ushuaia
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 22080
წევრი No.: 129371
რეგისტრ.: 29-March 11
|
#44084750 · 19 Mar 2015, 23:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეიძლება ითქვას, რომ ქურდული სამყარო მასშტაბურ რეფორმებს იწყებს… ამის პირველი ნიშნები ცოტა ხნის წინ ერევანში გამართულ გახმაურებულ „სხოდკაზე“ გამოჩნდა, როდესაც სომხეთის დედაქალაქში ერთდროულად ქურდული სამყაროს 300-მდე გავლენიანმა „ავტორიტეტმა“ მოიყარა თავი. მათ პირადად მასპინძლობდა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რუბენ აირაპეტიანი. შეკრების ორგანიზატორი შაქრო კალაშოვი გახლდათ და როგორც ამბობენ, ქურდულ სამყაროში აქამდე არსებული კონფლიქტებს განიხილავდნენ, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია გავლენების გადანაწილებასთან, სათამაშო ბიზნესებისა და ე.წ. ობშიაკის გაკონტროლებასთან. ერევნის შეკრებიდან დაახლოებით ერთ თვეში კი, შაქრო კალაშოვის ინიციატივით, კიდევ ერთი „სხოდკა“ შედგა. ამჯერად უკვე მოსკოვში. ამ შეკრებაზე კალაშოვმა 12-მდე „კანონიერ ქურდს“ სტატუსი შეუჩერა და კრიმინალურ სამყაროში აზერბაიჯანული კლანის გავლენები შეასუსტა. როგორ აისახება საქართველოზე ზემოხსენებული გარჩევები? ვინ რომელ რეგიონზე ცდილობს გავლენების მოპოვებას და, შესაბამისად, ქართული „ობშიაკის“ გაკონტროლებას?
ქვემო ქართლი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არცთუ დიდი ხნის წინ ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით რამდენიმე ჯგუფი დააკავა, რომელთაგან ერთი – ხუთკაციანი დაჯგუფება წარმოშობით დმანისელი „კანონიერი ქურდის“, ნადრი სალიფოვის, მეტსახელად „გულუს“ მიერ იმართებოდა. „გულუს“ უმცროსი ძმა ნამიტ სალიფოვი გახლავთ ერთ-ერთი, ვისაც შაქრო კალაშოვმა სტატუსი შეუჩერა, რაც თავისთავად აისახება საქართველოში, კერძოდ კი, ქვემო ქართლში სალიფოვების გავლენის შესუსტებაზე. დმანისსა და მარნეულში მოქმედი სალიფოვების დაჯგუფება შსს-მ ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში გამოიჭირა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვემო ქართლში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად ერთდროულად დააკავეს ქურდული სამყაროს 13 წევრი, რომლებიც ორ დაჯგუფებას განეკუთვნებიან. დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. კერძოდ კი, რვაკაციანი დაჯგუფება კონკრეტულ დავალებებს იღებდა და ასრულებდა რუსეთში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდისგან. ხოლო მეორე ხუთკაციან დაჯგუფებას მართავდა ე.წ. კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი, მეტსახელად „გულუ“, რომელიც აზერბაიჯანის ციხეში იხდის სასჯელს. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა იმ „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელიც 8-კაციან კლანს რუსეთიდან ხელმძღვანელობდა. ეს „კანონიერი ქურდი“ წარმოშობით ქართველი ნოდარ ჯინჭველაშვილია, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „შოშიას“ მეტსახელითაა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, მისი დაჯგუფების დაკავებული რამდენიმე წევრი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი, მათ შორის ძმები რასიმ და ნამიკ ოფჩიევები. რასიმი 2002 წელს მოსკოვში დააპატიმრეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გაასამართლეს, მისი