გვარი - ბურდულაძე
სახელი - სპარტაკი
დაბადების წელი - 1957
ოჯახური მდგომარეობა - ცოლშვილიანი
საქმიანობა - კანონიერი ქურდი, 15 წლის ასაკიდან
ეს გახლავთ ანკეტური მონაცემები, რომელიც მასზე შედგენილ "საქმეებში" ეწერა. იყო დრო, როდესაც მისი სახელისა და გვარის ხსენება შიშის ზარს სცემდა ადამიანებს, თუმცა რაიონში ის ბევრს უყვარდა და თავის მფარველად ეგულებოდა. ციხეში გატარებულმა 24-მა წელიწადმა ისე გამოაწრთო, რომ ცხოვრება ალბათ, ვეღარაფრით გააკვირვებს. როგორც თავად ამბობს, მისი გულის დასაპყრობად ულამაზესი ქალები ეცილებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის იყო მოსამართლე, რომელმაც მას ათწლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა და მისი ადვოკატები...
ინტერვიუ 10 წლის წინაა ჩაწერილი. ამ პუბლიკაციით არ ვცდილობთ, ქურდული სამყაროს პროპაგანდას. პირიქით, გვსურს, სწორედ მათ ნაკლოვანებებზე გავამახვილოთ ყურადღება და გავავლოთ ზღვარი დღევანდელ და მაშინდელ ყოფას შორის, მკითხველს დავანახოთ ქურდულიი მენტალიტეტის მანკიერი მხარეები. მით უმეტეს, რომ დღესდღეობით სპარტაკი ქურდის სახელს აღარ ატარებს. როგორც მომეჩვენა, განვლილ ცხოვრებაში ჩადენილ შეცდომებს ნანობს კიდეც. მისი თავგადასავალი და ხიფათით სავსე ცხოვრება კი მკითხველისთვის უდაოდ საინტერესო და უჩვეულოა. ჩვენს საუბარს იმ ამბის გახსენებით დავიწყებთ, თუ როგორ მოხვდა ის შავ სამყაროში და როგორ "მონათლეს" ქურდად.
„ნათლიმამა"
მოჭიდავე ვიყავი. 14 წლის ასაკში გავხდი საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკებს შორის. დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, ჩემ შესახებ გაზეთებში წერდნენ... სკოლაშიც, მერვე კლასამდე კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. შემდეგ სწავლაზე გული ავიცრუე და მთელ დღეს ქუჩაში ვატარებდი ხოლმე. ახლაც ხშირად მახსენდება ერთი ბებერი ქურდის სიტყვები. მას არაქურდად ტოვებდნენ და ასეთი რამ თქვა: მე კაცობა და ქურდული გაგება ქუჩამ მომცა და არა ქურდებმა, თქვენ ვერ წამართმევთ იმას, რაც არ მოგიციათო... მეც სწორედ ასე დამემართა. წნორში არის რკინიგზის სადგური, რომელსაც რამდენიმე საწყობი ჰქონდა. იქ ინახებოდა აზერბაიჯანიდან შემოსული საქონელი, სამშენებლო მასალები და ათასი რამ. ყველა თავისთვის ჩალიჩობდა - ზოგი იპარავდა, ზოგიც იმ საწყობში მუშაობდა... ერთ საღამოს, კარგად შებინდებული იყო, როდესაც მე და ჩემი ორი მეგობარი სადგურზე დავხეტიალებდით და ერთ-ერთი საწყობიდან ხმამაღალი ლაპარაკი შემოგვესმა. შევედით. ერთი კაცი სამს ედავებოდა და ჟარგონით ელაპარაკებოდა. სამიდან ერთ-ერთი, ამ საწყობის დარაჯი გახლდათ და კარგად ვიცნობდით. ბიჭებმა თქვეს, მივეხმაროთო, მაგრამ საწყობში რომ შევედით, რატომღაც მე იმის მხარეზე დავდექი, ვინც მარტო იყო. ბოლოს, ამ კაცმა იარაღი ამოიღო, ერთ-ერთს შუბლზე მიადო და უთხრა: ახლა სიცოცხლეს გჩუქნით, მაგრამ სხვა დროს გზაზე აღარ გადამეყაროთ, თქვენ რომ იცოდეთ, ვინ ვარ, შიშით სული გაგძვრებოდათო. შემდეგ მხარზე ხელი გადამხვია და გარეთ გამიყვანა. მეგობრებიც გამომყვნენ. ამ კაცმა თვალებში ჩამხედა და მკითხა:
- იცი, ვინ ვარო? - მხრები ავიჩეჩე. - ზიმა გაგიგია? ზიმა ვარო. - ლამის გავგიჟდი: ამ კაცის სახელით გვაშინებდნენ ხოლმე ბავშვებს. ქურდი იყო და მთელ საქართველოს აზანზარებდა. სამივე რესტორანში წაგვიყვანა. სუფრასთან დავსხედით. ოფიციანტს უთხრა:
- პურმარილი გაგვიშალე და თან 500 მანეთი მოაყოლეო. ყველანი თითის წვერებზე დადიოდნენ და ცდილობდნენ, არაფერი ეწყენინებინათ მისთვის. მაშინ უფრო დავრწმუნდი, რომ ეს კაცი მართლა ზიმა იყო. სამ-სამი ჭიქა ღვინო დაგვალევინა. თან გვკითხა,
- ვინ უნდა გახდეთ, რომ გაიზრდებითო? ბიჭებმა რაღაც უაზრო პასუხი გასცეს.
