vato3
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7036
წევრი No.: 126448
რეგისტრ.: 25-January 11
|
#43960018 · 6 Mar 2015, 20:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვერელი თორაძეები IV ნაწილი
გიგლა პაპას მეუღლე ადრე გარდაეცვალა, თამარა ბებო, რომელიც მე არ მახსოვს, თუმცა მისი სახელი დამარქვეს. დედამ მითხრა, თითქოს შენ გელოდებოდა, ისე ვერ ტოვებდა სააქაოსო. შენი დაბადების მოწმობა რომ ნახა , არ გველაპარაკებოდა, სანამ შენ არ დაგიჭირა ხელშიო. ვერაფრით ინელებდა თამარი რომ ეწერა შენს მოწმობაში და არა თამარაო. ერთ ასოზე დავა ჩემდამი სიყვარულს ამტკიცებდა, რაც სასიამოვნო ღიმილს მგვრიდა... გიგლას არაფერი ეტყობოდა დარდის, ძველებურად უვლიდა თავს და თავის საყვარელ, ძველ მოსკვიჩს, რომელიც ნაირ-ნაირი გოგოებით იყო მუდამ გატენილი, რაზეც დედა სულ ასე ეჩხუბებოდა: ასაკმაც ვერ გიშველა, ტყავის ქურთუკიც კი იგივე გაცვია, ეტყობა, კარგად გაქვს დაცდილიო! არც ზაზას და გიგლას მეგობრობა მოსწონდა დედას. სახლიდან გაქცეული ზაზა პაპასთან აფარებდა თავს და ფულსაც ხშირად აძლევდა. მეც ფულს მჩუქნიდა. დედა და მამა ამის გამო სულ უბრაზდებოდნენ გიგლას, ფულს მართმევდნენ და უკან უბრუნებდნენ... ზაზასაც შეუწყდა ყველანაირი დახმარება და მეტიც, მამა სასტიკად დაემუქრა, რომ მართლა უარს იტყოდა გათამამებულ, თავნება, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ნაკითხ შვილზე, რომელსაც ერთი და იგივე წიგნი რამდენიმეჯერაც კი ჰქონდა წაკითხული. ასევე იზიდავდა პერიოდულად დეტექტივების წერა. ასე მგონია, სხეულში რამდენიმე ადამიანი ჩასახლებულიყო. მამა ცდილობდა შეეცნო კარგად საკუთარი შვილი და სწორი ცხოვრების გზაზე დაეყენებინა, ესწავლებინა ღვთისნიერება, ადამიანობა, სიკეთე, თავგანწირვა... – ომში მივდივარ, შეიძლება ვეღარ დავბრუნდე და შენ არ მაკოცებ? თითქოს გულში დანა ჩამარტყა ვიღაცამ, ისე მეტკინა უცებ. მოძრავ კიბეზე ავდიოდით, მგონი მეტრო იყო, რამდენიმე ბიჭთან ერთად იდგა, ამ სიტყვებს რომ მეუბნებოდა ზაზა. – ამიყვანე ხელში! – ისეთი სახით ვთქვი, გული მოუკვდათ ზაზას და ბიჭებს. ნუ ატყუებ, შეხედე რა სახე აქვსო, დამიწყეს ფერება, მაგრამ სწრაფად მოვიშორე ყველა და ზაზას ხელებში აღმოვჩნდი, ძალიან ჩახუტებული... – არ წახვიდე! – ყურში ჩავჩურჩულე , – გავიქცეთ ახლავე აქედან, მე მაქვს ფული შეგროვებული და მოგცემ, კარგი? – ვეჩურჩულებოდი ძმას. არ ვიშურებდი არაფერს, ოღონდ არ მოეკლათ. მანამდე კი მჯეროდა, რომ ეს ყოველივე მის გამოსასწორებლად ხდებოდა... გაეცინა ზაზას ჩემს შეთავაზებაზე , გაიმეორა ჩემი სიტყვები ბიჭებთან, რასაც კიდევ მეტი სიცილი მოჰყვა. მაშინვე ჩამოვხტი ძმის ხელებიდან გაბუტული. – აღარ გაკოცნინებ! და აღარც გაკოცებ! შენ მე მომატყუე! – ეს არ ითვლება, შენი კოცნა მინდოდა მიმეღო, – ჩემს კოცნას ისევ ცდილობდა ზაზა. – ისედაც მიიღებდი, სანამ წახვიდოდი, ტყუილი ცუდია და შენ პირობა დარღვიე! – ეს