http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=18053&cat_id=6ერთ თვეში საწვავის ფასი 1,3 ლარამდე ჩამოვაერთ თვეში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინი 1,5 ლარამდე გაიაფდება, არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე კი - 1,3 ლარამდე. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, მსხვილ ნავთობიმპორტიორებს საწვავის აღნიშნულ მაჩვენებლამდე დაწევის გეგმა უკვე გაწერილი აქვთ. კვირის ბოლოს ბენზინ-დიზელის მორიგი გაიაფება იგეგმება.
საერთაშორისო ბირჟებზე `შავი ოქრო~ ისე გაიაფდა, რომ ქართველ ნავთობიმპორტიორებს გაუფასურებული ლარი ძვირი ბენზინის არგუმენტირებისთვის ხელიდან გამოეცალათ. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში თითქმის ყოველდღე ეცემა, სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ საქართველოში ბენზინი არსებულზე ბევრად იაფი უნდა ღირდეს.
კომპანია "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილის შავლეგ მიშველაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარისას ადასტურებს, რომ ბენზინი ისევ გაიაფდება, თუმცა, ჯერჯერობით, ზუსტ დღეს ვერ ასახელებს. მიშველაძე დასძენს, რომ თუკი მსოფლიოში არსებული ფასები შენარჩუნდა, საქართველოში ბენზინის ღირებულების 1,5 ლარამდე შემცირება შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურებიდან `ევრორეგულარის~ ტიპის ბენზინი ყველაზე იაფი სწორედ "ლუკოილის" ქსელშია.
`საქართველოში საწვავის გაიაფება სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული - ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, `პლატცის~ ღირებულება. ვნახოთ, თუკი უცხოურ ბირჟებზე არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, საქართველოში ბენზინის 1,5 ლარამდე გაიაფება ნამდვილად შესაძლებელია~, - ამბობს შავლეგ მიშველაძე.
ის, რომ `შავი ოქროს~ დაღმასვლა გაგრძელდება, ამაზე არაერთი უცხოელი ექსპერტი, აუდიტორი თუ ნავთობმომპოვებელი ქვეყნების წარმომადგენელი საუბრობს.
კერძოდ, "ბანკ ოფ ამერიკას" პროგნოზით, "ბრენტის" მარკის ნავთობის ღირებულება 1 ბარელზე 31 დოლარს უკვე აპრილში გაუტოლდება. ბანკის ანალიტიკოსების აზრით, მთელ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების მარაგი ძალიან სწრაფად იზრდება. რაც შეეხება "ლაითის" ტიპის ნავთობს, ბანკის პროგნოზის მიხედვით, პირველი კვარტლის ბოლოს 1 ბარელზე მისი ფასი 32 დოლარამდე დაეცემა.
სპეციალისტების განმარტებით, შავი ოქროს მკვეთრ გაიაფებას განაპირობებს მოლოდინი, რომ ბაზარზე მიწოდება გადააჭარბებს მოთხოვნას. "შავ ოქროზე" ფასები რუსეთისა და ერაყის ნავთობის ექსპორტის ზრდის, ასევე ჩინეთსა და ევროპაში ნავთობზე მოთხოვნიის შემცირების ფონზე ეცემა. ერაყის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 2015 წელს ქვეყანა ნავთობის ექსპორტს კიდევ უფრო გაზრდის. საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის ალი ალ-ნაიმის განცხადებით კი, ნავთობის მოპოვებას ოპეკი არ შეამცირებს, თუმცა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის მიწოდება შეიძლება მაინც დაიკლოს, პირველ რიგში რუსეთის ხარჯზე, რომელსაც ნედლეულის მოპოვება, არაბებისაგან განსხვავებით, ძვირი უჯდება.
"ყველა გვეკითხება, საუდის არაბეთი თუ შეამცირებს ნავთობის მოპოვებას და ამით გაზრდის საერთაშორისო ფასს, რითაც გადაარჩენს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა რუსეთი, რომლისთვისაც ნავთობის 105 დოლარამდე გაძვირება აუცილებელია. გეკითხებით, რატომ უნდა დაისაჯოს საუდის არაბეთი რუსეთის უსარგებლობის გამო?" - ამბობს არაბი მინისტრი.
საუდის არაბეთის პრინცმა კი განაცხადა, რომ 100-დოლარიანი ნავთობი წარსულს ჩაბარდა და `შავი ოქროს~ ამ ნიშნულამდე გაძვირების იმედი, კარგა ხანი, აღარავის უნდა ჰქონდეს.
"ლუკოილის" წარმომადგენელი ვაგიტ ალეკპეროვი 1 ბარელი ნავთობის 25 დოლარამდე გაიაფებასაც არ გამორიცხავს. იგი აღნიშნავს, რომ "შავი ოქროს" ფასის ამ ნიშნულამდე ოპეკის ქვეყნების უპასუხისმგებლობის შედეგი იქნება. ალეკპეროვის თქმით, ძირითადად, საუდის არაბეთის პოზიციაა ყურადსაღები.
2014 წლის დეკემბერში ოპეკმა ნავთობის დღიური მოპოვება, შემცირების ნაცვლად, 142 ათასი ბარელით 30,2 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ოპეკის წევრმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა, საუდის არაბეთის მეთაურობით, ნათლად მიანიშნეს, რომ მზად არიან აიტანონ ნავთობის დაბალი ფასი, რათა ბაზრის წილი არ დაკარგონ აშშ-ში.
მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ქართველ ნავთობიმპორტიორებს ბევრი ფიქრი დასჭირდათ იმისთვის, რომ საწვავის ფასი ქვემოთ ჩამოეწიათ. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თითის დაქნევისა და კონკურენციის სააგენტოთი დამუქრების შემდეგ, ბენზინისა და დიზელის თითქმის ყოველკვირეული გაიაფება დაიწყო.
მიუხედავად ამისა, ექსპერტი ზვიად კანდელაკი აღნიშნავს, რომსაქართველოს ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინისღირებულება საერთაშორისო ფასების ადეკვატური მაინც არ არის.მეტ-ნაკლებად გონივრული ფასი არაბრენდირებულ სადგურებზეა,რომელთა მიმართ მომხმარებელთა ნდობა დაბალია.
"არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 1,45-1,5 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს ფასი არის ზუსტი გამოძახილი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა.
მოგეხსენებათ, საქართველოს მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების ქსელი 5 მსხვილ კომპანიას აქვს გადანაწილებული და პატარა სადგურები საფასო ამინდს ვერ ქმნიან. გარდა ამისა, მსხვილი ნავთობკომპანიები საკუთარ პროდუქტებს მუდმივად აპიარებენ, მომხმარებელთა ნდობის მოპოვებაზე ზრუნავენ. ამიტომაც, ძირითადი ყურადღება მათი პროდუქტის გაიაფებისკენ არის მიმართული. მათი პროდუქტი კი ბევრად ნაკლები უნდა ღირდეს, ვიდრე დღეს არის", - ამბობს ზვიად კანდელაკი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საწვავის მორიგი გაიაფება კვირისბოლოს იგეგმება. მენავთობეებიდან მიღებული ინფორმაციით კი, მაქსიმუმ თებერვლის ბოლოს 5 მსხვილი ნავთობკომპანიის საცალო ქსელში 1 ლიტრი ბენზინი დაახლოებით 1,5 ლარი ეღირება, ხოლო მცირე ავტოგასამართ სადგურებში კი - 1,3-1,35 დარი.