- ქურდი უნდა გავხდე-მეთქი, - ვუთხარი, რადგან ამ კაცის მეშინოდა და მინდოდა, მესიამოვნებინა, რომ არაფერი დაეშავებინა ჩვენთვის. ჩემი პასუხი ძალზე მოეწონა. მაშინ 14 წლისა ვიყავი და საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი. რესტორნიდან რომ გამოვდიოდით, მომსახურე პერსონალს ჩემზე მიუთითა და უთხრა:
- ეს ბიჭი როცა მოვა, კაცურად დახვდით და მისი ხარჯი ჩემს ანგარიშზე დაწერეთო... ზიმა სოფელ ანაგაში ცხოვრობდა. სამივენი თავისთან წაგვიყვანა. მის მეზობლად მოხუცი კაცი ცხოვრობდა. ქურდი არ იყო, მაგრამ "ნასროკალი" და დიდი უბედური ვინმე გახლდათ. სწორედ იმ კაცს დაუძახა:
- პატარა ქურდები მყავს მოყვანილი და მოდიო... ის თოფით წამოგვადგა თავზე, თან გვაგინებს, თან გვეკითხება:
- აბა, მითხარით, ქურდი რას ნიშნავსო? ბიჭების პასუხები არ მოეწონა და სულ გინებ-გინებით აქცია ზურგი. ბოლოს, მე მომიბრუნდა. გონება გამალებით მიმუშავებდა, მინდოდა, სხარტად ისეთი პასუხი გამეცა, რომ არ შეეგინებინა.
- ქურდი ის არის, მილიციონერებს დედას რომ უტირებს-მეთქი, - ვუპასუხე. ჩემი პასუხი მოეწონა.
- სად სწავლობო? - მკითხა.
- სკოლაში დავდივარ, მე-8 კლასში, მაგრამ გაკვეთილებს იშვიათად ვესწრები-მეთქი.
ეს პასუხიც მოეწონა და მან და ზიმამ ერთმანეთს გადაულაპარაკეს: - ამისგან შესაძლოა, რაიმე გამოვიდესო... იმ ღამით იქ დაგვტოვეს. დილით რომ ავდექი, აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობრები გაპარულიყვნენ, მე კი არც გამაღვიძეს. ვიცოდი, ოჯახი შეშფოთებული იქნებოდა, ღამე შინ რომ არ გავათიე, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ზიმასთან მთელი ათი დღე დავრჩი. სადაც მიდიოდა, თან დავყავდი. ყველა სურვილს მისრულებდა. მაღაზიაში შემიყვანდა, რაც მინდოდა, ყიდულობდა, თან გამყიდველს აფრთხილებდა:
- ეს ბიჭი რომ შემოვა, უარი არაფერზე უთხრათ, ფულს მე ვიხდიო...
უზომოდ კმაყოფილი ვიყავი. მომწონდა, რომ მისი ყველას ეშინოდა, მე კი ასე მმფარველობდა. მის გვერდით გავატარე თითქმის ერთ წელზე მეტი... 15 წლის რომ გავხდი, ავიჩემე, - ქურდობა მინდა-მეთქი. მანამდე საქმეებზე დავდიოდი, ვიპარავდი. თუ ქურდთან ერთად არ იყავი საქმეზე ნამყოფი, ისე ქურდი ვერ გახდებოდი. მე კი ეს პრობლემა არ მქონდა. ზიმა შეშფოთდა, არ უნდოდა, რომ 18 წლამდე ქურდი გავმხდარიყავი, რადგან თუ დამიჭერდნენ, არასრულწლოვნებში, ე.წ. "მალალეტკებში" მოვხვდებოდი - ეს კი საშინელი ზონა იყო. იქ მოხვედრილ ბიჭებს "აფუჭებდნენ" - გათიშავდნენ და ხელზე წითელ სამკლავურს უკეთებდნენ, ქურდებს აგინებინებდნენ. ამის შემდეგ ქურდი ვეღარ გახდებოდი. მე კი, ქურდი რომ გავმხდარიყავი და შემდეგ ზონაში გავეფუჭებინე, ეს დიდი სირცხვილი იქნებოდა, როგორც ჩემი, ისე ზიმასი და დანარჩენი ქურდების. სწორედ ამ მიზეზით მეუბნებოდა უარს ჩემი მფარველი. არ დავიშალე და მაინც ჩემი გავიტანე. ერთ დღეს, თბილისში ჩამოვედით. ზიმამ რამდენიმე გავლენიანი ავტორიტეტი შეკრიბა და გამოუცხადა:
- ეს ბიჭი ქურდი უნდა გახდესო.
ქურდებმა შუბლი შეიჭმუხნეს.
- ცოდოა, ტანითაც პატარაა, რომ დაიჭირონ, რა ვქნათ? ქურდის სახელით რომ იქნება და დაიჭირონ, ხომ იცი, ავჭალაში (ბავშვთა კოლონიაში. - ავტ.) რას უზამენო?..
ზიმამ თავის თავზე აიღო ყველა ჩემი პრობლემის მოგვარება. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, დამიწყეს გამოკითხვა, შემოწმება. ერთ-ერთმა უეცრად ხელი ამიქნია. ჯიქურ შევხედე თვალებში. ეს მოეწონათ. კითხვებზეც კარგად ვუპასუხე. ხანდახან, თუ რაიმე შემეშლებოდა, ზიმა ფეხზე ფეხს მაჭერდა და მანიშნებდა, რომ დაფიქრებით გამეცა პასუხი. ბოლოს მითხრეს, ქურდი ხარო. თან დამარიგეს:
- თუ გინდა, 18 წლამდე ნუ იტყვი, რა იცი, რა ხდებაო.
