- როგორ წარმოგიდგენიათ, რას მოიმოქმედებს პუტინი, თუკი ჩვენთან პოლიტიკური პროცესები მასობრივ ვნებათაღელვაში გადაიზარდა? ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ის მაქსიმალურად აარიდებს საქართველოს უცხო ნიავს, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას. რა თქმა უნდა, პირიქით. შეეცდება, რომ საქართველოში ნებისმიერი არასატაბილურობა თავისივე ხელთ არსებული ყველა საშუალებით კიდევ უფრო გააძლიეროს და გადამწყვეტ მომენტში ჩვენს ქვეყანას მომაკვდინებელი ლახვარი ჩასცეს. სამწუხაროდ, ამისათვის მან ბოლო დროს საქართველოში ძალიან გააძლიერა მეხუთე კოლონა და აგენტურულ-დივერსიული ქსელი.
უკრაინაში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, რომ საკუთარი ინტერესების გატარებისთვის რუსეთის ე.წ. "რბილი მეთოდები" სულ მეტად არის ჩანაცვლებული აგრესიული, თავხედური და გადამწყვეტი ქმედებებით.
- თქვენი ლოგიკით, პოლიტიკური ძალა, ვინც საქართველოში არეულობის ინიციატორი იქნება, ნებსით თუ უნებლიეთ, კრემლს საქართველოს მიმართ მოსკოვის გეგმების განხორციელებაში დაეხმარება. "ნაციონალი" დეპუტატი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ "21 მარტის აქცია იქნება დიდი, მასშტაბური აქციების დასაწყისი". რა უნდა ვიფიქროთ, "ნაცმოძრაობა" გადადის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების რეჟიმში შესაძლოა, პუტინის გეგმების ხელშემწყობის როლი შეასრულოს? - ჩემთვის, ეს განცხადება სასიამოვნო არ არის. უდავოა, რომ "ნაცმოძრაობა" საქართველოში არის ყველაზე უფრო ორგანიზებული და მრავალრიცხოვანი პოლიტიკური ძალა. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ "ქართული ოცნებისაგან" განსხვავებით, მათ თავისი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. მაგრამ, მათ თავისივე მმართველობის დროს ისეთი მძიმე შეცდომები დავუშვეს, რომ ქვეყანაში მათ მიმართ მკვეთრად ანტაგონისტურად განწყობილი მრავალრიცხოვან მოქალაქეთა მასა ჩამოყალიბდა, რომელთაც, "ოცნების" წარუმატებლობის მიუხედავად, არანაირად არ უნდა "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს რა თქმა უნდა, მკვეთრად ამცირებს მათ შანსებს არჩევნებში.
მეორე მხრივ, "ოცნების" პოლიტიკური ფიასკო და მძიმე ეკონომიკური კრიზისი ასევე ქმნის ხელისუფლების მიმართ მასობრივი გაღიზიანების საფუძველს. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არსებობს მასშტაბური და მასობრივი აქციების ჩატარების ცდუნება, მაგრამ ერთი და იგივე პოლიტიკური ძალისთვის ხელისუფლებაში რევოლუციით ორჯერ მოსვლა, ცოტა მეტის მეტი ხომ არ არის?
არსებული პოლიტიკური ანტაგონიზმის პირობებში "დიდი, მასშტაბური აქციები" ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს შეიცავს. ვფიქრობ, რომ ჩვენ საკუთარი ისტორია ამის ნათელ მაგალითებს გვთავაზობს. ამავე დროს, სიტუაციის დაძაბვას ძალიან უწყობს ხელს ხელისუფლების საქციელი - მათი მოუქნელობა, დიალოგის უუნარობა, აგრესიულობა და რეპრესიები ოპოზიციის მიმართ, რაც ოპოზიციას გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს და არანაკლებად უწყობს ხელს მოვლეთანა სახიფათო სცენარით განვითარებას.
ვფიქრობ, საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი მმართველი ძალისა და მისი მთავარი ოპოზიციის სახით, თავიანთი რადიკალიზმით და პოლიტიკური კულტურის დეფიციტით, ქართულ პოლიტიკაში 2,5 ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი მახინჯი პოლიტიკური ინსტიტუტებით დღეს ერთ არასასიამოვნო რეალობას წარმოადგენს და ქვეყანას საფრთხეს უქმნიან. თავიანთი მძაფრი და ერთმანეთის მიმართ რადიკალური ბრძოლით ისინი ერთმანეთს პოლიტიკურად ასაზრდოებენ, მაგრამ დაპირისპირების პროცესში ქვეყანაში ფეთქებადსაშიში მუხტი სწრაფად იზრდება, ხოლო ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა ამ მეტად დაძაბული ანტაგონისტური პოლიტიკური ისტებლიშმენტის მძევალის როლში აღმოვჩდით.
და კიდევ, ერთი კითხვა მებადება - როგორ ფიქრობთ, ხანგრძლივი, დიდი და მასშტაბური აქციების პირობებში რა მოუვა ჩვენი ეროვნული ვალუტის ისედაც შერყეულ სტაბილურობას?
http://www.interpressnews.ge/ge/interviu/3...armoadgens.html