rockforever
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10793
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08
|
#44212070 · 2 Apr 2015, 19:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯონი ლაშქარაშვილი წიგნიდან ,,წმინდა წყვდიადი'' ავტორი ლევან ბერძენიშვილი
დიდმა რუსმა რეფორმატორმა სტოლიპინმა, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის მუდმივად სასიცოცხლო და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სასჯელაღსრულების სისტემასაც არ მოაკლო თავისი მზრუნველობა და პატიმართა ციხეებში ეტაპირების საკუთარი სისტემა შემოიღო, რომელსაც ბარიერს იქით მყოფმა ადამიანებმა მისი სახელი დაარქვეს. სტოლიპინის მიხედვით შეიქმნა დამაგროვებელი განყოფილებები საეტაპო ციხეებში, სადაც თვეობით იკრიბებოდა ერთი მიმართულებით გასაგზავნი პატიმრები და როდესაც მათი რიცხვი სათანადო რაოდენობის ვაგონების გასავსებად (საბჭოთა დროში გადასავსებად) საკმარისი იყო, ეტაპირების შემდეგი სტადია ხორციელდებოდა. ასე გავიარეთ მე და ჩემმა ძმამ როსტოვის, რიაზანის და პოტმის ციხეები და თვენახევარი მოგზაურობის შემდეგ ჩავაღწიეთ მორდოვეთში, ბარაშევოს დასახლებაში.
ზონაში რომ შევედით, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ეს არ არის ზონა, ეს რაღაც სტოლიპინისეული რეფორმის შემადგენელი საშუალედო ნაწილია. ასე იმიტომ ვიფიქრე, რომ ეზოში დავინახე რამდენიმე ხე და, რაც მთავარია, პატარა ბაღი, რომელშიც ვარდები ხარობდა. ვარდები ჩემს წარმოდგენაში ვერაფრით უკავშირდებოდა პოლიტიკურ ბანაკს, ან, საერთოდ, ბანაკს, თუ იგი პიონერთა ბანაკი არ იყო. ვარდებთან იდგა რამდენიმე პატიმარი - დამხვედრი კომისია. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ქერა ახალგაზრდამ, რომელსაც თითქოსდა სლავური იერი კი ჰქონდა, მაგრამ გამოცდილი თვალი ამ იერით არ ტყუვდებოდა, აშკარად ჩანდა, ქართველი იყო.
ჯონი, ზაქარია კონსტანტინეს ძე ლაშქარაშვილი, 1954 წლის 12 აგვისტოს კასპის რაიონის სოფელ დოესში დაბადებული, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე თბილისელი ტაქსის მძღოლი იყო. ეს გახლავთ უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ საქართველოს ან თუნდაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. ფრანგული წინააღმდეგობის გარდა, ტაქსისტი დისიდენტებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტივისტების შესახებ რაიმე ინფორმაცია არ მოიპოვება. საბჭოთა ტაქსისტების დიდი ნაწილი (ყველა თუ არა), პირიქით, ორგანოებთან თანამშრომლობაში იყო შემჩნეული. ზაქარია ლაშქარაშვილმა ღრმა იატაკქვეშეთში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია - „სეგო“ შექმნა და პატრიოტული საუბრებით ტაქსში ჩამსხდარი კლიენტების ორგანიზაციაში გაწევრიანების რთულ და სახიფათო საქმეს შეუდგა. 1983 წელს შევარდნაძეს ძალიან სჭირდებოდა რუსეთისთვის თავისი მორჩილების დამტკიცება და გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის მომიზეზებით მთელს ქვეყანაში მაამებლური კამპანია გააჩაღა. გადაიღეს სათანადო ფილმები, დაიდგა შესაბამისი სპექტაკლები, დაიწერა ლექსები, პოემები, მოთხრობები და რომანები, დაიხატა ფანქრით, ზეთით, პასტელით, მოკლედ, კოლონიური მორჩილების ასი შესაძლებელი სიგნალიდან მოსკოვს ასოცი გაუგზავნეს. ქვეყანა მაშინ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შედიოდა: ხორცის და კარაქის ტალონებს მალე სრულიად ეგზოტიკური ლობიოს ტალონებიც დაემატა. სწორედ ლობიოს ტალონები მიაკრა ზაქარია ლაშქარაშვილის იდეის შესაბამისად „სეგომ“, ტრაქტატის წლისთავის აღნიშვნისადმი პროტესტის ნიშნად, ქართლის დედის ქანდაკებას. 1983 წლის 13 ივლისს „სეგო“ აღმოაჩინეს, მისი წევრები დააპატიმრეს და მკაცრადაც დასაჯეს: ხელმძღვანელს, ზაქარია ლაშქარაშვილს - 5 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონია და 2 წელი გადასახლება, ხოლო მის თანამოსაქმეებს, ღვინიაშვილს და ობგაიძეს 4-4 წელი მიუსაჯეს.