- არ მეშინია-მეთქი, - ვუპასუხე.
წინ დამიდეს დანა და პისტოლეტი და - აირჩიეო, - მითხრეს. დანა ავირჩიე...
მთელ კახეთს წამში მოედო ჩემი ქურდად "მონათვლის" ამბავი. უკან რომ ვბრუნდებოდით, ყველა რაიონში გვხვდებოდნენ ქურდები და პურმარილზე გვეპატიჟებოდნენ. მე კი ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მანქანაში უკანა სავარძელზე ვიწექი და მეძინა.
ზიმა ეუბნებოდა:
- ბავშვი დაღლილია, სხვა დროს აღვნიშნოთ ეს ამბავიო. ისინი ფულის დასტებს მიყრიდნენ მანქანაში და ამით ჩემ მიმართ პატივისცემას და მათ წრეში მიღებას უსვამდნენ ხაზს. აი, ასე გავხდი ქურდი. ამის შემდეგ საცხოვრებლად ზიმასთან გადავბარგდი. სკოლაში საერთოდ აღარ დავდიოდი. თუმცა, რამდენჯერმე დამიჭირეს მილიციელებმა და სკოლაში ძალით მიმიყვანეს. წარმოგიდგენიათ? ქურდი ხარ და გაკვეთილზე ზიხარ, როგორია?.. ზიმა მომაკითხავდა ხოლმე, მეც სკოლიდან ვიპარებოდი და ძველებურ ცხოვრებას ვაგრძელებდი. არც მშობლების პროტესტს ვაქცევდი ყურადღებას...
ფოტოზე სპარტაკ ბურდულაძე
GzaPress
„ბრძოლა კაიფის უფლების მოსაპოვებლად"
ფული რომ გამიჩნდა, მოვინდომე, ყველანაირი ცხოვრებისეული სიამე განმეცადა. დავიწყე წამლის კეთება. სიმართლე რომ გითხრათ, თვითონ ნარკოტიკების გამსაღებლებმა შემიწყვეს ხელი და "წამალზე დამსვეს". რადგან მაშინ არც ერთი ქურდი არ კაიფობდა, ისინი ეძებდნენ დასაყრდენსა და მფარველს. ჩემი საშუალებით კი, იოლად იპოვეს გამოსავალი: წამალს მაძლევდნენ, მე კი ვმფარველობდი. ჩემი შიშით ვერავინ "აგდებდა" ფულში და ვერც ზედმეტ სიტყვას ჰკადრებდა. ჩემი განარკომანების ამბავი ქურდების ყურამდე მივიდა. დამიბარეს "სხადნიაკზე" და გამაფრთხილეს:
- თუ კიდევ შეგნიშნავთ, რომ კაიფში იქნები, არაქურდად დაგტოვებთო. მეც დავიფიცე, - აღარ გავეკარები-მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა, პირობა ვერ შევასრულე. როცა კაიფში ვიყავი, ყველას ვემალებოდი ხოლმე, მაგრამ აბა, ქურდებს რას გამოაპარებ?.. ერთი ქურდი იყო, ანზორა ერქვა. დამიძახა და მითხრა:
- მე და შენ ქურდები ვართ, დღეს შენთან ერთად ქეიფი მინდა, როგორც მე დავლევ ღვინოს, შენც ისევე უნდა დალიოო...
რას ვეტყოდი? დავსხედით სუფრასთან, მაგრამ ორი ჭიქა დავლიე თუ არა, ცუდად გავხდი. გული ამერია და ძლივს მომაბრუნეს. რომ მოვკეთდი, ანზორა მიუბრუნდა ზიმას და უთხრა:
- რის ქურდი, რა ქურდი, ვერ ხედავ, კაიფში იბრიდება?!. დღეიდან სპარტაკა ქურდი აღარ იქნებაო!
ტირილი დავიწყე. ზიმამ გარეთ გამიყვანა და სახეში ისეთი გამარტყა, რომ თვალებიდან ნაპერწკლები წამომცვივდა. თან მითხრა:
- რომ გეუბნებოდა, ქურდი არა ხარო, რატომ არ დაარტყიო?..
ამის თქმა იყო და ოთახში გიჟივით შევვარდი, ანზორას დავეტაკე და მუშტი სახეში ჩავცხე... იმის მერე ანზორას შევჯავრდი. მიხვდა, რომ ზიმამ წამაქეზა და მასაც ეჩხუბა. ბოლოს ზიმამ უთხრა: - რა გინდათ? ერთადერთი, ვისაც უფლება აქვს, ამ ბავშვს ხელი დაარტყას და რაიმე დაუშალოს, ეს მე ვარ! ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ყველას ხელს შემოგიბრუნებთ, შენც ქურდი ხარ და ესეც, ასაკს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვსო.
ასე დამთავრდა კონფლიქტი წამლის თაობაზე... ყოველ წუთს ვგრძნობდი ზიმას თანადგომას. ისე ვუყვარდი, თავის საწოლში მიწვენდა ხოლმე. ხშირად უთქვამს:
- წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე, დღეს არაფერი იმაიმუნო, ფული თუ გჭირდება, უჯრაში დევს და აიღე, არ მინდა, ხათაბალაში გაებაო.
შემდეგ ზიმა დაიჭირეს. ისე მენატრებოდა ხოლმე, რომ დიდ რისკზე მივდიოდი, ოღონდ მენახა. ფულზე ვჩალიჩობდი, შემდეგ ათმეტრიან კედელზე ავბობღდებოდი, კა-პე-ზე-ში შევიპარებოდი და ფულს, სიგარეტსა და პროდუქტს ვაწვდიდი ხოლმე. ერთხელ, უკან გადმოსვლისას, სროლაც კი ამიტეხეს. მაშინ სასწაულმა გადამარჩინა...
