
თორაძეების საგა
90-იან წლებში თბილისში ბევრი შემზარავი მკვლელობა მოხდა. მაგრამ იმ დროისათვის თავისი სისასტიკით ყველაზე გამორჩეული მაინც თორაძეების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია იყო. მაშინ "მხედრიონმა" თორაძეების ოჯახის ხუთი წევრი, დედ-მამა და სამი ძმა, ერთ დღეს ამოწყვიტა.
თორაძეების ოჯახი ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე, ცხოვრობდა. მშობლებს ათი შვილი ჰყავდათ, ხუთი ვაჟი და ხუთი გოგონა. ბიჭები უბანში გავლენით სარგებლობდნენ. პარალელურად, ვერაზე გავლენას იძენდა საძმო, რომელსაც მოგვიანებით "ბოროტებს" უწოდებენ. ცნობისთვის: "ბოროტები" "მხედრიონის" შემადგენლობაში აქტიურ ფიგურებს წარმოადგენდნენ. თორაძეების გადაბირება კი "მხედრიონის" ლიდერებმა ვერაფრით შეძლეს. თორაძეებმა უარი თქვეს იმ კანონებზე, რომლითაც "მხედრიონი" კრიმინალურ სამყაროში ადგილის დამკვიდრებას ცდილობდა. "ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ შავები წითელი კოპლებით," - ამბობდნენ ძმები. ორივე საძმო ერთ უბანში, ვერაზე, არსებობდა. სწორედ, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ისინი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.
"ბოროტებსა" და თორაძეებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით 1991 წელს გამწვავდა. ლაშა თორაძემ ქუჩაში უცნობ პიროვნებას ტყავის ქურთუკი გახადა. უცნობი "ბოროტების" ახლობელი აღმოჩნდა. "ბოროტები" მოპარულის დაბრუნებას ითხოვდნენ, თორაძეები კი ქურთუკს არ აბრუნებდნენ. დაპირისპირებულთა შერიგების მიზნით საქმეში კანონიერი ქურდი, პაატა ჩლაიძე, ჩაერია. როგორც ამბობენ, ამ მისიით ჩლაიძე თორაძეებს სახლშიც კი ესტუმრა.
საქმეში ქურდის ჩარევამ გაჭრა. თორაძეები "ბოროტებთან" შერიგებაზე დასთანხმდნენ. ამ მიზნით ძმები ზაზა, ლაშა, იმედო და მათი მეგობარი ზვიად გელოვანი "ბოროტებთან" შესახვედრად წავიდნენ. ისინი ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ, შემდეგ კი საქმის გასარჩევად ქალაქგარეთ (სავარაუდოდ, წყნეთში ან კოჯორში) წავიდნენ. თორაძეები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიიყვანეს. სადარბაზოში მათ ოცდაათამდე შეიარაღებული მხედრიონელი დახვდათ. თორაძეები უიარაღოდ იყვნენ.
იმედა თორაძეს იმ დღეს თან არც "ლისიჩკა" ჰქონია, რომელსაც მუდამ თან დაატარებდა. როგორც ჩანს, თორაძეები ბოლომდე ენდნენ კანონიერი ქურდის, პაატა ჩლაიძის, სიტყვას, მის ავტორიტეტს, ჩლაიძე ძმებს შეჰპირდა, რომ შეხვედრაზე მეორე მხარეც უიარაღოდ მოვიდოდა.
სადარბაზოში შესულ ძმებს და მათ მეგობარს დამხვდურებმა ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად სამივე ძმა და მათი მეგობარი დაიჭრნენ. დაჭრილები "მხედრიონელებმა" ადგილზევე დატოვეს. ცოცხალ-მკვდარი თორაძეები და გელოვანი ბოლოს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს.
თორაძეები ხაფანგში აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში კანონიერი ქურდი იყო ჩარეული. შესაძლებელია, ჩლაიძე "ბოროტებმა", უბრალოდ, მოატყუეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ახსნა შეხვედრაზე "ბოროტების" იარაღით გამოცხადების ფაქტი პაატა ჩლაიძემ.
1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს (ლაშას, კახას და იმედოს) და მათ მეგობარს, ვინმე გელას, "ბოროტებმა" ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნეს. ძმები დაიჭრნენ, მათი მეგობარი კი ადგილზევე გარდაიცვალა.
პაატა ჩლაიძე ამ ინციდენტის შემდეგაც ესტუმრა თორაძეებს და მათგან კვლავ "ბოროტებთან" შერიგებას ითხოვდა. ძმები კანონიერ ქურდს აღარ ენდნენ და მის წინადადებაზე უარი თქვეს. სარწმუნო ინფორმაციით, ჩლაიძემ ძმებს უპასუხა, თუ "ბოროტებს" არ შეურიგდებით, მეც მათ მხარეზე გადავალო.
დაჭრილი ძმები სახლში მკურნალობდნენ. 1992 წლის 3 მარტს, დილით, დედ-მამამ, ზაურ თორაძემ და იზო ქურხული-თორაძემ, ლაშა ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. არსებობს ინფორმაცია, რომ სახლიდან გასვლამდე მათ რამდენჯერმე დაუკავშირდა ტელეფონით ლაშას მკურნალი ექიმი, რომელთანაც დაჭრილი ლაშა გადახვევებზე დადიოდა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა. დაახლოებით 4 საათი იყო. თორაძეები ექიმისგან სახლში კუთვნილი თეთრი ფერის "ვაზ 21-07" მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ. ვერის სასაფლაოს მისადგომებთან მათ ცეცხლი გაუხსნეს. თორაძეების ოჯახის სამივე წევრი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველები ყვებიან, რომ იზო თორაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თავდამსხმელებმა მას იარაღის კონდახი ჩაარტყეს და მოკლეს.