ჯონი, როგორც აღმოჩნდა, ერთერთი საუკეთესო ტაქსისტი ყოფილა თბილისის ისტორიაში. მე მისი ტაქსისტობა არ მინახავს, მხოლოდ მომისმენია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ პირადად მე ჩემი ხანგრძლივი სამომხმარებლო პრაქტიკის განმავლობაში (მანქანა გვიან შევიძინე და ოცი წლის მანძილზე, ტაქსის გარდა, არც ერთ ტრანსპორტს არ ვცნობდი) არასოდეს არ შემხვედრია თბილისის გეოგრაფიასა და ტოპონიმიკაში ასე გარკვეული მძღოლი. ჯონიმ, მაგალითად, არა მხოლოდ ის იცოდა, რომ ჩემი „მშობლიური“ (ბრჭყალებში იმიტომ ვსვამ, რომ ბათუმელ კაცს ვინმემ ძირძველი თბილისელობის პრეტენზია არ მომაწეროს) ვეძინის ქუჩიდან სამანქანო გადასასვლელი არსებობს კოტე მესხის ქუჩაზე, არამედ ისიც კი, რომ ამ ორ ქუჩას ვიწრო გასასვლელიც აკავშირებს, უფრო სწორად ორი ვიწრო გასასვლელი, ერთი ცოტა ქვემოთ და მეორე ზედ ჩემი სახლიდან ოციოდე მეტრით ქვემოთ. ჩემი მისამართი ჯონიმ, როგორც ჭეშმარიტმა ტაქსისტმა, შორეულ მორდოვეთში ასე აღწერა: ვეძინის 17 - ეს არის სახლი მთაწმინდაზე, არსენას მიდამოებში, ვეძინის ქუჩისა და ვეძინის მეოთხე გასასვლელის გადაკვეთაზე, ზედ ამ სახლთან მთავრდება ასფალტი და მის შემდეგ ვეძინის ქუჩაც და ვეძინის მეოთხე გასასვლელიც ცუდად დაგებული ქვაფენილით გრძელდება. ასფალტი რომ ჩემს სახლთან მთავრდებოდა, პირველად მაშინ გავიგე, ადრე ამ ამბავს არ დავკვირვებივარ.
ჯონი გეოგრაფად იყო დაბადებული. თბილისი არ იყო მისი გეოგრაფიული მიდრეკილებების ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი. ზეპირად იცოდა ნებისმიერი ქვეყნის როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური გეოგრაფია. ტაქსისტის დონეზე იცოდა მსოფლიოს დიდი ქალაქები, შეეძლო მრავალსაათიანი მოხსენება წაეკითხა პარიზის, ლონდონის ან ნიუ-იორკის ცალმხრივ ქუჩებზე, საავტომობილო მარშრუტებზე და სამგზავრო შეზღუდვებზე. ისეთი ცნობილი ავტორიტეტები, როგორებიც იყვნენ ყოვლისმცოდნე მათემატიკოსი ვადიმ იანკოვი და ასევე უნივერსალური გიორგი ხომიზური, ხშირად მიმართავდნენ ჯონის შეკითხვებით ზაირის მოსახლეობის რელიგიური არჩევანისა თუ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზულუსების რაოდენობის შესახებ. ერთხელ პეტერბურგის წარმომადგენლობას, რომელსაც სახელ ლენინგრადს ვერ დააცდენინებდი, პოპულარულად აუხსნა არა მხოლოდ როგორ უნდა მოხვდე ამა თუ იმ ადგილიდან ვასილის კუნძულზე, არამედ დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში რა დაჯდებოდა ასეთი მგზავრობა. სწორედ მაშინ თქვა პიტერელების აღიარებულმა ლიდერმა, მიხაილ პოლიაკოვმა, - ასეთი ტაქსისტი რომ შემხვედროდა პეტერბურგში, ვასილის კუნძულზე კი არა, ფინეთში გადავაყვანინებდი თავსო.
გეოგრაფიის სიყვარულმა მიიყვანა ზაქარია ლაშქარაშვილი წიგნების სიყვარულამდე. განსაკუთრებით ისეთი წიგნები უყვარდა, რომელშიც რუკები ან ნახაზები მაინც იქნებოდა. წიგნს ხელში რომ აიღებდა, სწრაფად გადაფურცლავდა და დიაგნოზს დაუსვამდა: ფუტურიზმი-დემოკრატია, ე.ი. რუკები არ არისო. ჩვენი მძიმე შრომისთვის კაპიკებს გვიხდიდნენ, თანაც ამ ფულს არ გვაძლევდნენ, ვირტუალურად არსებობდა მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ სრულიად არავირტუალურად წიგნების გამოწერა შეიძლებოდა. ზაქარია ლაშქარაშვილიც იწერდა და იწერდა ატლასებს. ბოლოს საბჭოთა კავშირის ხიოთო, ოღონდ ეს მისი სპეციფიკური რუსულით ასე გამოთქვა, давайте, вырежем Мордовию. ადმინისტრაციამ ჯერ вырежем ვერ გაიგო სათანადოდ და ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, ხოლო როცა გაერკვია, რას გულისხმობდა სასჯელმისჯილი ლაშქარაშვილი, შეიცხადა, - წიგნიდან გვერდის ამოხევა როგორ შეიძლება, ჩვენ საბჭოთა ადამიანები ვართ, ვანდალები კი არაო. ამ დროს შემოვიდა ბიბლიოთეკის გამგის, პროფესორ ანდერსონის წინადადება, - ატლასი ბიბლიოთეკას გადაეცეს და ბიბლიოთეკა გვერდის ამოუხევლად დაბლოკავს მორდოვეთის რუკის დათვალიერების ყველა მცდელობასო. სასაცილო წინადადება იყო, შეიძლება სწორედ ამიტომაც გაჭრა. წიგნს წაეწერა дар библиотеке ЖХ 385/3-5 от администрации და პრობლემაც მოგვარდა, ოღონდ როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მორდოვეთის გვერდი თითქმის შეუმჩნევლად ამოუჭრიათ (მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ეროვნულ ბიბლიოთეკას ვხელმძღვანელობდი, ასეთი ფილიგრანული ამოჭრები ბევრი მინახავს).