„ქალის გემო"
უკვე ქურდი ვიყავი, როდესაც ზიმამ მკითხა:
- ქალთან თუ ყოფილხარო?
- არა-მეთქი, - გავუქნიე თავი.
იმავე საღამოს, ერთ ადგილზე მიმიყვანა. იქ საკმაოდ ასაკოვანი ქალი დაგვხვდა. მოხუცი კი არ იყო, უბრალოდ, ჩემზე საკმაოდ დიდი გახლდათ - ასე, 35 წლის იქნებოდა. ზიმამ იმ ქალს ფული გადაუხადა და წავიდა. გული გამალებით მიცემდა რაღაც ახლის მოლოდინში, მაგრამ იმ ქალმა შემაბა:
- სპარტაკ, თითქმის შენი ასაკის შვილი მყავს, შენთან ვერ დავწვები, მაგრამ საიდუმლო შემინახე, გთხოვ, ზიმას არაფერი უთხრაო.
დილით ისე მოვაჩვენე ზიმას თავი, თითქოს ყველაფერი ხუთიანზე ჩატარდა... გავიდა ხანი. ოთხკაციანი ჯგუფი საკმაოდ შეძლებულ ოჯახს ვაყაჩაღებდით. უკვე სახლში ვიყავით შესულები და ოთახებს ვჩხრეკდით. ერთ-ერთი ოთახის კარი შევაღე და რას ვხედავ?.. ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ქალს იარაღით ადგას და თან... მოკლედ, ამის დანახვამ ჭკუიდან გადამიყვანა. ჩემი მეგობარი მიხვდა, რაც მჭირდა და ეს ქალი მე დამიტოვა... უზომოდ გახარებული და ბედნიერი წამოვედი იქიდან. ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, წამოსაღებიც წამოვიღეთ და მეც კმაყოფილი დავრჩი. ზიმასთან რომ მივედი, თვალები ისე უჩვეულოდ მიბრწყინავდა, მაშინვე მიხვდა, რომ იქ რაღაც მოხდა. მეც არ დავუმალე და ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. სახეში გამილაწუნა. შემდეგ ჯგუფის წევრები დაიბარა და ყველა წიხლით სცემა. თან ეუბნებოდა:
- თქვენ ბოზები ხართ, ქურდულთან საქმე აღარ გაქვთ, ბავშვი როგორ გასვარეთ ამ ბინძურ საქმეში? ოჯახს აყაჩაღებთ, ჰპარავთ, ართმევთ... ვინ მოგცათ უფლება, რომ ოჯახს ანგრევთო?!.
გავგიჟდი. მაშინ მივხვდი, რომ თურმე, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. მართლაც, ხომ შესაძლებელი იყო, ქმარს რომ გაეგო ეს ამბავი, ცოლს გაჰყროდა?.. ზიმა კი სულ მარიგებდა:
- ეცადე, ყველას თავი შეაყვარო, შესაძლოა, მოჰპარო, წაართვა, მაგრამ დაზარალებულმა მაინც უნდა თქვას, კარგი ქურდი იყოო...
აი, ასე მივიღე "ნათლობა" ქალებში.
„პირველი „სროკი"
- თექვსმეტი წლის რომ გავხდი, დამიჭირეს ქურდობის ფაქტზე და როგორც წესი, "მალალეტკებში" მიმიყვანეს. საქმის ძიების დროს, "კამერაში" ვიჯექი, სადაც ჩემთან ერთად სხვა არასრულწლოვანი დამნაშავეებიც იყვნენ. იქ თავისი კანონები ჰქონდათ და არაქურდული სიტუაცია იყო. მორიგეობის გრაფიკი ჰქონდათ დაწესებული. მორიგეს წითელი სამკლავური ეკეთა და ოთახს ალაგებდა. რა თქმა უნდა, მე ეს საქმე არ უნდა გამეკეთებინა. იქ არ იცოდნენ, რომ ქურდი ვიყავი, ამიტომ რამდენიმე დღე მაცადეს, შემდეგ, დილით ადრე გამაღვიძეს და მითხრეს:
- ადექი, დღეს მორიგე ხარ და ოთახი დაალაგეო.
"ნარიდან" წამოვდექი, მათ პირისპირ დავდექი და ვუთხარი:
- მე მორიგე არა ვარ!
- ვითომ, რატომო?
- იმიტომ, რომ ქურდი ვარ-მეთქი.
ამ სიტყვის თქმა იყო და ერთ-ერთმა სახეში მუშტი ჩამარტყა. რაღა თქმა უნდა, პასუხი დავუბრუნე, მაგრამ ისინი ბევრნი იყვნენ. დამესივნენ და მაგრად დამალილავეს. ვერანაირად ვერ შევაჩერე. ვყვიროდი:
- ქურდს ნუ ურტყამთ. თქვე ბოზებო-მეთქი! - ვერ დავაჯერე, რომ სიმართლეს ვამბობდი...
წეღან გითხარით, რომ ზიმა ჩემზე ადრე დაიჭირეს. როგორღაც მოვახერხე და წერილი მივაწვდინე:
- მიშველეთ, ქურდი ვარ და ცემით მკლავენ-მეთქი. ზიმა გადარეულა, დანარჩენი ქურდებისთვისაც უთქვამს ეს ამბავი, ყველანი შეშფოთებულან. რამდენიმე დღის შემდეგ, "კამერაში" ციხის თანამშრომელი შემოვიდა და მითხრა:
- შენი ნივთები ჩაალაგე და წამოდიო.
