საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
http://www.interpressnews.ge/ge/interviu/3...-tsinashea.htmlბოლო ორი წლის განმავლობაში, მთავარი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენა ქართულ საზოგადოებრივ აზრში რუსული იდეის რეაბლიტაციის მცდელობაა. ღიად გააქტიურდნენ ძალები, რომლებისთვისაც საქართველო ე.წ. რუსული სამყაროს ნაწილია. რუსული პროპაგანდა დასავლეთის დემონური ხატების შექმნით ცდილობს, ჩვენი საზოგადოებრივი ენერგია თავისთვის სასარგებლო კალაპოტში მოაქციოს. ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება და მასში ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდება ჩართული, ვისგანაც ამას არ ველით.
დღესაც ბევრი იმეორებს ერთსა და იმავეს: ბევრი ვიბრძოლე, ეროვნულ მოძრაობაში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ბოლოს დავრწმუნდი, რომ თუ ზნეობის გადარჩენა გვინდა, რუსულ სამყაროში უნდა დავრჩეთო. ერთხელ ერთი პროფესიით პოლიტოლოგისაგან ასეთი აზრიც მოვისმინე: სახელმწიფოებრიობას ზნეობა არ უნდა შევწიროთო. თავადაც ვერ მიხვდა, როგორ წამოსცდა მთავარი რუსული სტრატეგია ჩვენისთანა საზოგადოებებში: სახელმწიფოებრიობის ნიველირება მითიური ზნეობის გადასარჩენად, თითქოს სახელმწიფო ზნეობრივი ფენომენი არ იყოს და სწორედ ზნეობრივად ზრდასრულ მოქალაქეს არ გულისხმობდეს.
გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ რუსეთის წინაშე ისტორიული კაპიტულაცია ზნეობრივი და რელიგიური კატეგორიებით შემოსონ და ისე მოგვართვან. თანაც ზნეობის ნიმუშად გვთავაზობენ ქვეყანას, რომლის მეორე დედაქალაქშიც თითქმის 1.5-ჯერ მეტი ადამიანია დაკავებული პროსტიტუციით, ვიდრე ამსტერდამში, ლაპარაკია ქვეყანაზე, რომელზეც მსოფლიოში მოხმარებული ჰეროინის 24% მოდის.
ძალიან არ უნდა სცემდე ქართველ კაცს პატივს, მიიჩნიო, რომ ასეთი პროპაგანდისტული სტრატეგია იმუშავებს და შედეგს იქონიებს. გულუბრყვილოდ უნდა გჯეროდეს, რომ ქართული საზოგადოება ძირითადად ულვაშაპრეხილი და სახეგაბრწყინებული ოპერეტული ტიპაჟისაგან შედგება. თითქმის ყველა კოლონიზატორს უჭირს წარმოდგენა, რომ მისგან გათავისუფლებულ ქვეყნებში რამე სასიკეთო შეიძლება მოხდეს. იმასაც ცდილობენ, რომ ევროპულ სამყაროზე ორიენტაცია "ნაციონალებისა" და მათი ფარული თუ აშკარა მომხრეების იდეოლოგიად გამოაცხადონ.
საბედნიეროდ, რუსული პროპაგანდა მთლიანად ეყრდნობა იმპერიულ სტერეოტიპებს ქართული ცხოვრებისა და ქართველი კაცის შესახებ. მისი ადრესატი ის ეგზოტიკური არსებაა, ოდნავ შემთვრალის ჭკუით სადღეგრძელოს ჟანრში რომ აფასებს მოვლენებს და, რომლის ზერელე ემოციების მართვაც იოლია.
რუსულმა პროპაგანდამ, უბრალოდ, არ იცის, თუ როგორ დავშორდით ამ სტერეოტიპებს ბოლო ოცი წლის განმავლობაში და, რომ დღევანდელი ქართველი ადამიანების უდიდესი ნაწილის წამოგება პრიმიტიულად ეთნოგრაფიულ და სტალინისტურ იდეალებზე შეუძლებელია. ათიათასობით ადამიანმა შეიძინა სოციალური ცხოვრების ევროპული გამოცდილება. გაიზარდა და ასპარეზზე გამოდის ახალი თაობა, რომლისთვისაც სრულიად გაუგებარია რუსული პროპაგანდის ენა. ერთადერთი მნიშვნელოვანი იარაღი, რომელსაც ეს პროპაგანდა ფლობს, რუსული ბაზარია, მაგრამ დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების პროცესში ეს იარაღიც მოჩლუნგდება.
თავისუფლების ნება ცოცხალია და რუს სტრატეგოსებს ტყუილად აქვთ იმედი, რომ ოდესმე უკან დავუბრუნდებით ბარბაროსული ისტორიული ექსპერიმენტების თუ იდეალების სამყაროს - რა სახელიც არ უნდა დაარქვან მათ და რა ლამაზადაც არ უნდა შეფუთონ. ცხადია, სინამდვილე, რომელშიც აღმოვჩნდით, გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით, ჩვენი პარტნიორებიც ხშირად გვიცრუებენ იმედებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ვსწავლობთ ამ სამყაროს - თანაც გაცილებით უფრო სწრაფად და საფუძვლიანად, ვიდრე ბევრი სხვა.
ცალკე საუბრის თემაა, რამდენად შეუწყო ხელი პრორუსული მორალიზების პოზიციებს მთელი თაობის განდევნამ არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ ლამის საერთოდ ცხოვრებიდან. როდესაც პენსიონერი, მიუხედავად შრომაში გატარებული ცხოვრებისა, იძულებულია, სხვის იმედზე იარსებოს და ამ დროს პოლიტიკური ელიტა ფუფუნებაშია, ძნელია, ამ თაობას არსებული სინამდვილის მიუღებლობა არ გაუჩნდეს. როდესაც ყოფილი ხელისუფლება ცხრა წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაედევნა ეკლესია (და ეს, რაც არ უნდა უცნაური იყოს, დემოკრატიული აღმშენებლობის სახელით კეთდებოდა), ბუნებრივია, რომ ამ ეკლესიასთან თავისი იმედებითა და უიმედობით დაკავშირებულ ადამიანებსაც გაუჩნდებოდათ ალტერნატიული სამყაროს ძიების სურვილი. იგივე შეიძლება ითქვას გაღატაკებულ ადამიანებზეც. ასე შეიქმნა სოციალური ბაზა რუსული იდეის გაღვიძებისათვის, თუმცა, ვიმეორებ, ამ იდეის საბოლოო აღორძინება ქართველი კაცისათვის ისტორიული კაპიტულაციის ტოლფასია და ძნელი წარმოსადგენია, იგი დათანხმდეს ამას.
რუსეთი უნდა დაინგრეს.