ზაქარია ლაშქარაშვილი უცოლო იყო. ჰყვებოდა თავის თბილისურ სიყვარულზე, უნივერსიტეტის სტუდენტი, ვინმე ქეთევანი ჰყვარებია და სახელებს ხაზს უსვამდა: ზაქრო და ქეთო (ცნობილ მულტფილმს გულისხ ტი რომ შემხვედროდა პეტერბურგში, ვასილის კუნძულზე კი არა, ფინეთში გადავაყვანინებდი თავსო. მობდა). იმასაც ჰყვებოდა, ამ ქეთევანისთვის, ჩათვლის სანაცვლოდ, რომელიღაც სახელგანთქმულ ლექტორს რომ უღირსი რამ შეუთავაზებია და როგორ დაუცავს მომავალ პოლიტიკურ პატიმარს ვარაზისხევში თავისი შეყვარებულის ღირსება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ლექტორი ამ ნაწერს აუცილებლად წაიკითხავს და საკუთარ თავს იოლად იცნობს, რადგან, გარკვეული გაგებით, ისიც უნიკალური მოვლენა იყო თავის ქვეყანაში.
საბოლოო ჯამში ქეთევანს ზაქარიასთვის გული კი გაუტეხავს, მაგრამ ჯონის ხელი არ ჩაუქნევია და იმ დღიდან ახალი სიყვარულის ძიებაში იყო. ორ ასეთ სიყვარულს მეც მოვესწარი. პირველი იყო ზონის ექიმი თამარა, რომელსაც ჩვენ იშვიათად ვხვდებო დით, მაგრამ ჯონის სუსტი ფილტვები ჰქონდა და ზონის „საავადმყოფოში“ ხშირად ხვდებოდა, განსაკუთრებით ზამთარში და, შესაბამისად, კონტაქტიც ჰქონდა ჩვენს ერთადერთ ექიმთან. სიყვარული აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ცალმხრივი და ხანმოკლე, რაიმე სერიოზული გართულებები (ლექსები, პოემები, ველად გაჭრა) მას არ მოჰყოლია; მაგრამ სხვა იყო სიყვარული უკანასკნელი (მე ვგულისხმობ სიყვარულს ზონაში): ჯონის შეუყვარდა ყველა პატიმრის კლასობრივი მტერი, ქალბატონი განიჩენკო - ცენზორი.
ქალბატონი განიჩენკო მართლაც განსაკუთრებული სილამაზის ქალი გახლდათ და შეღავათები, რომელიც პოლიტიკური ზონისთვის და საპატიმროებისთვის ბუნებას დაუწესებია, მას არ სჭირდებოდა. უკრაინული გვარი ქმრისა იყო (ეს კაცი ოდესღაც ჩვენი ზონის უფროსი ყოფილა, მაგრამ სტალინისტ რაზლაცკის მიმართ, უფრო სწორად, სტალინისტ რაზლაცკის ულვაშების მიმართ გამოჩენილი სირბილისთვის ამ თანამდებობიდან გაუთავისუფლებიათ და თავის კარიერას მეზობელ მესამე ზონაში აგრძელებდა), თვითონ ქალბატონი მოლდოველი ყოფილა. ყველაზე მარტივი აღწერა მას ჯონიმ მოუფიქრა, ნესტან-დარეჯანი არისო: ტანი ალვა, სახე თეთრი, ტუჩები წითელი, თვალები და თმები შავი.
როდესაც ცენზორი განიჩენკო ზონაში შემოდიოდა, ემოციური ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მაღლდებოდა (ჯონი ტარიელ ჭანტურიას კონგენიალობდა, პოეტის სიტყვების „- ვაიმე ბიჭო, რა გოგოა, რა დიაცია! ასი რენდგენით გაიზარდა რადიაცია“; უმეცრად რადიაცია იზრდებაო, ამბობდა): უმეტესობას მრისხანება იპყრობდა (პოლიტიკურ ბანაკში კვალიფიციური ცენზორის საქმიანობა კეთილად ვერავის განაწყობს, ამავე დროს თავის შავ საქმეს ქალბატონი ცენზორი აკეთებდა იმ განწყობით, რომელსაც რუსულად злорадство ჰქვია და რომლის ქართული სალექსიკონო შესატყვისები „ნიშნის მოგება“ და „ღვარძლიანობა“ ოდნავაც ვერ აღწერენ იმ სიხარულს, რომლითაც ლამაზი ქალბატონი ცენზორი წერილის გაგზავნის უკანასკნელ დღეს პატიმარს წერილს მომხიბვლელი და გარკვეული ინტიმის შემცველი ღიმილით უბრუნებდა, - ცენზურის თვალსაზრისით მიუღებელიაო). ზონის მთავარი პატიმარი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ფროიდისტ-იუნგადლერ-ფრომისტი, დოქტორი ბორის ისაკის ძე მანილოვიჩი ამტკიცებდა, - სინამდვილეში გარეგნულად ბოროტი ცენზორი შინაგანად კეთილი ადამიანია, პატიმარს რომ ახლობლებთან მიწერილ წერილს უკან უბრუნებს, ამ დროს ორგაზმთან მიახლოებულ იმპულსებს იღებს, ე.ი. პატიმარი უყვარსო. მიხაილ პოლიაკოვი ოსკარ უაილდის სიტყვებს იმეორებდა, - სილამაზე გენიის განსაკუთრებული სახეობაა, რადგან გაგება არ სჭირდებაო, - და მერე თავის შორეულ პიტერში უფრო ღრმად მიდიოდა, ხან თანამოქალაქე პუშკინის ციტირებას ახდენდა, - გენია და ბოროტება შეუთავსებელიაო, - ხან სხვა არანაკლებ სახელგანთქმულ თანამოქალაქეს იმოწმებდა, - სილამაზე იხსნის მსოფლიოსო; მაგრამ პეტერბურგელების და ქართველების დაცვა ვერ შველოდა ცენზორ განიჩენკოს, მის სილამაზეს ვერავინ ამჩნევდა, როდესაც ხელში პატიმრებისთვის უკან დასაბრუნებელი წერილების მთელ დასტას დაუნახავდნენ.