ტყუილი ცუდი არ არის, მაცაცუნები (ასე მეძახდა მხოლოდ ზაზა)! – ტყუილი ტყუილია! ვააა! თან შენ ბევრს იტყუები, ძალიან ბევრს, – ეს უკვე ჩუმად ვთქვი, არ მინდოდა ვინმეს გაბრაზება გამომეწვია. შევუერთდით მატარებელთან მამას, დედას, კახას და ვიღაცებს. გადაეხვივნენ ჯარისკაცები გამცილებლებს... – მამა, ჩამოდით ხოლმე, პირობა არ დაგავიწყდეთ! – ჰოდა, არც შენ დაგავიწყდეს პირობა! – გაუცინეს ერთმანეთს, თითქოს ყველა ბედნიერი იყო... მე კი, ყველასგან განსხვავებით, მოწყენილი მოვაბოტებდი. – მართლა ომში გააცილეთ და ასეთი ბედნიერი სახეები გაქვთ? – ვცდილობდი ზაზას სიტყვები გადამემოწმებინა. – არა, რა ომში, შვილო, იქ ავარჯიშებენ, რეჟიმს ასწავლიან, სროლას და ათას საჭირო რაღაცას, პირიქით, იქ კაცდებიან! – ჰმ! მართლა კოცნის გამო მომატყუა, – გავიფიქრე ხმამაღლა. – ზაზას ძალიან უყვარხარ, ისე გაუხარდა შენი დაბადება. ჩვენდა გასაკვირად, გიცვლიდა ჩასვრილს და გბანდა, ასეთი რაღაც არც შენამდე გაუკეთებია და არც შენ მერე, – ღიმილით მითხრა დედამ. – აუუუუ! მართლა?! რატომ აბანინებდი? – ლამის ტირილი დავიწყე, ისე შემრცხვა. – რა მოხდა, დედა, შენი უფროსი ძმაა... – ეეე, მერე რა, რომ ძმაა, შენ მაშინაც არ გეცალა ჩემთვის ხო?! – შვილო, შენ გავიწყდება მგონი, რომ მე შენ ამდენი ბიჭის შემდეგ გაგაჩინე! – ისე უკვირდათ ლაშას, იმედას და პაატას შენი არსებობა, რომ ჩასაწვენ, კალიასკაში“ არ გაჩერებდნენ, – ჩაგვერთო კახაც ამ დიალოგში. – როგორ თუ არ მაჩერებდნენ, არ ვუყვარდი? – პირიქით, ადამიანო! რა სულ უარყოფითს ფიქრობ?! – იქნებ რთული ბავშვობა მქონდა და ამიტომ?! – ძალიან გავასერიოზულე საუბარი. – ჰა, ჰა, ჰა! ახლა ძალიან დიდი ხარ ხომ? მამა გენაცვალოს, ეს ბავშვი იურისტობისთვის არის დაბადებული, გიორგევნა, ეს ნიჭი არ დავუკარგოთ ბავშვს (მამა დედას გიორგევნათი მიმართავდა ხშირად)! – მომიყევი, დეე, როგორ მაწვალებდნენ ბიჭები, მეც უნდა ვაწვალო, მივიდეთ სახლში! – სანამ, „კალიასკაში“ ჩაგაწვენდი, მთხოვდნენ ხელში დაგვაჭერინეო. მე მეშინოდა, პატარები იყვნენ, როგორც კი მარტო დაგტოვებდი ოთახში, მაშინვე შენი ტირილი მესმოდა. „კალიასკა“ ბიჭებზე მაღალი იყო, ამოძვრებოდნენ და ცდილობდნენ ამოეყვანე . ხშირად მიპოვნიხარ ძირს დაგდებული, მეშინოდა რამე არ მოგსვლოდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, მათზე უკეთ გაქვს თავში ყველაფერი. – მერე რატომ გამაჩინე გოგოდ ? მეც ბიჭი ვიქნებოდი, საერთოდ არ მინდა გოგოობა, – ბუზღუნს ვაგრძელებდი მე. – ჰა, ჰა, ჰა!.. რა გინდა, მამა , მაინც ხომ ბიჭივით გზრდით, ექვსი ბიჭის მერე გოგოს ველოდებოდი სულ, მაგრამ მაინც გამიკვირდა, მახარობელმა გოგოაო, რომ დაიძახა, – სიცილით მეუბნებოდა მამა. – თან გადარიე სამშობიარო. კარგად შეამოწმეთ, ბიჭი გავაკეთეო, – ხუმრობაში აგვყვა დედაც. ამას მოჰყვა სიცილი და მოგონებები... სულ უკმაყოფილო ვიყავი, ბიჭად რომ არ გავჩნდი. მეგონა, ყურადღებას უფრო მეტად მომაქცევდნენ, ბიჭებს