გიორგი ქადაგიძის გადადგომის მოთხოვნით „თავისუფალი თაობა“ ხვალ აქციას გამართავს
„თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ლადო სადღობელაშვილის განმარტებით, აქციის ჩატარების დრო დღეს დღის ბოლომდე დაზუსტდება.
როგორც „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებმა დღეს „პირველ პრესკლუბში“ განაცხადეს, გიორგი ქადაგიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.
„ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიდ როლს გიორგი ქადაგიძის ფაქტორი თამაშობს. როგორც მას ზურაბ ადეიშვილი დაავალებს, ისე ათამაშებს ლარის კურსს. მინდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთი გავრი გავხადო ცნობილი. მალხაზ ღუღუნეიშვილი ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს ადეიშვილის უწყების გენინსპექციის უფროსი იყო. ეს პიროვნება დღეს ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების სამსახურის უფროსია და უსაფრთხოების საკითხებს კურირებს იმ ე.წ. ზონდერებთან ერთად, რომლებიც მას იუსტიციის სამინისტროში მუშაობის დროს გენინსპექციაში ჰყავდა შემოკრებილი. კარგი იქნება თუ ხელისუფლება ამ პიროვნებით დაინტერესდება და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ის დღესაც ადეიშვილის ყურმოჭრილი მონაა, ექვემდებარება მის ნებისმიერ ბრძანებას“, - განაცხადა სადღობელაშვილმა.
მისი განცხადებით, „თავისუფალი თაობისთვის“ დღემდე გაუგებარია თუ რატომ იკავებენ ეს პიროვნებები დღემდე პოსტებს და რატომ არ უწყობს ხელისუფლება იმპიჩმენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
„ქადაგიძე არის ტიპიური „ნაციონალი“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მზაკვრული გეგმის განხორციელებას უწყობს ხელს. სწორედ ადეიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს აწყობთ ლარის კურსის არასტაბილურობა, რაც ხალხში აგრესიას და ერთგვარი სოცილაური აფეთქების საშიშროებას იწვევს“, - აღნიშნა სადღობელაშვილმა.
აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მალხაზ ღუღუნეიშვილს ჯერჯერობით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდქსის რამდენიმე მუხლის მიხედვით მათ შორის, გლდანის ციხეში პატიმართა წამების ორგანიზებისთვის, 2012 წლის დეკემბერში წაუყენა. ადეიშვილზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა 2013 წლის ნოემბერში გამოცხადდა. ადეიშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს.
ზურაბ ადეიშვილი 2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2004 წლის თებერვლიდან 2004 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანამდებობაზე. 2004 წლის ივნისიდან 2008 წლის იანვრამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის ნოემბრამდე ეკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი, 2008 წლის 2 ნოემბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე კი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა.