პრინციპში მართალი ხარ
ნინო გიორგობიანი: "ვადასტურებ, მერაბიშვილის VIP დავალიანებაზე ჩვენც მივიღეთ წერილი"სააკაშვილის, მერაბიშვილის და კეზერაშვილის გამო საქართველოს ოფიციალურ დელეგაციებს და მაღალი რანგის პირებს, შესაძლოა პარიზის აეროპორტმა VIP მომსახურება არ გაუწიოს და უფრო მეტიც, საქართველოს მხარეს დამატებითი ჯარიმა დააკისროს.
როგორც „აიპრესისთვის“ ხდება ცნობილი საქართველოს სხვა უწყებებზე რიცხულ დავალიანებებს შორის ფიქსირდება 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ამავე წელს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ამავე წელს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის დავალიანებები.
საქართველოს მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა პარიზის აეროპორტის VIP დარბაზით „ნისიად“ ისარგებლეს და თანხა არ გადაიხადეს.
თავდაცვის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებენ, რომ მსგავსი შინაარსის წერილი უწყებაში 15 იანვარს შევიდა და განხილვის პროცესშია.
ინფორმაციას ადასტურებს შსს-ს საზოგადეობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანიც.
„დიახ, ვადასტურებ, რომ მერაბიშვილის VIP დავალიანებაზე ჩვენც მივიღეთ წერილი, რომელიც გამოგზავნილი იყო პარიზიდან. საქართველოს ელჩის, ქალბატონი ეკა სირეძე-დელონეს მიერ“ _ განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
პარიზის აეროპორტის ადმინისტრაციამ საქართველოს საელჩოს საშუალებით საქართველოს 4 უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და თავდაცვის სამინისტროს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა.
პარიზის აეროპორტის ადმინისტრაცია უწყებებს თხოვნით მიმართავს, რათა დროულად იქნას დაფარული არსებული დავალიანება, ვალის არ გადახდის შემთხვევაში კი, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციებსა და მაღალი რანგის პირებს მომავალში აღარ გაეწევათ VIP დარბაზით მომსახურება. ასევე შესაძლებელია, ფრანგულმა მხარემ დააკისროს დამატებითი ჯარიმა საქართველოს მხარეს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „აიპრესი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ისინი ამ ეტაპზე არანაირ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე არ ფლობენ.