ერთხელ ცენზორის სილამაზემ მეც ჩამითრია და წამომაცდენინა ფრაზა „Я бы ей отдался“, რამაც ზონის დემოკრატთა უმრავლესობის ხმაური და მრისხანება გამოიწვია. მე მომიწია, ყოვლის მცოდნე ვადიმ იანკოვის თანხმობით, „ილიადიდან“ იმ ადგილის დამოწმება, სადაც ჰომეროსი ისე ოსტატურად აღწერს მშვენიერი ელენეს სილამაზეს, რომ ერთ სიტყვას არ ამბობს მის ტანზე, სახეზე ან თვალებზე: ტროელი მოხუცები ლანძღავენ ელენეს და როდესაც ეს ღვთაებრივი სილამაზე მათ წინ ჩაივლის, ნელ-ნელა ცვლიან ტონს და ბოლოს ასკვნიან, - რა თქმა უნდა, ასეთი ქალისთვის ტროას ომის დაწყება შეიძლებოდაო. მიუხედავად იმისა, რომ იანკოვმა შეაფასა ციტირების სიზუსტე და ბრძანა, - მთლიანობაში სწორადაა ჰომეროსი მოტანილიო, - ჩემი „გამოხტომა“ არ მოიწონა სოციალისტმა ფრედ ანადენკომ და შემახსენა მაოს სიბრძნე, - ნუ სვამ, მთვრალი შეიძლება კლასობრივ მტერს ჩაეხუტოო.
ზაქარია ლაშქარაშვილი თავიდან მტრულად იყო განწყობილი განიჩენკოს მიმართ. ეს გასაგებიც იყო, რადგან ჩემი ძმის, დავით ბერძენიშვილის წინადადებით, ჩვენ, სამმა ქართველმა, როგორც ზონაში ამბობდნენ, три швили, ბერძენიშვილებმა და ლაშქარაშვილმა ზონაში მოხვედრისთანავე დავიწყეთ წერილების წერა ქართულ ენაზე (მანამდე ყველა წერილი რუსულად იწერებოდა, ცენზორი კითხულობდა და ნაწილს უკან აბრუნებდა). სამი თვე გვეომებოდა განიჩენკო, სამი თვე გვაფრთხილებდა თბილისის სუკი, - ამ სულელურ ხუმრობას მოეშვითო. სამი თვე ჩვენმა ნათესავებმა და ახლობლებმა არაფერი იცოდნენ ჩვენ შესახებ, მაგრამ ინფორმაციამ უცხოეთში გაჟონა, - ხალხს მშობლიურ ენაზე წერას უკრძალავენო, - და განიჩენკომ ჩვენთან ომი წააგო. ჩვენი ქართული წერილები ახლა თბილისის სუკში გადიოდა ცენზურას და განიჩენკოს გვერდს უვლიდა. ჩვენი პატარა გამარჯვების შემდეგ არა მხოლოდ ჩვენს, არამედ პერმის პოლიტიკურ ბანაკებშიც დაიწყეს პატიმრებმა მშობლიურ ენებზე წერილების წერა.