ძმა ნამიკ ოფჩიევი საქართველოში 2007 წელს აიყვანეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით. ამავე კლანს განეკუთვნებოდა 1990 წელს დაბადებული რაშიდ გეიდაროვი, რომელიც 2011 წელს აზერბაიჯანში იქაური კანონმდებლობით გაასამართლეს. კალაშოვის მიერ სალიფოვების გავლენის შესუსტების პარალელურად, ამ თემის სპეციალისტები ქვემო ქართლში ჯინჭველაშვილის გავლენის გაფართოებას ვარაუდოებენ. ნოდარ ჭინჭველაშვილი, იგივე „შოშია“ ქურდულ სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად სახელდება. ამბობენ, რომ ის ძმებ შუშანაშვილების გარემოცვას წარმოადგენს. მისი სახელი ფიგურირებდა საზღვარგარეთ გამართულ რამდენიმე გახმაურებულ ქურდულ „სხოდკაზე“, რომელიც, ასევე, სპეცოპერაციით დასრულდა, თუმცა დაკავებულთა უმეტესობამ მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევა მოახერხა. მაგალითად, ასე მოხდა 2008 წელს, როდესაც რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვის გარეუბანში, პიროგოვსკის წყალსაცავზე „დიდი წმენდა“ ჩაატარეს. სპეცოპერაციის შედეგად, მილიციის „ხაფანგში“ 30-ზე მეტი „კანონიერი ქურდი“ გაება, მათ შორის იყო ნოდარ ჯინჭველაშვილიც. „შოშიასთან“ ერთად, 2008 წლის 7 ივლისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ასევე, დააპატიმრეს კრიმინალური სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მდგომი ისეთ „ავტორიტეტები“, როგორებიც არიან: ალექსანდრე ბორი, იგივე „ტიმოხა“, დიმიტრი გალეევი, იგივე „გალეი“, როლანდ გეგეჭკორი „შლიაპა“, მერაბ ჯანგველაძე – „მერაბ სოხუმელი“, თემურ ნემსიწვერაძე – „წრიპა“, ტარიელ ონიანი – „ტარასა“ და სხვ.
რაც შეეხებათ ძმებ სალიფოვებს, მათ შორის ყველაზე გავლენიანად ნადირ სალიფოვი ითვლება, რომელიც დედ ჰასანის დაჯგუფებას წარმოადგენს. ამბობენ იმასაც, რომ სწორედ პირადად მან იძია შური პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალური სამყაროს ნათლიმამის, ასლან უსოიანის (დედ ჰასანის) მკვლელებზე. ცნობილია, რომ თავის დროზე ნადირ სალიფოვს ერთ-ერთ ქურდულ შეკრებაზე ტიტული ჩამოართვეს, თუმცა უსოიანმა მას ეს „ტიტული“ დაუბრუნა. ახლა კი, როდესაც დედ ჰასანი ცოცხალი აღარ არის, სალიფოვებს ომი კალაშოვმა გამოუცხადა.
შიდა ქართლი
ქვემო ქართლის გარდა, „კანონიერი ქურდები“ გავლენების გადანაწილებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც ცდილობენ. მაგალითად, შიდა ქართლში, სადაც მათი გეგმები შსს-ს მიერ გასული წლის ივნისში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ ჩაშალა. დაზუსტებული ინფორმაციით, შიდა ქართლში „კანონიერი ქურდების“ – დავით ქურასბედიანისა და ზვიად პაპიაშვილის ინტერესები იკვეთება… ირკვევა, რომ სწორედ მათი გავლენის სფეროს წარმოადგენს შიდა ქართლის რეგიონი. ჯერ კიდევ 2014 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, სპეცდანიშნულების რაზმმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით გორში ერთდროულად ექვსი პირი აიყვანა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით წაუყენეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი 24 წლის გიორგი მარგველაშვილია, კრიმინალურ სამყაროში „მარგველას“ მეტსახელით ცნობილი. ასაკის მიუხედავად, ის ერთხელ უკვე არის ნასამართლევი. 2006 წელს მარგველაშვილი იარაღის უკანონო ტარებისა და ხულიგნობისთვის გაუსამართლებიათ. „მარგველას“ შიდა ქართლში, როგორც ქურდული ტრადიციების აქტიურ მიმდევარს, ისე იცნობენ. მეტიც, ის დღე-დღეზე საბერძნეთში გამგზავრებასა და „კანონიერ ქურდად“ მონათვლას გეგმავდა, ისევე, როგორც კიდევ ერთი დაკავებული ნიკა მაჩიტიძე, მეტსახელად „დამბო“. მაჩიტიძე 27 წლისაა, თუმცა კრიმინალურ წრეებში გავლენების მოპოვება უკვე მოახერხა. სწორედ „დამბოს“ ებარა ე.წ. ქურდული „ობშიაკი“, რომელიც სპეცოპერაციის დროს ამოიღეს. სპეცოპერაციის დროს, ასევე, აიყვანეს სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი, 35 წლის კობა გუგუტიშვილი. შიდა ქართლში ის კრიმინალურ „ავტორიტეტად“ მიიჩნევა. გუგუტიშვილი წარსულში არაერთ საქმეზე, მათ შორის მკვლელობაზეა გასამართლებული. მის დოსიეში პირველი განაჩენი ჯერ კიდევ 1994 წლით თარიღდება, მაშინ ის არასრულწლოვანი (15 წლის) გახლდათ. წარსულში ნასამართლევია ოთარ ჯიხვაშვილიც, მეტსახელად „ჯიხვა“. სხვების მსგავსად, ისიც ქურდული ტრადიციების აქტიური მიმდევარია. სასამართლოში წარდგენილი დოსიედან ირკვევა, რომ 2006 წელს ყაჩაღობის ბრალდებით გაუსამართლებიათ. დაკავებულთაგან ყველაზე უფროსი 50 წლის გოგი კუთხიშვილია, მეტსახელად საშკა. შიდა ქართლში ის ასევე კრიმინალურ „ავტორიტეტად“ მიიჩნევა. საშკას კრიმინალური დოსიე 1995 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ის პირველად გაასამართლეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. დაბოლოს, სპეცოპერაციის დროს ასევე აიყვანეს 28 წლის რამაზ დავითიძე, იგივე „ნათელიჩი“, რომელიც 2008 წელს ძარცვის ბრალდებით დააკავეს და სასჯელსაც იხდიდა. გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე „ნათელიჩის“ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში თითქმის ყოველდღიურად იკრიბებოდნენ ზემოხსენებული დაჯგუფების წევრები და სოციალური ქსელის მეშვეობით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებს. სკაიპის საშუალებით ისინი დავალებებს საბერძნეთში მყოფი დავით ქურასბედიანისგან (მეტსახელად „წრიპა“) და ზვიად პაპიაშვილისგან იღებდნენ. გორში სპეცოპერაციის დროს დაკავებული მარგველაშვილი „წრიპას“ დაჯგუფების წევრად მოიაზრება, ნიკა მაჩიტიძე კი – პაპიაშვილის კლანს წარმოადგენს. ორივე მათგანს უკვე მიღებული ჰქონდა წინასწარი თანხმობა, რომ ქურდად მონათლავდნენ. როგორც უკვე გითხარით, მარგველაშვილი და მაჩიტიძე ამ მიზნით უახლოეს ხანში საბერძნეთში ჩასვლასაც აპირებდნენ, თუმცა სპეცოპერაციამ გეგმები შეცვალა. ბოლოს დავით ქურასბედიანის სახელმა 2010 წელს გაიჟღერა, როდესაც ის სამართალდამცველებმა საპატიმროდან გაიყვანეს და საზღვარი დაატოვებინეს. ეს ინფორმაცია მაშინ, მისმა ადვოკატმა გაასაჯაროვა, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტრო ამ ფაქტს კარგა ხნის განმავლობაში მალავდა. რაც შეეხება ზვიად პაპიაშვილს, რომელიც ასევე სკაიპის მეშვეობით ყოველდღიურ კონტაქტზე იყო შიდა ქართლში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ დაჯგუფებასთან, დაახლოებით ერთი წლის წინათ, ის საბერძნეთის პოლიციამ სხვა ქართველ „კანონიერ ქურდებთან“, მათ შორის ლაშა შუშანაშვილთან ერთად დააკავა. სპეცოპერაცია საკურორტო ქალაქ ვულიაგმენში ჩატარდა. საბოლოოდ სასამართლომ დაკავებული 5 ქართველი კანონიერი ქურდიდან პატიმრობა მხოლოდ ერთს – დათო მაზანაშვილს (დათო „რუსტავსკის“) მიუსაჯა. ზვიად პაპიაშვილმა ციხიდან თავის დაღწევა მოახერხა, ისევე როგორც მისმა ძმამ, ასევე კრიმინალურმა „ავტორიტეტმა“ ბესო პაპიაშვილმა. ბესო სასჯელს ქართულ ციხეში იხდიდა. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს, ამნისტიის შედეგად დატოვა. მასთან ერთად ქართული ციხეებიდან კიდევ 5 კანონიერი ქურდი განთავისუფლდა. აჭარა