ხომ მეტად დასდევდნენ, ამიტომ ვფიქრობდი, რომ ისინი უფრო უყვარდათ, ვიდრე მე და ჩემი დები. – კარგი იქნებოდა , პირველ ბიჭად მე გავჩენილიყავი. არა, მაშინ ზაზა არ იქნებოდა, კახას ნაცვლად რომ ვყოფილიყავი, უკეთესი იქნებოდა, ეეჰ, მერე კახა არ იქნებოდა და დედიკო ვერ გადაიტანდა ამ ამბავს, კახა უყვარს ყველაზე ძალიან. – რას ამბობ , შვილო?! კახა ბუნებით არის კარგი ბიჭი, გვერდით გვიდგას ყოველთვის, თავის ასაკთან შედარებით დიდია, ჭკვიანი და დამჯერი, – განმიმარტა დედამ. კახამ შეიფერა, ოღონდ ჩუმად იჯდა, ფიქრებში წასული. – მეც რომ გავიზრდები , ასეთი ვიქნები, მეც მინდა გვერდით დაგიდგეთ , მაგრამ აბა, როგორ, როცა არსად არ გინდათ ჩემი წაყვანა! სულ ბაღი, სახლი ან ქუთაისი, ასეთია ჩემი ბედი. მაგათაც ნათესავები ჰქვიათ, ხელებში გვიყურებენ, რას ჩავიტანთ. გოიმიც კი ვეგონე კუკლაიას მეზობელს, ჩემს მაგარ კეტებში ბოტებს მიცვლიდა. ერთი მაქსიმეს და სოფიკოს ოჯახი მიყვარს, მარტო მანდ ვგრძნობ ნამდვილ სიყვარულს. – ამიტომ გაეპარე კუკლაიას სოფიკოსთან?! – ღიმილით მითხრა მამამ. – აუ, მამ, ძალიან ცუდი ხალხია. ყველანაირად გიყენებენ იცოდე და არ გეწყინოს, რომ არ მიყვარს ეგენი. – მე მჯერა შენი, მამა! შენ თავს სადაც კარგად გრძნობ, იქ წადი ხოლმე! – არსად, მამ! მარტო თქვენთან ვარ კარგად... მოკლედ, პაატა გაჩნდა შემთხვევით ჩემამდე... – ისევ არ მასვენებდა ეს აზრი... მანქანაში კი სამივე ხარხარებდა. ზაზა ჯარშიც ვერ ისვენებდა, თუ არ ასვენებდნენ, გაურკვეველი იყო. წერდა და წერდა წერილებს... ზაზას პირველი წერილი (წერილებს გთავაზობთ უცვლელად. ავტორის სტილი ყველგან დაცულია) მე კარგად ვარ, რიაზანამდე კარგად ვიარეთ. ჯერჯერობით „კარანტინში“ ვართ, ფორმა მოგვცეს, „სტინლიაშკებიც“ მოგვცეს. 6 ჩვენ ვართ, 6 აზერბაიჯანელია. ჩვენ 2- ში ჩავედით, ისინი ერთი დღით ადრე ჩამოსულან და უკვე ჩხუბიც მოუსწრიათ. რომ გაიგეს ქართველები ჩამოვიდნენ 6 კაციო, ყველა ჩვენ გვეცა. გაუხარდათ, რომ ერთ „ზვოდში“ მოვხვდით. უკვე 12-ნი ვართ კავკასიელები, ვერავინ ვერაფერს გვიბედავს. სხვებს „სტარიკები“ „შისწიორკებივით“ ხმარობენ. ჩვენ ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. იქ ქართველი ბიჭები დაგვხვდნენ, ნოემბერში ამთავრებენ სამსახურს, გაუხარდათ ჩვენი ჩამოსვლა. ჩვენ სპეციალურად გაგვჩხრიკეს, ქართველებს იარაღები უყვართ და თან ხომ არ წამოუღიათო. მერე კრება ჩაგვიტარეს, მთელი „როტა“ გააფრთხილეს, ხომ იცით, რა ცხელი ხალხია და მოერიდეთო. დედის გინება ხომ იცით, როგორ იციან, ყოველ სიტყვაზე დედას აგინებენ ერთმანეთს, ჩვენთან სულ იღიმებიან, იცინიან. ჩვენთან უნდათ, რომ კარგად იყვნენ. ერთხელ ერთს წამოსცდა, სიგარეტი მომიტანეო და ტაბურეტკები დავამტვრიეთ თავზე. გკოცნით ყველას ზაზა დედას, მამას, ძმებს და დებს გამარჯობათ! გამოვედი „გაუბახტიდან“ 31-ში და ვწერ წერილს . დედიკო და მამიკო, როგორც შემპირდით 15-ში ჩამოსვლას, იმედია , ახლა მაინც