მიმიყვანეს ციხის საავადმყოფოში. ეს, რა თქმა უნდა, ქურდების დამსახურება იყო. შემდეგ მათთან შეხვედრაც მოვახერხე. უამრავი ტანისამოსი, შოკოლადი და საჩუქარი დამახვედრეს. შემდეგ, ციხის უფროსს ის ბიჭები მოაყვანინეს, რომლებიც ჩემს "კამერაში" ყოჩებად თვლიდნენ თავს და უთხრეს:
- თქვენ იცით, რომ სპარტაკი ქურდია?.. ხელი როგორ დაარტყით?! ამას როგორც უნდა, ყველაფერი ისე უნდა იყოს და დღეიდან, თუ არ დაუჯერებთ, თქვენს თავს დააბრალეთო.
მე კი მითხრეს:
- შეგიძლია, ის ბიჭები მოკლა, ვინც ხელი დაგარტყაო.
ბუნებით სასტიკი ადამიანი არა ვარ, ამიტომ მათ ასეთ საშინელ განაჩენს ვერ გამოვუტანდი. როდესაც უკან დამაბრუნეს, ბიჭებს ვუთხარი:
- ყველაფერი მიპატიებია, რადგან არ იცოდით, რომ ქურდი ვიყავი და ვერც დაიჯერებდით, რომ ჩემს ასაკში შესაძლოა, ეს სახელი მქონოდა-მეთქი...
ამის შემდეგ, ეს ბიჭები ჩემი ერთგული ყმები გახდნენ. ამასობაში მეც გამასამართლეს, 2 წელი მომისაჯეს და ასე მოვხვდი გალის რაიონის სოფელ სიდაში მდებარე ქურდულ ზონაში... იქ თოთხმეტი ქურდი იხდიდა სასჯელს. მანებივრებდნენ კანფეტებით, შოკოლადით, სათამაშოებით, ჩემს ყველა კაპრიზს ასრულებდნენ. ფულსაც ვშოულობდი, არც ქალები მაკლდა, წამალიც თავზე საყრელად იყო. სიდაში ერთი საინტერესო ამბავი გადამხდა თავს:
ერთმა პატიმარმა კამათელი ითამაშა და საკუთარი სიცოცხლე წააგო. დასახმარებლად მე მომმართა...
75-კაპიკიანი პატიმარი
- უკვე გითხარით, რომ პირველი "სროკი" 16 წლის ასაკში ქურდობისთვის მომისაჯეს და გალის რაიონში, სოფელ სიდაში მდებარე ზონაში გადამიყვანეს. იქ მყოფი 14 ქურდიდან, ბუნებრივია, ყველაზე უმცროსი მე ვიყავი. სიდაში სასჯელს იხდიდა ორი კაცი, რომლებიც დაპატიმრებამდე მტრები იყვნენ და ერთმანეთს ზონაში შეხვდნენ. გადაწყვიტეს, კამათელი - ე.წ. ზარი ეთამაშათ. ერთ-ერთმა, რაც რამ ებადა, ყველაფერი წააგო, მაგრამ მოწინააღმდეგეს არ ეშვებოდა - მეთამაშე და მეთამაშეო... ის ეუბნებოდა - რაღაზე გეთამაშო? უკვე ყველაფერი წააგე, ჯერ წაგებული ჩამაბარე და მერე გეთამაშებიო. წაგებულმა კიდევ - "კონში" საკუთარ თავს, საკუთარ სიცოცხლეს ჩავდებო... შეთანხმდნენ და ეს ხელიც წააგო. ბუნებრივია, მოგებული თავის მისაღებს ითხოვდა. წაგებული საგონებელში ჩავარდა. შემდეგ ვიღაცას უთქვამს - სპარტაკასთან მიდი, მაგ საქმეს ის გადაწყვეტს, სხვას ნურავის ჩარევო. ისიც ადგა და ჩემთან მოვიდა. ახლა მე ჩავვარდი საგონებელში. როგორ გინდა, ასეთი საკითხი მოაგვარო?.. თან გამიკვირდა - რაღა მაინცდამაინც ჩემთან მოვიდა-მეთქი?.. ასეთ შემთხვევაში, სირცხვილად ითვლება, სხვა ქურდთან რომ გაგზავნო ან ვინმეს რჩევა ჰკითხო. მთელი ზონა სულგანაბული ადევნებდა თვალყურს ამ ამბავს და თავის შერცხვენა არ შეიძლებოდა. მოვაყვანინე მოგებული. ვუთხარი - "გაურაშოტე"-მეთქი - არა, მისაღები უნდა მივიღოო... ავდექი და ორივე მაგრად ვაცემინე. თან, მოგებულს ვუთხარი - შენ იმიტომ მოგხვდა, რომ ამის უტვინო თავზე ითამაშე; კაცი რო თავს წააგებს, ის თავი რაში გამოგადგება-მეთქი?.. წაგებულს კი იმიტომ მოხვდა, რომ ბაყბაყდევი ხომ არ იყო, 9 თავი ჰბმოდა?! ერთი ება და ისიც ზარში წააგო. მიუხედავად ამისა, მოგებული მაინც იძახდა, არ "გავარასხოდებ", თავანი ჩამაბაროსო. ორივეს მოხვდა კიდევ ერთხელ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ერთ საღამოს, დავიბარე მოგებული, ერთ-ერთი პატიმარი უფროსთან გავგზავნე და ციხის "უსტავი" ჩამოვატანინე, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ პატიმრის სიკვდილის შემდეგ, მთავრობამ მის ოჯახს უნდა გადაუხადოს 75 კაპიკი - ასე იყო შეფასებული დამნაშავე. მოგებულს მივუბრუნდი და ვუთხარი - ეს პატიმარი მთლიანად ღირს 75 კაპიკი, უტვინო თავი და ხელ-ფეხი რომ გამოვაკლოთ, დარჩება 40 კაპიკი, აქედან 20 კაპიკი, წესის მიხედვით, "ობშიაკში" უნდა გადაიხადო, დარჩა სულ 20 კაპიკი, აჰა, შენ ეს 20 კაპიკი და თავისუფალი ხარ-მეთქი... ამდგარა და ნაცნობი ქურდებისთვის მიუწერია ეს ამბავი. სოხუმიდან ჩამოვიდნენ გოგია გოგოლაძე და იური ლაკობა, ცნობილი ქურდები, ვისაც მოგებულმა მისწერა, მაგრამ ისინი მის დასახმარებლად კი არა, ჩემს სანახავად ჩამოსულან. მითხრეს - გაოცებული ვართ, ბავშვმა როგორ მოახერხე, ასეთი საქმის გადაწყვეტა; რომ გათავისუფლდები, სოხუმში ჩამოდი, ბინას "ჩაგახუტებთ" და იქ დარჩი საცხოვრებლადო... მაგრამ ჩემი კახეთი მე ყველაფერს მერჩივნა.