შავი ზღვისპირეთის რეგიონზე გავლენების მოპოვებას ახალბედა, თუმცა უკვე დიდი „ავტორიტეტის“ მქონე „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი, ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წელს უკრაინიდან გამოძევებულმა გორაძემ ბინა საქართველო-თურქეთის საზღვართან, ხოფაში დაიდო და სწორედ იქიდან ცდილობს აკონტროლოს ბათუმში მოქმედი „შავი სამყარო“. მიუხედავად ამისა, ლავას ოღლის გარემოცვა არაერთხელ გაება ქართველი სამართალდამცავების მახეში. პირველად მაშინ, როდესაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ხუთივე პირი ბათუმში აიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მინდია გორაძის სახელით ე.წ. „ქურდული წილების“ მისაღებად აჭარაში ბიზნესმენებზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ყველა მათგანი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ არის ნასამართლევი. მინდია გორაძის სახელს უკავშირდება აჭარაში რამდენიმე გახმაურებული კრიმინალი, მათ შორის პოლიციის თანამშრომლის, თარეშ მუკბანიანის ჩაცხრილვა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი თარეშ მუკბანიანი ბათუმში 27 დეკემბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე შსს-მ იმ დროს დააკავა, როდესაც ის სარფის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. სავარაუდოდ, დევაძე ლავას ოღლისთან, ხოფაში გადასვლას აპირებდა. მინდია გორაძის, იგივე „ლავას ოღლის“ „კანონიერ ქურდად კურთხევა“ 2013 წელს მოხდა. მისი სახელი უკრაინასა და საქართველოში. ლავას ოღლისა და სამართალდამცავების გზები პირველად 2006 წელს გადაიკვეთა, როდესაც ის 2006 წელს ბანდიტიზმის მუხლით გასამართლდა. იმერეთი
იმერეთი ის რეგიონია, რომელსაც კრიმინალური სამყაროში „ქურდების სამშობლოსაც“ კი ეძახიან, ვინაიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მეტი „კანონიერი ქურდი“ სწორედ იმერეთიდან გახლავთ და ქუთაისის სასაფლაოზე ყველაზე მეტი „ავტორიტეტი“ განისვენებს. წლების განმავლობაში აქ ერთმანეთს პირველობას ეცილებოდნენ სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფები, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით ხშირად საუბრობდნენ კოსტა ბობოხიძისა და ჯეირან კინწურაშვილის კლანის ინტერესებზე. ამ ჯგუფების ინტერესის სფეროს „მაზავშიკების“ მიერ უკანონოდ მოგებული თანხებიდან წილების მიღება წარმოადგენს. იყო შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი ბიზნესმენისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარით საწარმოში წილის დათმობასაც ითხოვდნენ. ამ დაჯგუფების ნაწილი პოლიციის ხაფანგში ჯერ კიდევ 5 წლის გაება, როდესაც ქუთაისში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 12 პირი დააკავეს. მაშინ გამოძიებამ განაცხადა, რომ დაკავებულები აქტიურ კონტაქტში იმყოფებოდნენ საბერძნეთში მცხოვრებ კოსტა ბობოხიძესთან, მეტსახელად „ძაკუნიასთან“ და ბელგიაში მცხოვრებ „კანონიერ ქურდ“ ჯეირან კინწურაშვილთან. მათი სახელები ტარიელ ონიანის გარემოცვასთან ასოცირდება. იქიდან გამომდინარე, რომ კრიმინალური რეფორმის არქიტექტორი, შაქრო კალაშოვი ონიანის კლანს არ სწყალობს, შესაძლოა, კინწურაშვილი-ბობოხიძის დაჯგუფების გავლენებიც საგრძნობლად შეირყეს. ამბობენ, რომ ქუთაისურ „შავ სამყაროსთან“ ახლო კავშირზეა რუსეთში მცხოვრები „კანონიერი ქურდი“ ნოე წულაიაც, რომელიც კალაშოვის გარემოცვაში მოიაზრება. კახეთი