0x01 graphic ბუნებრივია, განიჩენკოს ამან ქართველებისადმი სიყვარული არ მოუმატა და ახლა ჩვენთან მოსულ წერილებზე დაიწყო ნადირობა, ახალი წესები შემოიღო, მე ცოლის წერილს არ მაძლევდა და ჯონის დედისას, - სხვა გვარის ხალხია, ესენი ცოლი და დედა ვერ იქნებიანო. სხვათა შორის, ეს საქმე სერიოზულად გაირჩა. ჩემთან მოვიდა წერილი, რომელსაც უკანა მისამართზე ეწერა, თბილისი, ვეძინის 17, ინგა შირავა. ცენზორი წერილს არ მაძლევდა, - შირავა ვინ არისო. მე ვეუბნებოდი, რომ შირავა ჩემი ცოლია, რომ საქართველოში ქალების უმეტესობა ქალიშვილობის გვარს ინარჩუნებს, ამიტომ ჩემი ცოლის და ლაშქარაშვილის დედის გვარები ჩვენს გვარებს არ ემთხვევა-მეთქი. თქვენო, - განაცხადა განიჩენკომ, - თქვენ ქართველები, люди этого племени, ერთმანეთს მოწმედ უდგებით, სანდონი არა ხართო, - და მოწმედ კავკასიურ საქმეთა ექსპერტი რაფაელ პაპაიანი გამოიძახა. პაპაიანმა თამამად განაცხადა, - ჩვენთან ცოლები ქმრის გვარს ატარებენ და საქართველოშიც ასე იქნებაო (ამაზე გამახსენდა ჩემი ერთი პედაგოგის მონათხრობი, თურმე დიდი რუსი აკადემიკოსი სობოლევსკი ვერ იჯერებდა, რომ ქართულში ქვემდებარე შეიძლება სამ ბრუნვაში იყოს. ქვემდებარის ბრუნვა სახელობითიაო, - ბრაზობდა). ამას მოჰყვა 1919 წლის შემდეგ არნახული ქართულ-სომხური დაძაბულობა, საქმეში შევიდა ქართული ანბანის, მცხეთის ჯვრის, რუსთაველის, კონიაკის, თბილისის „დინამოსა“ და ერევნის „არარატის“ მტკივნეული არგუმენტები და საქმეში ჩაერია ჩვენი ბანაკის ჭეშმარიტი ბრძენი ნესტორი (ბანაკის ნესტორის, აქილევსის, მშვენიერი ელენეს და სხვათა დახასიათება ბორის მანილოვიჩმა შემოგვთავაზა), ვადიმ იანკოვი, რომლის სომეხმა მეუღლემ თურმე თავისი ქალიშვილობის გვარი ორივე ქორწინებაში შეინარჩუნა და რომელმაც, რა თქმა უნდა, იცოდა არა მხოლოდ ქართველი ქალების მიერ გვარების შენარჩუნების ამბავი, არამედ ქალის გვარის ურთულესი ლიტვური სისტემაც, როდესაც ქალიშვილს ერთი გვარი აქვს, გათხოვილს მეორე და ქვრივს მესამე (თანაც ყველგან შენარჩუნებულია თავდაპირველი ფუძე გვარი). აქ იანკოვს დაემოწმა ვიტაუტას სკუოდისი და განიჩენკომ უხალისოდ გადმომცა მეუღლის წერილი, მაგრამ ლაშქარაშვილს კიდევ ორი დღე აწვალებდა.
ასეთი ურჩხული შეუყვარდა ჯონის. როგორც კი თვალს მოჰკრავდა პოდიუმის ვარსკვლავივით მიმორხეულ მაღალ სილუეტს, დაიძახებდა он пришел-ო (он-она საკითხში პრინციპული იყო, ათასი შენიშვნის შემდეგაც საკუთარ დედასაც он-ით მოიხსენიებდა, გრამატიკულ სქესს პრინციპულად არ ცნობდა) და შესახვედრად გაემართებოდა. არ ვიცი, რას ფიქრობდა განიჩენკო, როცა ასი კაცის ცივი ზიზღით სავსე გამოხედვის ფონზე ერთი კაცის შეყვარებულ მზერას ხედავდა, მაგრამ პოლიტიკური ბანაკი წუხდა, პატიმრები ვერ იჯერებდნენ, რომ სიყვარული კლასობრივ სიძულვილს ამარცხებდა. საქმეს ვერ უშველა გალაკტიონის „ერთხელ საღამოთი“ (ეს ლექსი, ზეპირად თუ არა, ტექსტთან მიახლოებით მაინც იცის ყველა ნამდვილმა ბათუმელმა, რადგან მისი მოქმედება მათ ქალაქში ხდება: „ბათუმის მზე ჩასავალად ენთო, მშვიდი ქარი ხმაურობდა ზღვაზე“ - დენდისა და ვერონიკას ტრაგიკული გრძნობის ამბავი) ჩემი და ჟორა ხომიზურისეულმა სახელდახელო თარგმანმა, სადაც ქართული
„რა თქმა უნდა, მე ვიყავი თეთრი, როს თოფების ატყდა ჭახაჭუხი“. რუსულად ასე ჟღერდა: Я конечно оказался белым, Когда пули просверлили воздух.
მაგრამ ლექსის ფინალმა, სადაც ღვთაებრივი ვერონიკა ბოლოს და ბოლოს სრულიად ბულვარული რევოლუციონერი და კაცისმკვლელი კალუგელი ვერკა აღმოჩნდა, თავდაპირველი ჩანაფიქრის წინააღმდეგ ითამაშა. ამას არ დაეთანხმებოდა გალაკტიონი, რომელსაც მანამდე, სხვა ლექსში ვერონიკაზე და, შესაბამისად, განიჩენკოზე სხვა მოსაზრება ჰქონდა გამოთქმული, მაგრამ ფრედ ანადენკო და დმიტრო მაზური გალაკტიონს კი არა, ხანდახან ფრიდრიხ ენგელსსაც არ სცემდნენ პატივს (მარქსზე ამას ვერ ვიტყვი, ზონელი სოციალისტების ცოდვას ვერ დავიდებ).