გაქცევა სასამართლოდან
- გავიდა წლები... მე თავისუფალი ვიყავი, მაგრამ სასამართლომ დამინიშნა "ნადზორი". ეს იმას ნიშნავდა, რომ საღამოს 8 საათის შემდეგ, აუცილებლად სახლში უნდა ვყოფილიყავი. მილიციელებმა შეიტყვეს, რომ თავანი მქონდა ჩასაბარებელი. გადაწყვიტეს, დავეჭირე, რომ ფული ვერ მიმეტანა და ქურდულ სამყაროში ჩემი ადგილი აღარ ყოფილიყო. მომდეს შარი, თითქოს შემამოწმეს და სახლში არ ვიყავი. ამის გამო დამიჭირეს. წესი ასეთია, ორჯერ თუ გამოგიჭირეს "ნადზორის" წესების დარღვევაში, ჯარიმა უნდა გადაიხადო, მესამედ - გაგასამართლებენ. კანონი ასეთ შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ძალოვნების მიზანი გახლდათ ის, რომ ეს 2 წელი მოესაჯათ, შემდეგ კიდევ რამეს "შემტენიდნენ". არადა, მართლა სუფთა ვიყავი და არანაირი დანაშაული არ მქონდა ჩადენილი. გადავწყვიტე, სასამართლოდან გავქცეულიყავი. როდესაც "კამერიდან" გამიყვანეს, იქ ყველას გამოვემშვიდობე - მე აქ აღარ დავბრუნდები, ან მომკლავენ, ან გავიქცევი-მეთქი. დაჭერამდე რამდენიმე ხნით ადრე, ავარიაში მოვყევი. ფეხი მტკიოდა და ჯოხით დავდიოდი. ამ დროისთვის ფეხი აღარ მაწუხებდა, მაგრამ ციხის თანამშრომლებს თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს სიარული ძალზე მიჭირდა. სასამართლოსთან მელოდა მანქანა, რომლითაც უნდა გავქცეულიყავი. ჩვენ ხელებით საუბარი გვეხერხება. მანქანიდან მანიშნეს - იარაღი "ბარდაჩოკშია", ჩვენც ყველაფრისთვის მზად ვართო. მეც ხელით ვანიშნე, წადით, არ მჭირდებით-მეთქი. პროცესზე მოსამართლეს ვუთხარი - ცუდად ვარ-მეთქი. მინდოდა, ტუალეტამდე მივსულიყავი. ვიცოდი, რომ იქ იყო პატარა ფანჯარა. თუ კანალიზაციის გასაწმენდი მსხვილი მავთულიც იქ დამხვდებოდა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. გამიყვანეს ტუალეტში. თან სამი ბადრაგი გამომყვა. ასეთ დროს ვალდებული ხარ, ტუალეტის კარი ღია დატოვო. მე კი მივიჯახუნე და გადავკეტე. დაიწყეს ბრახუნი. გავაღე კარი - რა მოგივიდათ, თქვე კაი ხალხო, მაცალეთ-მეთქი, - და ისევ ჩავკეტე კარი. კიდევ დააბრახუნეს. ისევ გავაღე - თქვე მამაცხონებულებო, ჩემს გემოზე შემიშვით ტუალეტში, რისი გეშინიათ, ამ გადამტვრეული ფეხით სად გაგექცევით-მეთქი?.. და კარი ისევ ჩავკეტე.
