ლარმა ქადაგიძის წასვლა იგრძნო!ელზა წიკლაური
(01.03.2016)
"როგორი წონასწორობის კურსი გვექნება, რთული სათქმელია, თუმცა უკვე ჩანს, რომ ეროვნული ვალუტა აუცილებლად გამყარდება"
გაუფასურებული ლარი, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული საბანკო სექტორი, ხშირად მოთხოვნის არარსებობის მიუხედავად ბაზრისთვის ლარის დიდი ოდენობით მიწოდება, გადაწყვეტილების პოლიტიკური შეხედულების მიხედვით მიღება - ეკონომისტების შეფასებით სწორედ ასეთი იყო ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მმართველობის ბოლო 3 წელი. ქადაგიძე წავიდა, რა ელის ლარს და რა შეიცვლება ფინანსურ ბაზარზე? კონკრეტული პასუხის გაცემა სპეციალისტებს უჭირთ. ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდება ისაა, რომ ეროვნული ვალუტა აღარ გაუფასურდება და გამყარებისკენ წავა.
ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 25 თებერვალს ამოეწურა. მას შემდეგ ლარი ნელ-ნელა მყარდება. "ბლუმბერგის" პლატფორმაზე გუშინ საღამოს კურსი 2,46-ის ნიშნულზე დაფიქსირდა მაშინ, როდესაც მანამდე დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი 2,50-ის ფარგლებში მერყეობდა. ლარის ასეთ გაფასურებას სპეციალისტების ერთი ნაწილი სწორედ ქადაგიძის ფაქტორს უკავშირებდა.
ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე თვლის, რომ სებ-ის პრეზიდენტი იყო ადამიანი, რომელიც კომერციულ სტრუქტურებთან გარიგებაში შევიდა და ამიტომ მან ყველა კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს.
"საქართველოში მაკროეკონომიკური პარამეტრები არ იყო ისეთი, რომ ლარი 46%-ით გაუფასურებულიყო. მაგრამ კურსი დაეცა და ეს ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა. ქადაგიძე არის ადამიანი, რომელიც კომერციულ სტრუქტურებთან იყო გარიგებული. მის მიმართ არსებობს შეკითხვები, რომელიც უნდა დაუსვან და მან პასუხი გასცეს. 20-40 მილიონი დოლარის ინტერვენციას ახდენდა და კურსი არ იცვლებოდა, რატომ? იმიტომ, რომ ვიღაც-ვიღაცეები ამას ელოდებოდნენ, ფულს აგროვებდნენ, რათა მერე ინტერვენციბისას დოლარი ეყიდათ.
ლარის კურსის დაცემის მიზეზებად თურქეთისა და აზერბაიჯანის მაგალითების მოყვანა სრული უაზრობაა. არავითარი კორელაცია ლარს, ლირას და მანათს შორის არ არსებობდა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ვაჟა კაპანაძემ.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის მომავალს, მისი თქმით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ კურსი დასტაბილურდება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სწრაფი ტემპით.
"მაკროეკონომიკური პარამეტრების თვალსაზრისით დღესაც პროცესი დადებითად ვითარდება, მაისიდან კიდევ უფრო დინამიურად წავა. როგორი ახალი წონასწორობის კურსი გვექნება ცოტა რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია და აქედანაც ჩანს, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება. მთავარი ახლა ისაა, რომ უკუპროცესი სწრაფი ტემპით არ წავიდეს და ერთბაშად მნიშვნელოვნად არ გამყარდეს ეროვნული ვალუტა. უნდა ვეცადოთ, რომ ასე არ მოხდეს, რათა ჩვენი ეკონომიკა, წარმოება იმპორტთან მიმართებაში არაკონკურენტუნარიანი არ გახდეს", - დასძინა კაპანაძემ.
საბანკო სფეროს სპეციალისტის გოჩა თუთბერიძის თქმით, ამ ეტაპზე მთავარი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არჩევაა, რათა ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობის ფაქტორი არ დაიკარგოს. სხვა შემთხვევაში ეს არც ლარის კურსზე და არც ეკონომიკაზე კარგად არ იმოქმედებს.
მისი თქმით, ლარის კურსის ვარდნის მთავარი მიზეზი იყო გარე შოკი. ეს არ იყო მხოლოდ ეროვნულ ბანკზე დამოკიდებული, რადგან დოლარი მთელ მსოფლიოში მყარდებოდა: "ამიტომ აქ ქადაგიძის ფაქტორზე საუბარი, არასწორია. გაუფასურება ყველა შემთხვევაში მოხდებოდა", - ამბობს თუთბერიძე.
"რაც შეეხება იმას, თუ რა ელის ლარს შემდგომში, ეს უკვე დამოკიდებული იქნება, თუ რა პოლიტიკას გაატარებს სებ-ის საბჭო, ანუ გამოიყენებს თუ არა იმ ინსტრუმენტებს, რომელიც მათ გააჩნია. როგორც გამოიყენებს, ყველას ერთად, თუ შერჩევით მხოლოდ ერთს, კურსიც და ინფლაციური პროცესებიც ამაზე იქნება დამოკიდებული.