შექმნიდნენ კომისიას (ქართველები მიკერძოებულ მხარედ მიაჩნდათ და განიჩენკომოძულე ხომიზურიც კი არ შეჰყავდათ კომისიაში), დაიბარებდნენ ჯონის, წაიკითხავდნენ შეყვარებული მგლის თავზე სახარებას, ჯონიც რაღაც პირობას დადებდა და მეორე დღეს ახალი ძალით იწყებოდა он пришел. არადა, ОН-მა გამომწვევი ტაქტიკა აირჩია - ჩაცმულობას და მოხატულობას ახალი და პატიმართგამანადგურებელი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია, იმდენად, რომ ერთხელ ანადენკოსაც წამოაცდენინა, - ну, красива чертовка-ო. დადგა დრო და, ჯონი დაიბარეს ადმინისტრაციაში, - თუ იციო, - ჰკითხეს, - განიჩენკო ვისი ცოლიაო, პოლკოვნიკ განიჩენკოზე თუ გსმენია რამეო, - რაზეც ბავშვობაში კასპელმა ლაშქარაშვილმა კითხვა შეუბრუნა, - გიორგი სააკაძე თუ იცი, ვინ იყოო. არადა, უნდა იცოდე, ანტონოვსკაია უნდა წაგეკითხა ან კინოში მაინც გენახაო. ბოლოს სიტყვა დაუგდო, - это шутка, я его не люблю, у меня грузинский невеста ест-ო; და თავი გაანებეს.
რუსული უჭირდა. თამამად კი ლაპარაკობდა, მაგრამ გამართულ რუსულთან მწყრალად იყო. დედა ჩამოუვიდა სანახავად და რაკი პირადი შეხვედრა ჯერ არ ეკუთვნოდა (პირადი შეხვედრა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმარს ეკუთვნოდა წელიწადში ერთხელ, ერთიდან სამ დღემდე; ჩვენ, როგორც წესი, გვაძლევდნენ ორს, ჯაშუშებს, სამშობლოს მოღალატეებს, ტერორისტებს და სამხედრო დამნაშავეებს - სამს), ორსაათიანი შუშიან-ტელეფონიან-ტრიმაზკინიანი (ტრიმაზკინი ადმინისტრაციის ერთ-ერთი შედარებით უბოროტო ოფიცერი იყო) შეხვედრის უფლება მისცეს. დედამ რომ, - გამარჯობა შვილოო, - თქვა, - ტრიმაზკინმა შეიცხადა, - მხოლოდ რუსულად ილაპარაკეთო. და დაიწყო ქართველების ტანჯვა. ჯონი ჰყვებოდა, - მე ხომ მაგარი მერუსულე ვარ, მაგრამ დედაჩემთან შედარებით რუსულში პუშკინი ვარ, იმან სულ არ იცისო. გადავიდოდა დედა ქართულზე და ტრიმაზკინი შეუბღვერდა, შეუბღვერდა და მიიღებდა, - სიკვდილი და კუბოო. რუსულადო, - რომ შეუსწორებდა ტრიმაზკინი, - დედა იტყოდა смерть и гроб; ამდენი იდიომატური რუსული კი მორდოვური წარმოშობის ტრიმაზკინმაც არ იცოდა. ბოლოს, ჯონის თუ დავუჯერებთ, დაახლოებით ამგვარი რუსულით ულაპარაკიათ: Натела замуж вишел. Он такой красивый, ну, ламаз, что твалс вер вашореб, понимаешь? ტრიმაზკინი ღელავდა, - кто красивый-ო, - კითხულობდა. ნათელა, ნათელაა ლამაზიო, - ჯონი ეუბნებოდა. მე მგონი, ამ ამბების საჯარო გადმოცემისას ანუ ოციოდე პატიმრის წინაშე სოლო გამოსვლისას ჯონი, როგორც ჭეშმარიტი ქართველი მისტიფიკატორი, ცოტას აჭარბებდა, საყველპურო რუსული როგორ არ ეცოდინებოდა დედამისს, მაგრამ წლობით ერთმანეთის უნახავ დედა-შვილს რომ თავის ენაზე არ ალაპარაკებდნენ, ეს ფაქტი იყო და ამ კაციჭამია სისტემის ერთი აღზევებული ღვიძლი შვილი დღეს რომ გვიმტკიცებს, - საბჭოთა კავშირის დანგრევამ ვისაც გული არ ატკინა, იმას გული არ ჰქონიაო, - ჯონის, დედამისს და მე ვერ გვარწმუნებს, დამაჯერებლობა აკლია, ახალი დროის ამ მაქსიმის შემოქმედის სამუშაო ენაზე რომ ვთქვათ, - Wie bekannt, es ist eine unbestrittene Tatsache - როგორც ცნობილია, ეს უბრალოდ უკამათო ფაქტია.