ისევ დააბრახუნეს. ახლა უკვე გავბრაზდი, კარი გავაღე და ავყვირდი - ხალხი არა ხართ? ის მაინც მაცალეთ, რომ ტუალეტში მოსვენებით ვიყო-მეთქი! - და ისევ ჩავკეტე. აღარ დაუკაკუნებიათ. მავთული იქ დამხვდა. თავი გადავუღუნე, ფანჯარაზე ჩამოვდე, ავძვერი და გარეთ გადავძვერი. თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ახლა იქიდან უნდა დამეღწია თავი. ეს ყველაფერი სიღნაღში ხდებოდა. სასამართლოს წინ არის პატარა ბულვარი. გადავწყვიტე, ხალხში გავრეულიყავი, რადგან თუ ჩემს გაქცევას შეიტყობდნენ და სროლას ატეხდნენ, ხალხში ამის გაკეთება გაუჭირდებოდათ. მივდივარ სკვერში და წინ შემხვდა ერთი მილიციელი, რომელსაც გიული ერქვა. არ გავიქეცი. ერთმანეთს რომ მივუახლოვდით, მივესალმე. რაღაცნაირი, დინჯი ლაპარაკი იცოდა. მკითხა - ჭაბუკო, თქვენ დღეს სასამართლო არ გაქვთო? - კი, მაგრამ დამთავრდა; როგორც იქნა, ერთხელ ჩემს ცხოვრებაშიც სამართალმა პური ჭამა, გამამართლეს და გამიშვეს, ახლა ამ ამბავს რესტორანში აღვნიშნავ, მე ღვინოზე ვარ წამოსული და შენც გეპატიჟები, აუცილებლად მოდი-მეთქი. თავი დამიქნია და გზა განაგრძო. ამის შემდეგ გიული მისულა სასამართლოში და ტუალეტთან ბადრაგი რომ შეუნიშნავს, უკითხავს - რაშია საქმე, აქ ვის ელოდებითო? - სპარტაკის სასამართლოა, ტუალეტშია შესული და იმას ველოდებითო. გიული გაგიჟებულა - ვაი, თქვენს პატრონს, სპარტაკი 5 წუთის წინ ბულვარში მომესალმაო, - უთქვამს მათთვის. ბადრაგმა კარი შეამტვრია და ნახეს, რომ მართლაც, იქ აღარ ვიყავი. ამტყდარა ერთი ამბავი. მე ამასობაში ერთ-ერთ ეზოში გადავძვერი. ვიფიქრე, ვიდრე დაწყნარდებიან, ცოტა ხანს აქ მოვიცდი-მეთქი. შევძვერი საქათმეში. ქათმები აკაკანდნენ, აკრიახდნენ, ზოგი ზედ შემომაფრინდა... უცებ, საქათმის კარი გაიღო და ვიღაც ქალმა შეკივლა. დავამშვიდე - არც ქურდი ვარ, არც ყაჩაღი, ვიღაცები საცემრად გამომეკიდნენ, რომ დამიჭირონ, მომკლავენ, ამიტომ თავი აქ შემოვაფარე-მეთქი. მისი ქმარი იქვე, ეზოში რაღაცას ჩხირკედელაობდა. მივედი მასთან. ეს კაცი ძალიან კარგად მომექცა. ბოლოს, გავუმხილე, ვინც ვიყავი. დამეხმარა, სასაფლაომდე მიხვეულ-მოხვეული გზით გამიყვანა. მოგეხსენებათ, სიღნაღი მთის წვერზეა გაშენებული. სასაფლაოდან ქვევით დავეშვი. ტყე-ტყე მივდიოდი, ხანდახან გზის გადარბენა მიწევდა და სწორედ ამ დროს მილიციელებმა შემნიშნეს. მივედი ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც ბროწლიანს ეძახიან. იქ იყო პატარა ეკლესია, რომელსაც დღესდღეობით სპარტაკის ეკლესიას ეძახიან. ძალზე დაღლილი ვიყავი. შევედი ტაძარში.
რაც კი კედლებზე სანთლის ნამწვი იყო, ყველა ავანთე. ღმერთს შევთხოვე, - თუ რაიმე ძალა და მადლი გაქვს, მიშველე-მეთქი! ერთ კუთხეში მივიყუჟე და მესმოდა, როგორ დარბოდნენ მილიციელები და მეძებდნენ. კარი რომ შემოეღოთ, სულ იოლად მიპოვიდნენ, მაგრამ შიგნით შემოხედვა არც უფიქრიათ. ეკლესიის წინ, შემაღლებულ ადგილზე რესტორანი იყო. იქიდან მადის აღმძვრელი სურნელი მოდიოდა. უზომოდ მომშივდა. მილიციელები რომ წავიდ-წამოვიდნენ, რესტორანში შევედი. სამზარეულოში რომ შევაბიჯე, მიცნეს. "ბუფეტჩიკი" გადამეხვია. უკვე გაგონილი ჰქონდათ, რომ გამოქცეული ვიყავი. რესტორანს წინ დიდი აივანი ჰქონდა, რომელიც სიღნაღში მიმავალ გზას გადაჰყურებდა. "ბუფეტჩიკმა" განკარგულება გასცა, სწორედ ამ აივანზე გაეწყოთ სუფრა. გრძელი სუფრის თავში ის დაჯდა, ბოლოში - მე და დავიწყეთ ქეიფი. იქიდან ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დარბოდნენ მილიციელები, აჩერებდნენ მანქანებს, ჩხრეკდნენ... რას წარმოიდგენდნენ, რომ მე რესტორნის აივანზე ვიყავი გამოჭიმული?! რომ შებინდდა, იქიდან წამოვედი, თან ორი ბოთლი შამპანური წამოვიღე. გეზი სოფელ საქობოს სასაფლაოსკენ ავიღე. სასაფლაოზე ერთი ბოთლი შამპანური გავხსენი და გზადაგზა, მიცვალებულთა შესანდობარს ვამბობდი. სასაფლაოსთან ახლოს მოსახლეობა ცხოვრობს. საღამოს "ბირჟაზე" იყვნენ გამოსულები და ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. სწორედ მათთან მივედი. ჩემი დანახვა ყველას გაუკვირდა. ერთ-ერთს ვთხოვე, რომ მანქანით სახლამდე მივეყვანე და დედასთან დავბრუნდი. მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ფეხზე იდგა. მე ვუთვლიდი - ყველას დაგსჯით, ვინც ჩემს დაჭერაში მონაწილეობდით-მეთქი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გივი კვანტალიანმა შემომითვალა - შემხვდი, უიარაღოდ ვიქნები და ვილაპარაკოთო. ღამით შინ მივადექი მილიციის უფროსს. ვიცოდი, სახლში პატარა ბავშვები ჰყავდა და არ მესროდა. ვკითხე - რაზე უნდა მელაპარაკოს კვანტალიანი-მეთქი? - ვიცით, რომ უდანაშაულო იყავი, დაბრუნდი ციხეში, გაგასამართლებთ და გაგიშვებთ, პირობას გაძლევთო. დავუჯერე. დავთქვით შეხვედრის ადგილი. წინასწარ ის ადგილი კარგად დავზვერე და საეჭვო ვერაფერი ვნახე. შევხვდით. მოიტანეს კონიაკი, საჭმელი. მეც მივედი. მაჩვენეს ჩემი გათავისუფლების ბრძანება და მითხრეს - ხვალ მილიციაში მოდი, ხელი მოაწერე და გაგიშვებთო. მივედი და ვიღამ გამოგიშვა?.. გააუქმეს სანქცია და ისევ დამიჭირეს. ლამის ჭკუიდან შევიშალე. რაღა უნდა მექნა? ხელახლა ჩავიფიქრე გაქცევა და გეგმაც შევადგინე.