ამ ტრაგედიის შემდეგ ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ზაურ თორაძის მანქანას ცეცხლი პოლიციამ გაუხსნა, რადგანაც იგი არ დაემორჩილა პატრულს. სამართალდამცავები იმასაც ამტკიცებდნენ, თითქოს თორაძეების მშობლები შეიარაღებულები იყვნენ, მამა - ავტომატით, დედა კი - "ლიმონკით".
თვითმხილველთა თქმით, 3 მარტს ვერის სასაფლაოსთან პოლიცია არ პატრულირებდა და, ცხადია, ვერის საძმოს წევრები სასაფლაოს კუთხესთან, სწორედ, თორაძეების ავტომანქანას ელოდნენ. საერთოდაც, ამ ადგილზე არასდროს ყოფილა პოლიციის რეიდი.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თორაძეებს იმ დღეს თავდამსხმელებისთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ. მათ მანქანას კი 300-მდე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. თორაძეების სახლის "ჩხრეკისას" მათი ბინიდან არანაირი იარაღი არ ამოუღიათ.
ამ ტრაგედიის დროს არასრულწლოვანი დები - თამუნა, მაიკო, ნინო და ეკა თორაძეები და მათი სამი ძმა - კახა, იმედო და 15 წლის პაატა სახლში იმყოფებოდნენ. მკვლელობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მათ სახლს ალყა შემოარტყეს მძიმე ტექნიკით. თორაძეებმა თავი მეზობელს შეაფარეს. მოსულები, რომელთა შორის მეზობლებმა ცნობილი მხედრიონელები ამოიცნეს, მათ სახლში შევიდნენ - ოქრო, ფული და ძვირფასეულობა გაიტანეს. მოგვიანებით მათ ერთ-ერთი მეზობლისგან შეიტყვეს თორაძეების ადგილსამყოფლის შესახებ. თავდასხმა ამ მეზობლის ოჯახზე გაგრძელდა. იარაღით მისული მხედრიონელები კარის გაღებას და თორაძეების გადაცემას ითხოვდნენ. მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე თავად ქალაქის კომენდანტი გელა ლანჩავა მივიდა. ერთ-ერთი ვერსიით, იგი საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ ძარცვავდნენ მხედრიონელები თორაძეების ბინას, მაგრამ "სამართალდამცავს" მათ ქმედებაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. მხედრიონელები კარზე აბრახუნებდნენ, თორაძეების მეზობელს ემუქრებოდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ კარის გაღებას, თორაძეების გადაცემას.
ბოლოს მეზობლის კარი თავად თორაძეებმა გააღეს. ისინი მეზობლის სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ. სახლში "მხედრიონის" ფორმიანი ორი შეიარაღებული პიროვნება შეიჭრა. ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე - უნიღბოდ. მათ ავტომატის ჯერით დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები. ამ სასტიკ მკვლელობას შეესწრნენ მეზობლის ოჯახის წევრები, თორაძეების მცირეწლოვანი დები (ყველაზე უმცროსი დაახლოებით 6 წლის იყო, უფროსი - 13-ის, 15 წლის იყო პაატა). სროლისას ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა თავად ბინის პატრონიც. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კახა თორაძემ თავად დაჭრა მეზობელი. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ იმ დღეს კახას იარაღი თან არ ჰქონია.
ტრაგედიის დღეს თორაძეების უფროსი შვილი, ზაზა თორაძე, სახლში არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ამ ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 23 თებერვალს, 17 წლის პაატა თორაძე გაუჩინარდა. იგი სახლიდან დილით გავიდა მეგობართან ერთად საკუთარი თეთრი ფერის "ფოლკსვაგენით". არსებული ვერსიის თანახმად, პიროვნება, რომელიც პაატა თორაძეს იმ დღეს ახლდა, ახალი გაცნობილი ჰყავდა. საჭესთან თორაძის მეგობარი იჯდა. მოულოდნელად ისინი პოლიციამ გააჩერა. თორაძე და მისი მეგობარი პოლიციელებმა თავიანთ მანქანაში გადასვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ამ დროს მათ გადასცეს რაციით ასეთი ტექსტი: "გვყავს ფიგურა და კიდევ ერთი"... სავარაუდოდ, სამართალდამცავებს უბრძანეს უცნობის გაშვება, თორაძეს კი სახეზე ქუდი ჩამოაფარეს. იმ დღის შემდეგ პაატა თორაძე აღარავის უნახავს. უპატრონოდ დარჩენილმა დებმა კი მონასტერს შეაფარეს თავი.
"მხედრიონმა" მიზანს მიაღწია. თორაძეების ოჯახი თითქმის ბოლომდე გაანადგურა. ამის მიუხედავად, მხედრიონელები მუქარას აგრძელებდნენ. ამჯერად ისინი თავიანთი მსხვერპლის ნათესავებს და ახლობლებს ემუქრებოდნენ. პანაშვიდზე მისვლისა და გარდაცვლილთავის უკანასკნელი პატივის მიგების საშუალებასაც კი არ აძლევდნენ მათ. დაკრძალვის ცერემონიალი ვიწრო წრეში ჩატარდა. გარდაცვლილების სასაფლაომდე მიცილება მხოლოდ ოცამდე ადამიანმა გაბედა.
ამ ტრაგედიის ავტორთაგან დღემდე არავინ დასჯილა. იმ პერიოდში დაჟინებით ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ აღნიშნული მკვლელობები პოლიტიკური იყო. თუმცა საზოგადოებისთვისაც და სამართალდამცავებისთვისაც კარგად იყო ცნობილი, რომ თორაძეების ოჯახი "მხედრიონმა", იგივე "ბოროტებმა", გაანადგურეს.
This post has been edited by guriaaa on 5 Mar 2015, 03:59