ხაზანოვის ცნობილი პერსონაჟისა არ იყოს, ჯონისაც კულინარიული ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული, რადგან სუსტი ფილტვების გამო, საავადმყოფოში ხშირად ხვდებოდა, დიეტა ერგებოდა. დიეტა თავისუფლებაზეა ცუდი სიტყვა, თორემ ციხეებსა და ბანაკებში ეს ბერძნული, კეთილშობილი სიტყვა დატვირთული იყო უაღრესად პოზიტიური შინაარსით. დიეტა, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავდა 1 ც მოხარშულ კვერცხს, 100 გ თეთრ პურს, 200 მლ რძეს, 20 გ კარაქს, 60 გ ყველს და 120 გ მოხარშულ საქონლის ხორცს (მთელი პატიმრობის მანძილზე ბანაკში არც ერთ ჩვენგანს თვალითაც არ უხილავს ეს ღვთაებრივი პროდუქტები). ჯონი ფილტვებს აკლებდა და გულს უნახავდა კარაქს - წყლიან ქილაში აგროვებდა ახალი წლისთვის. 1986 წელს ზაქარია ლაშქარაშვილმა დაამზადა საახალწლო ტორტი. ფქვილის როლს ასრულებდა ჩვენი საერთო ტექნოლოგიით მიღებული მასა; 1985 წლის 9 მაისს მიღებული თეთრი პური ჯონიმ მაშინვე წვრილად დაჭრა და 8 თვის განმავლობაში უმზეურად გაახმო, მერე დაფქვა (უფრო სწორად, დანაყა) და რაფაელ პაპაიანის პერსონალურ მიკროსაცერში გაცრა, ქატო მოხალა, გააშავა და ცალკე მოიხმარა ტორტის მოსართავად (ქატოთი გაკეთდა წარწერა 1986). კვერცხის ფხვნილით, კარაქით, „ფქვილით“ და წყლით მოიზილა ბისკვიტის მასა, რომელიც გამოცხვა გრიშა ფელდმანის სახელგანთქმულ ღუმელში. კრემის დასამზადებლად გამოყენებულ იქნა კარაქი, მოხარშული შედედებული რძე (სექტემბერში მიღებული ჩემი ამანათიდან სათუთად შენახული და ოქტომბერში მიღებული ჯონის ამანათიდან ვანილი (ეს სულ ასე იყო, ამანათში მე ვიღებდი ნიგოზს, ნიორს, გამხმარ წითელ პილპილს, დაფქულ შავ წიწაკას, ხმელ სუნელს, ხმელ ქინძს და უცხო სუნელს, ხოლო ჯონი მიხაკ-დარიჩინს, სურნელოვან წიწაკას, დაფნას, ჯანჯაფილს და ვანილს). ტორტის პრემიერა შედგა 1986 წლის 1 იანვარს, 0 საათსა და 1 წუთზე, ჩვენებური სასმელით ახალი წლის შემოსვლის დალოცვის შემდეგ. თეატრალებმა იციან, რა ჰქვია პრემიერის გრანდიოზულ წარმატებას. მე 1986 წლის 1 იანვრის პირველ წუთებში განცდილი კულინარიული შოკის აღწერა მხოლოდ ჰომეროსის მიბაძვით შემიძლია: ხომიზურმა თქვა ერთმარცვლიანი „ვაჰ“, რაფიკამ თქვა ორმარცვლიანი „პახ-პახ“, გენრიხამ თქვა სამმარცვლიანი „ყარაბაღ“ და მე ვთქვი „лучше Ганиченки“ (უკრაინელების ყაიდაზე უკრაინულ გვარებს ჩვენც ვაბრუნებდით, სხვათა შორის, თავის დროზე ჩეხოვიც ასე იქცეოდა: თბილისის იზოლატორში სხვა წიგნები რომ არ ჰქონდათ, ჩეხოვის მრავალტომეულის ბოლო ტომები, რომლებშიც მწერლის მიმოწერა იყო შეტანილი, თითქმის დავიზეპირე). ჯონი ბედნიერი იყო, - ხომ მცოდნია კულინარობაო!
ჩვენს ბანაკში ერთი ჰოლოგეორგიანული ანუ ოდენქურთული ინციდენტი მოხდა, იმის თქმა მინდა, რომ ინციდენტში მხოლოდ ეთნიკური ქართველები მონაწილეობდნენ. გიორგი ხომიზური რაბლეს აღმერთებდა, მე მიმაჩნდა, რომ ამაში მისი ქართველობა ვლინდებოდა, რადგან მსოფლიო ლიტერატურაში სულით ხორცამდე ფრანგ ფრანსუა რაბლეზე უფრო „ქართველი“ ავტორი საერთოდ არ მეგულება. ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ რაბლე არც მორდოვეთისთვის იყო უცხო: დუბრავლაგსა და სარანსკში გაატარა თავისი პატიმრობის წლები რაბლეს შესანიშნავმა რუსმა სპეციალისტმა ბახტინმა. ასე რომ, რაბლე მშობლიური კაცი იყო ჩვენს ბანაკში. ერთხელაც პირსაბანების ოთახში, ე.წ. კურილკაში ვიდექით მე და ჟორა ხომიზური და ვსაუბრობდით რაბლეზე. ჟორა დაინტერესდა, - ქართულად თუ არის თარგმნილი რაბლეო. მე ვუპასუხე, როგორ არა, ის კი არა, ორი თარგმანიც კი არსებობს - ქალბატონ ბაგრატიონის არასრული და გოგიაშვილის სრული-მეთქი. თანაც, გოგიაშვილმა საინტერესო მხატვრულ ხერხს მიმართა, რაღაცები კახურ დიალექტზე თარგმნამეთქი. ამ საუბარს ზონის კიდევ ერთი ქართველი ბინადარი, არსენა ლოლაშვილი შემოესწრო, სიტყვა „კახურს“ რომ მოკრა ყური, იწყინა, - შენ კახელები ცუდად რად მოიხსენიეო და ჩემკენ გამოიწია. კურილკაში კონფლიქტი ვერ დაეტია და ზონის ეზოში აღმოვჩნდით: არსენას ჯონი აკავებდა და მე - ჟორა. ЖХ 385/3-5 უჩვეულო მოვლენამ - შიდაქართულმა კონფლიქტმა, რომელსაც ახლდა ქართული ენის განმარტებით და ორთოგრაფიულ ლექსიკონებში ვერდატეული ლექსიკური სიმდიდრე, გააოგნა: ვერავინ გვეკარებოდა.