ფოტოზე სპარტაკ ბურდულაძე
GzaPress
გაქცევა მილიციის განყოფილებიდან
- მილიციის განყოფილებაში, საკანში მარტო ჩამსვეს. ლომივით ვბრდღვინავდი და კედლებს ვაწყდებოდი. იატაკს ერთი ფიცარი ავაგლიჯე და რას ვხედავ?.. ქვეშ ბოთლი გდია. უცებ მომივიდა იდეა. ამოვიღე ბოთლი, უკან, ქამარში გავირჭვე. მოვახერხე და ვენები გადავიჭერი (მკლავზე უამრავი ნაიარევი აქვს. - ავტ.), ალუმინის კოვზი გადავტეხე და ტარი გადავყლაპე. მილიციელებმა სასწრაფოდ ექიმი მომიყვანეს. შემიყვანეს სამორიგეოში. ხელი შემიხვიეს. ექიმი ქალი გახლდათ. უცებ ამოვიღე ბოთლი და ძირით მაგიდის კიდეს ჩამოვარტყი. ექიმს ხელი ვტაცე, წინ ავიფარე და კისერზე ბოთლის ნამტვრევი მივადე. თან ვიყვირე - არ მომეკაროთ, თორემ "ტრუპს" დაგიგდებთ-მეთქი. ნელა-ნელა კარისკენ წავედი. გზა დამითმეს. მილიციის განყოფილებიდან ვიწრო ქუჩით უნდა ჩავსულიყავი ცენტრალურ გზამდე. ექიმს მუხლები მოეკვეთა და მკლავზე ჩამომეკიდა. ვამშვიდებ - ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ-მეთქი, - თან ამ ვიწრო ქუჩაზე ვეშვები. მილიციელები უკან მომყვებიან, ასე 100 მეტრის დაშორებით. ქუჩა ჩავათავე და გზაჯვარედინზე გავედი. მილიციასთან დედაჩემი ყოფილა მოსული. ისიც ფეხდაფეხ მომდევდა და თან ყვიროდა. მე ყურადღებას არ ვაქცევდი. გზაჯვარედინზე ექიმი ღობის ძირში მივაწვინე და გავიქეცი. ეს რომ დაინახეს, მილიციელები მანქანებში ჩასხდნენ და გამომეკიდნენ. დედაჩემი არ დაიბნა, გზაზე დაწვა და მდევარს გზა გადაუკეტა.
ამასობაში თვალს მივეფარე. გზას რომ გადაკვეთ, მერე ტყე იწყება და საკმაოდ ციცაბო დაღმართია. უცებ, ფეხი დამიცდა და დავგორდი. ბოთლის ნამტვრევის გადაგდება მოვასწარი, რომ არ დავჭრილიყავი. კლდის ნაპირზე თავი ვერ შევიკავე და საკმაოდ დიდი სიმაღლიდან "გადავფრინდი". კარგა ხანს ვიფრინე და ბედად, მაყვლის ბუჩქებზე ბეღურასავით მსუბუქად დავეშვი. ვწევარ გულაღმა და ცას შევყურებ. უცებ შევნიშნე, რომ კლდის წვერიდან მილიციელები დამყურებენ. ისეთი პატარები ჩანდნენ, რომ ვერ გაარჩევდით, კაცები იყვნენ თუ ასანთის ღერები. ეს რომ დავინახე, გული მომეცა: აბა, ეს პატარა კაცები როგორ მომერევიან-მეთქი?! - ვიდრე ბუჩქებიდან გადმოვბობღდი, ისინი ბილიკით დაეშვნენ და თავზე წამომადგნენ. დაღლილობისგან ძლივს ვსუნთქავდი, ისინი ჩემზე უარესად ქშინავდნენ. ორნი იყვნენ და აქეთ-იქიდან დამისხდნენ. მეუბნებიან - ბიჭო, ასეთი ტრიუკების გაკეთება კინოშიც უჭირთ, ეს რა გააკეთე?..
<a href='http://www.gzapress.
This post has been edited by ushuaia on 11 Jan 2015, 01:40
მიმაგრებული სურათი