საყდრისის დანგრევის მომხრე. შემდეგ, მე პირადად და არა კომიტეტი, მას რამდენჯერმე შევხვდი და ინფორმაცია მივიღე მისგან საყდრისთან დაკავშირებით რა პოზიციაზე იყო და რას ფიქრობდა. შევხვდი არა როგორც კობა ნაყოფიას, არამედ როგორც ბოლნისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს. რა ვქნა "ქართულ ოცნებას" არ გაუმარჯვია ბოლნისში და ვინც გაიმარჯვა იმას შევხვდი - ერთი მაჟორიტარი ჰყავს ბოლნისს. როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრს, ვინმე მიკრძალავს ვინმესთან შეხვედრას? ვფიქრობ, ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა. კობა ნაყოფია ვის აფინანსებს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ საყდრისის კომიტეტს რომ არ აფინანსებს, ვიცი", - განაცხადა მამალაძემ.
მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი კომიტეტის წევრებს ადანაშაულებს იმაში, "თითქოს კომიტეტმა დაანგრია საყდრისი". "ის ამით ხელისუფლებას ხელს აფარებს. ირმა ინაშვილმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ის გამოათრევდა კულტურის მინისტრს კაბინეტიდან, საყდრისის დანგრევის გამო. ჩვენ მზად ვართ, ამაში მივეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ", - განაცხადა მამალაძემ.
"ინტერპრესნიუსი" კომიტეტის კიდევ ერთ წევრს, დავით გულბანს ესაუბრა. მისი განცხადებით, გარდა მოქალაქეების შემოწირულობებისა, არანაირი დაფინანსება კომიტეტს არ გააჩნია.
"ქართველი ემიგრანტების, ასევე კეთილშობილი ადამიანების შემოწირულობით ვსულდგმულობდით, როდესაც კარვებში ვიდექით. ეს სიები ნინო მიქიაშვილს გააჩნია. კობა ნაყოფიასგან ეს ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ პოლიტიკურ გემოვნებას არ ვუმოწმებდით ადამიანებს, გულანთებულები მოდიოდნენ. ჩვენთვის საყდრისის ნგრევა არის უფრო პრიორიტეტული, ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ. ჩვენი, ყველას მიზანი არის, რომ გადავარჩინოთ საყდრისი", - განაცხადა დავით გულბანმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომიტეტს კობა ნაყოფია აფინანსებს, უარყო საყდრისის დაცვის კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა ნინო მიქიაშვილმა, რომელმაც "ინტერპრესნიუსს" ის ნუსხა გააცნო, სადაც აღწერილია მოქალაქეების შემოწირულობები. სიაში კობა ნაყოფია არ ფიგურირებს. მიქიაშვილი აცხადებს, რომ არავისთან არ არის დაპირისპირებაში და არც აპირებს.
ნინო მიქიაშვილი კომიტეტთან ერთად, პოლიტიკური ძალების მიერ საყდრისის გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩართვაში პრობლემას ვერ ხედვას და ამბობს, რომ თავის დროზე რომ ისეთი აქტიურობა ყოფილიყო, როგორიც ახლაა პოლიტიკოსების მხრიდან, საყდრისი აფეთქებას გადაურჩებოდა.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტი საყდრისის საბადოზე კომპანია "არემჯი გოლდის" მიერ სამუშაოების განახლებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და საპროტესტო აქციებს მართავს. კომიტეტი მასშტაბური აქციების მოწყობას აპირებს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ki-uaryofs.html