არსენა ლოლაშვილი კახელი გლეხი კაცი იყო. კანონთან თავიდანვე მწყრალად ყოფილა და პოლიტიკურ სტატიას მხოლოდ მესამე ცდაზე გამოჰკრა ხელი. თურქეთთან საზღვრის დარღვევას აპირებდა და რაღაც ანტისაბჭოთა ნაწერებიც ჰქონია თან. მისი საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ვერაფრით ვერ მივხვდი, როგორ და რაში უღალატა სამშობლოს. გაბრაზებული იყო და საქართველოდან გარბოდა. ისე გაბრაზებული იყო და ისე გარბოდა, რომ არც უფიქრია, წინ თურქეთი იყო თუ სომხეთი. პოლიტიკაში ვერ ერკვეოდა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია ძირითადად სოდომის ცოდვაში ერეოდა. ზონაში მოხვედრის პირველ დღეებში არსენას და ჯონის დავუახლოვდით და კარგი ურთიერთობაც გვქონდა; არსენამ მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძულა, როდესაც ჟორა ხომიზურს და რაფაელ პაპაიანსაც დავუახლოვდით. ულტიმატუმი წამოგვიყენა, - ან მე ან ხომიზურიო (ხომიზურის სიძულვილის თავისი, არცთუ ისე ლიბერალური მიზეზებიც წარმოადგინა). დავშორდით მშვიდობიანად, თუმცა, როგორც ჩანს, გულში წყენა შეუნახავს.
საინტერესო მიზანსცენა იყო: ქართველები ერთმანეთზე მიიწევენ და ქართველებივე აკავებენ. მოულოდნელად არსენამ დანა დააძრო და დამკავებელ ჯონის მუცელში ჩაარტყა. პატარა დანა იყო, ყველას გვქონდა ასეთი დანა, საამქროში სამუშაოდ გვჭირდებოდა და ან საამქროში ვტოვებდით, ან ბარაკში, დანის ტარება თავში არავის მოსვლია აზრად. ჯონი რომ წაიქცა, არსენამ ჩემკენ გამოიწია, მე ჟორა მოვიცილე და ფეხი ისე მოვიქნიე, რომ არსენას დანა ხელიდან გავაგდებინე (შემდგომში ზონის აღიარებულმა პოეტმა და მემატიანე მანილოვიჩმა ამ ეპიზოდს მცირე პოემა მიუძღვნა). უდანოდ დარჩენილ არსენას ნახევარი ზონა თავზე დაახტა და მე და ჟორა ჯონის მივვარდით: ჭრილობა ღრმა არ იყო, მაგრამ სისხლი შადრევანივით მოდიოდა. ბალახების და მჩხიბაობის მამამ, არნოლდ არტურის ძე ანდერსონმა სასწრაფოდ მობანა ჭრილობა, მრავალძარღვათი და გვირილით დაფარა, შემდეგ ჯონის მაისურისგან ისეთი ოსტატობით გააკეთა ბინტი, რომ დაზარალებულის ტაშიც კი დაიმსახურა და ბინტში აბრეშუმის ჭიასავით შეახვია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ადმინისტრაცია არ ჩანდა.
ჯონი საიდუმლოდ მივიდა არსენასთან და უთხრა, - რომ გკითხონ, დანა არ ახსენო, დანა საერთოდ არ ყოფილაო. ჯაშუშებით და მოღალატეებით სავსე ზონა მართლა ჯაშუშებით აღმოჩნდა სავსე და ადმინისტრაცია ყველა დეტალში, გარდა ჩხუბის წარმოშობის მიზეზისა, გაერკვა. არავინ არ დაუკითხავთ, მხოლოდ არსენა გამოიძახეს. რომ უკითხავთ, - დანა გქონდაო, - უპასუხია მქონდაო (შემდეგ თავს იმართლებდა, - აბა, ტყუილს ხომ ვერ ვიტყოდიო) და „შიზოში“ წაიყვანეს. ჯონის რომ ჩაედინა ასეთი რამ, ან მე, ან ჟორას, სასჯელისთვის 8 წლის დამატება და ჩისტოპოლის ციხეში (ჯოჯოხეთის ერთ-ერთი ევფემისტური სახელია) გადაყვანა არ აგვცდებოდა. არსენა კი იოლად გადარჩა, თუმცა, - დანა არ მქონიაო რომ ეთქვა, - შიზოშიც არ მიაბრძანებდნენ.
რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ჩემი ძმა, დავით ბერძენიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში მოხვდა როგორც ბათუმის მაჟორიტარი, და ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდგა, ვიღაცებს გაუჩნდათ სურვილი, არსენა ლოლაშვილის კარტი გაეთამაშებინათ და ამ, მათი აზრით, საიმედო კაცზე დაყრდნობით, ჩვენთვ
This post has been edited by rockforever on 2 Apr 2015, 19:01
--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
|