არ მომატყუებთ. მედვედევმა მითხრა, 30-ში დაგირეკიათ. მე მეუბნება, თავი გტკივაო? მეც ვუთხარი, მტკივა-მეთქი. დედა და მამა! რომ გითხრათ, „გაუბახტში“ როგორ ვცხოვრობდი, გაგიჟდებით. რომ ჩამოხვალთ, მერე მოგიყვებით. კიდევ რა გითხრათ, იმას ვფიქრობ. მარტო ეს 15 დღე როგორ გავძლო, მაგრამ გეუბნებით, ყველაფერს ვითმენ თქვენი გულისთვის. მე რომ დამიჭირონ, თქვენ რა გეშველებათ?! ორივე სამსახურებს დაკარგავთ! არადა, აქ ისეთი კანონებია, რომ მეც მიკრავენ თავს ციხეში კარგა ხანს. ამ ოთხ თვეში მაგარი გამოცდილება მივიღე. სიგარეტს თავი გავანებე. გაძლევთ სიტყვას, 15-მდე თუ ჩამოხვალთ, „ვაფშე“ აღარ მოვწევ. მოკლედ, გელოდებით 15-ში. თქვენც კარგად იცით, რა არის ლოდინი. 15 რომ გათენდება და თქვენ აქ არ იყოთ, მაშინ ვიტყვი, რომ ობოლი ვარ. ერთხელ ხომ მომატყუეთ! გთხოვთ მეორედ ნუღარ მომატყუებთ. დამიკოცნეთ სუყველა. კახა აუცილებლად წამოიყვანეთ, თორემ ვგიჟდები, ისე მომენატრა. სიზმარში სულ თქვენ გხედავთ. გუშინწინ პაატა ვნახე და რომ გამეღვიძა, სულ გავგიჟდი და დილამდე არც დამეძინა. მოკლედ, რომ ჩამოხვალთ, ყველაფერს მოგიყვებით. გელოდებით! ზაზა თორაძე
რა თქმა უნდა, ჩავიდნენ მშობლები. კახაც წაიყვანეს. ზაზას დავიწყებია პირობა. თუ რა შეთანხმებით წავიდა ჯარში და აი, მალევე „გაუბახტშიც“ ამოყო თავი... გამარჯობათ, მშობლებო! როგორ ხართ? ხომ კარგად იმგზავრეთ? თქვენი დეპეშა მივიღე. იმავე დღეს მივედი ბაბულიასთან. „კოჟინკას“ შევინახავ მამაშენის ჩამოსვლამდეო . „ხიჟნიკას“ ყველაფერი მოუტანია „ზონტიკის “ გარდა. „ზონტიკი“ ვერ უნახია. მე აქ კარგად ვარ, თქვენი წასვლის მერე მე აქ ჩხუბი კი არა, შელაპარაკებაც არავისთან მომსვლია. აქ „სვიაზში“ კარგია. არაფერს ვაკეთებ იმდენს . 12 საათამდე ყველა საქმეს ვამთავრებ. მერე ცოტას წავუძინებ. სადილის მერე შეიძლება რაცია მომიტანოს ვინმემ. უცებ გავაკეთებთ, 1 საათში და 4-5 საათი თავისუფალი ვარ. ვახშმის მერე კინოს ვუყურებ და დავიძინებ. ტელეფონი რომ გქონდეთ სახლში, ღამე დაგირეკავდით აქედან. „სვიაზია“ აქ, საღამოს მუსიკებს ვიჭერ რაციით. ასე რომ, კარგი ადგილია და შენარჩუნება უნდა. პოლკოვნიკის ცოლს დავურეკე , კარგად მელაპარაკა, მამაშენი როდის ჩამოვაო. მე ვუთხარი სექტემბერში-მეთქი. როცა ჩამოვა, ერთმანეთი უნდა გავიცნოთო. ახლა თუ რამე დაბრკოლება ნახო, ეგრევე დამირეკეო. კახას, ლაშას, იმედოს, პაატას, თამუნას, მაიას, ნინოს ჩემი ჯარისკაცური სალამი. მაშ, კარგად იყავით! ზაზა
Toradze, Tamar (2015-03-02). ვერელი თორაძეები (Kindle Locations 413-446). Tamar Toradze. Kindle Edition.
This post has been edited by vato3 on 6 Mar 2015, 20:20
--------------------
" I know not with what weapons World War III will be fought, but world War IV will be fought with sticks and stones." ამ ქვეყანას დედა აღარ ყავს. ნარიყალაზე ასაღებია ქართლის დედა და მის ადგილზე გიული ალასანიას ქანდაკება უნდა დაიდგას
|