თუკი ქვეყანაში საინვესტიციო პროცესი ისე წარიმართა, როგორც ამას ახალი პრემიერი ვარაუდობს, ალბათ, ლარიც გამყარდება, თუმცა ეს სწრაფად არ მოხდება და თანაც არც იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რაც 2 წლის წინ იყო. ცვლილებები იქნება და ეს დამოკიდებული იქნება თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებით და რამდენად იქნება ეს გადაწყვეტილება დასაბუთებული. შეიძლება უფრო სტაბილური გახდეს ვალუტის "ქცევა" და არ ჰქონდეს მას პანიკური გადახრები, როგორიც აქამდე იყო", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გოჩა თუთბერიძემ.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეროვნული ვალუტის გამყარება დამოკიდებული იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე, საექსპორტო პოტენციალზე და ტურისტების ოდენობაზე.
ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელ პაატა შეშელიძის თქმით, ბოლო წლებში ლართან მიმართებაში არაერთი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა. ხშირად ბაზარზე ეროვნული ვალუტის მასა მოთხოვნასთან არაადეკვატურად იზრდებოდა, ეს კი ძირითად ხდებოდა ბიუჯეტის მიღება-დაფინანსების მიზნით:
"უკანასკნელად ასეთი შემთხვევა დეკემბერ-იანვარში მოხდა, მას შემდეგ დაიწყო ბაზრისთვის ლარის მიწოდების სტაბილიზება, შემცირდა მიმოქცევაში ლარის რაოდენობა, რაც რა თქმა უნდა, გაცვლით კურსზეც დადებითად აისახა", - განაცხადა შეშელიძემ.
იმისათვის, რომ ლარმა სტაბილურობა დაიბრუნოს, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება, პირველ რიგში, მონეტარული პოლიტიკის არსებითად შეცვალა, რათა კურსის "დასმა" ამა თუ იმ პიროვნების გადაწყვტილებაზე არ იყოს დამოკიდებული.
"აუცილებელია ლარი მიებას მყარ ვალუტას - დოლარს. შესაბამისად, თუ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა, ეს ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის სხვა ბერკეტები უნდა გაუქმდეს, მათ შორის, რეფინანსების განაკვეთი და ა.შ. ამას კი თან უნდა სდევდეს ფისკალური პოლიტიკის გაწონასწორება, არ უნდა ხდებოდეს დეფიციტის დაფინანსება ემისიის ხარჯზე და ა.შ. რაც მთავარია, უნდა შეიცვალოს სისტემა და მერე უნდა დაიწყოს ხელმძღვანელის დანიშვნაზე საუბარი", - განაცხადა შეშელიძემ.
რაც შეეხება ქადაგიძის პოლიტიკური ფაქტორს, ექსპერტის აზრით, ვალუტასთან მიმართებაში ის იღებდა გადაწყვეტილებას, რასაც მთავრობასთან ათანხმებდა.
"ყველაფერი რაც კეთდებოდა, იყო მთავრობისთვისაც ხელსაყრელი, მათი ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. ეროვნული ბანკი მუდმივად ხელს უწყობდა მთავრობის პოლიტიკას, ეს გახლდათ ერთი რგოლი - მთავრობას სჭირდებოდა ფული, სებ-ი ზრდიდა ფულის მასას, სჭირდებოდა დევალვაცია, ეროვნული ბანკი ახდენდა ლარის დევალვაციას და ა.შ. არანაირი დაპირისპირება მათ შორის არ იყო. ქადაგიძე ასრულებდა იმ დავალებას, რა დავალებაც მოდიოდა მთავრობიდან.
ბოლო მომენტში მთავრობის დაკვეთა შეიცვალა. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ინფლაციის და ლარის შემდგომი დევალვაციის შეეშინდათ და მოთხოვნა შეამცირეს. დაკვეთა შეჩერდა, რადგან იყო საფრთხე, რომ კურსი კიდევ დაეცემოდა. ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ ასე აღარ შეიძლებოდა. ქადაგიძეს საერთოდ ვინ რას ეკითხებოდა, იყო ყურებით დაჭერილი თავისი წინა შეცდომების გამო. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, თითქოს ის დამოუკიდებელ თამაშს თამაშობდა, არის სრული შეცდომა. იგი ასრულებდა დაკვეთას, რომელსაც აძლევდნენ", - განაცხადა შეშელიძემ.
ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 25 თებერვალს ამოეწურა, შესაბამისად, შეუწყდა საბჭოს წევრის სტატუსიც. ქვეყნის პრეზიდენტმა მისი შემცლელი, უფრო ზუსტად საბჭოს ახალი წევრის კანდიდატურა, პარლამენტს უკვე წარუდგინა. გიორგი მარგველაშვილმა არჩევანი კობა გვენეტაძეზე გააკეთა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს. "ვერ ვხედავ პარლამენტის მხრიდან ვერანაირ წინასწარ განზრახულობას ბატონი კობას კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფასთან დაკავშირებით. ეს ვერ იქნება გამართლებული არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. ცხადია, სრულად უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური კონტექსტიც. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ახლა, ბუნებრივია, დროა მას კენჭი პლენარულ სესიაზეც უყარონ.
"ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ იმ დროისთვის ყოფილიყო ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი შერჩეული, ვიდრე ბატონ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებოდა, რათა ეროვნულ ბანკს სრულად შეძლებოდა მიეღო ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ყველა წევრის ჩართვით. ახლა ბატონი ქადაგიძე აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ შვიდივე წევრის შემადგენლობით გააგრძელოს მუშაობა", - განაცხადა აბაშიშვილმა.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...3&id_artc=28265------------------------------
აბა რას იტყვიან ამ ამბავზე ჩვენი ფორუმრლები?