აგერაა ამონარიდი რაზე დაიხარჯა:
"გამოყოფილი სახსრები გამოყენებულ იქნა ბიუჯეტის მხარდასაჭერად, აგრეთვე სატრანსპორტო, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების, ენერგეტიკის მიზნებისა და 1990-იან წლების და 2008 წლის იძულებით ადგილნაცვალ პირთა მხარდასაჭერად, პირველ რიგში მათი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. - აგვისტოს ომის შემდეგ დევნილთა რაოდენობა 30 ათასი კაცით გაიზარდა (საომარი მოქმედებების შემდეგ პირველ დღეებში - 150 ათასით და მეტად).
მთლიანად, გამოყოფილი კრედიტების და გრანტების ¾-ზე მეტი უშუალოდ ეკონომიკაზე დაიხარჯა, რადგანაც აგვისტოს ომმა და მსოფლიო კრიზისმა განსაკუთრებული ზიანი ქვეყნის ეკონომიკას მიაყენა. სახელმწიფოს შესაბამისი სახსრები არ გააჩნდა, ხოლო კერძო სექტორი ომით მიყენებული ზარალისა და კრიზისული მდგომარეობის გამო თავად დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებას, მით უფრო - საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების დაფინანსებას. 2008 წლის პირველი ნახევრის 8.9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მეორე ნახევარში 2.9 პროცენტიანი ვარდნით შეიცვალა. ასევე, ინვესტიციების მოცულობა 2008 წლის მეორე ნახევარში პირველ ნახევართან შედარებით საქართველოში შემცირდა 2.7-ჯერ.
აღნიშნული გარემოებების, აგრეთვე პრივატიზაციიდან თავდაპირველზე შედარებით ნაკლები შემოსავლის მიღების გამო ბიუჯეტის დასაბალანსებლად დახმარების მიღებიდან პირველსავე წელს (2008-2009 წლებში) გამოყენებულ იქნა თითქმის ერთი მილიარდი აშშ დოლარი.
დონორებიდან მოზიდული სახსრებიდან 2650 მლნ. აშშ დოლარი გამოყენებულ იქნა საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად (მწყობრიდან იყო გამოსული გზები, დაზიანდა საავიაციო რადარი, თბილისის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი, რკინიგზა, ფოთის პორტი და ა.შ.).
საგზაო ინფრასტრუქტურის ხაზით დაფინანსდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, მეორადი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია, სამცხე-ჯავახეთის გზის მშენებლობა.
ენერგეტიკის ხაზით დაფინანსდა რეგიონული მნიშვნელობის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, მათ შორის საქართველოდან ენერგოექსპორტის მოცულობის გაზრდის მიზნით.
მუნიციპალური სექტორის რეაბილიტაცია-განვითარების ხაზით ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და სხვ.) განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და განვითარება, საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია, ხელი შეეწყო ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებას - ხიდების მშენებლობას, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას, თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლომდე მეტროს მშენებლობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ავტოსადგომების სისტემებისა და საგზაო ქსელის განვითარებას, საგზაო მოძრაობის კონტროლსა და მართვას და ა.შ.
ყველაზე მეტ დარტყმას ომი და ფორს-მაჟორული გარემოებები, როგორც წესი, საბანკო სექტორს აყენებს. დოლარიზაციის კოეფიციენტი, რომელიც გარკვეულწილად ქვეყნის ფინანსური და საბანკო-საკრედიტო სისტემისადმი საზოგადოებრივი და ინსტიტუციური ნდობის ინდიკატორადაც გამოდგება, ომამდე სისტემატურად მცირდებოდა, აგვისტოს ომის შემდეგ კი მკვეთრად გაიზარდა (2008 წლის ივლისის 56.9 პროცენტიდან დეკემბრის 73.1 პროცენტამდე; ამჟამად 63.7 პროცენტია, ანუ ჯერაც არ მიუღწევია ომამდელი დონისათვის). საქართველოს საბანკო სექტორს სისტემის რეფინანსირებისა და მათ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისშესასრულებლად, სესხების ფასიანი ქაღალდებისა და გარანტიების საშუალებით გამოეყო $850 მილიონი დოლარი. აღნიშნულმა დახმარებამ მნიშვნელოვანწილად უზრუნველყო ქვეყნის საბანკო სექტორისა და აქედან გამომდინარე, მთელი ეკონომიკის მდგრადობა.
მთლიანობაში, დონორების მხარდაჭერის ხარჯზე მოხერხდა ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნება, ორმაგი უარყოფითი ნეგატიური კუმულატიური ფაქტორის (ომი, მსოფლიო კრიზისის გავლენა) მიუხედავად, საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტი 2009 წელს შემცირდა მხოლოდ 3.9 პროცენტით, მაშინ როცა ევროზონის ქვეყნების ნახევარში დაცემის მასშტაბები ამაზე მეტი იყო (გერმანია - -5.0%, იტალია - -5.5%, ფინეთი - -8.4%...). ბალტიის ქვეყნებში ეკონომიკა საშუალოდ 15 პროცენტზე მეტად დაეცა, რუსეთში - 7.8 პროცენტით, უკრაინაში - 14.8 პროცენტით. რომ არა დონორების დახმარება, ეკონომიკის ვარდნა საქართველოში გაცილებით მასშტაბური იქნებოდა. მაგალითად, ჩვენს მეზობელ სომხეთში 2009 წელს მთლიანი შიგა პროდუქტი 14.2 პროცენტით შემცირდა; ვარდნას ჰქონდა ადგილი თურქეთშიც (-4.8%). 2009 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ საქართველოში მხოლოდ 1.7 პროცენტი შეადგინა."
http://georgiamonitor.org/detail.php?ID=396