„მაზავშიკების“ თემა აქტუალურია კახეთშიც…. ამბობენ, რომ ამ საქმეს ცნობილი „კანონიერი ქურდი“ აკაკი ბილანიშვილი ლობირებდა, თუმცა როგორია ამჟამად მისი გავლენა ადგილობრივ დაჯგუფებებზე უცნობია, რადგან დაახლოებით ერთი წლის წინათ პოლიციამ ბილანიშვილის დაჯგუფებას სერიოზული წმენდა მოუწყო. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „მაზავშიკების“ საქმეზე დაკავებულ დაჯგუფებას პირადად კაკო ბილანიშვილის ვაჟი ხელმძღვანელობდა, რომელიც, ასევე, საბრალდებო სკამზე დასვეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სპორტულ თამაშებზე, მობილური ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით, მოქალაქეებისგან უკანონო ფსონებს იღებდნენ. სპორტული თამაშების შედეგების მიხედვით, დათქმულ დროს აბარებდნენ და იბარებდნენ ე.წ. თავნებს. თავანის ჩაბარების დაგვიანების შემთხვევებში ბრალდებულებსა და მოქალაქეებს შორის ხშირად იმართებოდა გარჩევები… აქ კი მთავარ როლს კაკო ბილანიშვილის ვაჟი, ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, თამაშობდა. თავად, 63 წლის აკაკი ბილანიშვილი ადრე ოთხჯერაა ნასამართლევი და საპყრობილეში, ჯამში, 14 წელი აქვს გატარებული. აღსანიშნავია, რომ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არასდროს ჰქონია. 1990-იან წლებში, თავის მეგობარ, ასევე, „კანონიერ ქურდ“ ტრისტან სიჭინავასთან ერთად, ციმბირში, სხვადასხვა ქალაქში, „ქურდულ სამყაროს ავითარებდა“. სწორედ იმ დროს, კემეროვოსა და ნიჟნი ნოვგოროდში „კანონიერ ქურდებად“ მოინათლნენ ქურდული სამყაროს ისეთი ცნობილი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ ედიკ „ვოლოსატი“, „ჰამლეტი“ და „სეკა“. სიჭინავას გარდაცვალების შემდეგ, 2007 წლამდე, ბილანიშვილი საქართველოში იმყოფებოდა. 2007-დან 2009 წლამდე კი უკრაინაში არალეგალურად ცხოვრობდა, სადაც დააკავეს და საქართველოში გამოამგზავრეს. სამშობლოში, ასაკისა და შელახული ჯანმრთელობის გამო, იმ პირობით, რომ ქვეყანას ნებაყოფლობით დატოვებდა, ის არ დაუპატიმრებიათ. ბილანიშვილი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. გასულ წელს კი „კანონიერი ქურდი“ კვლავ უკრაინაში ჩავიდა, სადაც, დაადგინეს რა მისი ადგილსამყოფელი, დააკავეს კიდეც. აკაკი ბილანიშვილს უკრაინაში ჩასვლა 5 წლით ეკრძალება, თუმცა ამჟამად ის არც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. P.S. რით დასრულდება „კრიმინალური რეფორმა“ და კალაშოვი-ონიანის დაპირისპირება? როგორ გადაინაწილებს ქურდული სამყარო გავლენის სფეროებს საქართველოში? რუსულ მედიას თუ დავეყრდნობით, წინ საკმაოდ სერიოზული ცვლილებებია და, სავარაუდოდ, კიდევ არაერთ „ავტორიტეტს“ შეუჩერებენ სტატუს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ „კანონიერი ქურდები“ საქართველოში ვერ შემოდიან და ცდილობენ, სიტუაცია გარედან მართონ, ამიტომაც ქართველ სამართალდამცავებს, ალბათ, მოდუნების საშუალება არ ექნებათ.
|